ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ვინ არის მარიტა თურქია, როგორ აირჩია პროფესია, რა გზა გაიარა დღემდე და რა სავალია მამის საფლავამდე

ვინ არის მარიტა თურქია, როგორ აირჩია პროფესია, რა გზა გაიარა დღემდე და რა სავალია მამის საფლავამდე
12-09-2022, 12:01

ვინ არის მარიტა თურქია, როგორ აირჩია პროფესია, რა გზა გაიარა დღემდე და რა სავალია მამის საფლავამდე
_ მოგესალმებით მარიტა, პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე. ვინ არის მარიტა თურქია?
_ მოგესალმებით, მე ვარ მარიტა თურქია ლანჩხუთიდან. დავამთავრე იოანე ნათლისმცემლის სახ. სასულიერო გიმნაზია. შემდგომ სწავლა განვაგრძე საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში, ტურიზმის ფაკულტეტზე. მას შემდეგ ჩემს ცხოვრებაში იყო მრავალი გატაცება და მცდელობა საკუთარი, ორგანული პროფესიის პოვნის და აი, დღეს, უკვე კონდიტერი გესაუბრებით.
_ ოჯახზე რომ მოგვიყვე.
_  ოჯახი, ნამდვილად იდეალური ოჯახი (თავის პლუსებითა და მინუსებით). მამა, ავთანდილ თურქია, ბუღალტერი იყო. დედა, ლალი სამაკაშვილი, უბადლო დიასახლისი და ჩემი ძმა, ავთანდილ თურქია, ჩვენი იმედი. ოჯახზე საუბრის დროს, თვალები მინათდება. მამა ჩემთვის იდეალურობის ეტალონია, დედა გმირობის და რასაც ახლა წარმოვადგენ და როგორადაც ჩამოვყალიბდი მათი დამსახურებაა. მე ნამდვილად იღბლიანი ადამიანი ვარ, რადგან მერგო 17 წელი მეცხოვრა ისეთ მამასთან, რომელმაც აღმზარდა და აღზრდა გააგრძელა გარდაცვალების შემდგომაც. ეს ჩემი გამზრდელი ოჯახია, ხოლო შექმნილი, მეუღლე, რომელიც მუდამ მხარს მიჭერს და ხელს მიწყობს ნებისმიერ ახირებაში, მცირეწლოვანი შვილი და შეძენილი კიდევ უფრო თბილი, მოსიყვარულე და მზრუნველი. მიყვარს ჩემი დიდი, ბედნიერი და მზრუნველი ოჯახი.
_ თქვენს კულინარიულ შესაძლებლობებზე ლეგენდები დადის, რა ასაკში მიხვდით, რომ თქვენი სფერო იყო კულინარია? დედათქვენი, ლალი სამაკაშვილი, საუკეთესო კონდიტერია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, დედამ ხომ არ განაპირობა თქვენი ამ სფეროში საქმიანობის პირველი ნაბიჯები?
 _ ლეგენდებამდე დიდი ეტაპი მაქვს გასავლელი. ბავშვობაში დედას ვეხმარებოდი დიზაინში, მაგრამ არ მაინტერესებდა ცხობა, პირიქით, რაც უფრო ვიზრდებოდი, მით უფრო ნაკლებად მიზიდავდა კონდიტერია, რადგან დედას ხშირად დაღლილს ვხედავდი და ქვეცნობიერი ბლოკავდა ინტერესს, სფეროს მიმართ. რამდენიმე წლის წინ, ქრისტინე ზენაიშვილი შემხვდა და მითხრა, სულ ციცქნა იყავი ავერსის ტორტი რომ გაგვიკეთეო, არც მახსოვდა და უცებ გამიკვირდა კიდეც. 19 წლის როცა ვიყავი, პირველად შევეხე შაქრის ფონდანტს, ჩვენში მარციპანად წოდებულს. ჩემს ბიძაშვილს პროექტისთვის სჭირდებოდა ტორტები და მე და დედა ვეხმარებოდით განხორციელებაში. საბედნიეროდ, წარმატებული პროექტი აღმოჩნდა, მაგრამ არც ეს ყოფილა ჩემი სტიმულატორი, მაგრამ სტიმულს რაც შეეხება, დედა იყო, ხოლო ინსპირაციას, 3 განზომილებიანი ჟელეს მხატვრობა, რომელიც გულისხმობს ტკბილი ჟელეების მოხატვას სამედიცინო შპრიცით ან სპეციალური მოსახატი ხელსაწყოებით. ლანჩხუთში, კარადაში ნაპოვნი საღებავებით დაიწყო ყველაფერი. სრულიად უცოდინარი, იუთუბის დახმარებით ვეცადე პირველი მოხატული ჟელეს ტორტი გამეკეთებინა, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა ოჯახში და მას შემდეგ ბევრი მცდელობა და ტექნიკის დახვეწა იყო და უეცრად კითხვა _ ,,შეკვეთებს არ იღებთ?" აი, ეს კითხვა იყო გარდამტეხი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში და სტიმული იმისა, რომ დედა დამებრუნებინა საქართველოში. ვიფიქრე, თუ მე ჩავუყრიდი საკონდიტროს გახსნას საფუძველს, დედას ჩამოსვლას დააჩქარებდა და გადაიბარებდა თავის ოცნებას, ჰქონოდა თავისი საკონდიტრო. აქედან იწყება ჩემი უძილო ღამეები, ნერვიული დღეები და ბევრი შეკვეთა, რომლისთვისაც ყველას მადლობელი ვარ, ვინც იმ ეტაპზე ნდობა გამომიცხადა. 
_ როგორ და სად დაეუფლეთ თქვენს პროფესიას?
_ როდესაც თბილისში დავბრუნდი, ჩემი მეუღლე მუშაობდა სასტუმროში მზარეულად და თავის შეფს აჩვენა ჩემი ნამუშევრები, მანაც არ დააყოვნა და ვაკანსია შემომთავაზა. დავიბენი, მაგრამ დავინტერესდი და ასე მოვხვდი პირველად საკონდიტროში. მარტივი არ ყოფილა, მაგრამ წინააღმდეგობებს არ შევუშინებივარ. სფერო უფრო და უფრო მაინტერესებდა და გადავწყვიტე ცოდნა მიმეღო პროფესიონალისგან, მსოფლიო დონის კონდიტერისგან, დავით გორგოშიძისგან. ჩავეწერე Mარრონ პასტრყ სცჰოოლ-ის კურსზე და მანდ დაიწყო ჩემი აღმაფრენა, გაკვირვება, ინტერესი და საერთოდ, რაც კი რამ დიდებული გრძნობა არსებობს, ყველას გამოვლენა. მივხვდი, კონდიტერია ჩემი სფერო რომ იყო, მაგრამ გავიაზრე ისიც რომ, სრულიად უვიცი ვიყავი. ზღვა თეორიული მასალა, პრაქტიკული უნარები და სიზუსტე არ იყო მარტივი, მაგრამ იყო დიდებული. მას შემდეგ ვიმუშავე რამდენიმე საკონდიტროში, რესტორანში და ახლა კვლავ გადავწყვიტე გამეღრმავებინა ცოდნა და ისევ, დავით გორგოშიძის სკოლას მივაკითხე. კონდიტრად და ზოგადად შეფ-კონდიტრად ჩამოყალიბებისთვის არც ორი კურსია საკმარისი და არც ორი წიგნი. ყოველ წელს იცვლება ტენდენციები და ტექნოლოგიები, რასაც ფეხი უნდა ავუწყოთ და მჯერა წინ კიდევ უფრო დიდი ცოდნა და გამოცდილება მელოდება.
  _ რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო?
_ საიდუმლოო... საკუთარი თავის ვირწმუნე. გავიაზრე, თუ გაქებენ და მოსწონთ, შენც უნდა დაუფასო საკუთარ თავს და უთხრა, ყოჩაღ!. ,,შენ ამას შეძლებ",  ,,დაიღლები, მაგრამ შედეგიანად", ,,მოუსმინე შენზე გამოცდილს და არ შეეკამათო, სანამ პრაქტიკაში არ გამოცდი შედეგს", ,,იყავი მშვიდი, წყნარი, თავდაჯერებული და უბრალო ადამიანი, შემდეგ კონდიტერი". ამ შეძახილების არმიას ვაყრიდი საკუთარ თავს თითქმის ყოველ დღე. ვარწმუნებდი, რომ მე ამას შევძლებდი და იმავეს ვაკეთებ ახლაც. საიდუმლო არ არის, მაგრამ ადამიანობა და უბრალოება წარმატების ამომავალი წერტილია. 
_  რა რჩევას მისცემდით იმ ადამიანებს ვინც აპირებს ამ პროფესიის დაუფლებას?
_ სიყვარულით ემსახურონ, რადგან პროდუქტი მარტივად იღებს ჩვენს ემოციებსა და გრძნობებს. შენ უკვე შენი სიამოვნებისთვის აღარ მუშაობ, არამედ გიწევს ეს გრძნობები გადასცე მომხმარებელს და დამიჯერეთ გულით დამზადებულს, ნამდვილად სხვა გემო აქვს, მიუხედავად იმისა რომ, კონდიტერია ზუსტი პროფესიაა, განსხვავება ყოველთვის არის გულით დამზადებულსა და ვალდებულებით დამზადებულს შორის. 
_ ვინ არის თქვენი აზრით ყველაზე კარგი ქართველი შეფი, და კონდიტერი? და ბოლოს, რადგან ლანჩხუთიდან ხართ, რას ნიშნავს ლანჩხუთი თქვენთვის.
_ ჩემთვის ქართველი შეფ კონდიტერი დავით გორგოშიძეა. თავისი უბრალოებით, ადამიანობით, პროფესიონალიზმითა და განათლებით ნამდვილად სამაგალითო ადამიანია. შეფ-მზარეული რამდენიმე მომწონს:ლევან კობიაშვილი ( მაგის რეცეპტით გაკეთებული ჩაქაფული არის სასწაული), მიშა ავსაჯანიშვილი, დავით ნარი. ლანჩხუთი ყველაფერი ერთად. სიხარული, რადგან ოჯახი მყავს. ბავშვობა, რადგან მანდ გავიზარდე. სიმშვიდე, რადგან თვალდახუჭულს ვიცნობ ტერიტორიას და ტკივილი, რადგან მამა მელოდება საფლავზე.

ნინია ბარამიძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 1 526
FACEBOOK კომენტარები