ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

დაგიჩემებიენ _ მდიდარი კაცი ევირჩიოთ, ფული აქ და მოგვეხმარებაო. შე აბდალა, იმ კაცს თუ აქ რამე, შენდა იშონა თუ იცი?!

დაგიჩემებიენ _ მდიდარი კაცი ევირჩიოთ, ფული აქ და მოგვეხმარებაო. შე აბდალა, იმ კაცს თუ აქ რამე, შენდა იშონა თუ იცი?!
2-10-2015, 00:00

2008 წლის აგვისტოს თვეი იყო, რუსეთთან ომი ახალდამთავრებული და იმდენი საფიქრალი იყო ქვეყანაზე, რომ წაგებულ ომს მოგებულად ვაცხადებდით. სწორედ მაშინ დაწერა დიოგენა კანტიამ იმფერი სიტყვები, რომ დღევანდელობაზეც ზედგამოჭრილი რომ არის. ვუყურებ ხანდისხანდ ამ დასაფსები თვალებით ამ ჩვენს პარლამენტს, რომელიც ჯერ კიდომ ქუთაისშია და ვფიქრობ, 7 წლის წინ რომ დიოგენამ გამოთქვა სურვილი, მეც რომ ავყოლილიყავი მაშინ ეგება ახლა დაწინაურებულიც ვყოფილიყავი. წინა მთავრობა იყო, რომ მომისროლა აგრარული ბაზრის წინამ და ჩემს სატირლად მოსულ ქალებს უთხრა, კაი ადგილას არის, ეს ტერიტორია გაკეთდებ-გალამაზრდება და უფრო მედიდურად წამოდგება ფეხზეო. იმ ტერიტორიას რაფერც ეშველა, ამას ყველა ლანჩხუთელი კვირა დღეს მაინც ხედავს. მე უფრო ის მაინტერესებს ჩვენს ქვეყანას რა ეშველება. ა, ბატონო მოახლოვდა 2016 წელიც, საპარლამენტო არჩევნების წელი და დაიწყო ბრალდებების ახალი კორიანტელი მთავრობასა და ოპოზიციას შორის. ახლა ტელევიზიას მიდგნენ. `რუსთავი 2~, რომ მიკერძოებულია აი ყველამ ვიცით, მარა განსხვავებული აზრის მოსმენასაც რომ არავინ ცდილობს, აგი მთლად ცუდია. ახლა მევიდეს მთავრობა ერთი-ორი საათით დადგეს ჩემთან ახლოს და დააყუროს, რას ამბობენ გურულები გაჭირვებაზე და ლარის დაცემაზე. აგია უფრო საინტერესო, თვარა ნუკი კოშკელიშვილი სად გათხოვდა და გამოთხოვდა, იი კი არა. ბაზარში რომ ხალხს მიადგები მიკროფონით და ეტყვი, ცხოვრება რაფერ მოგწონსო, თან სიცივით მობუზულია, კაის რას გეტყვის. 160 ლარიანი პენსია რომ დააკავებიო ახლა ხადურს ხელში ერთ ჭამაზე არ შეჭამს. ჩვენმა ხალხმა კი თვიდან თვემდე უნდა იმყოფინოს. ეგაა დღეს ქვეყნის რეალობა, თვარა `ნაცებს~ ავუჭედავთ კარებს, თუ ხვალ `ოცნება~ აღმოჩნდება ოპოზიციაში მეორეხარისხოვანია. ხალხს სანახაობა წლებია არ აკლია. პარლამენტში ისეთი ამბებია ხოლმე, რომ შეგეცოდება ქართველი ერი მათი შემხედვარე. მაგათი მიღებული კანონებით რა დღეშიც ვართ ამას ერთი მაგალითით გეტყვით _ ნაგვის ურნებთან მოფუსფუსე ქართველს რომ დაინახავ, ეგება ვინმემ პაწა საჭმელი გადააგდოსო.ვუყურებ ამ ყოფას და ვფიქრობ, ხომ არ მევიდა დროი კანტიას დავეთანხმო და ჩემზაც ვიფიქრო პაწაი. აი რას წერდა დიოგენა 7 წლის წინ:- რეიზა მინდა დეპუტატობა? ბიჯო, გადამრევთ თქვენ მე! კაციშვილი არ მეკითხება რეიზა მინდა ჭადი, ლობიო, ტანზე ან ფეხზე... ერთი წამოგცდება კაცს დეპუტატობა მინდაო და წაგესევა ქვეყანა. ვინც თლათ უტუხია, იგი პირდაპირ შეგასკდება პირში, დეპუტატობა რაში გჭირიაო? უფრო მორიდებულები კი ქე ტლიკინობენ ერთმანეთში _ ფულის შონა უნდაო; ცხენის კაჭკიდან `ემადინზე~ გადაჯდებაო; შვილებს საზღვარგარეთ ასწავლისო; მამამისის დატიებულ გუუწყობელ სახლს ევრორემონტს ჩუუტარებსო და ა.შ... გლახაა მერე მაი?! რავა, პაწე მეც არ უნდა გამევიხედო თვალში? მე შენ გეტყვი, სესიის დროს, მაგიდაზე თავჩამოდობილი ძილს ვერ შევძლებ თუ რაი?! იგი კი არა, რაც მე ყანაში, თოხის ტარზე ნიკაპჩამოდობილს მიძინია, რბილ სკამზე რავა უნდა გამიჭირდეს?! თუ გავკუჭდები და შიმშილობაზე მიდგება საქმე, თლათ უკეთესი, მაინც ტყულაი ვშიმშილობ ამდენი ხანია და საქმეში ჩამეთვლება, თანაც, ამიზა ცაი და ქვეყანა შეწუხდება. ამომრჩეველი ან შენაპირები გადამცილდება გულზე და ასეა, ალბათ, საჭირო, თქვენ მე ამირჩიეთ და არც გულმავიწყობას ვუჩივი თუ დამჭირდა! მერე გამახსენდებით, როცა ამის დრო მოვა... სხვაზე ნაკლები რაით ვარ?! არა, თქვენ ნამდვილად გადამრევთ მე, დაგიჩემებიენ _ მდიდარი კაცი ევირჩიოთ, ფული აქ და მოგვეხმარებაო. შე აბდალა, იმ კაცს თუ აქ რამე, შენდა იშონა თუ იცი?! ანდა, მდიდარს რაღა უნდა საკრებულოში, აგერ გაჭირვებულს შემაწიე ხმაი თუ შეგიძლია! მაინც არ გეყურება ქართული და ახლა ავტორიტეტებს დუუწყე ძებნა. გეიგონე _ ავტორიტეტები `კუტუზკაში~ ჟილარიან დღეს და მერე მეორეც _ ვინ შეგაწია, თუ ძმა ხარ, საკუთარი ავტორიტეტი? რავა, მის დროზე პაწე ამბავის დათენება შეეძლოთ თუ?! მაინც თუ ვერ გაგაგებიე, რეიზა მინდა დეპუტატობა, უფრო დაწვრილებით მოგიყობი, დამაყურე აგერ და ჩაგიდობ თავში _ (მეტი არ აგიდგათ გვერდები, მარა მაინც) ხომ უნდა ამომიღამდეს თვალები თქვენზე ფიქრში?! ხომ უნდა მომენატროთ და ხომ უნდა განვიცადო, ოთხ წელიწადში ერთხელ, თქვენთან შეხვედრის საამო ჟრუანტელი და სიხარული?! თუკი რამეს ვიშონი, ხალხს ხომ უნდა დარჩეს იგი, თქვენზე ზრუნვით განაწამები რომ დავეცემი ბრძოლის ველზე, საქართველოს მტრებთან უთანასწორო ბრძოლაში?! `მონტე კარლოში~, ქინძმარში ჩაწყობილი ზუთხით, ასეტრინისა და სუკის მწვადებით გაწყობილ სუფრას რომ მივუჯდები, ხომ უნდა მომადგეს კურცხალი თვალზე გაჭირვებული კაცის დღეგრძელობისას?! ა, ამიზა მინდა დეპუტატობა...

განყოფილება: სტატიები
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა