მრავალმა ლანჩხუთელმა დაიმკვიდრა ჩემს გულში საკუთარი ადგილი და ალბათ სიცოცხლის ბოლომდე მათი კუთვნილება ვიქნები. ბევრ მათგანზე უკვე გესაუბრეთ, გაგაცანით თუ რატომ და რისთვის მიყვარდნენ ისინი, როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ მათ ჩემს მიმართ. ამჟამად კუკური კვირკველიაზე მინდა გელაპარაკოთ. იგი ერთ დიდ თოვლიან ზამთარში გავიცანი. არ მახსოვს სად ვიყავი მაშინ და რატომ, მაგრამ საქართველოში არ ვიმყოფებოდი. დედაჩემმა მითხრა, ტელეფონით, რაღა თქმა უნდა, რომ კარგად იყვნენ, მაგრამ სამზად სახლს სახურავი ჩაუმტვრია დიდმა თოვლმა, მაგრამ ნუ გეშინიაო, დამამშვიდა, აქ გამოჩნდა ინჟინერი კუკური კვირკველია, რომელიც თურმე სახლების შეკეთებაზე მუშაობსო. ლანჩხუთში რომ ჩამოვედი გავიცანი ბატონი კუკური. ამ ხალისიან, კაცთმოყვარე ადამიანს მადლობა მოვახსენე დედაჩემისთვის გაწეული დახმარებისთვის და ვთხოვე ღირებულება ეანგარიშებინა, ვალში არ მინდოდა დავრჩენილიყავი. მითხრა, ფული საჭირო არ არისო. ასე უანგაროდ და სუფთა მეგობრულ საფუძველზე აღმოცენდა ჩვენი ხალასი მეგობრობა, რომელიც წლების მანძილზე გაგრძელდა. დარწმუნებული ვარ, რომ კვირკველიათა გვარში ბევრი კარგი და მისაბაძი ადამიანი არსებობს, მაგრამ კუკურისნაირი არ ვიცი იქნება თუ არა. იგი მოუსყიდველი კაცი იყო ნამდვილი ძირძველი ლანჩხუთელი. ჩვენი მეგობრობა მანამ გაგრძელდა, სანამ მისი სიცოცხლე არ შეწყდა. მე კიდევ ფიქრისა და მოგონების მეტი არაფერი დამრჩენია, რადგან უკვე ძნელად გადავადგილდები და საყვარელ ლანჩხუთშიც კი ვეღარ ჩამოვდივარ.
მინდა გულითა და სულით მოვეფერო იმ ადამიანებს, რომლებიც კუკურის ნაკვალევს აგრძელებენ მისი შვილის და შვილიშვილების სახით.
სიხარულს და გამარჯვებას ვუსურვებ მათ!
დავით ასკურავა
მწერალი, საქართველოს დამსახურებული
ჟურნალისტი
კუკური კვირკველია, ღირსებით გამორჩეული კაცი
განყოფილება: ---
გადასვლები: 155