ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ლანჩხუთი თამაშგარე მდგომარეობაში

ლანჩხუთი თამაშგარე მდგომარეობაში
19-09-2022, 11:56

ლანჩხუთი ცხოვრობდა ფეხბურთით და გულშემატკივარი იმის ღირსი მაინც არის, სიტუაცია გააცნონ და ესაუბრონ
მახსოვს 2020 წლის საფეხბურთო სეზონის დასაწყისის წინ როგორი იმ­ედებით შეხვდა ადგილობრივი გულშ­ემა­ტკივარი ,,გურიას“ ახალ ხელმძ­ღვანელობას. სპორტულ დირექტორს გიგა სურმავას ერთ-ერთი პირველი ჩვენ გავესაუბრეთ და საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ ჩავწერეთ. მართალია სურმავა ძალიან ფრთხილი იყო პროგნოზებსა და დაპირებებში, მაგრამ მოსვლიდან მესამე სეზონში თუ უარესი შედეგი ექნებოდა, ეს ნამდვილად არ უთქვამს. ჯაფარიძე და სურმავა ორივე გვპირდებოდა, რომ კლუბის ხელმძღვანელობას აქტიური კავშირი ექნებოდა გულშ­ემატკივართან და მედიასთან, რაც არ შესრულდა. კლუბის ხელმძღვა­ნელობის კომე­ნტ­არებს, შემად­გენ­ლ­ობას, ფეხბუ­რთე­ლების საცხოვრებელტ და სათამაშო პირობების შეს­ახ­ებ მომდევნო ნომრებში შემ­ო­გ­­თავაზებთ. ახლა გადავხედოთ ,,გურ­იას“ მიერ ჩატარ­ებ­ულ ბოლო სამ სეზ­ონს, შევაფასოთ შედეგები და შევ­­ადაროთ წინა წლებს. მოდი ვთქვათ, რომ ბოლო წლებში  ,,გურიას“ ირგვლივ მიმდინარე პროცესებს და მოვლენებს თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ მსოფლიოს მერვე საოცრება. სრული განუკითხაობა, არეულობა, მენეჯმენტის და მწვრთნელ-ფეხბურ­თელ­ების უპრეცედენტო ცვლილებები, პასუხისმგებელი კი არავინ. ფეხბურთი მომენტების სამყაროა, შესაძლოა ერთმა წამმა დიდება მოგიტანოს, ან წლები ჩაყ­ლაპოს. ,,გურიას“ არც მანამდე ულ­ხინდა, მაგრამ იმ დღიდან კიდევ უფრო დამძიმდა მდგომარეობა. მაშ ასე, 2017 წლის 3 დეკემბერი - ლანჩხუთი ევგრ­აფი შევარდნაძის სახელობის სტადი­ონი, ერთ დროს ლეგენდარული ,,გურ­ია“ ეროვნულ ლიგა 2-ში დასარჩენად პლეიოფის განმეორებით მატჩში ,,თე­ლავს“ მასპინძლობს და მხოლოდ გამ­არჯვება აძლევს ხელს, ვინაიდან პირ­ველი მატჩი მინიმალური სხვაობით და­თმო კახეთში. მოედანზე სიტუაცია ლან­ჩხუთელთათვის მეტად არასახარბიელოდ წარიმართა, ჯერ იყო და დაწინაურდნენ კახელები და შემდეგ კაცი გაუგდეს ადგილობრივებს. როცა მდგომარეობა უიმედო ჩანდა, კაცნაკლულმა ,,გურიამ“ უკანასკნელი ძალები მოიკრიბა, 83-წუთზე ალექსანდრე შენგელიამ გაათანაბრა, გავა კიდევ რამდენიმე წუთი და მსაჯი თელაველთა კარში თერთმე­ტმეტრიანს დანიშნავს, თითქოს დამა­ტებ­ითი დრო გარდაუვალია, გუნდიც აღმაფრენით თამაშობს, მაგრამ მეგრე­ლიშვილი არტყამს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე უღიმღამო ,,პენალტს“, რომელსაც მეკარე უპრობლემოდ აფიქს­ირებს ხელებში. ,,გურია“ რანგით მეს­ამე ლიგაში დაქვეითდა, რამაც სრული შოკი გამოიწვია გულშემატკივარში. ამას მოჰყვა მთელი რიგი ცვლილებები, გაუგებრობები, დაპირისპირებები და ა.შ. უყოყმანოდ გაუშვეს გვარჯალაძე-კიკ­ვაძე, მაგრამ ახალი ხელმძღვანელობის დანიშვნაზე დიდი  თავისტკივილი შეხ­ვდა ადგილობრივ ხელისუფლებას. კლ­უბში მოსასვლელად ერთდროულად იბრძოდნენ გამოცდილი და წარმატებული ლანჩხუთელები, კახა ებრ­ალიძე თავისი გუნდით, კობა მირზაშვილი და მისი მეგობრები, საუბარი იყო მერაბ ჟორდანიაზეც, ხოლო მაშინდელი დეპუტატი ნინო წილოსანი მხარს დავით ყენიას კანდიდატურას უჭერდა, რომელსაც ზურგს ადგილობრივები უმაგრებდნენ ალეკო ჩიჩუა, გიორგი ჯორბენაძე, რამაზ ჩხაიძე და სხვები. როდესაც ყველას ეგ­ონა, რომ კახა ებრალიძეს ჩააბ­არეს უკვე გუნდი, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლებაც ენდობოდა და გუბერნატორიც შეუთანხმდა სიტყვიერად, თბილისიდან კატეგორიული უარი მოვიდა, ნინო წი­ლოსანმა დაბლოკა ებრალიძის კანდიდატურა და უბრძანა ადგილობრივ ხე­ლ­ისუფლებას, რომ ,,გურიას“ დირექტორად დავით ყენია დაენიშნათ. ბევრი კითხვა-პასუხის შემდეგ დავით ყენია და კამპანია შეუდგა მუშაობას კლუბში. თავ­დაპირველად იყო უამრავი კითხვა მათი მისამართით, მათ შორის ,,ჰო და არამ“ უამრავი სტატია მიუძღვნა ამ საკითხს. ,,ჰო და არასთან“ არსებულ საზოგადოებრივ დარბაზ ,,თავისუფალ სახლში“ შედგა რამდენიმე შეხვედრა კლუბის ხელმძღვანელობას, ადგილობრ­ივ ხელისუფლებას, გულშემატ­კივ­არსა და მედიას შორის. გულშემატკივარის გულისწყრომას და გაკვირვებას იწვევდა ის ფაქტი, რომ ყენია ხმამაღლა ამბ­ობდა: ,,არ მაქვს ფული, რაიმე კონკრეტული გარანტიები ამ სეზონში, თუმცა მაქვს საფეხბურთო კავშირები და გამ­ოცდილება, რისი იმედიც მაქვს“. არადა, მანამდე მისი კონკურენტები ფინანსურ უზრუნველყოფას ჰპირდებოდნენ გუნდს. ყველას გასაოცრად და გასახარად რამდენიმე თვეში ყენიამ მშვენიერი გუნდი ჩამოაყალიბა: კონკურენტუნარიანი, პას­უხ­ისმგებლიანი, გამართული და დისციპლინირებული. სეზონის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე კვლავ აირია მონასტერი, ამჯერად აუქციონის წესით გაიტანეს კლუბი დროებით მფლობე­ლობ­­აში და აქ კახა ებრალიძემ იმარჯვა. იმ სეზონში დავით ყენიას დაწ­ყებული საქმე ებრალიძემ ბო­ლ­ომდე მიიყვანა, ,,სამგურალთან“ პლეიოფის ორმატჩიან ომში გამა­რ­ჯვებული საბოლოოდ ,,გურია“ გამოვიდა და ლიგა 2-ში დაბრუნდა. კახა ებრალიძეს და მის ,,გუ­რ­იას“ წინა წლებისგან განსხვა­ვებით ამჯერად არ გაუმართლათ, არც გამოუვიდათ და ,,გურია“ კვლავ დაქვეითდა მესამე ლიგაში. ებრალიძემ არ იკადრა მსგავსი წარუმატებლობა, პასუხისმგებლობა აიღო და გუნდიდან წავიდა. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით მოვიდა საბა ჯაფარიძე თავისი გუნდით, უკვე მო­გახსენეთ, რომ სპორტული დირექტორი, გიგა სურმავა აწარმოებდა მედიასთან ურთიერთობას და ამბობდა, გარანტიებს ვერ გა­ვცემთ, გუნდის მშენებლობა ხან­გრძლივი პროცესია და შედეგი უთუოდ მოვა ადრე თუ გვიანო. ერთ-ერთი პირველი გადაწყვე­ტ­ილ­ება, რაც მიიღო ახალმა დირექტორატმა იყო ის, რომ ხელფასები შეუმცირა ფეხბურთელებს(!), ვერ თუ არ დაიტოვა მნიშვნე­ლო­ვა­ნი ფეხბურთელები წინა გუნ­დი­დან. ყველაზე უცნაური მაინც ის ფაქტია, რომ ახალი დი­რექტო­რატის ხელში გუნდს პირ­ველ სეზონში გაცილებით უკე­თესი შე­დეგი ჰქონდა, ვიდრე მეო­რე და მესამე (მიმდინარე) წელს, ხოლო ხმის ამომღები არავინ არაა. არც ადგილობრივი ხელისუფლება ამბობს რაიმეს, არც გუ­ლშემატკივარი, არც მედია. მაშინ როდესაც, ორი წლის წინ მწვავე დაპირისპირება ჰქონდა ,,ჰო და არას“ კლუბის ხელმძღვანელო­ბა­სთან ცუდი შედეგების, ბუნდოვანი მომავალის, მედიასთან კომუნიკა­ციის არქონის გამო, ,,ყოვლისმცოდნე“ და ყველა დროის საფეხბ­ურთო ექსპერტებმა სრული ნდ­ობა გამოუცხადეს, აქაოდა ვაცა­ლოთ ამ ხალხს, აშკარად პროფესიონალები ჩანან და ყველანაირად ხელი შევუწყოთო. თითქოს ჩვენ ვისამე მტერი ვყოფილიყავით, რა­დგან ყოველთვის პირდაპირ ვამბ­ობდით და ვწერდით სათქმელს. არც ამჯერად შევმცდარვართ, რიგით მესამე სეზონი და უარესზე უარესი სიტუაცია. რანაირად შეი­ძლება გრძელვადიან  წარმატებუ­ლ მომავალზე გქონდეს გათვლა და ყველა სეზონში ცვლიდე მწვ­რთნელ-ფეხბურთელებს, განსა­კუ­თრებით მწვრთნელებს. თავდაპ­ირვ­ელად ლევან ხომერიკი და ივანე მახარაძის დუეტი წვრთნიდა კლუბს, მერე გიორგი ონიანი დააბრუნეს, ახლა ლანჩხუთელები გიგლა იმნაძე და გიგა იმედ­აიშვ­ილი უდგას სათავეში. ვიღაცა ჭკვიანმა კარგად გათვალა, ხალხი ყველაფერს ეგუებაო და მართლაც ასე მოხდა, არავინ აღარ ჩანს პასუხის მომთხოვნი, ამ დროს  ,,გურია“ იკარგება, ქრება და მხ­ოლოდ ისტორია რჩება. ,,ჰო და არა“ აქტიურად იწყებს ამ თემაზე მუშაობას და უახლოეს ნომრებში კონკრეტულ ინფორმაციებს მოგა­წ­ვდით, ასევე ჩვენი ინიციატივით მოხდება კლუბის ხელმძღვან­ელობის, ადგილობრივი ხელისუფლების და გულშემატკივრების შეხვედრა. რომელი მხარეც არ მოვა, იძულებული იქნება კრიტიკული, მწვავე კითხვები შორი­დან მოისმინოს.
გთავაზობთ ბოლო სამი სეზონის შედეგებს: 2020 წელი, ლიგა 3- 10 გუნდიან ჩემპონატში ,,გუ­რია“ მეხუთე ადგილზე ასრულებს სეზონს, 26 ქულა, გატანილი 26 გოლი და მიღებული 30.
2021 წელი, ლიგა 3 - 14 გუნდიან ჩემპიონატში ,,გურია“ 11-ე ადილზე ასრულებს სეზონს, 29 ქულა, გატანილი 33 და მიღებული 44 ბურთით.
2022 წლის მიმდინარე სეზონი: ლიგა 3 - 16 გუნდიან ჩემპიონ­ატ­ში, სადაც უკვე 20 ტური ჩატ­არდა, ,,გურია“ იკავებს მე-13  ადგილს და მხოლოდ 4 ქულით უსწრებს გასავარდნ ზონას. გატ­ანილი აქვს 27 და მიღებული 31 გოლი. ეს თუ პროგრესია და ჩვენ ვერ ვხვდებით, კი ბატონო. კიდევ ბევრჯერ მოგვიწევს ამ თემაზე საუბარი. საინტერესოა, ვის და რაში აწყობს ეს მდგომარეობა, ან უბრალოდ რატომ არის ყველა გაჩუმებული. ლანჩხუთი ცხოვრ­ობდა ფეხბურთით და გულშემ­ატკივარი იმის ღირსი მაინც არის სიტუაცია გააცნონ და ესაუბრონ.

თორნიკე ჯიჯიეშვილი

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 771
FACEBOOK კომენტარები