როგორც ცნობილია, სულ რაღაც ერთი თვეა დარჩენილი სეზონის დაწყებამდე და `გურია~ ჯერაც არ შეკრებილა. გაურკვეველია, ვინ უთავკაცებს და ვინ გაწვრთნის კლუბს. თავიდან საკრებულოს წევრმა გიორგი მორჩილაძემ იკითხა, მერაბ ჟორდანიას სპონსორობის საკითხზე ვინ გაგვარკვევსო _ ბოლოს და ბოლოს, მოდის თუ არაო! `გურიას~ ფინანსურმა დირექტორმა, თენგიზ კიკვაძემ თქვა, რომ ესაუბრნენ ჟორდანიას, რომელიც ხვალ უცხოეთში მიდის, ლეგიონერები რომ ჩამოგვიყვანოსო. ისიც დაამატა, რომ ჟორდანიამ მანამდე გუნდის გაწვრთნა გიგლა იმნაძეს და გია ჩხაიძეს სთხოვაო. ამ განცხადებას კითხვები მოჰყვა _ რა გახდა ამ ჟორდანიას ერთხელ ჩამოსვლაო? არც ტელეფონზე გვესაუბრება და სკაიპით საუბარს დაგვპირდით და ეგეც არ გააკეთეთო! ან ჯერ არ დანიშნულა და მწვრთნელებს რომ ნიშნავს, ეს რას ნიშნავსო. ამაზე გამგებელმა ზაზა ურუშაძემ უპასუხა, არავინ დაუნიშნია, უბრალოდ, გიგლა იმნაძეს სთხოვა, ჩამოსვლამდე გუნდის შეკრებაო. მანვე მოგვასმენინა ჟორდანიასთან საუბარი, რომელიც კარგად არ ისმოდა, მაგრამ ის კი გავიგეთ, რომ მერაბ ჟორდანია ლანჩხუთში ჩამოსვლაზე თანახმაა და გიგლა იმნაძეს თხოვა გუნდის შეკრება. უფრო კონკრეტული არაფერი თქმულა და საკრებულოს წევრებსა და დამსწრე საზოგადოების ნაწილსაც გაუჩნდა კითხვა _ ვთქვათ, ჩამოდის, მაგრამ რა გეგმები აქვსო? რამდენი მოაქვსო? ამაზე კონკრეტული პასუხი არავის ჰქონა. ლანჩხუთის ექს-გამგებელმა გია გოგუაძემ თქვა, ჟორდანიას გარემოცვიდან ვიცი, რომ თვეების წინ უნდოდა ჩამოსვლა, მაგრამ ხელს აქედან უშლიდნენო. ამან ზაზა ურუშაძის აღშფოთება გამოიწვია და წინამორბედს უთხრა _ აქ შენი `რეჩების~ მოსასმენად არ ვართო. გოგუაძე ურუშაძეს დაემუქრა, მომავალ სხდომაზე დავდებ, თუ რა მიზნით დაგნიშნეს გამგებლადო, `გურიასთვის~ უნდა მიგეხედაო _ ყველაფერს დეტალურად ვიტყვიო. თავის მხრივ, მოქმედმა გამგებელმა უთხრა _ გუშინ ღამით რა სიზმრები ნახე, იმას ნუ გვიყვებიო. მათ შორის პოლემიკა მეტისმეტად გამწვავდა, თუმცა სხვებმა დააწყნარეს. შეხვედრაზე მერაბ ჟორდანიას გარდა კიდევ ერთი სავარაუდო ინვესტორის წარმომადგენელიც გამოვიდა, კიდევ ერთი კი, გიორგი ჩახვაძის თქმით, პარასკევს ჩამოვა. _ რომელი გიორგი იმნაიშვილი? ადრე რომ ჩვენთან იყო? _ იკითხა გამგებელმა. _ რამე პრეტენზია გაქვთ? _ ჰკითხა მას საკრებულოს წევრმა, აკაკი იმნაიშვილმა. _ რაც დაგვპირდა, არაფერი შეასრულა! _ ის პირიქით ამბობს _ ვალში არც შუხუთის მაჟორიტარი დარჩა. მერე თენგიზ კიკვაძემ ჩამოთვალა, თუ რა თანხა დახარჯა სპონსორმა _ 250-დან 300 ათასამდეო. ურუშაძემ დააკონკრეტა: ორი სპონსორი იყო _ სომეხი და იმნაიშვილიო და ფული პირველმა დახარჯაო... დარბაზში მყოფმა რეზო ორაგველიძემ თქვა _ გიორგი იმნაიშვილმა ლანჩხუთელებს გვაგინა სამტრედიაში თამაშის მერე და მაგ კაცის მოყვანა არ გამოვაო. თუმცა საკრებულოს წევრებმა _ ეგ არ ვიცით, გავარკვიოთო. ზაზა ურუშაძემაც დაამატა _ თუ `გურიასთვის~ კარგი იქნება, მე არც მაგ იმნაიშვილის წინააღმდეგი ვარო. მას გია გოგუაძემ უთხრა _ დანიშნე ვინც გინდა, რას გვამასხარავებო, ეს საკრებულოს აგდებააო _ ვითომ სამსჯელოდ მოვედით და თურმე უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი გქონიაო. თუ სპონსორი არ მოვიდა, ამ ბიუჯეტით, `გურია~ გავარდებაო _ ეს თენგიზ კიკვაძემ თქვა. საკრებულოს წევრებმა _ გუნდი იმას ჩავაბაროთ, ვინც ამ ფულით არ გააგდებსო. ალბათ, ყველაზე სწორი რეპლიკა ნონა მურვანიძემ ისროლა _ არ დაიჯეროთ, ხალხო, ფულს `გურიაში~ არავინ ჩადებსო და ახლა კონკურენცია და პოლემიკა მიდის _ ვინ უნდა დახარჯოს ეს 700 ათასი და `გურია~ გადაარჩინოსო, ამიტომ პროგრამებს მოვუსმინოთ და უკეთესი შევარჩიოთო. გურული ფეხბურთის ექს-თავკაცმა, კახა ებრალიძემ თქვა _ ჩათვალეთ, რომ არ ვაპირებ გუნდში მოსვლას, მაგრამ ისე ნუ იზამთ, გუნდი გავარდესო! მერაბ ჟორდანიას წინააღმდეგი არა ვარ, ორივე ხელს ავუწევ, მაგრამ ჯერ ვკითხოთ, რა გეგმები აქვს და რა გვინდაო. იქნებ ძველ მენეჯმენტს აბრუნებს და დავთანხმდეთ? ეს გავარდნას ნიშნავსო. მას ზაზა ურუშაძემ უთხრა _ მერაბ ჟორდანიაზე უკეთესი ვარიანტი არ გვაქვს და მოდი, გუნდში და ამ თანხით `გურიას~ გადაარჩენო? ამაზე ებრალიძემ უთხრა _ ვერ დამნიშნავ, თორემ გადავარჩენ, აბა რას ვიზამო? ერთხელ გამიკეთებია თუ ორჯერო და თქვენთანაც მიმუშავია და კარგად იცითო. ბოლოს ვითარება დაიძაბა. თემა ნუგზარ ცინცაძემ (ცანცუა) განაგრძო _ ნუ ვიტყუებთ თავს, ურუშაძე ებრალიძეს ვერ დანიშნავსო. ეს უკანასკნელი დაეთანხმა, მაგრამ მიზეზის დაკონკრეტება ითხოვა. შენ კობიაშვილის წინააღმდეგი იყავიო _ იყო `ცანცუას~ პასუხი. _ მე კობიაშვილის მოწინააღმდეგე კი არ ვიყავი, არველაძეს ვუჭერდი მხარს და რადგან ასე იყო, თუ `გურიას~ გადავარჩენ, მე არ უნდა დამნიშნონ და ისეთი მოიყვანოთ, გუნდს რომ გააგდებსო? _ თქვა ებრალიძემ და დაამატა _ არ ინერვიულოთ, თქვენთან მუშაობას არ ვაპირებ და წარმატებებს გისურვებთო. გიორგი ჩახვაძემ თქვა, თუ საკრებულოს არ გვეკითხებით, `გურია~ თუ გავარდა, აქ 20 ათას კაცს მოგაყენებთო. კახა ებრალიძემაც იკითხა _ გუნდი თუ გავარდება, პასუხისმგებლობა ვისზეაო? მაგრამ პასუხი არავის გაუცია, შესაბამისად, პასუხისმგებლობაც არავის აუღია. ბოლოს თითქოს შეთანხმდნენ, რომ საფეხბურთო საზოგადოების წარმომადგენლებმა მოილაპარაკონ და ჟორდანიას მოსვლამდე გაერთიანებულმა გუნდმა უხელმძღვანელოს `გურიას~, თუმცა ყველაზე მწარე სიმართლე თემურ ლორიამ თქვა შეხვედრაზე _ აქ არაფერი ირკვევა, მორიგი მასკარადიაო.
განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 0