,,ჰო და არას“ სტუმარია ემიგრანტი ქალბატონი, პროფესიით ჟურნალისტი, ელენე გურგენაძე
_ გაეცანი მკითხველს ელენე. სად დაიბადე და გაიზარდე?
_ 1985 წლის 15 იანვარს უფროს შვილად დავიბადე ერთი ჩვეულებრივი გურული გლეხის მრავალშვილიან ოჯახში (მყავს ორი და და ერთი ძმა). წარჩინებით დავამთავრე ჩოჩხათის საშუალო სკოლა და 2002 წელს ჩავირიცხე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკურ ფაკულტეტზე, ჟურნალისტიკის სპეციალობაზე.
-სტუდენტობის წლების შესახებ რას იტყოდით?
- ეს იყო ძალიან რთული, მაგრამ მაინც სასიამოვნოდ მოსაგონებელი წლები.
ჯერ კიდევ სკოლიდან ვმუშაობდი შტატგარეშე კორენსპონდენტად და ვწერდი ჩვენი რაიონის გაზეთებში სტატიებს სხვადასხვა თემებზე. რა თქმა უნდა სტუდენტობის წლებშიც არასდროს შემიწყვეტია წერა. სწავლის პარალელურად ვმუშაობდი სტამბაში და საპატრიარქოს რადიოშიც. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, დავბრუნდი მშობლიურ სოფელში და მუშაობა დავიწყე ისევ ჩვენს რაიონულ გაზეთებში. დაახლოებით 10 წელი ვიმუშავე რაიონულ თუ რეგიონულ გაზეთებში ჟურნალისტად. იმედი მაქვს თქვენს მკითხველს არ დავიწყებია ჩემი ბევრი საინტერესო წერილი თუ სტატია სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე. შემდეგ გარკვეული მიზეზების გამო იძულებული გავხდი, პროფესიით მუშაობა შემეწყვიტა და ემიგრაციაში წავსულიყავი.
ძალიან გამიხარდა, რომ გაგახსენდით, რადგან ქვეყნიდან შორს მყოფი ადამიანი
სთვის ძალიან ემოციურია იმის გაცნობიერება,რომ ახსოვხარ,რომ არ დაგივიწყეს. რა უცნაურია ჩემი რესპოდენტის როლში ყოფნა... უცნაური,მაგრამ ამავე დროს სასიამოვნო._თქვენი ოჯახის შესახებ მოგვიყევით.- მაქვს პატარა ოჯახი ,მყავს მეუღლე და ორი შვილი. ჩემი მეუღლე ლევან დარაშვილი წარმოშვებით სიღნაღიდანაა, პროფესიით ეკონომისტია, თუმცა როგორც ჩვენს ქვეყანაში უამრავ ადამიანს, მასაც პროფესიით არასდროს უმუშავია. ამჟამად ერთდროულად ორი კერძო კომპანიის დისტრიბუციაში მუშაობს. ჩემი უფროსი შვილი, მარიამი, წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა და ძალიან მონდომებულია ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის კუთხით მიიღოს განათლება, ჩამოყალიბდეს კარგ სპეციალისტად. პატარა შვილი 4 წლის ლაზარეა, ძალიან გონიერი, ჰიპერაქტიური ბიჭი. მე და ჩემმა მეუღლემ, ფაქტობრივად ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ. მას სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში აქვს სახლი, რომელიც ბებიამ უანდერძა. თავდაპირველად იქ დავიწყეთ ცხოვრება, თუმცა მოგეხსენებათ არც ისე მარტივია სოფელში საქმე აიწყო. მალევე მივხვდით, რომ სამსახურისა და რაიმე ფულადი შემოსავლოს გარეშე არაფერი გამოგვივიდოდა. გადავწყვიტეთ თბილისში გადასვლა. რა თქმა უნდა, არც ქალაქშია ადვილი ცხოვრების აწყობა, მაგრამ ქალაქში მეტი შესაძლებლობაა თავის დამკვიდრებისთვის; შესაძლებელია ისეთი სამსახური მაინც იშოვო, თავის გატანა რომ არ გაგიჭირდეს. ძალიან რთული იყო კორონას პერიოდი. როგორც ყველას, ჩვენც ძალიან გაგვიჭირდა, დავრჩით უსამსახუროდ და შესაბამისად უსახსროდ. იმ რთულ პერიოდში დაიბადა ჩვენი ლაზარე და მართლაც ძალიან გვიწევდა წვალება, რომ თავი გაგვეტანა, სოფლიდანაც გვეხმარებოდნენ, მაგრამ ძალიან გვიჭირდა. წლის და რვა თვისა იყო ლაზარე, როცა მივხვდით, რომ როგორმე რაღაც უნდა შეგვეცვალა. რადგან არსაიდან არაფერი გამოდიოდა. მხოლოდ ჩემი მეუღლე მუშაობდა და მე ბავშვის გამო ვეღარ ვმუშაობდი. მისი ხელფასი ძირითადად ბინის ქირასა და საჭმელში ძლივს გვყოფნიდა. ძალიან დიდი ფიქრის და დავის შემდეგ, მივიღეთ გადაწყვეტილება ემიგრაციაში წავსულიყავით. ურთულესი იყო ჩემთვის პატარას დატოვება, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. ვფიქრობდი, რომ ორი ადამიანი უფრო მალე შევძლებდით საჭირო თანხის შეგროვებას და შესაბამისად უფრო მალე დავბრუნდებოდით და რამე საქმეს წამოვიწყებდით. ასე აღმოვჩნდით ,,ჯოჯოხეთში" რომელსაც პოლონეთი ჰქვია. არასოდეს არავის და მითუმეტეს ქალს, არ ვურჩევ პოლონეთში წასვლას.იქ არის კატორღა, კონცლაგერი, რაც გინდათ ის უწოდეთ, საშინელი პირობები და ვირული მუშაობა კაპიკებზე. მიმუშავია 17-18 საათი ფეხზე მდგომს -3 და -4 გრადუს ყინვაში, მაცივრებში კიდევ უფრო უარესი ყინვა იყო.ძვლებიც კი მეყინებოდა და მტკიოდა,საათობით ცხელი აბაზანაც არ მშველოდა. რკინის საამქროში ორ დაზგაზე ვმუშაობდი ერთდროულად,რადგან არ ჰყავდათ მუშახელი. რკინის მტვერს ვსუნთქავდი 5 თვე. შემდეგ იყო ხორცის საწარმო, ფოსტის ამანათების დახარისხება, LG-ს ქარხანა, ისევ ხორცის საწარმო. მოკლედ წელიწადი და რვა თვე ვიყავით პოლონეთში საბუთის მოლოდინში,რომლითაც ვგეგმავდით გზის გაგრძელებას ევროპაში, მაგრამ ყველაფერი არც ისე მარტივი აღმოჩნდა,როგორც გვეგონა. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი. ვიმუშავე ისეთ ადგილებზე, საიდანაც კაცები გარბოდნენ, იმდენად მძიმე სამუშაო იყო. ვიმუშავე, მაგრამ არ მკითხოთ, რის ფასად. პირველი 6 თვე იყო მართლაც ჯოჯოხეთი: უძილო ღამეები, გულის ხელით ჭერა, მკერდსმოგლეჯილი შვილის მონატრება, ჩუმი ტირილი, რომ სხვებს არ გაეგოთ, რადგან საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდით.ეს ყველაფერი ძალიან რთული და სტრესული აღმოჩნდა ჩემთვის. ჯანმრთელობის პრობლემა ისედაც მქონდა, მაგრამ იქ კიდევ უფრო დამიმძიმდა მდგომარეობა. გამიჩერდა მარცხენა ხელი და ფეხი, ერთი კვირის მანძილზე ცალი ხელით ვმუშაობდი და 40 მქონდა სიცხე. სანამ სამუშაო დარბაზში არ დავეცი გონდაკარგული, ექიმთან წასვლის უფლება არ მომცეს. შემდეგ მარტო წადიო და ჩემი ქმარი არ გამომაყოლეს. უფრო მეტსაც გეტყვით, ფოსტაში მუშაობის დროს, ჩემი მეუღლე სამსახურიდან იმის გამო გაუშვეს, რომ მე დამეხმარა მძიმე ამანათის აწევაში. იქ მყოფმა ქართველებმა კი აუხსნეს უფროსს, ცოლია მისი და იმიტომ დაეხმარაო, მაგრამ იქ ეს არავის აინტერესებს. ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოსო. აქ რომ მოდიხართ სამუშაოდ მზად უნდა იტოთ ყველაფრისთვის, ხან სიმძიმეს აწევთ და ხან ღამეებსაც გაათენებთო. ჩვეულებრივ მონებად აღგვიქვამდნენ.
ათასი მსგავსი შემთხვევით სავსე წელიწადი და რვა თვე რომ გავიდა, ჩვენს საბუთებს ისევ ამაოდ ველოდით. გადავწყვიტეთ საქართველოში დავბრუნებულიყავით და სხვა რამ მოგვეფიქრებინა. 2023 წლის დეკემბრის ბოლოს დავბრუნდით, მაგრამ რამდენიმე დღეში მოგვივიდა შეტყობინება,რომ საბუთები მზად იყო, თუმცა უკვე ვეღარ მოვახერხებდით ორივე წასვლას, რადგან არ გვქონდა შესაბამისი ფინანსები. მე უკვე შეტანილი მქონდა პოლონეთის საელჩოში განაცხადი ვიზაზე და ვაპირებდი გერმანიაში წამოსვლას. ეს გადაწყვეტილება პოლონეთში ყოფნის დროს მივიღე, მაგრამ უსაბუთობა მიშლიდა ხელს,რადგან დიდი ხნით მინდოდა წამოსვლა და არა სამი თვით.
თავიდან, სიმართლე გითხრათ, გადაწყვეტილი მქონდა სასწავლო პროგრამაში ჩართვა, ეს არის ერთგვარი პროფესიული სასწავლებელი, სადაც სწავლა 2-3 წლიანია, სწავლის პარალელურად მუშაობ იმ პროფესიით, რასაც ეუფლები და იღებ გარკვეულ ანაზღაურებას.ანუ სწავლობ და აქეთ გიხდიან ფულს. ვფიქრობდი, გასტრონომიის კუთხით მიმეღო განათლება, მაგრამ გეგმები შემეცვალა.რადგან ამ ეტაპზე სერიოზული ფინანსური კრიზისი გვქონდა და საჭიროებები კი ბევრი და აუცილებელი, გადავწყვიტე, დამატებითი პროფესიის შესწავლა დროებით გადამედო და ოჯახში წავსულიყავი მომვლელად,რადგან ოჯახებში მინიმალური ხარჯი და ძალიან კარგი ანაზღაურებაა,მითუმეტეს თუკი ენა იცი. საქართველოდან დავიწყე სასურველი ოჯახის ძებნა. ქართველებს გერმანიაში ოფიციალური მუშაობის უფლება არ გვაქვს, თუმცა ეს სულაც არ უშლის ხელს ამ ქვეყანაში შავად მომუშავე უამრავ ქართველს. არ არსებობს სიტუაცია, საიდანაც ქართველი გამოსავალს ვერ იპოვნის.დაწყებული ყალბი დოკუმენტების დამზადებიდან, ყალბი სამგზავრო ბილეთების ჩათვლით ყველაფერს მიიღებთ თანხის სანაცვლოდ. ქართველი დამსაქმებლების ფენომენი კიდევ ცალკე მოვლენაა.თუ გერმანელები 1 კვირის და პოლონელები 2 კვირის ხელფასის სანაცვლოდ დაგასაქმებენ, ქართველები ძვლივს, წვალებით და ვალებით ჩამოსული ქართველისგან პირველი თვის სრულ ხელფასს ხომ ითხოვენ და თუ სამ თვეზე მეტი ხნით დარჩები, შემდეგ ყოველთვიური სარგებელი უნდა უხადო. მესმის ,რომ ევროპაა და ყველას შრომას აქვს ფასი, მაგრამ პირდაპირი მნიშვნელობით ღორობაა ასეთი საქციელი, მაგრამ რას ვიზამთ, არის ადამიანების კატეგორია, რომელიც ამაზეც თანახმაა. მიუხედავად იმისა,რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა ძალიან კარგად იცის,რის ფასად უჯდება ყველა ჩემნაირ ემიგრანტს თითოეული დღე, მაინც თვლის, რომ ჩვენ ფულებს ხეებზე ვკრეფთ, ან მინდორში ვაგროვებთ. 7 თვეა გერმანიაში ვარ, ერთი ბებო მომიკვდა, ორი სამსახური კიდევ შევიცვალე და ფაქტობრივად, არც ერთი ღამე არ მძინავს. საერთოდ, ყველაფერი გამართლებაზეა,მაგრამ აქ ისე მარტივი სამსახური არ არის,რომ დაჯდე, ფეხი ფეხზე გადაიდო და ფულები გადაგიხადონ. არც მარტივად მოსავლელ მოხუცს აუყვანენ დამხმარეს, რადგან სანამ მარტივი მოსავლელია, თავად უვლიან.
_ როგორია თქვენი თვალით დანახული გერმანია?
_ სუფთა, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით, მოწესრიგებული ტრანსპორტით, მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე მოსახლეობით,იაფი ფასებით. დიახ, იაფია საკვები, თავის მოვლის, თუ სხვა საშუალებები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი... ყველაფერი იაფია ამ ქვეყნის შემოსავლებთან მიმართებაში. ბევრს ვსაუბრობდი და დღემდე ვსაუბრობ გერმანელებთან სხვადასხვა საკითხებზე, ვეკითხები ყველაფერს,რაც მაინტერესებს. შემიძლია მოგიყვეთ გადასახადების, საპენსიო სისტემის, ზოგადი კანონების და საერთოდ გერმანიაში საცხოვრებელი პირობების შესახებ.ბინების და სახლების ფასების, ასევე სამედიცინო სფეროს ერთგვარი სამუშაო ტაქტიკის შესახებ. ყველაზე მეტად თვალში საცემია საზოგადოების სამოქალაქო კულტურა, ვგულისხმობ თითოეული ადამიანის დამოკიდებულებას აბსოლუტურად ყველაფრის მიმართ. გერმანია არის წესრიგის ქვეყანა. მოწესრიგებულია რიგები მაღაზიებში, ბენზინგასამართ სადგურებზე, საცობებშიც კი ხალხი ღიად გამოხატავს პატივისცემას ერთმანეთის მიმართ.
ქვეყანაში მაღალ დონეზეა მოწესრიგებული ნაგვის გატანის საკითხი. რადგან ხდება ნაგვის გადამუშავება, რა თქმა უნდა, ნაგავი ხარისხდება და ამას აკეთებს თითოეული ადამიანი ყოველდღიურად. ნაგავი ხაროსხდება კატეგორიებად: პლასტმასი, ქაღალდი, ლითონი, მინა, ბიო-ნარჩენები და ,,რესტ-მიულ" ანუ გამოუსადეგარი ნაგავი. ყველა დიდ მაღაზიაში დგას სპეციალური დანადგარი, სადაც შეგიძლიათ ჩააბაროთ უკვე გამოყენებული მინის და პლასტმასის ბოთლები, ასევე თუნუქის ქილები. იღებთ ჩეკს, რომელიც ამ მაღაზიის სალაროში შეგიძლიათ გაანაღდოთ, ან პირდაპირ ამ ჩეკით რამე შეიძინოთ.
_გადასახადებზე რას იტყოდით?
_გადასახადებს რაც შეეხება, ძალიან ბევრი სახის გადასახადი აქვთ. მათ შორის,ზოგი ცოტა სასაცილოც. მაგალითად წვიმის გადასახადი, რომელიც საშუალოდ წელიწადში 200 ევროა და იხდიან საკუთრებაში არსებული ფართის მიხედვით. ასევე იხდიან უამრავ სავალდებულო ,,შემოწირულობას". მაგალითად, ბებოს, ვისთანაც მე ვიმყოფები, მოუვიდა წერილი. კონვერტს რომ დავხედე ჯვარი ეხატა და ვიფიქრე, ალბათ ვინმე ახლობელი გარდაიცვალა და წერილით ატყოვინებენ-მეთქი. როცა კონვერტი გახსნეს, აღმოჩნდა, რომ ეს იყო წერილი ეკლესიიდან, სადაც მითითებული იყო ანგარიშის ნომერი(იდო სპეციალური ბლანკი) და ბებოს ახსენებდნენ, ყოველწლიური შესაწირი ეკლესიისთვის უნდა გადაერიცხა. აბსოლუტურად ყველა ადამიანი აუცილებლად რიცხავს თანხებს სოციალურ შემოწირულობებსა და სხვადასხვა ფონდებში. აღარ ვსაუბრობ სოციალურ და ჯანმრთელობის დაზღვევაზე.
_ როგორია საპენსიო ასაკი გერმანიაში?
_ საპენსიო ასაკი ქალისთვისაც და კაცისთვისაც ერთია და 67 წლით განისაზღვრება. 67 წლამდე ყველა ადამიანი ვალდებულია იმუშაოს და გადასახადები გადაიხადოს. სამაგიეროდ, გავლენ თუ არა პენსიაში, თავს უფლებას აძლევენ, ყველა სურვილი აისრულონ. თუმცა საპენსიო თანხის რაოდენობა განსხვავებულია იმის მიხედვით, თუ რა სამუშაოს ასრულებდა ადამიანი პენსიაში გასვლამდე. სიმართლე გითხრათ, ქალის გარდაცვალების შემთხვევაში როგორ ხდება არ ვიცი, მაგრამ ჩემი ბებოებიდან ერთ-ერთი სახელმწიფოსგან 10000 ევროს გარდაცვლილი ქმრის პენსიას იღებდა, თავისი კი 7000 ჰქონდა. გაოცებისგან დავმუნჯდი. როგორც აღმოჩნდა, ამ ქალის ქმარი თავისი დროის ცნობილი დიზაინერი ყოფილა, ჰქონია საკუთარი ფეხსაცმლის ხაზი და 30 წელი ფეხსაცმლის მოდელებს ქმნიდა იტალიელებისთვის. როგორც მათმა შვილმა მითხრა,იტალიიდან დღემდე ერიცხებათ მამის პენსია, როგორც მისი დამსახურებული და დაუვიწყარი შრომის საფასური (ეს კაცი 10 წელია გარდაიცვლილია) და იმ ბებიას კი მხოლოდ ამ კაცის ცოლობისთვის უხდის სახელმწიფო 7000 ევროს. თუმცა ვიყავი ისეთ ბებისთანაც,რომელსაც 3000 ჰქონდა პენსია და რომ ვკითხე, რატომ გაქვს ასე ცოტა პენსია მეთქი, მიპასუხა მხოლოდ ეზოში ვმუშაობდი, სხვაგან არასდროს მიმუშავია და ჩემს გადასახადებს ჩემი ქმარი იხდიდაო. ის აღარ მიკითხავს, იმ ქმრის პენსიას რამდენს იღებდა.სავარაუდოდ, მთლად 10000 ევრო არა, მაგრამ არც ბევრად ნაკლები იქნებოდა. მოდით ახლა და შევადაროთ ჩვენს ქვეყანას. რომ ვთქვი, ჩემს ქვეყანაში მინიმალური პენსია არის 100 ევრო და მაქსიმალური 300 ევროს არ აღემატრბა-მეთქი, გაგიჟდნენ როგორ არსებობთო. იგივე რეაქცია ჰქონდათ ჩვენს ქვეყანაში არსებულ სამუშაო პირობებსა და შრომით ანაზღაურებაზე. გერმანიაში სამუშაო საათები და პირობები კანონით აქვთ განსაზღვრული. ოფიციალური სამუშაო დრო კვირაში 40 საათია და საათში მინიმალური ანაზღაურება 12.7 ევროა. არავინ გამუშავებს არც ერთი წამით ზედმეტად. ხოლო, ვინც კერძოდ ანუ შავად მუშაობს, იმას თანხას ყოველკვირეულად ხელზე უხდიან. ოჯახებში ეს თანხა დამოკიდებულია ენის ფლობის ხარისხზე. მინიმალური ანაზღაურება კვირაში 400 ევროა.
- მოკლედ, ძალიან შორს ვართ გერმანიიდან.
- როგორადაც არ უნდა მივბაძოთ გერმანიას, კაი ხანი ვერ მივა ჩვენი ქვეყანა ამ ქვეყნის დონემდე. პირველ რიგში წესრიგის და სისუფთავის დაცვაში უნდა მივბაძოთ, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ვიგრძნოთ უფრო მეტი პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის წინაშე. 21-ე საუკუნეში არ უნდა გვიტარებდნენ ტრენინგებს ქუჩის დაბინძურებაზე და არ უნდა გვჭირდებოდეს ინსტრუქცია ნაგვის სანაგვეში ჩაყრაზე. გაზაფხულს ერთი მერცხალი ვერ მოიყვანს და ვერც ერთი მამლის ყივილით გათენდება. სამშობლო ერთეულების არ არის, სამშობლო ყველასია. როგორც შვილებს აქვთ ვალდებულება, მოუარონ მოხუც მშობლებს, ასევე ვართ ყველა ჩვენგანი ვალდებულნი, რომ მივხედოთ დედა-სამშობლოს. ჩვენი ქვეყნის მომავალი რომ ევროპულია და გზა უკეთესი მომავლისკენ ევროპაში უნდა ვეძიოთ, ამაზე ნუ ვიკამათებთ. ბევრი ჩვენგანი არასწორად იგებს ევროპული ღირებულებების მნიშვნელობას. მიბაძო ევროპას, არ ნიშნავს გადმოიღო მხოლოდ ცუდი და მანკიერი მხარეები. შევხედოთ დადებითი კუთხით, დავინახოთ ის უამრავი შესაძლებლობა, რაც აუცილებელია ადამიანების ყოველ მხრივ განვითარებისთვის. ვფიქრობ, უამრავი საინტერესო პროგრამა თუ კურსებია, სადაც შეგვიძლია ცოდნა გავიღრმაოთ, ახალ პროფესიას დავეუფლოთ და სწავლასთან ერთად გამოცდილებაც შევიძინოთ კონკრეტული კუთხით, მაგრამ უნდა შევძლოთ მიღებული ცოდნისა და დაგროვებული გამოცდილების საკუთარი ქვეყნისთვის სასარგებლოდ გამოყენების ორგანიზება. დიახ, ახალგაზრდებს ვურჩევდი, წავიდნენ ევროპაში, მიიღონ ევროპული განათლება, დაინახონ და შეაფასონ იქაური პირობები და შესაძლებლობები, დააგროვონ ცოდნა და გამოცდილება სხვადასხვა სფეროში და შემდეგ დაბრუნდნენ. დაბრუნდნენ და საქართველოს მოახმარონ თავიანთი ყველა რესურსი. როგორც უკვე გითხარით,მე სულ სხვა მოზნით ჩამოვედი გერმანიაში და გადაწყვეტილი მქონდა ახალი პროფესიის შესწავლა, თუმცა ისეთი სიტუაცია შემექმნა, საკუთარი მიზნები დროებით გვერდით გადავდე და ოჯახში ვმუშაობ,რომ რაც შეიძლება მალე შევაგროვო თანხა ჩემი ოჯახისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემის მოსაგვარებლად. შემდეგ აუცილებლად მივუბრუნდები ჩემს მიზნებს და აუცილებლად დავბრუნდები ჩემს ქვეყანაში. მიზნის ასრულება ჩემთვის პრონციპის საკითხია და ბუნებით ძალიან მებრძოლი ვარ, ამიტომაც მგონია, რომ ჩემი მომავალი საქმით (რასაც წინასწარ ვერ გაგიმხელთ), აუცილებლად შევიტან ჩემს მცირედ წვლილს ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნის საკითხში.
-რას ურჩევდით თქვენს მეგობრებს, ახლობლებს?
- იგივეს ვურჩევდი სხვებს ,მამაკაცებსაც და ქალებსაც. წადით მეგობრებო! თუ სხვა გამოსავალს ვერ ხედავთ, თუ ფინანსური პრობლემის გამო წინ ვერ მიდიხართ, თუ ვერ ახერხებთ ამ პრობლემის გამო მნიშვნელოვანი და ღირებული საქმე აკეთოთ, წადით, მაგრამ მხოლოდ დროებით, მხოლოდ იმდენი ხნით ამ პრობლემას რომ მოგიგვარებთ. მალე დაბრუნდით და ოჯახის და ქვეყნის სამსახურში ჩადექით სხვებთან ერთად. დიდი ხნით სხვაგან ყოფნასაც აქვს ძალიან ბევრი მინუსი. რაღაცნაირად ცვთება ურთიერთობები და იწყება გაუცხოება. მე თუ ვინმე მკითხავს, ვიტყვი, რომ დედა არ უნდა მიდიოდეს, მითუმეტეს პატარა შვილების დედა, რადგან ეს არის უზარმაზარი სტრესი ჯერ ბავშვისთვის და მერე დედისთვის. სამწუხაროდ, მეც ასეთი დედების რიცხვს მივეკუთვნები და ყოველდღე გავდივარ, ასე ვთქვათ, ჩემს გოლგოთას.
რთულია, სიტყვებით გადმოგცეთ, რას გრძნობს ემიგრანტი დედა. რთულია აგიღწეროთ ცრემლებით, თეთრად გათენებული ღამეები. ძალიან რთულია დაგანახოთ ის მონატრება და შეგრძნებები, რაც ყოველდღიურად მატულობს ჩემში.
-როგორ ებრძვი და უმკლავდები სტრესს?
_ გაგეცინებათ და, სიმღერით. ამ კუთხით ჯერჯერობით ყველა ოჯახში გამიმართლა. ყველგან დამხვდა რამდენიმე მუსიკალური ინსტრუმენტი. თავიდან მორიდებულად ვითხოვ ნებართვას და ვუხსნი მათ, რომ ეს არის ჩემთვის სტრესის შესამსუბუქებელი ერთადერთი საშუალება. შემდეგ უკვე თავად მთხოვენ ვიმღერო და ცდილობენ სიამოვნება მიიღონ ქართული სიმღერებით. თავისუფალ დროს, რომელიც ძალიან ცოტა მაქვს, ლექსებს ვწერ, ფურცლებზე გადმომაქვს ჩემი ემოციები და შეგრძნებები. თავს პოეტად არ ვთვლი, მაგრამ რითმული სიტყვათწყობაც ერთგვარი სტრესის საწინააღმდეგო საშუალებაა ჩემთვის. შემიძლია აქვე ჩემი ლექსი შემოგთავაზოთ. იმედი მაქვს თქვენამდე მოვა ჩემი გულწრფელი ემოციები.
მე და სიმარტოვე
ტანზე ჩუმი სიმარტოვე მეცვა,
მზე ათბობდა ტანშიშველა ხეებს...
და მომინდა ისევ რაღაც მეთქვა,
მოვა მარტი, ისევ გამახელებს.
სიმარტოვე სულში სევდებს ქსელავს,
შორს,სივრცეში გამიშლია ფრთები...
სიზმრად ისევ შვილოს ხელებს ვხედავ,
ცხადშიც ბევრჯერ შემომესმა ხმები.
ცრემლებს ჩუმად რომ
ყლაპავდა დედა,
ხელგამოწვდით მეძახოდა შვილი,
სხვანაირად მწვავდა
მაშინ მზე და,
დავიკარგე ფიქრში, გზებშეშლილი...
ვითვლი წამებს,
უსასრულოდ ვითვლი,
შვილებს ვნატრობ
დღისითა და ღამით,
მჯერა, თუკი
სულ ბირდაპირ ვივლი,
უცილობლად გავიხარებ რამით.
ტანთ გავიხდი
სიმარტოვეს მალე,
მზე გამითბობს
უშვილებო სხეულს,
მეორასე მიილია ღამე,
ვეძებ რვეულს,
ფურცლებამოხეულს,
მილიონჯერ დაწერილს
და წაშლილს,
ვეძებ ცრემლით გადაჟღენთილ სტროფებს,
დრო ტკივილებს
თავისთავად წაშლის,
და სევდებიც მალე მიმატოვებს.
გადავიფრენ ცხრა ზღვასა და ცხრა მთას,
შვილებს გულში ჩავიხუტებ ისევ...
იმედებით ველოდები ზამთარს,
და ფიქრებით
სიმარტოვეს ვივსებ.
- წარმატებებს და ბევრ მკითხველს ვუსურვებ ,,ჰო და არას“. ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს თქვენს რედაქციასთან. სულ ვამბობ, რომ ეს იყო ჩემი ცხოვრების ძალიან ლაღი და ლამაზი წლები, ასევე ძალიან საინტერესოც. გმადლობთ, რომ გახსოვართ! გმადლობთ, ამ მოგონებებისთვის! გმადლობთ, რომ მომეცით საშუალება ჩემი ფიქრების და აზრების გაზიარების! მშვენიერი შეგრძნება იყო რესპოდენტის როლში ყოფნა. გმადლობთ, კიდევ ერთხელ და შეხვედრამდე!
გულთბილი მოკითხვა ლანჩხუთს!
რა გზას გადის ემიგრაციაში მყოფი ჟურნალისტი, რას ურჩევს საქართველოში მყოფ დედებს, რა განსხვავებას ხედავს იქაურ და აქაურ ცხოვრებას შორის, რისი ეიმედება და როგორ ხედავს მომავალს
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 558