ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

საუკეთესო და ღირსეული მეუღლე, რომელმაც საყვარელი გმირი ქმრის გარდაცვალებიდან დაუღალავად 33 წელი ატარა ყველაზე მძიმე ჯვარი

23-01-2025, 17:47

  სიტყვებს ვერ ძალუძს აღწეროს სამყაროს სისასტიკე, რასაც ზოგჯერ, განსაკუთრებული ადამიანების მიმართ იჩენს! 
დავიწყებ იქედან, რომ გარდა ახლო ნათესაური კავშირისა, ის ჩემი უფროსი მეგობარი იყო. ადამიანი, რომელსაც ყოველთვის განსაკუთრებით კარგად ესმოდა ჩემი და განსაკუთრებით უხაროდა ყოველი ჩემი წინ გადადგმული ნაბიჯი, რამდენჯერ დამირეკავს პირველად მისთვის და მიცნობებია ჩემი ამბები, იმის მოლოდინით, რომ ვიცოდი ყველაზე ძალიან გაუხარდებოდა და იამაყებდა… 
ხშირად დავმსხდარვართ და გვისაუბრია, გვისაუბრია მის მიერ განვლილ ცხოვრებაზე, მომისმენია მისგან საოცარი ამბები თუ როგორ გახდა ორი მცირეწლოვანი შვილის დედა საუკეთესო სტუდენტი კურსზე, მას გაუზიარებია წლების მანძილზე ჩამოყალიბებული თავისივე შეხედულებები და უამრავი რჩევა-დარიგება მოუცია ჩემთვის. იცით?! პირველ რიგში, ის იყო პიროვნება, საუკეთესო და ღირსეული მეუღლე, რომელმაც საყვარელი გმირი ქმრის გარდაცვალებიდან დაუღალავად 33 წელი ატარა ყველაზე მძიმე ჯვარი. 
  33 წლის განმავლობაში დაატარებდა გულით ყველაზე დიდ სევდას და სიყვარულს, თუმცა ყველაზე ტრაგიკული ამბის შეტყობინების შემდეგაც კი მან შეძლო წამოდგომა და ცხოვრების გაგრძელება საკუთარი შვილებისთვის. 
დიახ, ის იყო საუკეთესო დედა. 
  იყო საუკეთესო და გამორჩეული მასწავლებელი, რომელმაც უამრავი ღირსეული პიროვნება აღუზარდა ჩვენს საყვარელ სამშობლოს საქართველოს. 
და ბოლოს, იყო ყველაზე ძლიერი ქალი, მაპატიე, რომ ეს სიტყვები ვერ გითხარი ბოლო ნახვისას! 
და ახლა ამდენი წლის შემდეგ ისევ შეხვდებიან მათი სულები და მოიპოვებენ სამარადისო სიმშვიდეს. 
   დაე, ღმერთმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი ელიკო ბიცოლა, სადაც მართალთა სულები განისვენებენ. 
   დაე, სიმშვიდე ჰპოვოს ქალბატონი ელენე როყვა-რამიშვილის სულმა სამარადისოდ!
                                                                                        ანა ჭყონია





განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 341
FACEBOOK კომენტარები