მაშინ, როცა ბნელ ოთხმოცდაათიანებში ლამპის მოპარპალე შუქზე გასართობი მხოლოდ ნარდი და კარტი იყო, გამონათებას გავდა სერიალის გამოჩენა ჩვენს ეკრანებზე. მართალია ტელევიზორის ეკრანი თვეში ერთხელ ნათდებოდა,მაგრამ ის გზებიც გამოინახა, რომ ამ გასართობზე უარი არ გვეთქვა და ფეხი აგვეწყო. გამოსავალი აკუმულატორზე მომუშავე პატარა კორფუჯის ტელევიზორი იყო. ,,დვიჟოკზე" მომუშავე ტელევიზორში საყვარელი სერიალის ყურება ხომ კინოთრატრში ფილმის ყურების ტოლფასი იყო. განსაკუთრებით ზამთრის ცივ, გრძელ და ბნელ ღამეებში.
დღე და ღამე ერთმანეთს რომ შეეყრებოდა, დედაჩემი მეტყოდა:
-გახედე ნანა ერთი ჭყონიებმა თუ ჩართო დვიჟოკი!

მე დაუზარებლად გადავირბენდი ეზოს და ჩვენს ქვემოთ მცხოვრებ ჭყონიებს გადავხედავდი. თუ შუქი ენთო ანუ იმ ღამეს დიდ ეკრანზე იქნებოდა სერიალის ჩვენება. გახარებული ისევ გადმოვირბენდი ეზოს ძახილით:
-ანთია,ანთია!
სერიალმა ყველა სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციებს და წეს-ჩვეულდბებს გვაზიარა. ბევრი რაღაც უცნაური და მიუღებელი იყო, რაღაც მოსაწონი, მაგრამ ნამეტანი სითამამე და სიშიშვლეც არ მოწონდათ მოხუცებს.
-ნენა, რაფერ გადმუუყრია, ქალო, ამ ქალს ყოლისფერი, გადამერია ბაღანაი - უკმაყოფილოდ იტყოდა ჩემი მეზობელი.
ამ დროს ბაღანაი 30 წლის კაცი იყო.
ისე ვგულშემატკივრობდით მონა ქალს იზაურას, ვითომ ჩვენს გვერდზე სოფელში მუშაობდა მოსამსახურედ. ასევე ჩვენი ცხოვრების ნაწილად იქცნენ: ,,პროსტა მარია", ,,კასანდრა", ,,ხუანი და მონიკა", ,,ძმები რეიესები", ,,კლონი“ და ა.შ.
შემდეგ ეს ყველაფერი ჩვენს გარეგნობაზე და ტანსაცმელზეც აისახა. გამოვიდა კასანდრას კაბები, კასანდრას თმის აქსესუარები.,,კლონიდან" შარფები და სამკაულები.
სერიალი ათის თხუთმეტ წუთზე იწყებოდა(ცხრაზეო ამბობდნენ, მარა არასდროს არ იწყებოდა ცხრაზე) ცხრა საათისთვის ერთი წამიც კი არ გადაცდებოდა ჭიშკარს ფანარი მოანათებდა, შემდეგ მოყობოდა ხმ:
-გიორგი!
ოთიკო იძახდა. ეს იმის მანიშნებელი იყო, რომ სერიალზე წასვლის დრო იყო. ასე ვუერთდებოდით დანარჩენ კუთხის მცხოვრებლებს და ერთიანად მივადგებოდით იორდანე ჭყონიას ჭიშკარს. ჭიშკართან შემოგეგებებოდა ციალა ბებია, იორდანე კი ამ დროს ძაღლს იჭერდა, რომელიც გამალებით ყეფდა.
-მუუჩქარეთ ახლა მუუჩქარეთ, დროზე შეით სახლში!
ყველა რომ დავტეულიყავით ოთახის შუაგულში მოთავსებული მაგიდა მეორე ოთახში გაიტანეს და სკამები მწკრივად დააწყვეს. ნამდვილ კინოთეტრს გავდა იქაურობა. თუ სკამები სამყოფი არ იქნებოდა, იატაკზე ვჯდებოდით, ნოხზე მოვკალათდებოდით. ისეთი გასუსული ვუყურებდით სერიალს, მარტო რეკლამის დროს იყო დასაშვები ლაპარაკი და აზრების გაზიარება.
იორდანე ბაბუა ისე შედიოდა როლში, გეგონებოდა მის გვერდით ხდებოდა ეს ყველაფერი. ისე ომახიანად დაუძახებდა ხოლმე სერიალის გმირს:
-შენ ნორმალური ხარ ბიძია? რას ჩივი ამას ფუი შევარცხვინე შენი კაცობა!
თუ კოცნა იყო სცენარით გათვალისწინებული, ბავშვებს ხმამაღლა გამოგვძახებდა:
-აბა,ბაღნებო, ახლა დახუჭეთ თვალები, მაგი არაა თქვენი დასანახი!
თან გვამოწმებდა, მართლა გვქონდა თუ არა თვალები დახუჭული,რომ ამ სამარცხვინო ფაქტისთვის არ გვეყურებინა.
ამ დროს ციალა ბებია და მზია ბიცოლა ცხელცხელი ხაჭაპურებით სავსე ლანგრით ჩამოივლიდა და ჩამოგვირიგებდა ყველას. იორდანეს გახედავდა და უსაყვედურებდა:
-აცალე ბიჯო ხალხს მის გემოზე ყურება, რას ნევრიულობ შენ!
ციალა ბებიას ნადუღიანი ხაჭაპურების გემო ახლაც გემრიელად მახსენდება. როცა ცირასთან ჩავდიოდი, ყველანაირად ცდილობდა პატივი ეცა, აუცილებლად უნდა გეჭამა რაღაც.
-კი ვიცი ნანაია ახლა შენ უჭმელი არ იქნები, მარა ნახე რა კაია, მოგეწონება. აი ჩემი გამომცხვარი ნაპოლეონია
მართლაც პირში დნებოდა ისეთი იყო. (უფალმა აცხონოს მათი სულები კეთილ ადამიანებად დარჩნენ ჩემს მეხსიერებაში.)
რეკლამის დროს იხილებოდა სხვადასხვა გმირის სწორი თუ არასწორი საქციელი, უიღბლობა, იმედგაცრუება, თავგასულობა, ნამეტანი თამამობა და ა.შ.
როცა სერიალი დასრულდებოდა იორდანე ხმამაღლა გამოაცხადებდა:
-აბა, ახლა მეეემზადეთ, გადავდივართ მამაპაპურ სინათლეზე!
ეს იმის მანიშნებელი იყო, რომ ,,დვიჟოკი" გამოირთვებოდა. ერთად წამოვიშლებოდით ყველა, ვტოვებდით ჩვენს ,,კინოთეტრს". სკამებს ერთ ადგილზე ლამაზად მივაწყობდით და ისევ ერთად გავუდგებოდით სახლში მიმავალ გზას. გზაშიც კი სერიალზე იყო საუბარი.
სახლში მისული ბებიას ვუყვებოდი დიდი მონდომებით, ისე, რომ არაფერი გამომრჩენოდა. მეორე დღეს განხილვა გრძელდებოდა ფეჩის ირგვლივ შემომსხდარ მეზობლებთან ერთად. ფეჩზე კი ამ დროს ყავის ჭიქები იყო შემომწკრივებული. ,,პენკა" სქელი უნდა ყოფილიყო აუცილებლად. ასე მირთმეულ ყავას სხვა გემო და არომატი ჰქონდა. სერიალიც სხვანაირად იყოლებოდა.
მას შემდეგ ბევრმა წელმა და ბევრმა სერიალმა ჩაიარა, მაგრამ 90-იანი წლების სერიალებს სხვა ხიბლი ჰქონდა.
ნანა კუკულავა