ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რატომ უხდის პატარა ლანჩხუთი ადგილობრივ ხელისუფლებას, დეპუტატებს, სამსახურის უფროსებს ათასებს?

რატომ უხდის პატარა ლანჩხუთი ადგილობრივ ხელისუფლებას, დეპუტატებს, სამსახურის უფროსებს ათასებს?
12-09-2022, 12:17

როგორც მოგეხსენებათ, საქართ­ველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 1500 ლარზე ოდნავ მეტს შეადგენს, ყოველ შემთხვევაში ოფიციალურად ნამდვილად ასეა. სანამ ძირითად სათქმელზე გადავალთ, გადავხედოთ საქართველოდან უცხოეთში წასულთა რაოდენობას და მათ კლასიფიკაციას. აბსოლუტური უმრავლესობა იმ ადამიანებისგან შედგება, რომლებიც უცხოეთში მხოლოდ ფულის მოსაგროვებლად მიდიან. ასეთი ადამიანები საზღვარგარეთ მეტად მძიმე ფიზიკურ შრომას ეწევიან, გონებრივი შესაძლებლობებისა და უნარების მიუხედავად. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ეს ადამიანები წლობით არიან მოწყვეტილი საკუთარ ოჯახებს და არავინ იცის, როდის დადგება დრო, როდესაც ისინი სამშობლოს დაუბრუნდებიან. წასული ბევრი გვინახავს, ჩამოსული კი – ცოტა. და არა იმიტომ, რომ წასულებს უცხოეთში ცხოვრება მოსწონთ. უბრალოდ, ჩვენს ქვეყანაში ვერა და ვერ შეიქმნა პირობები, როდესაც ოჯახის ყველა შრომი­სუნარიანი წევრი იმუშავებს და ღირსეულად იცხოვრებს. ნომინალური საშუალო ხელფასი ვახსენეთ, საინტერესოა რა სიტუაციაა ამ კუთხით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში. ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას მეტად საინტერესო სტრატეგია აქვთ შემუშავებული, რომელზეც მოგახსენებთ. მაგალითისთვის ავიღოთ ა.(ა).იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრი და ამ სტრუქტურაში დასაქმებული ადამიანების ყოველთვიური სახელფასო სარგო. ამ შემთხვევაში, არაფერს ვწერთ ადმინისტრაციაზე და მის სახელფასო ფონდზე. კონკრეტულად საბავშვო ბაღის ხელმძღვანელებისა და თანამშრომლების ხელფასებს გადავხედოთ. მისასალმებელია, რომ ბაღებში მოწესრიგებულია ბავშვთა კვება, არის კარგი შიდა ინფრასტრუქტურა, სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებები, საოფისე ტექნიკა, სათამაშოები და ა.შ. მაგრამ რას უხდის მუნიციპალიტეტი დაქირავებულ თანამშრომლებს ყოველთვიურად ხელფასის სახით? მინიმუმ 220 და მაქსიმუმ 500 ლარამდე. რას უხდის სახელმწიფო ბიუჯეტი მოსახლეობის მიერ არჩეულ და დაქირავებულ ადგილობრივ ხელისუფლებას? 5000 (ხუთი ათასი), 4500, 3500ლ. და ა.შ. შევადაროთ, ვინ უფრო მეტ საქმეს აკეთებს საზოგადოებისთვის, მომავალი თაობისთვის, უკეთესი საზოგადოების შენებისთვის, საბავშვო ბაღის თანამშრომლები, რომლებიც დილის 09:00 საათიდან სარამოს 18:00 საათამდე უვლიან, ასწავლიან, პასუხისმგებელნი არიან პატარებზე თავიდან ბოლომდე, თუ ის საჯარო მოხელეები, საკრებულოს დეპუტატები, ფიქტიურად გაფორმებული კონკრეტული პარტიის მხარდამჭერები, რომლებიც ან საერთოდ არ დადიან სამსახურში, ან თუ დადიან შეიძლება სამსახურის დასახელებაც ვერ მოგახსენონ, სადაც გაფორმებულები არიან. რატომ ვახსნეთ საშუალო ნომინალური ხელფასები, ლანჩხუთში ალბათ ასე ბალანსდება: მერის, საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს კომისიის და ფრაქციის თავმჯდომარეების 5000, 4500, 3500, 2000, 1800 ლარიანი ყოველთვიური სარგო, შესანიშნავად აბალანსებს ბარის აღმზრდელის, ძიძის, მზარეულის ან დამლაგებლის 300, 260, 240 ლარიან ხელფასებს. ეს უბრალო შედარებაც საკმარისია იმისთვის, რომ მივხდეთ რა გარემოა ქვეყანაში, როგორი უსამართლობაა და რატომ გარბის ხალხი ასე უკანმოუხედავად. დიდი ხანია სახელისუფლებო პარტიებისთვის მთავარ დამრტყმელ ძალად იქცა სოციალურად დაუცველთა ოჯახების, სხვადასხვა საჯარო სამსახურში დასაქმებული, სკოლის პედაგოგთა, სკოლამდელი აღზრდის ცენტრის და მათი თანამშრომელთა საარჩევნო ხმები. იკითხავთ, 240 ლარიან ხელფასზე მყოფი ადამიანი რა ვალდებულია, თუნდაც მორალურად მხარი დაუჭიროს მმართველ პარტიას, ან აგიტაცია-პროპაგანდა გასწიოს, მაგრამ ეს სამწუხარო რეალობაა. ვისაც ამ სიმახინჯესთან შეგუება არ სურს, ქვეყნიდან გარბის, ვინც რჩება, მცირე რაოდენობა აპროტესტებს, უმრავლესობა უბრალოდ ეგუება ასეთ ყოფას, ხოლო ყოველთვის იყო და იქნება კონტინგენტი , რომელსაც ყველა მოწყობის პარტიის დროშა აქვს სახლში შენახული და შედარებით მაძღარიც არიან. ბაღის თანამშრომლების ირგვლივ არსებული სიტუაცია მაგალითად მოვიყვანეთ, თორემ უამრავი ღირსეული და საქმეზე ორიენტირებული სამსახურია მსგავს სიტუაციაში. მართალია კოლოსალური  ხელფასები არც დიდი ქალაქების ბაღების თანამშრომლებს არ აქვთ, მაგრამ ლანჩხუთის რეალობასთან შედარება არც შეიძლება. თუ ვინმე იმას იტყვის, რომ დიდ ქალაქებში დიდი ბიუჯეტია და ლანჩხუთს არ აქვს ამის შესაძლებლობა, მაშინ რატომ უხდის პატარა ლანჩხუთი ადგილობრივ ხელისუფლებას, დეპუტატებს, სამსახურის უფროსებს ათასებს? ან კიდევ უარესი, მთავარია მმართველი პარტიის მხარდამჭერი იყოს, ან მოაჩვენოს თავი, რომ გარანტირებული აქვს მინიმუმ 300 ლარიანი ხელფასი, ხოლო ბაღის თანამშრომელს დილის 09:00 საათიდან 18:00 საათამდე ქანცი გაწყვეტილი აქვს და 240 ლარს სჯერდება. შეიცვალა მიდგომა ,,სახელმწიფო მეწველი ძროხა ხომ არ გგონია“? ახლა ,,სახელმწიფოს ჰგონია ხალხი მეწველი ძროხა“. პატარა ბავშვს ჰკითხეს რა გატირებსო, გამდის და ვტირივარო. დიდხნიანი პაუზის შემდეგ თქვენი მონა-მორჩილი დაგიბრუნდათ ,,ჰო და არას“ ერთულ მკითხველს. ეს დასაწყისია, კონკრეტულ ციფრებზე, უფრო ზუსტ რეალობაზე, ჭეშმარიტ ფაქტებზე დაფუძნებულ ბევრ სტატიას იხილავთ შემდგომში. 

       თორნიკე ჯიჯიეშვილი

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 852
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა