თემურ ფირცხალაიშვილის სახელობის შემოქმედთა მუზეუმი კვლავ აგრძელებს ემოციებით სავსე ღონისძიებებს. შემოქმედთა მუზეუმის მუშაობა ჰგავს სცენის მტვერს, რომლითაც ერთხელ თუ ,,მოიწამლე" ვერასოდეს შეელევი, ამიტომ ყოველ ჯერზე მუზეუმის ისტორია მდიდრდება უნიკალური პიროვნებების სტუმრობით. არც ოცდაათი მაისი იყო გამონაკლისი, მუზეუმს უკვე მეორედ ესტუმრა საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე, ქალბატონი მაყვალა გონაშვილი. ქალბატონი მაყვალა, პირველად მეუღლესთან ერთად, პანდემიის დროს ესტუმრა შემოქმედთა მუზეუმს და მაშინ ფართომასშტაბიანი ღონისძიება ვერ მოხერხდა, სწორედ მაშინ დარჩა ქალბატონი მაყვალა გაოცებული მუზეუმის მდიდარი ფონდით, ფოტოებზე ამოიცნო საქართველოს მწერალთა კავრის წევრები და მუზეუმის საუკეთესო მეგობრები, რომელთაც არაერთი ღონისძიება გაუმართავთ თემურის სახლში, სწორედ მაშინ გადაწყდა ერთი, საზოგადაებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენა, ამ დიდ შრომას რომელსაც შემოქმედთა მუზეუმი აკეთებს, აუცილებლად სჭირდება მწერალთა სახლიდან მხარდაჭერაო, არც დააყოვნა, შემოქმედთა მუზეუმის მენეჯერს და შემოქმედებითი საზოგადოება ,,სამება"-ს ხელმძღვანელს, ქალბატონ დარეჯან ბიწაძეს მიანიჭა ქართული კულტურის,,ამაგდარის" წოდება. ოცდაათ მაისს, საექსპოზიციო დარბაზი სტუმრებს ვერ იტევდა, საღამოს მთავარი პერსონა, ქალბატონი მაყვალა სტუმრებთან: საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის პრესსპიკერთან, ჟურნალისტ, ქალბატონ მანანა გორგიშვილთან და აფხაზეთის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, იურისტ, მწერალ და მხატვარ, ქალბატონ ნაირა მარშანიასთან ერთად ესტუმრა შემოქმედთა მუზეუმს. ღონისძიება გახსნა და სტუმრებს მუზეუმის ისტორია გააცნო, ა. (ა).ი. პ. შემოქმედებითი საზოგადოება ,,სამება"- ს თავმჯდომარემ, ქართული კულტურის ამაგდარმა, შემოქმედთა მუზეუმის მენეჯერმა ქალბატონმა დარეჯან ბიწაძემ. სტუმრებს მიესალმა ლანჩხუთის კულტურის გაერთიანებათა დაწესებულების დირექტორი, ბატონი გოდერძი ქურიძე. დამსწრე საზოგადოებას, ქალბატონ მაყვალას შემოქმედებაზე ესაუბრა, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრმა, საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის გურიის რეგიონალური განყოფილების უფროსმა, ბატონმა კოტე თავართქილაძემ. სიტყვით გამოვიდა გურიის ლიტერატურული გაზეთის რედაქტორი ბატონი თემურ მარშანიშვილი. ქალბატონი მაყვალას შემოქმედებიდან ლექსი წაიკითხა, მსახიობმა ოზურგეთიდან გულო ნიკოლაიშვილმა. საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრმა, საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის აბაშის რეგიონალური განყოფილების უფროსმა, პოეტმა, შემოქმედთა მუზეუმის უღალატო მეგობარმა, ხათუნა ცომაიამ, რომელსაც არაერთი ღონისძიება გაულამაზებია თემურის სახლში, ამ საღამოზეც ღირსეულად წარსდგა სტუმრების წინაშე. ქალბატონ მაყვალას მიესალმენ, შემოქმედებითი საზოგადოება ,,სამება"-ს და მწერალთა კავშირის წევრები: ქალბატონი მაგული კვაჭაძე და ეთერ გოგეშვილი-ისაკაძე. მამუკა ჟორდანია, ქალბატონმა ნაზი გალოგრემ ვერ მოახერხა ჩამოსვლა და გამოაგზავნა ტრადიციულად მოგვირისტებული სიტყვა, რომელიც ქალბატონმა დარეჯან ბიწაძემ გადასცა მაყვალა გონაშვილს. მიძღვნითი ლექსი წაიკითხა ბატონმა დიმიტრი ბერიძემ, რომელიც ახლად გამოწერილი გახლდათ საავადმყოფოდან და შეძლო თბილისიდან საგანგებოდ ამ დღისთვის ჩამოსვლა.
ყოველ ღონისძიებაზე მოსწავლე-ახალგაზრდობის ჩართულობა შემოქმედთა მუზეუმისთვის მთავარი დევიზია, ამას ცხადყოფს უამრავი გასვლითი, საგანმანათლებო ღონისძიება. ეს საღამოც არ გახლდათ გამონაკლისი, ჩიბათის სკოლის ბიბლიოთეკარმა, სულიკო გუჯაბიძემ ქალბატონ მაყვალას შემოქმედება გააცნო მოსწავლეებს და სტუმრის წინაშე წარადგინა, მეცხრე კლასის მოსწავლე ნია ჩხარტიშვილი, რომელმაც ქალბატონ მაყვალას გადასცა მის მიერ შექმნილი პოეტის პორტრეტი და მიძღვნითი ლექსი. ღონისძიებას ესწრებოდა, საოცრად ლამაზი ლექსების ავტორი, ნიგოითის საჯარო სკოლის მოსწავლე ივიკო ჩაჩავა, რომელმაც წაიკითხა მაყვალას ლექსი და თავად მაყვალას თხოვნით, საკუთარი ლექსიც გააცნო სტუმრებს, ლექსმმა განსაკუთრებული შექება დაიმსახურა და უახლოვეს მომავალში ივიკოს შეჰპირდნენ, რომ ლექსი მალე ნახავდა დღის სინათლეს გაზეთებიდან ,,მწერლის გაზეთი" და ,,ლიტერატურული გურია". სტუმარს სიტყვა უთხრა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ნიგვზიანის მალხაზ ტუღუშის სახელობის ხელოვნების სკოლის დირექტორმა ქალბატონმა, შორენა ფილიაკოვამ.
ღონისძიება მუსიკალურად გააფორმეს, შემოქმედებითი საზოგადოება ,,სამება"-ს წევრმა ნაირა ტუღუშმა, თავის ნიჭიერ მოსწავლეებთან: მარიამ ტუღუშთან, ქეთევან ტუღუშთან და ბაჩო კუპატაძესთან ერთად. ქალბატონმა ნაირამ ქალბატონ მაყვალას ასევე მიძღვნითი ლექსი წაუკითხა. ღონისძიებას ესწრებოდნენ, ნიგოითის თემიდან, ქალბატონი მაყვალას ნათესავები დედის მხრიდან. ქალბატონმა მაყვალამ, სტუმრებთან ერთად მადლობა გადაუხადა ქალბატონ დარეჯან ბიწაძეს, შემოქმედთა მუზეუმის მთლიან კოლექტივს, ჩამოსულ და ლანჩხუთელ სტუმრებს თბილი და შინაარსიანი დახვედრისთვის. ,,შემოქმედთა მუზეუმიდან მიმყვება ის საოცარი სითბო და ემოციები, რასაც ჩემთან ერთად, დარწმუნებული ვარ, თითოეული სტუმარი განიცდის," ბრძანა ქალბატონმა მაყვალამ.
ნინო ჩხაიძე
თემურ ფირცხალაიშვილის სახელობის შემოქმედთა მუზეუმის ფონდის მცველი
მაყვალა გონაშვილი სტუმრად თემურ ფირცხალაიშვილის სახელობის შემოქმედთა მუზეუმში
განყოფილება: კულტურა
გადასვლები: 293