ამალია ხუხუა 84 წლის გახდებოდა
წინასწარ ვიხდი ბოდიშს ჩვენი გაზეთის მკითხველების წინაშე, რადგან აშკარად ვხედავ რაოდენ ძნელია გაუზიარო მათ ის განცდები, რაც უახლოესი მეგობრის დაკარგვასთან არის დაკავშირებული. მით უმეტეს, რომ გრძნობ რამხელა გადაუხდელი ვალი დაგიტოვა, თუნდაც იმ ფაქტით, თუ როგორ საიმედო დასაყრდენი იყო მისი ერთი გამამხნევებელი ფრაზაც ჩემი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტებში. ეს ყველაფერი ძალიან პირადულია და უმჯობესია გავიხსენებ რა ადგილი დაიკავა ერთმა რიგითმა ექიმმა-სტომატოლოგმა, კარგი ოჯახის ბურჯმა და სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებულმა ქართველმა მანდილოსანმა ჩვენი პატარა, მაგრამ ამაყი და თავმოყვარე ხალხით დასახლებულ ლანჩხუთის რაიონის ცხოვრებაში. ლანჩხუთი ყოველთვის იყო გამორჩეული თავისი მაღალპროფესიონალი მედიკოსებით და საერთოდ თავისი ბრწყინვალე ინტელიგენციით. სწორედ ამიტომ არის ღირსშესანიშნავი, რომ იმდროინდელი ცხაკაიას რაიონიდან გამოთხოვილმა სიფრიფანა სტომატოლოგმა ქალმა ძალიან მალე მოიხვეჭა სახელი პროფესიული ოსტატობით, ადამიანებთან ურთიერთობაში დიდი სითბოთი, მიმტევებლობით, მაგრამ შეუვალი პრინციპულობით. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრებიდან ძალიან მალე უკვე დაოჯახებულმა შესძლო პროფესიული დაოსტატების მიზნით ლენინგრადში, ახლანდელ პეტერბურგში გაევლო სტაჟირება, ქალაქში სადაც ოდითგან მოსკოვზე უფრო მეტად აღიარებული სტომატოლოგიური სკოლა არსებობდა. მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ჟურნალისტი მამის, იპოლიტე ხუხუასადმი უდიდესი მოწიწება და პატივისცემა ჩვენც გადმოგვდო, ლანჩხუთელ მეგობრებს. პედაგოგი ქალბატონის მიერ ცალუღელად აღზრდილი შვილისგან არ გვიკვირდა მისი სიყვარული ქართული ლიტერატურისადმი, ხელოვნებისადმი, ისტორიისა და ტრადიციების დიდი პატივისცემა. ალბათ ბევრს ახსოვს, რამხელა ძალა და ენერგია შეალია ლანჩხუთელი ექიმების ყველა თაობის შეხვედრის ორგანიზებას, როგორ რუდუნებით, დაუღალავად იკვლევდა თითქოს მივიწყებული მამულიშვილების ამაგს, რა სასიამოვნო წასაკითხია მისი საგაზეთო სტატიები, რომელთაც რედაქტორის ხელი არასდროს სჭირდებოდა. ლანჩხუთის სამუსიკო სკოლასთან მისი ურთიერთობა კიდევ ერთი დასაფასებელი ღვაწლია, ლანჩხუთელი გოგო-ბიჭების მონაწილეობამ სენაკში უკვე ტრადიციად ქცეულ კონკურსზე და მათმა გამარჯვებებმა არაერთი სიხარული მოუტანა ჩვენს რაიონს. ამალია შეუპოვრად იღწვოდა, რომ ყველაფერი საუკეთესოსთვის მიეღწია მის სამშობლოს, მის რაიონს, ოჯახს. ასეთი უანგარო ენთუზიასტების მხრებზე დგას დღესაც ქვეყანა, რომელსაც განსაცდელი არასდროს აკლდა, მაგრამ არც ერთგული შვილების ნაკლებობას განიცდიდა. ნურავინ იფიქრებს, რომ ამალიას, იგივე ანასტასიას, ცხოვრება გამარჯვებებით და ია-ვარდებით იყო მოფენილი, მაგრამ უმთავრესი მის ცხოვრებაში გახდა სწორედ გაუტეხლობა, შეუპოვრობა და ამტანობა. არასოდეს ემორჩილებოდა ბედის განაჩენს და ამიტომაც შეაძლებინა უფალმა დაეძლია ყველა წინააღმდეგობა, რასაც ბევრნი, კი არა, ერთეულებიც ვერ უძლებენ ამ ქვეყნაზე. არასოდეს წუწუნებდა, ვერავისზე დაუმსახურებელ საყვედურს ვერ წამოაცდენდი, ძალიან ბევრი კარგი ეპიზოდის გახსენება შეიძლება ჩვენი ურთიერთობიდან, მაგრამ ამალიას დავპირდი, რომ ბევრს არ ვილაპარაკებდი, ისედაც ყველას ახსოვს ჩვენი „შესანიშნავი სამეული“ _ ამალია, მაყვალა, ქეთევანი, მამა სვიმეონმა როგორც მოგვნათლა და გამოგიტყდებით, ჩემო თბილო და ტკბილო ლანჩხუთელებო, არ მეგონა თუ ჩემს ნათლიაზე, სულიერ მოძღვარზე წერა ასე გამიჭირდებოდა. უფალს ვთხოვ, ნათელში ამყოფოს მისი საოცრად კეთილი და ამტანი სული. ჩვენ კი ბოლოს მაინც შევხვდებით ერთმანეთს იქ!
2020 ,,ლანჩხუთი პლუს"



