ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

სიკვდილო შენ დაგცინეთ

12-01-2025, 22:07

დაჩი  დარჩია  ხელოვანი ადამიანი გახლდათ, პროფესიით  რეჟისორი ფოტოგრაფიითაც  იყო გატაცებული, მუსიკითაც და კარგადაც წერდა. გთავაზობთ დაჩი დარჩიას ერთ-ერთ ჩანახატს:  სიკვდილო  შენ დაგცინეთ.
 ნაბიჯები...
ხან უხმო, ხანდახან შემაწუხებელი ხმაურით...
მარტო ხარ, მიუხედავად ხალხის სიმრავლისა ვერავინ გშველის...
-კეთილი იყო... თბილი... როგორ უნდა გავძლო უიმისოდ...
აი მოვედით კიდეც... დღეის შემდეგ სულ მეცოდინება, რომ აქ იქნები, აქ ამ სიმყუდროვეში. აქ ყველაზე მეტად შევძლებ შენთან საუბარს, შენი პასუხების  გარეშე.
-აქ მოსულა დაუპატიჟებელი სტუმარი...
მკერდზე მიმობნეული, ნაადრევად მოსული ყოჩივარდები კვდომას იწყებს. მხოლოდ აქ ყვავიან ასე ნაადრევად თუ ასე უდროოდ, სუსხიან ამინდში მიწასთან მიყუჟულები. უცებ ყველა გატრიალდა... შემოვრჩით რამდენიმე, ჩვენ-ჩვენთვის უმწეობის, უსუსურობის, გარდაუალობაზე ფიქრით მონუსხულები...
შემდეგ პატარა ოთახი და ყველაზე დიდი, კედლებზე მოთავსებული განვლილი ცხოვრების ილუსტრაცია. 153, თევზები, ცხენი, ჭიანჭველა და ჭია, გამხმარი ზღარბის ფუტლიარი, ჰოროსკოპის დისკო, მზე, მთვარე და მთელი სამყარო. აქ იწყება და აქ მთავრდება დევიზით: აკეთე სიკეთე!
რაღაც ძვირფასი ჩაწყდა როცა ოთახი დავტოვეთ. დავტოვეთ მაგრამ აქ დაგროვილი ტკივილი თან გამოგვყვა...
მისტიური ნისლი და მისტიური სიცილი.
ვიცინეთ თუ ერთმანეთს დავცინეთ?...
- სიკვდილო შენ დაგცინეთ!!!
ვერ მოგვერევი... ჩვენ,ადამიანები ძლიერები ვართ.
P.S: გახსოვდეთ, ყოველთვის მიდით ამ დიდპატარა ოთახში, სადაც ყოველთვის სითბოა და რაც არ უნდა ციოდეს საკმარისია ოთხი კედლიდან ერთ-ერთს მიუახლოვდე, მიეხუტო რომ მაშინვე ძარღვებში იგრძნობ ახალი, თბილი (უფრო ცხელი) სისხლის გამდინარებას. 
ხვდები რომ სიცოცხლის მთავარი ღირებულება სიკეთე და სიყვარულია...
ხვდები  რომ ღირს სიცოცხლე, შენთვის დაღვრილი გულწრფელი ცრემლისთვის.
მიყვარხარ პატარა ოთახო!
მე შენთან ხშირად მოვალ...
მოვალ და ჩემს ტკივილებსაც  გაგიზიარებ.
                      12. 02. 2014.     დაჩი  დარჩია.

განყოფილება: კულტურა
გადასვლები: 211
FACEBOOK კომენტარები