აკაკი ბაქრაძემ, როცა ის სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატად დაასახელეს, ბრძანა:,, სსრკ-ში დეპუტატობა მძიმე მოვალეობა კი არ არის, არამედ _ ჯილდო. კარგად მოწველა ადამიანმა ძროხა, შეიძლება ჯილდოდ დეპუტატობა მისცენ. ბევრი ქვანახშირი მოანგრია, შეიძლება დეპუტატი გახდეს. დაწერე კარგი წიგნი, აქაც დასაშვებია დეპუტატობით დაგაჯილდოონ. რა თქმა უნდა, ამას დეპუტატობასა და მის საქმიანობასთან არავითარი კავშირი არა აქვს. ამგვარი დეპუტატებისაგან შემდგარი საბჭო თუ პარლამენტი საქმეს ვერ გააკეთებს. იგი უფუნქციოა და მოჩვენებითი დემოკრატიისთვის არსებობს.”
დიახ, საბჭოთა ეპოქაში დეპუტატობა ჯილდო იყო. მაშინ ხომ არავის აინტერესებდა შენი აზრი, მითუმეტეს საკანონმდებლო დონეზე. ამ, ვითომდა ხალხის იმპერიაში, ბევრი გაურკვევლობა იყო. ფარდაჩამოფარებული სამყარო ბევრ სიმართლეს მალავდა და საერთოდაც, რა იყო სიმართლე არავინ უწყოდა, რადგან აზროვნება აუკრძალეს ხალხს, არჩევანი ჩაუკეტეს... ჩაკეტილმა სამყარომ კარგა ხანი იარსება, კარგა ხანს არ შედრკა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს მაინც დაიმსხვრა... ეს იყო იმ ეპოქაში. დღეს რა ნიშნით ხდებიან ადამიანები დეპუტატები? რა დამსახურება აქვთ ან კიდევ რას აპირებენ დეპუტატად გახდომის შემთხვევაში? რამდენად აქვთ მათ დეპუტატისთვის აუცილებელი პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი აზროვნება? აქვთ მკაფიოდ გამოხატული პოლიტიკური მრწამსი? აქვთ საჭირო განათლება? საკითხავია _ ფიქრობენ ამაზე?!რატომ აქვს დეპუტატის მანდატს დიდი მიზიდულობა? არა მგონია ამას, უმრავლეს შემთხვევაში, ხალხზე ზრუნვაში გათენება-დაღამების სურვილი ახლდეს. მაშ რაშია საქმე? ამაზე შენ დაფიქრდი ჩვენო ძვირფასო მკითხველო! დაფიქრდი! თუ არსებულ გარემოს, შექმნილ სიტუაციას გავაცნობიერებთ და გავისიგრძეგანებთ, დასკვნას ადვილად გავაკეთებთ _ იშვიათი გამონაკლისის გარდა, დეპუტატის უფლება-მოვალეობა მხოლოდ პირადი განდიდების და მატერიალური წინსვლის საშუალებაა ჩვენს გარემოში. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, დიდი ფიქრის შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება.
მაპატიეთ, მაგრამ უნდა შემოგბედოთ _ მთავარია არ გავიყიდოთ!
ნონა გიგინეიშვილი
მთავარია არ გავიყიდოთ!
განყოფილება: ---
გადასვლები: 777