თემურ ფირცხალიშვილის სახელობის შემოქმედთა მუზეუმი, ლანჩხუთში ის ადგილია, სადაც დღიდან მისი დაარსებისა უამრავი საინტერესო ამბავი ხდება. აქურობის მესვეური ქალბატონები მცირე ხელფასით, მაგრამ დიდი ენთუზიაზმით საკუთარი ხელებით ქმნიან იმ გარემოს, რაც ასე ეხამება შემოქმედებით ცხოვრებას, აქურობას სტუმარიც არ აკლია და ხშირად იმართება ლამაზი საღამოები, მასპინძელთა შორის ყოველთვის არიან შემოქმედებითი გაერთიანება ,,სამების’’ წევრები, რომლის ხელმძღვანელის და მუზეუმის დირექტორის დამსახურებაა, იმ თბილი სახლის შექმნა, სადაც თემურ ფირცხალაიშვილის პოეტური სული მუდამ ტრიალებს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ დაგროვდა უმრავი პრობლემა, რომელიც ამ მუზეუმის და მისი თანამშრომლებისათვის მეტად მნიშვნელოვანია და მათი ვერ გადაუჭრელობა კურიოზიც კია რაიონისათვის, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება ჯეროვან ყურადღებას მაინც ვერ აქცევს აქაურობას.
,,ჰო და არა“ სტუმარია თემურ ფირცხალიშვილის სახელობის შემოქმედთა მუზეუმის ხელმძღვანელი დარეჯან ბიწაძე.
_ ქალბატონო დარეჯან, თქვენ სკმაოდ აქტიური ქალბატონი ბრძანდებით და პირში მთქმელიც, ,,ნათქვამია მოყვარეს პირში უძრახე მტერს პირს უკანო,“ თუმცა დამკვიდრდა გარკვეული დოგმები განსხვავებულ აზრთან დაკვშირებით, მიღებულია ე.წ. ყველაფერზე თავის კანტური, როგორ ფიქრობთ აღარ მოვიდა იმისი დრო ყველაფერს თავისი სახელი ეწოდოს? არის თუ არა პარტიულობა რაღაც უაზრო სტიგმა, საიდანაც ბევრი ვეღარ გამოდის?
_ მე გახლავართ პროფესიით პედაგოგი, გვერდით ვედექი ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას, მიტინგებზე გამოვდიოდით, რამდენჯერმე დაჭერასაც ვარ გადარჩენილი. მაგალითად, აჭარაში მიტინგზე, სულ ოცი კაცი ვიყავით, მეტი კი არა, რომ გაიმარჯვეს ამათმა, მე არც ერთ პარტიაში არ შევსულვარ, იმიტომ რომ, პედაგოგი ვარ. მიმაჩნია, პედაგოგი, ექიმი, სამხედრო პირი, პოლიციელი, უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფოს და არა პოლიტიკურ პარტიებს. ამიტომ დღემდე არც ერთ პარტიაში არ ვარ გაერთიანებული.
_ ჩვენ გეზი გვაქვს აღებული, ევროპული ღირებულებებისკენ, როგორ ფიქრობთ ასე უნდა გაგრძელდეს?
_ რა თქმა უნდა, ჩემი შეხედულება ოცდაათი წლის წინათაც ასეთი იყო, რომ ჩვენ უნდა განვითარდეთ ევროპული ღირებულებების მიხედვით. საზღვარგარეთ დავდიოდი და კომუნისტების დროს, როცა ჩემი მეგობრები საყიდლებზე დადიოდნენ, ვეცნობოდი იქაურ კულტურას და წეს-ჩვეულებას, მომწონდა ამ ქვეყნების განვითარება, ის, რომ კანონმორჩილი ხალხი ცხოვრობდა და მეც მინდოდა ეს ცხოვრება ჩვენთანაც ყოფილიყო და ამიტომაც ვებრძოდი მაშინდელ წყობილებას, თუმცა დავამხეთ ის საბჭოური წყობა, მაგრამ დღემდე ამ ჭაობში ვართ ჩაფლული.
_ რას ეტყოდით პოლიტიკოსებს თუნდაც ადგილობრივ დონეზე რა რჩევას მისცემდით?
_ ისინი არიან ხალხის რჩეულები და კეთილი უნდა ინებონ იღვაწონ ხალხისთვის; სკამს თავიც უნდა ახლდეს, ის მარტო ჯდომისთვის არ არის, რადგან ფულს ჩვენგან, ანუ ბიუჯეტისგან იღებენ.
ახლა რომ ხელფასები მოიმატეს, ეს მარტო ჩვენს რაიონში კი არ მოხდა, საქართველოს მასშტაბით განხორციელდა, რატომ დაავიწყდა ხალხის რჩეულ ხელისუფლებას რიგითი მოქალააქეები, რომლებიც ორასლარიან ხელფასზე ვმუშაობთ და წარმოვაჩენთ მუნიციპალიტეტს, ათი ლარის მომატება ჩვენთვის არ შეიძლებოდა, მათ რომ გაიორმაგეს ხელფასები? აქედანაც ჩანს, რომ ეს ხელისუფლება ხალხის მიმართ არ არის კეთილგანწყობილი. გული მტკივა, ჩემი სამსახური ხომ ჩემი პატარა ოჯახია და ამ ჩემი სამსახურიდან ვხედავ თუ როგორ ვითარდება სახელმწიფო.
_ როგორ ვითარდება?
_ როგორ ვითარდება და არ ვითარდება საერთოდ, ჭაობში ვართ.
ჩვენი მუზეუმი გაიხსნა 2011 წლის პირველ მაისს, ლანჩხუთის ინტელიგენციის დიდი რუდუნებით და მხარი დაგვიჭირა იმდროინდელმა ხელისუფლებამ და გავხსენით მისივე სახლში თემურ ფირცხალაიშვილის სახელობის შემოქმედთა მუზეუმი, რომელიც უკვე ათი წელია არსებობს და გახსნის დღიდან რაც მოხდა, ამ მუზეუმში შეძენა იყო თუ რაც იყო ინვერტარი, იმის მერე არაფერი არ შეგვიძენია. 10 წელია ვართ ასე, მუზეუმისთვის არაფერი გაკეთებულა. ამხელა ეზო და შენობა აჩუქეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს თემურის მემკვიდრეებმა. 2014 წლიდან ვწერ, რომ მოდით და დაადგინეთ სამეზობლო ღობე, რომელიც ერთი მეზობლის მხარეს გაღობილი არა გვაქვს. დაადგინეთ და გაღობეთ თქვენი ქონება- მეთქი, თავის ქონებას რომ სახელმწიფო ვერ გაღობავს, ის რა სახელმწიფოა გეკითხებით?
ყველაზე მთავარი საკითხი ისაა, რაც გვაწუხებს ტუალეტი არა გვქვს, ოთხი განცხადება მაქვს დაწერილი 2017 წლიდნ დღემდე, ხის ტუალეტი დგას ეზოში, რომელიც წვიმის დროს წყლით ივსება და ფეკალიები გარეთ გადმოდის. ბოლოს ჩავწერე განცხადებაში როცა წვიმები ზედიზედაა ტუალეტი ივსება და ფაკალური მასა გადმოდის მეთქი და პასუხი არ მიმიღია, მაგრამ ზეპირი პასუხი რა მივიღე არ გაინტერესებთ? როცა იქნება წვიმები სამსახურში არ მოხვიდეთო.- აი პასუხი სახელმწიფოსგან
მინდა, რომ ვიცხოვრო მოწესრიგებულ კანონმორჩილ ქვეყანაში და არა ქაოსში და გაუსაძლის მდგომარეობაში.
მოგეხსენებათ, რომ 2011-ში გაიხსნა ეს სახლი. ჩვენთან ერთად პირველ სართულზე, ბიბლიოთეკარებმა ლილი დარჩიამ და მანანა წილოსანმა შემოიტანეს წიგნადი ფონდი, რომელიც გადაარჩინეს, არსებული საქალაქო ბიბლიოთეკა დაინგრა, შემდეგ გაიყიდა და წიგნები დარჩა ქუჩაში. ჩენთან ერთად ქლბატონი ნუნუ ლომაძეც იყო. სათითაოდ ჩვარით დაცწმინდეთ ეს ტალახიანი წიგნები და დავალაგეთ აქ. შემდეგ დავწერე განცხადება სადაც მივუთითე, რომ ყოფილი ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი, რომელიც განთავსებულია შემოქმედთა მუზეუმში გადმოეცეს ჩვენს ფონდში. პასუხი არ გაინტერესებთ. იყოს ეს წიგნები ჯერ თქვენთან, გაიმართება ქვეყანა წელში აშენდება ქალაქის ბიბლიოთეკა იქ გადავიტანთ ამ წიგნებსო. ესაა პასუხი? იმდენს რომ ვერ ფიქრობ, რომ ქვის ხანისკენ კი არ მივდივართ, პირიქით სულ მალე იქნება ყველაფერი ელექტრონული.
ეს მუზეუმი რომ თავის ფუნქციას ამართლებს ჩვენი მიზერული ხელფასების მიუხედავად, ამას ადგილობრივი ხელისუფლება ვერ ხედავს, ხედავენ საზოგადოება და ის შემოქმედი ადამიანები, ვინაც ამ ყველაფრის მნიშვნელობა იცის.
ჩემი მუზეუმის წარმატებაა ის, რომ მე რეგიონში ქართული კულტურის ამაგდარის წოდება მომანიჭეს, ეს ჩემი მუზეუმის, ჩემი თანამშრომლების წოდებაა ეს რაიონსაც ეკუთვნის, მაგრამ მაგათ ამდენი არ ესმით.
_ რა არის საჭირო იმისათვის, რომ ოდნავ მაინც გამოსწორდეს სიტუაცია, თუნდაც ამ ხელისუფლების პირობებში?
_ არ უნდა ჩაიკეტონ კაბინეტებში, მივიდნენ ხალხთან; არ უნდა შეეშინდნენ იმით, რომ ხალხი მას საყვედურს ეტყვის. ყველას შეიძლება ყველაფერი ვერ გაუკეთო, ბევრს ვერ შეწვდები და ვერ გააკეთებ, მაგრამ ხომ შეიძლება მოუსმინო, როგორც მე და ქალბატონ ნუნუს უთხრეს, ლობიოს მხარშველი პენსიონერე ქალებიო, რა ვუთხარით? ხელფასების მომატება ვუთხარით 10 ლარით, მეტი არაფერი და ასეთი შეფასება დავიმსახურეთ.
_ რას უსურვებთ პოლიტიკოსებს?
_ სიძულვილის ენით საუბარი არ მიყვარს, ჩვენ ყველანი ერთი ერის დამიანები ვართ, საქართველო პატარაა, ვიყოთ უნდა ერთმანეთის მიმართ მორიდებულები, უმრავლესობას მეტი მოეთხოვება, ის სახეა სახელმწიფოს და რომც გაბრაზდე, მოთოკო უნდა ნერვები და შეურაცყოფაზე არ გადახვიდე. არ მომწონს ის, რომ თუ რამეზე მიუთითე და ნაკლი დაინახე მაშინვე მოღალატე ხარ, ცუდი ხარ. რატომ არ წერენ იმას ამდენით რომ მოიმატეს ხელფასები, ბოდიში მაინც მოგვიხადონ.
მე ვისურვებდი, რომ ნიჭიერ ხალხს განზე ნუ გასწევენ. დაიყენონ გვერდით, ქვეყანას ნუ დაატოვებინებენ.
დარეჯან ბიწაძე: სკამს თავიც უნდა ახლდეს, ის მარტო ჯდომისთვის არ არის, რადგან ფულს ჩვენგან, ანუ ბიუჯეტისგან იღებენ
ესაუბრა მაია კუკულაძე
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 1 345



