დღეს ჩვენი გაზეთის ერთ-ერთ გამორჩეულ თანამშრომელზე, ნინო ჩახვაძეზე გვინდა მოგითხროთ.
ნინო „ჰო და არას“ ის თანამშრომელია, რომელიც წლებია ჩვენს გუნდს შემოუერთდა და მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა გაზეთის ყოველდღიურ საქმიანობაში. იგი ტექნიკური მუშაკია, პასუხისმგებელია კომპიუტერულ უზრუნველყოფაზე და, შეიძლება ითქვას, გაზეთის ტექნიკური გამართულობის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია.
შრომისმოყვარე, ერთგული, პრინციპული და თავდაუზოგავი _ ეს ის თვისებებია, რომლებიც ნინოს ყოველდღიურ საქმიანობას განსაზღვრავს. მუდმივად ცდილობს სიახლეების დანერგვას, სამუშაო პროცესის გაუმჯობესებას, არც ერთ დეტალს არ ტოვებს უყურადღებოდ. მისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საკუთარი მოვალეობის შესრულება, არამედ კოლეგების, ახლობლებისა და მეგობრების მიმართ ყურადღების გამოჩენაც. პიროვნულად კეთილი, გულისხმიერი და პასუხისმგებლიანი ადამიანია, რომელსაც ურთიერთობებში სითბო და ადამიანური დამოკიდებულება არასოდეს ავიწყდება.ცხოვრებამ ნინოს ადრეული ასაკიდანვე დიდი პასუხისმგებლობა დააკისრა. დედის ნაადრევმა გარდაცვალებამ ოჯახზე ზრუნვის მძიმე ტვირთი მის მხრებზე გადაიტანა, რასაც იგი ღირსეულად გაუმკლავდა. ასეთმა გამოცდილებამ კიდევ უფრო გააძლიერა მისი პასუხისმგებლობის გრძნობა და ცხოვრებისეული სიმტკიცე.
ნინოს ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი ეკავა მის მეუღლეს, ბიძინა ჩხაიძეს — არაჩვეულებრივ ადამიანს, ღირსეულ ვაჟკაცს, რომლის ნაადრევმა გარდაცვალებამ დიდი ტკივილი დატოვა არა მხოლოდ ნინოს, არამედ ყველა იმ ადამიანის გულში, ვინც მას იცნობდა.
მათი ურთიერთობა ნამდვილი სიყვარულის მაგალითი იყო. ეს იყო სიყვარული, რომელიც მხოლოდ სიტყვებში არ არსებობდა _ იგი ყოველდღიურ ზრუნვაში, ურთიერთპატივისცემაში, ერთგულებასა და ერთმანეთისადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებაში გამოიხატებოდა.
სამწუხაროდ, ბიძინა დღეს ჩვენ გვერდით აღარ არის, მაგრამ ნინო კვლავაც ერთგულია იმ დიდი სიყვარულისა, რომელიც მათ აკავშირებდათ. იგი სათუთად ინახავს მეუღლის ხსოვნას, პატივს მიაგებს მის სახელს და განსაკუთრებული მოწიწებით ზრუნავს მის საფლავზე. ეს დამოკიდებულება ბევრ რამეზე მეტყველებს. ეს არის ერთგულება, რომელიც დროსა და მანძილს არ ემორჩილება, სიყვარული, რომელიც საყვარელი ადამიანის გარდაცვალებით არ მთავრდება.
ნინოს ამ დამოკიდებულებაში არის რაღაც ძალიან ამაღლებული და სამაგალითო. იგი გვახსენებს, რომ ნამდვილი სიყვარული მხოლოდ ერთად გატარებული წლები არ არის _ იგი ადამიანის გულში რჩება და მთელი ცხოვრება თან დაგყვება.
გვინდა, ნინოს ვუსურვოთ ჯანმრთელობა, სულიერი სიმშვიდე, ბევრი სიხარული და ნათელი დღე. დაე, მის ცხოვრებაში გამრავლდეს ბედნიერი წუთები, ჰქონდეს წინსვლა და წარმატება, რადგან იგი ნამდვილად იმსახურებს ამას.
ასეთი ადამიანები განსაკუთრებულ სითბოს ტოვებენ როგორც სამუშაო გარემოში, ისე ადამიანების გულებში. ნინო ჩახვაძე კი სწორედ იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, ვისთვისაც შრომა, პასუხისმგებლობა, ერთგულება და სიყვარული ცხოვრების მთავარი ღირებულებებია.
,,ჰო და არას“ რედაქცია
ისინი, ვინც ,,ჰო და არას“ ისტორიას ქმნიან ნინო ჩახვაძე _ თავისი საქმის პროფესიონალი, ერთგულებისა და სიყვარულის მაგალითი
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 101



