ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ავსტრიული გამოცდილება და რეგიონალური განვითარების პერსპექტივები, ევროპული სიკეთეების ფონზე

4-10-2024, 13:37


ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის, „მწვანე გურია – ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მწვანე ზრდისთვის“ ფარგლებში, გურიის სამივე მუნიციპალიტეტში – ოზურგეთში, ჩოხატაურსა და ლანჩხუთში ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG)-ის დელეგაცია, მეორედ იმყოფებოდა ავსტრიაში გაცვლითი ტურით, რომლის მიზანი იყო გამოცდილების გაზიარება და ურთიერთთანამშრომლობა. ავსტრიაში ვიზიტის შესახებ მოგვითხრობს , ,,LAG ლანჩხუთის” თავმჯდომარის მოადგილე, სავაჭრო-სამრეწველო პალატის გურიის რეგიონული პალატის მენეჯერი, გელა ზოიძე.

მიმდინარე წელს დაწყებულია პროექტი ,,მწვანე გურია’’ ევროკავშირის მხარდაჭერით,  რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციავ ,,ჩENN”, რაც ნიშნავს კავკასიის გარემოსდაცვით ქსელს. ეს პროგრამა მოიცავს ერთ მილიონ ევრომდე საგრანტო კომპონენტს, მეწარმეობის მხარდასაჭერად, სოფლისა და სოფლის მეურნეობის  განვითრებისათვის, ასევე გარემოსდაცვითი პროექტების მხარდასაჭერად.  შეიძლება დაფინანსებული იქნას, როგორც მუნიციპალური, ისე კერძო  ბიზნესის პროექტები. დაახლოებით 50-მდე პროექტი გამოვლინდა გამარჯვებული და ამჟამად მიმდინარეობს გამარჯვებულებთან ხელშეკრულებების გაფორმება. პროექტი მომავალ წელს დასრულდება, ამავე პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებული იყო გაცვლითი ტური და სასწავლო პროგრამა  ევროკავშირის ქვეყნებში. ამჯერად არჩეული იქნა ავსტრია, სადაც ყველაზე ადრე დაიწყო ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ჩამოყალიბება და საკმაოდ მაღალი შედეგები მისცა ადგილობრივ მოსახლეობას. ჩვენთან გურიაში, სამ რაიონში შექმნილია ადგილობრივი განვითარების ჯგუფები, ე.წ ლაგები (LAG), რომლებიც 15 კაციანი გამგეობით არიან დაკომპლექტებული, სადაც პროპორციულად, ხუთ-ხუთი ადამიანით არის წარმოდგენილი: მცირემეწარმეობა, არასამთავრობო ორგანიზაციები და მუნიციპალიტეტის სტრუქტურაში დასაქმებული ადამიანები, რათა ერთობლივად, სამივე მიმართულების ინტერესი იქნას გათვალისწინებული, რაც ჯამში ხელს შეუწყობს ჩვენს რეგიონში, გურიაში და მათ შორის ლანხუთში, სოფლის მეურნეობის განვითარებას. ამავე დროს, პრიორიტეტები მიენიჭება გარემოს დაცვის, ინოვაციური ტექნოლოგიებისა და სიახლეების დანერგვას. ამ  ფორმატის ფარგლებში პირველი ჯგუფი გურიიდან  მიმდინარე წლის აპრილში იმყოფებოდა ავსტრიაში, სადაც ჩატარდა გაცნობითი ტური, რათა ჩვენი დელეგაციის წევრები, ეს იყო სამი მუნიციპალიტეტის,,ლაგების’’ ხელმძღვანელები, მოადგილეები, ასევე მუნიციპალიტეტის პირველი პირები და გუბერნიის წარომადგენლები,  გაეცნენ მოწინავე ევროპულ გამოცდილებას. ამჟამად, მეორე ჯგუფი  იყო წარმოდგენილი, სადაც მონაწილეობდნე ,,ლაგების~ თავმჯდომარეების მოადგილეები, ასევე იყვნენ არჩევითი წევრები ,,ლაგების“ გამგეობიდან, მათ შორის ამ პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორი- ქედის ,,ლაგის“  და თავად ორგანიზაცია ,,ჩENN”-ის ხელმძღვანელობა. ჩვენ ვიმყოფებოდით ქალაქ ვენაში და ასევე მის ახლო მდებარე რეგიონში, ბუცკლიგე წელტ-ში, რომელიც მდებარეობს ქვემო ავსტრიის სამხრეთ აღმოსავლეთით, ის აერთიანებს 32 მუნიციპალიტეტს.1920-იანი წლებიდან ეს რეგიონი ავსტრიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რეკრიაციული ადგილია, მნიშვნელოვნად განვითარებული მთიანი ლანდშაფტით, რეგიონის მთავარი მახასიათებელია კულინარიური ხელოვნება,  განახლებადი ენერგია, ბიზნესი, სოფლის მეურნეობა და მეტყევეობა.
დავათვალიერეთ ანალოგიური პროექტი, ,,LEADEღ” ასე ქვია პროგრამას, რომელიც ევროკავშირის მიერ არის მხარდაჭერილი, ამ პროექტის ფორმატში განვითარებულია საწარმოები,  საიდანაც ადგილობრივმა მოსახლეობამ მიიღო მნიშვნელოვანი სარგებელი.
საწარმოებმა, სადაც იმყოფებოდა ჯგუფი, წარმოადგინეს თავიანთი პროგრამები მიმდინარე პროექტის ფარგლებში. აქვე უნდა აღინიშნოს, განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ ანალოგიური ფორმატით შექმნილი ადგილობრივი განვითარების ჯგუფებს და არასამთავრობო სექტორს აქვს მნიშვნელოვანი რესურსები, მათ შორის ფინანსები, რათა მხარი დაუჭიროს ადგილობრივ განვითარებას. ავსტრიაში ანალოგიური პროექტი იყო სამთო-სათხილამურო კურორტისათვის, ამ ბიზნესით დაკავებული მეწარმეებისთვის.
გლობალური დათბობისა და აქედან გამომდინარე კლიმატური პირობების ცვლილებების გამო, ამ სამთო კურორტებს, მათ სათხილამურო ტრასებს შეექმნათ მნიშვნელოვანი პრობლემები, როცა შეიძლება რამდენიმე წელი თოვლიც კი არ მოვიდეს, მაგრამ მათ შეძლეს ასეთი პროექტების მხარდაჭერით გადაეყვანათ ანალოგიური ბიზნესი სხვა მიმართულებაზე, ტრასების მაგივრად მოაწყვეს ბავშვთა გასართობი ცენტრი, ასევე სხვა დანიშნულების რეკრიაციული ზონები და დასასვენებელი პარკები, რითაც ხელახლა შესძლეს ტურისტული ნაკადების მოზიდვა და ნელ-ნელა უბრუნდებიან იმ ძველ მაჩვენებლებს, რომელიც ადრე ჰქონდათ. ტურისტების 150 ათასამდე ყოველწლიური შემოდინება ჰქონდათ ამ რეგიონში. ასევე წარმოგვიდგინეს მაგალითები, როგორ ახერხებენ ისინი მოუგვარონ მუნიციპალიტეტებს სასმელი წყლის პრობლემა, როდესაც მუნიციპალიტეტებმა, თანამონაწილე ადგილობრივი განვითარების ჯგუფებმა და ევროკავშირმა თავისი თანამონაწილეობით გაერთიანებულად მოიპოვეს რესურსები, ამ დაფინანსებით შესძლეს რამდენიმე მილიონიანი პროექტით მთლიანად მოეგვარებინათ რეგიონის მოსახლეობისათვის ხარისხიანი სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა.  ასევე იყო, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამები, როდესაც  დაავადებებისაგან დაზიანებული ვაშლის ბაღების განახლება მოხდა. აღადგინეს, შექმნეს სანერგეები, მოახდინეს მეწარმეობის მხარდაჭერა და  შემდგომ, როცა მოსავლის მიღება დაიწყეს, უკვე გადამამუშავებელი საწარმოების განვითარებას შეუწყვეს ხელი,  შექმნეს სერვისები, მოძრავი მობილური ქარხნებით ფერმერებისათვის მომსახურების და  დაიწყეს ვაშლის წვენის წარმოება. 150-მდე ჯიშის ვაშლი აქვთ რეგიონში და ამ ვაშლისაგან ნატურალური წვენების, ვაშლის ღვინოების, ანუ ბიოპროდუქტების წარმოება ხდება, რომელიც საკმაოდ წარმატებით იყიდება მათ დედაქალაქში, ვენაში და მთელს ქვეყანაში, ეს კი ფერმერებისათვის გახლავთ განსაკუთრებული შემოსავალი. 
მებაღეები ამ ყველაფრის გარდა, ახერხებენ ტურისტული ცენტრების მოწყობას, სადაც მისული ტურისტი აგემოვნებს აღნიშნულ პროდუქციას, ამავე დროს ახერხებს დასვენებასაც, იქვე მოწყობილია ტურისტული სერვისი: სასტუმროები, გასართობი ცენტრები და ასევე საოჯახო დასასვენებელი გარემო. 
როგორც ჩვენთან, იქაც ასევე მნიშვნელოვანია მიგრაციის პრობლემა, მოსახლეობის ახალგაზრდა ნაწილი მაინც ტოვებს რეგიონებს და გადადის დიდ ქალაქებში სამუშაოდ, მაგრამ იქ დარჩენილი ფერმერებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ახორციელებენ თავიანთი რეგიონის შენარჩუნებას. მათ მიაჩნიათ, რომ ახალგაზრდა თაობა რომ შეინარუნონ რეგიონში, ამისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ საწარმოების არსებობა, ისინი ყველაფერს დებენ ამაში. მოზიდული კრედიტებითა და ამ პროგრამებში მონაწილეობით ახერხებენ, მრავალმილიონიანი საწარმოების შენარჩუნებას. ესენია ვაშლის წარმოება, ლუდის წარმოება, რძის პროფუქტების წარმოება. ამის შენარჩუნებაში ევროკავშირი მნიშვნელოვან თანხებს დებს.
საინტერესო იყო ასევე, მცირე საყოფაცხოვრებო სახლების და კოტეჯების მშენებლობის ბიზნესი, რომელიც წამოიწყეს იმ მოტივით, რომ უკვე იქ მყოფ მოსახლეობას, აღარ ჭირდება უზარმაზარი სახლები, რომლებიც ადრე ჰქონდათ, რადგან ცალ-ცალკე ოჯახებად ცხოვრობენ.
ნებისმიერი ბიზნესი მხარდაჭერილია, მიუხედავად არსებული მაღალი გადასახადებისა, ისინი ახერხებენ, რომ იყონ განვითარებადი, შეინარუნონ ეს ყველაფერი. დაინტერესებული მეწარმეებისათვის, არის შექმნილი ყველა პირობა, რომ მათ ჰქონდეთ ფინანსური ხელმისაწვდომობა. მათი პროექტები მხარდაჭერილი იყოს ,როგორც მუნიციპალიტეტების, ისე ცენტრალური მათავრობის მიერ. მთლიანობაში კი ერთიან განვითარების გეგმაში ჩაჯდეს ეს ყველაფერი, საერთო ჯამში ცხოვრების დონე გახდეს უფრო მაღალი.
ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ საწარმოების გაცნობა, რადგან ამ გამოცდილების გაზიარება ჩვენს მუნიციპალიტეტებში არსებულ განვითარების ჯგუფებს საშუალებას მისცემს გაითვალისწინოს ეს გამოცდილება. სავარაუდოდ მოხდება კიდევ უფრო მეტი კავშირების დამყარება მათთან, ისევ გაცვლითი ჯგუფების ჩამოსვლა, ინფორმაციების მიღება. განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი იყო ტურიზმის მიმართულებით გამოცდილების გაზიარება.
ავსტრია, რომელიც სულაც არ არის დიდი, ცხრა მილიონი მოსახლეობით, არის წარმატებული ეკონომიკის მქონე ქვეყანა. ქალაქად მათ აქვთ მძიმე მრეწველობა, ინდუსტრიული განვითარება, მაგრამ მაქსიმალური ყურადღება ეთმობა რეგიონების შენარჩუნებას. სოფლის მოსახლეობის კეთილმოწყობა ემყარება მათთვის  მნიშვნელოვან მხარდაჭერებს, რაც ჩვენთვისაც ძალიან საინტერესოა. ქვეყანა საერთო ჯამში იმის მყარ და სწორ  წარმოდგენას იძლევა, რომ არჩევანი ევროკავშირის მიმართულებით არის ძალიან მნიშვნელოვანი. მათი გამოცდილების გაზიარებით  სწრაფად მივაღწევთ იმ ცხოვრების დონეს, რაც მათ შეძლეს ათეული წლების მანძილზე მიეღწიათ და ეს იქნება ჩვენი განვითარების სწორი ვექტორი. 
მადლობა მინდა ვუთხრა, ტურის ორგანიზატორებს მხარდამჭერებს. მიმაჩნია, რომ მეგობარი ავსტრია ყოველთვის იქნება  ჩვენი რეგიონის მხარდამჭერი .
                                                                                                                                        ესაუბრა მაია კუკულაძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 264
FACEBOOK კომენტარები