მომავალი ადგილობრივი არჩევნებისთვის ხელისუფლებას აღარაფერი დარჩა სათქმელი, დაპირებები გაცვდა, ხალხი დაიღალა, ამჯერად ამ დაპირებების თავადაც არ სჯერა და რა ქნას ხავსს ეჭიდება.
ეს ხავსია ჟურნალისტებთან დაპირისპირება, ნათქვამია: ,,ვინც ქარს თესავს ქარიშხალს მოიმკისო" სოციალურ ქსელს რომ გადახედოთ დაინახავთ ვინ იზიარებს ხელისუფლების ჩაწოდებულ ,,პატაჩას"?!.საჯარო მოხელეებისა და ა(ა)იპის თანამშრომელთა ნაწილი ღია შეტევაზეა გადასული საკუთარი ფეისბუქ გვერდებიდან, ჟურნალისტებს დაუქცევიათ თურმე ქვეყანა.
,,ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ლამის მთელი დუნია იყო გაკვირვებული, რატომ შემოიკრიბა ამ ძალამ თანამდებობებზე და რიგით სამსახურებში უდიპლომო ხალხი, როცა ქვა რომ ისროლო დიპლომიანს მოხვდება,თუმცა ასეთი აქსიომაც არსებობს: ,,დიპლომი არ ნიშნავს განათლებას" -,მეტი გაუნათლებელი და უდიპლომო" ასეთი ,,ოცნების“’ ხელწერა კადრების შერჩევაში.
მინისტრი და თანაც კულტურის, იმისათვის იცლის ჟურნალისტს მიკროფონი წაგლიჯოს ხელიდან, რომ მერე ლიანგმა ამაზე იჭყლოპინოს, სეირს მიჩვეული მამა და მარჩენალს დანატრებულები გაყვირიან: უი რა ცუდი ჟურნალისტები გვყავს!, სწორედ ჟურნალისტებს შეუშლიან ხელი ქვეყნის აყვავებაში!.
რასაც ჩაგძახებენ იმას ამისძახებ, სოციალურ ქსელში ცრუ გვერდებიდან წამოსული ყალბი პათოსი, მამულიშვილობაზე, ტრადიციებსა და ზნეობაზე, ერთმორწმუნე მეზობლის მაამებელი ტექსტები ხომ იმის გამოხატულებაა, რომ წინ არა და უკან კი მივდივართ.
ჟურნალისტებთან დაპირისპირება კიდევ არაფერია, იმასთან რაც განსხვავებული ორიენტაციის ადამიანებზე ამბავია ატეხილი. გადახედვაც არ უნდა საჯარო მოხელეთა და ა(ა) იპის ზოგიერთი თანამშრომლების პირად გვერდებს სოციალურ ქსელში, ძალიან მდაბიო და სამარცხვინო საქციელია, როცა მამაკაცებს და ქალბატონებს გაზიარებული აქვთ ფოტოები, რომლის წარმომავლობაც არ იციან, მაგალითად ხშირად ტრიალებს კაბიანი კაცის ფოტო, მის საპირწონეთ კი ჩოხოსანი ჰყავთ მიჩნეული, სვამენ კითხვას: რომელი ჯობია? ერთი რამ უნდა ვთქვა მათ გასაგონათ, თქვენ რომელი გაინტერესებთ ქალბატონებო და ბატონებო ჩოხოსანი ?თუ კაბოსანი? ძველი ანეგდოტი მახსენდება: ქალბატონმა წერილი მისწერა ლექსიკონის შემდგენელს და უსაყვედურა იმისათვის, თუ რატომ შეიტანა, ლექსიკონში უწმაწური სიტყვები? წერილის ადრესატმა მშვიდად უპასუხა ამბიციურ ქალბატონს - ვიცოდი, რომ თქვენა ამ სიტყვებს მოძებნიდითო. დიახ იცოდა ხელისუფლებამ, რომ საუკუნეების წინანდელი ყბადაღებული თემით დღევანდელი საზოგადოების ნაწილი აუცილებლად დაინტერესდებოდა, მთავარი ისაა, რომ იგი დაპირისპირების საგანი უნდა გამხდარიყო.როგორც პატარა ბავშვს ეუბნებიან მოვა და შეგჭამს ბუაო, ისიც დიდზე აღებს პირს და ყლაპავს უგემურ ფაფას, რომ ბუა არ მოვიდეს.
ეკონომიკა უკან უკან მიგვაქანებს, საკანონმდებლო სისტემა მორღვეულია, სოციალური დაკვეთა ცოდნაზე აღარაა, როცა ხელისუფლებას აღარაფერი აქვს სათქმელი და რაღა ქნას? ახლა თურმე ჰომოსექსუალობისაგან იცავს საზოგადოებას? იგი რომ წავიდეს მერე ნახეთ რა იქნება?! შე კაი დედამამიშვილო 9 წელი არაფერი გაგიკეთებია და ახლა იმას არკვევ ვინ კაბას იცვამს და ვინ შარვალს?
რას წერდა გასული საუკუნის ბოლოს საზოგადო მოღვაწე , მწერალი და კრიტიკოსი აკაკი ბარაძე:
,,ვინ მოსთვლის რამდენი საუკუნეა ქადაგებს რელიგია- არა კაც კლაო,მაგრამ ადამიანი მაინც კლავს მეორე ადამიანს. უფრო უარესიც: ომებისა და რევოლუციების სახით გაუგონარ სასაკლაოს აწყობს. ვინ მოსთვლის რამდენი საუკუნეა გვესმის-, არა იქურდოო,მაგრამ ადამიანი მაინც იპარავს, რაც დრო გადის ქურდობის მასშტაბები იზრდება , არავითარი პირი არ უჩანს იმას, რომ ოდესმე ძარცვა-პარვა მოიკლებს და შემცირდება.
ვინ მოსთვლის რამდენი საუკუნეა ჩაგვჩიჩინებს რელიგია არა იმრუშოო, მაგრამ ადამიანი მაინც აგრძელებს მრუშობას ის კი არადა პროსტიტუცია შემოსავლიან პროფესიადაც კი გამოცხადდა. მისი აღარ ერცხვინება და არც დასაგმობ საქმიანობად მიაჩნია.
უძველესი დროიდან რელიგია მომაკვდინებელ ცოდვად თვლიდა სოდომურ გარყვნილებას, თავგამეტებული ებრძოდა მას, მაგრამ ვერაფერს გახდა. დღეს მთელს მსოფლიოში, ყველგან, ღიად და აშკარად ლაპარაკობენ ჰომოსექსუალთა უფლებების დაცვაზე, რელიგიაც ეგუება და ეთვისება მათ. ერთი სიტყვით ადამიანის ბუნება ვერაფერმა შეცვალა, რაც ყოველთვის იყო ის დარჩა და დროთა განმავლობაში რელიგიურ-ფილოსოფიური აზროვნების ზემოქმედებით მისი სრულყოფა არ მოხდა.’’ აკაკი ბაქრაძე წერილები 1999 წელი
რა კუთხითაც არ უნდა შევხედოთ ამ ამბავს არაფერი იცვლება, მხოლოდ დაპირისპირების და შურისძიების საგნად შეიძლება იქნას გამოყენებული, ლგპდ თემის საკითხი, რაც თურმე ევროპისა და ამერიკის გაჭირვება ყოფილა მარტო და რუსეთია ჩვენი გადამრჩენელი. ამ ყველაფერს ერთმანეთის ლანძღვის, თათხვის და დამცირების მეტი არაფერი მოჰყვება, რაც მეტს გავქეგავთ მეტი ნაგავი და სიბინძურე წამოვა.
აკი შედეგმაც არ დააყოვნა და სოციალური ქსელები უკვე გადაივსო კომენტარებით, სადაც ლანძღავენ გარყვნილ ევროპას, ამ ლანძღვაში წამხალისებელის როლში ხელისუფლება გამოდიც, რაც ბუნებრივად გაფიქრებინებს რომ ოკუპანტი მეზობლის საამებლად, სჩადის ამას. სულ მალე ხომ არჩევნებია, ნებისმიერმა რიგითმა ადამიანმა იცის, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლება.
მაია კუკულაძე
როცა ხელისუფლებას აღარაფერი აქვს სათქმელი...
განყოფილება: ---
გადასვლები: 1 135