კიდევ ერთი არაჩვეულებრივი ქალბატონი, შესანიშნავი პედაგოგი და კარგი ადამიანი - ცისანა (ნანა) გუნია გამოაკლდა ჩვენს პატარა ქალაქს...
ოთხი ათეული წლის წინ, შეჭირვებულ და ბნელ 90-იანებში, თბილისში დაბადებული და გაზრდილი ახალგაზრდა ქალი, მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად საცხოვრებლად ლანჩხუთში გადმოვიდა, მეუღლის ბაბუის - ღვაწლმოსილი ისტორიკოსის და ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ლექტორის-მიშა მითაიშვილის დიდებულ ოჯახში, სახლში, სადაც განათლება, პატიოსნება და წესიერება იყო ცხოვრების მთავარი საზომი.
ჩემთვის და ჩვენთვის უბრალოდ ნანა იყო, მერე, უკვე ლანჩხუთის მეორე საშუალო სკოლაში, სადაც წლების განმავლობაში მათემატიკას გვასწავლიდა, ცისანა მასწავლებელი... შემოგვანათებდა თავის საოცარ ცისფერ თვალებს და შემოგვაგებებდა გამჭვირვალე ღიმილს ნათელი სულის უძლიერესი ქალბატონი, რომელმაც საოცარი სისადავით და სიმშვიდით, ბევრი, ცხოვრებისეული გაკვეთილი მასწავლა...
ბევრჯერ მიფიქრია და ახლა, როცა მას ვიხსენებ, არ შემიძლია არ აღვნიშნო მისი ძლიერი და შეუპოვარი ხასიათი. 90-იან წლებში მან შეძლო და პედაგოგის პროფესიასთან ერთად, ოჯახის მატერიალურად გაძლიერებისთვის, შვილების უკეთესი მომავლისთვის შეეჭიდა თავი გაართვა ბევრ გამოწვევას - მოაწყო საოჯახო მეურნეობა- ბოსტნეულის სათბური (რაც არც თუ ისე ადვილი საქმე იყო მაშინ), ააშენა ახალი სახლი, თავისი არაჩვეულებრივი ხელსაქმით და ნაქსოვებით ბევრს გაულამაზა და გაუფერადა 90-იანების ნაცრისფერი დღეები... ნანა არც ჩვენს სამეზობლოს აკლებდა გვერდში დგომასა და ყურადღებას, არც სკოლაში მოსწავლეებს - მეგობრობასა და მათემატიკის სიყვარულს. აკეთებდა ყველაფერს სიკეთისა და სითბოს გასაცემად, ძალიან ბევრი შრომისა და ძალისხმევის ხარჯზე. არ შემიძლია არ გავიხსენო ერთი პატარა ისტორია: ამალია ხუხუა თავის ახალ სტომალოლოგიურ კაბინეტს აწყობდა. მაშინ ძალიან ჭირდა ფინანსები, ინვენტარი, სამუშაო პირობებიც არ იყო უშუქობაში და სიცივეში... მაშინ ნანამ, ქალბატონ ამალიას უსასყიდლოდ, საჩუქრად გადასცა თავისი დედამთილის ნაქონი სამუშაო პორტარტული სტომატოლოგიური სავარძელი, რომელიც უძვირფასესი ამალიას ხელებთან ერთად, საკმაოდ დიდხანს ემსახურა ჩვენს ლანჩხუთელებს...
ლანჩხუთი დღეს ქეთევან ნაკაშიძესაც ეთხოვება... ეთხოვება ძლიერ ქალბატონებს, რომლებმაც დროს გაუსწრეს, აჯობეს ყოფიერების სირთულეებს, აჯობეს სიცივეს, სიდუხჭირეს, სიბნელეს და გვაჩუქეს ბევრი სითბო და სინათლე.
მე, მინდა, ჩემი სახელით და ყველას სახელით, ვისაც გული ატკინა მისმა გარდაცვალებამ, გამოსათხოვარი მადლობა ვუთხრა ჩვენს ნანას, ჩვენს ცისანა მასწავლებელს. მადლობა ვუთხრა სიცოცხლისათვის ბრძოლისთვის! მადლობა ვუთხრა ღიმილისთვის, სიყვარულისთვის, სითბოსთვის, რომელიც ასე ბევრჯერ და უხვად გვაჩუქა! მის გზას მისი არაჩვეულებრივი ბიჭები და შვილიშვილები გააგრძელებენ, რომლებსაც აუცილებლად დახვდებათ გზაზე ნანას დათესილი სიკეთე.
ლია კომახიძე
უძლიერესი ქალბატონი, რომელმაც საოცარი სისადავით და სიმშვიდით, ბევრი ცხოვრებისეული გაკვეთილი მასწავლა...
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 710



