ლამფისა და კერასინკის სუნით გაჟღენთილი გაშვანგული ოთახი, ღუმელის სითბო, თუ სოიოს კატლეტები, ნამცხვარი სიგუა და მეზობელთან სერიალის საყურებლად შეჯგუფული ხალხი კიდევ დიდხანს გვემახსოვრება, ამიტომ გვეძახიან დაკარგულ თაობას. ჩვენ ვიყავით ახლგაზრდები, რომელთა დიდმა ნაწილმა საკუთარი პროფესიის გამოყენებაც კი ვერ შევძელით, სტუდენტობის პერიოდი, წიგნებთან და ლაბორატორიებში გათეული ღამეები უკან დარჩა და როცა სწავლა კენწეროში უნდა გატკბილებულიყო მაშინ ჩამობნელდა, ვიხსენებ როგორი იყო ლანჩხუთი ოცდაათი წლის წინ, როცა სწორედ სამსახურის გამო ჩამოვედი აქ, მეზობელი ოზურგეთიდან. სულ რაღაც სამი წელი ვიმუშავე ანასეულის კვლევით ინსტიტუტში ბიოქიმიკოსის პოზიციაზე, ასევე ვმუშაობდი სამაძიებლო ნაშრომზე პარალელურად თბილისის ბიოქიმიის ინსტიტუტში, უფრო ხშირად კი ანასეულში, სადაც არაჩვეულებრივი საზოგადოება იყო თავმოყრილი, იქაურობის ხიბლი ცხოვრების ბოლომდე გამყვება, მაშინ უამრავი დაწესებულება დაიხურა, ეროვნულმა მოძრაობამ ახალგაზრდების გულში სხვა გაზაფხული მოიყვანა, ახალი ცხოვრების სიომ კი დაჰკრა, მაგრამ ამას დამანგრეველი ქარისხალიც მოჰყვა და ყველაფერი აირია.
ერთი მეორის მიყოლებით იხურებოდა რუსეთის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციები და წარმოებები, რომლებიც ვეღარ აგრძელებდნენ მუშაობას, ადგილობრივი სამუშაო ობიექტებიც კი. არც შემშინებია, იმედი მქონდა ახალი სამსახურიც მალე გამოჩნდებოდა, თანაც უკეთესი, მახსოვს როგორ მომცეს ხელფასის ნაცვლად ერთი ტომარა ფქვილი. მე და დედაჩემმა ოზურგეთში ჩემს სახლამდე ღამის სიბნელეში ვატარეთ ეს ფქვილიანი ტომარა ფეხი ექვსი კილომეტრით, მერე დედაჩემმა ცოტა მჭადის ფქვილი შეურია, დიდხანს რომ გვყოფნოდა. დედა მასწავლებლობდა, მერე პენსიაში გავიდა, სამუშაოდ ზემო აკეთში წამოვიდა და რაღაც მიზერული ხელფასი ჰქონდა, პენსია გაიყინა. საღამოობით ბავშვებს, მამიდაჩემის პატარა ქოხში ბუხრის და ლამფის შუქზე ამეცადინებდა რუსულ ენაში. მამა მექანიზაციის ინჟინერი იყო ანასეულის მეურნეობაში, ეს უწყებაც მალე დაიხურა. ძნელი იყო ჩაბნელებულ და გაღატაკებულ ქვეყანაში უსამსახუროდ ყოფნა, ჩემმა ოჯახმა დაყაჩაღების შიშიც გამოიარა, ერთ დღეს ჩვენთანაც შემოვიდნენ ნიღბოსნები და რაც რამ გვებადა რამდენიმე ლეიბის გადასაკრავში ჩაყარეს, მეორე სართულზე პატარა ოთახში დამწყვდეულმა მამაჩემმა კარების უკან დაკიდულ სანადირო თოფის ჩახმახს რომ ხელი შეავლო და გახედა, ერთ ერთი მათგანი უკვე კიბეზე ჩადიოდა და მიზანში მისი თავი ჰქონდა ამოღებული, იფიქრა: ჩემი ცოლ-შვილი თუ დაბლა ცოცხალია ამას ტყუილად ვკლავ, რაღაც ორიოდე ოქროს ნივთის გულისთვისო და თოფი დაუშვა, მერე გაიგო მე და დედაჩემი ცოცხლები ვიყავით, უბრალოდ დღისით, მზისით მეზობელთან გადასული დადგვიგულეს და ისე შეცვივდნენ სახლში. მაშინ ასეთი ამბები იშვიათი არ იყო.
საქართველომ დატოვა საბჭოთა კავშირი, კომუნისტები წავიდნენ, საბჭოთა კავშირი კი დაინგრა, მაგრამ ნანგრევებში მოყოლა არ აგვცდა. ახალგაზრდებს არ შეგვშინებია მაინც გვჯეროდა რომ უკეთესი დღეებიც დადგებოდა.
ამას ბარე 25 წელი მაინც უნდაო, გვითხრა დიდებულმა აკაკი ბაქრაძემ, რომლის ნააზრევისაც უპირველესად გვჯეროდა, შემდეგ ისიც დასძინა, ბავშვები არ შევაშინე, თორემ 50 წელი მაინც დასჭირდება საქართველო ევროპულ ოჯახს რომ შეუერთდეს, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავო. ჩვენ კი ძალიან გვეჩქარებოდა, მაინც ვერ დავიჯერეთ ბოლომდე რა გველოდა წინ. ყველაფერი გაჩერდა და წყვდიადმა შთანთქა, დღეს თუ ხვალ მაინც გვეშველება, გამოიდარებსო ეს იყო მთავარი საფიქრალი.
ამ დროს გავიგე, რომ ლაჩხუთში წყალმომარაგების სამსახურში ყოფილა ქიმიკოსის ვაკანსია, ლანჩხუთში მამიდაც მყავდა და ისიც ამ დაწესებულებაში მოლარედ მუშაობდა, მან ჩამომაკითხა ოზურგეთში და ლანჩხუთში ორთავე ერთად ჩამოვედით. მედიკო მამიდა თავისუფლების ქუჩაზე, კინოს ქუჩას რომ ეძახოდნენ, სამსართულიან ბინაში ცხოვრობდა ზედ საბავშვო ბიბლიოთეკის თავზე, როგორც კი მეზობლებმა დამინახეს, ყველამ მაშინვე გამიცნო, თითქოს ამ ქუჩაზე დავიბადე და გავიზარდე. საოცარი სითბო ვიგრძენი. არაჩვეულებრივი ადამიანები, ექიმები: ბორის ბურძგლა, გივი ჭანტურია და ნანული აბულაძე ჩემი კარის მეზობლები იყვნენ. ასევე ჩემს სადარბაზოში ცხოვრობდა შესანიშნავი ოჯახი, მაია და ალექსანდრე ბარამიძეები თავიანთ ორ შვილთან, დათოსთან და ნატოსთან ერთად. მათი ორთავე ბავშვი სკოლის მოსწავლეები იყვნენ. ზამთრის ცივ დღეებში მშობლები სკოლაში ვერ უშვებთნენ, რადგან სკოლაში საშინლად ციოდა, ეს ორი ბავშვი მე მომაბარეს ყველა საგანში სამეცადინოდ, რა თქმა უნდა, მეზობლურად, ასევე მახსოვს ჩემთან მოდიოდა რამდენიმე მეზობლის ბავშვი. ესენი იყვნენ ურუშაძეები და გოგიჩაიშვილები.
ახლა რაც შეეხება სამსახურს. კომუნალურ საწარმოთა კომბინატის წყალმომარაგების განყოფილებაში ლაბორატორიის გამგის პოზიციაზე, ლანჩხუთში ჩამოსვისთანავე დავინიშნე, მახსოვს ჩემს დანიშვნას ხელი მთავარმა ინჟინერმა ესე ბარამიძემ მოაწერა. ძალიან შეკრული, მხიარული და მეგობრული კოლექტივი იყო, თუმცა ხელფასი იმდენად ცოტა მქონდა, თქმაც კი მრცხვენოდა და აღარც კი მახსოვს რეალურად რამდენი იყო. ირგვლივ სიცივე, სიბნელე და გაჭირვება გამეფებულიყო, მაინც ყველას გვჯეროდა, რომ ეს ყველაფერი დიდხანს არ გაგრძელდებოდა, რა დამავიწყებს მაშინდელ ურთიერთობებს, იმ მხიარულ სადღესასწაულო დღეებს, რაღაც კერძს რომ ვიგონებდით და მაინც გვიხაროდა, შობა იყო ახალი წელი თუ აღდგომა. შავი პური ტალონზე იყიდებოდა და მე ტალონიც კი არ მქონდა, რადგან ლანჩხუთის მაცხოვრებელი არ ვიყავი. გადავწყვიტე წავსულიყავი გამგეობა ეთრქვა თუ პრეფექტურა, ზუსტად არ მახსოვს, რომ მეთხოვა პურის ტალონი გამოეწერათ ჩემთვის, იმ ღამით კარებთან დამხვდა წუთელ ბანტებში გახვეული შავი პური, მიხვდი ბარამიძეების ნახელავი იქნებოდა, ერთ დღეს თინა დეიდამ მითხრა: მე გამოგიგზავნი ყოველდღე ფხალს და ჭადს, ოღონდაც შენ ჩემი ნათია ამეცადინე, ხომ ხედავ რაფერი სიცივეებია სკოლაში დაგვეყინა ბაღნებიო. ჩემს გვერდით ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა, ლელა ურუშაძე, ცისანა ბუცურეიშვილის ქალიშვილი, ინგლისური ენის ყველაზე ცნობილი მასწავლებელი და კერძო გაკვეთილებს ატარებდა, მას უმარავი მოსწავლე ჰყავდა, ჩვენ მაშინვე დავმეგობრით, ერთად ვიძინებდით და ვიღვიძებდით, მხიარული საღამოებიც გვქონდა, სტუმრად მოდიოდნენ დარეჯან ბიწაძე, ნანა წულაძე, მარინა მირზოევა, მაია და თინიკო გოგიჩაიშვილები, მაია გუგეშაშვილი და ბევრი სხვა. ასევე დავუახლოვდი არაჩვეულებრივ ქალბატონს მარინა დოლიძეს, მისი უფროსი ვაჟი გიორგი, ალბათ მეხუთე თუ მეექვსე კლასში იქნებოდა და მასაც მათემატიკაში ვამეცადიდენდი. არასოდეს დაამავიწყდება ლამარა და იუზა კავაჭაძეების თბილი ოჯახი, ახალგაზრდა წყვილი ჯუბა და ნონა, მათი ბავშვები, ეკა და ლადო მაშინ ძალიან პატარები იყვნენ და ხელიდან ხელში გადადიოდნენ, ყველა ვათამაშებდით; ასევე ურუშაძეების თბილი ოჯახი და მათი რძალი ნინო, რომელიც ჩვენთან მეგობრობდა. მკერავი და დიზინერი დედა-შვილი, მაია და ლალი ჩხიკვიშვილები, ოქროს ხელებით; ჩემო მეგობარი, ქეთინო გოგუაძე ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომელი, არაჩვეულებრივი გულის სიკეთით სავსე ადამიანი, რომელიც მოგვიანებით სტამბოლში წავიდა სამუშაოდ.
ერთ დღეს, ყველამ ერთად, ჯერ ლელა ურუშაძე გავაცილეთ ამერიკაში, შემდეგ კი ზამთრის ცივ ღამეში ბარამიძეების ოჯახს დავემშვიდობეთ, ისინი ისრაელში გაემგზავრნენ მუდმივ საცხოვრებლად, ასე ნელ-ნელა გაიკრიფა ყველა, მეც ოჯახი შევქმენი და ასე თვალსა და ხელს შუა გავიდა დრო.
უშუქობისა და ცივი ღამეების სამყარო კვლავ დიდხანს მოგვყვებოდა, ლამფის სუნი და ღუმელის სითბო დაუვიწყარი გახდა, ერთმანეთს ვათბობდით საკუთარი სითბოთი და მაშინ ყველას გვჯეროდა რომ ეს ყველფერი მაინც დროებითი იყო. მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში ცხოვრება დუღდა, ჩვენ შუქი, წყალი, ტრანსპოსტი და პირველადი მოხმარების საგნები გვენატრებოდა, გადაკეთებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი გვეცვა, არაფრისგან სადილებს ვაკეთებდით, თუმცა ერთი რამ მტკიცედ ვიცოდით, უკეთესი ბოლო გამოჩნდებოდა. ეს ბოლო კი დიდხანს გაიწელა, ნელ-ნელა გავთითოკაცდით, ბევრმა დატოვა ქვეყანა, შუქიც მოვიდა და წყალიც აღარ გვაქვს სანატრელი, მაღაზიებიც სავსეა, მაგრამ... თუმცა ეს მაგრამ არის მთავარი, სამუშაო ადგილები იმათზეა ყველაზე მარტივად რომ ვთქვათ, ხელისუფლების ყოფილის და ახლანდელის მეხოტბე ვინ იქნება და ქაამელეონივით ტყავს ვინ უფრო სწრაფად გამოიცვლის. ნავიდან ნავშვი გადაჯდომა არაფერს ცვლის, ისე როგორც შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, სიღარიბე გეომეტრიული პროგრესიით იზრდება.
აქვე უნდა ვთქვა ისიც, რომ არც ადამიანების შეფასება შეიძლება ბითუმად, რასაც პარტიები აკეთებენ ვერასოდეს იქნება ჭეშმარიტებასთან ახლოს, ადამიანები ერთიანდებიამ მხოლოდ ერთი კარგი იდეის ირგვლივ და არა იმ ტყუილის, რომელიც ამდენი ხანია გვტანჯავს, თუ გინდა რომ ადამიანად დარჩე, ბითუმად არ უნდა შეგაფასონ და გაემიჯნო იმას, რაც არ მოგწონს, სამწუხაროდ ვაჟკაცობა უნდა.
სოფლები გაუკაცრიელდა, ხალხი მიხვდა, რომ მიწას ვეღარ ამუშავებს, ტექნიკის შეძენას, ფართობის შეღობვას, თუ მოსავლის მოყვანას, მუშახელს და ათას რამეს ყველაფერს ფული უნდა ეს ოხერი ფული კი გლეხს და უბრალო ადამიანს არ აქვს, სადმე უცხო ქვეყანაში თუ არ წავა სამუშაოდ შიმშილით ამოხდება სული.
ახლა იმ ჩაბნელებული ლანჩხუთის ქუჩების ნაცვლად სინათლიან ცარიელ ქუჩებს ვხედავ,მაწანწალა ძაღლებით სავსეს, სავაჭრო ცენტრებიც მომრავლდნენ და ქუჩის მოვაჭრეებიც გაუნძრევლად ვაჭრობენ ზამთარ-ზაფხულ ღია ცის ქვეშ. თითქოს მაინც არაფერი შეცვლილა, თუმცა შეიცვალა მხოლოდ ერთეულებისათვის, უცხოელი ემიგრანტების ნათქვამს თუ დავეყრდნობით, მათი თვალით ორი საუკუნით ჩამოვრჩით ცივილიზებულ ქვეყნებს, სამუშაო ადგილები საჯილდაო ქვად იქცა,
პროფესიონალიზმი კი ანეგდოტად. ,,ოცნება“პარტიად გადაიქცა და მმართველიც გახდა, ხოლო ხელისუფლების ტელევიზიას კი ,,იმედი“ დაერქვა. ამით ამდენი ხნის ნაოცნებარი იმედიც მიდის უიმედობისკენ და ოცნებებიც ღაფავენ სულს.
აგერ უკვე ოცდაათი წელი გახდება ლანჩხუთში ვცხოვრობ და ყველაფერი თვალწინ მიდგას, როგორ იხსნებოდა პირველი კომერციული მაღაზიები, ბაზრობები და პატარა ხის ჯიხურები, ნისიების რველებიანი მოვაჭრეები და მზესუმზირის გამყიდველებიც კი.
ახლა რომ ქუჩებში გაიარო ბევრი დაგაკლდება თვალში, ყოველ დღე ტოვებენ აქაურობას. აიხედაც ცაზე და მერე მიწას დახედავ, ვერაფერს მიხვდები, სად უნდა იმუშაო , როცა არც ერთი სამრეწველო ან გადამამუშავებელი ობიექტი არ ფუნქციონირებს, პროდუქციას არ ქმნის. მთავარი ქუჩის გასწვრივ ჩალაგებული მოვაჭრეები ზამთარ-ზაფხულ კვლავ ერთსა და იმავე ადგილას სხედან, ახლა მათკენ გახედვაც კი გვეშინია, იმდენად გაძვირდა ყველაფერი, მაღაზიებში შეხედვაც საშინელება გახდა. ვაის გავეყარეთ და ვუის შევეყარეთ, ნუთუ შეიძლება ვინმემ ამაზე კარგი თქვას?
ამბობენ იმედი ყოველთვის მაინც ბოლოს... იმედი და ოცნება კი მაინც ელოდება დაუბრუნდეს თავის ჭეშმარიტ ღირებულებას...ამასვე ელოდება ჩვენი ქალაქიც.
იმედი და ოცნება, ჩვენი ქალაქის წარსული და აწმყო
მაია კუკულაძე
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 1 038



