ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ლესელი გოგონა, რომელიც ესწრაფვის იურიდიული ცოდნის უმაღლესი მწვერვალები დაიპყროს

2-08-2024, 14:06

  გოგონას, რომელსაც ძალიან უყვარს გურია და გურულები, ფესვები ლანხუთში, სოფელ ლესაში აქვს. მისი დედ-მამა ერემო კომახიძე და ლალი კუნჭულია გახლავთ.
სოფიკო კომახიძე დაიბადა ქალაქ თბილისში, მაგრამ ნახევარი ბავშვობა ლესაში გაატარა, ბებიასთან, ფიქრია აფხაზავასთან და ბიძასთან, დავით კუნჭულიასთან.
  დაამთავრა ქ. თბილისის 186-ე საჯარო სკოლა, ჩართული იყო სკოლის სხვადასხვა პროექტებში. 2017 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე ასპროცენტიანი გრანტით. მისი სტუდენტობის გარკვეული ნაწილი დაემთხვა პანდემიის მძიმე პერიოდს, თუმცა ამ დროს დაკავებული იყო აქტივიზმით: ,,ქალების უფლებების დაცვა“ და ეკო აქტივიზმი. დაესწრო შრომითი უფლებების კონფერენციას ალბანეთში, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული წარმომადგენლების წინაშე წარსდგა სიტყვით, რამაც კიდევ უფრო დაარწმუნა, რომ სამართალმცოდნეობა არის ის პროფესია, რომლის შესწავლა უფრო ღრმად სურდა. მისთვის მისაბაძი მაგალითი არის სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის პრორექტორი, დიმიტრი გეგენავა, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა სწავლის გაგრძელება ამ უნივერსიტეტში.
  2023 წელს ჩაერიცხა სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე ასპროცენტიანი გრანტით.
როგორც თავად ამბობს, ერთი წლის მანძილზე აქ იმდენი ცოდნა და გამოცდილება მიიღო, რომ სრულიად შეიცვალა მისი თვალსაწიერი.
მომდევნო სემესტრში სოფიკო სწავლას გაცვლითი პროგრამით გააგრძელებს უნგრეთში, ქალაქ ბუდაპეშტში, პეტერ პაზმანის უნივერსიტეტში.
 
სოფიკოს მიაჩნია, რომ აბიტურიენტმა უნდა აირჩიოს ის პროფესია, რომელიც მართლა უყვარს და არასდოს შეწყვიტოს განვითარება. აღნიშნავს, რომ ყოველი საფეხურის გავლის შემდეგ ხვდება, უფრო მეტი რომ აქვს სასწავლი და რომ მის წარმატებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის საუნივერსიტეტო გარემოს და პროფესორებს.სოფიკოს საუნივერსიტეტო ცხოვრებიდან დაამახსოვრდა ერთი შემთხვევა. გამოცდების ჩაბარების დროს პროფესორი მუდმივად აკლებდა ერთ ქულას. ბოლოს გაბედა და იკითხა მიზეზი. პროფესორმა უპასუხა, ზედმეტი მორიდებულობის გამო გაკლებ ქულას, რადგან მორიდებული იურისტი მკვდარი იურისტიაო.სოფიკო აღნიშნავს, ბევრ იურისტს დაავიწყდა, რომ კანონი ადამიანისთვის შეიქმნა და არა პირიქით. კანონის წინაშე ყველა უნდა აგებდეს პასუხს. მე და ჩემს ახალგაზრდა კოლეგებს გვსურს, ხალხს დავანახოთ, რომ ძალა მათ ხელშია და ნიჰილიზმი გამოსავალი არ არის. ბოლო მოვლენებმა კიდევ უფრო ცხადყო, თუ როგორი სამართლიანი და განათლებულია თანამედროვე ახალგაზრდობა, ამიტომ მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
ვეთანხმები სოფიკოს და იმედს ვიტოვებ, რომ სწორედ ასეთმა ახალგაზრდებმა უნდა გადაარჩინონ ქვეყანა. 
არ ვუღალატებ ჩემს ტრადიციას და ერთი სტროფით დავამთავრებ ამ წერილს: 
სამართალი ურმის ნაცვლად,
უკვე დასვეს მარხილზე;
მოდის და მას წინ უძღვება
სოფიკო კომახიძე
                     დიმიტრი ბერიძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 474
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა