ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ერთი ინტელიგენტი ოჯახის გზა-სავალი

ერთი ინტელიგენტი ოჯახის გზა-სავალი
11-03-2022, 11:55

ერთი წლის წინ, 8 მარტს ამ ქვეყნიდან მშვიდდ და უჩუმრად წავიდა დედაჩემი, წავიდა ისე წყნარად, როგორც იცხოვრა და აკეთა თავისი საყვარელი საქმე. სანამ ვიცოცხლებ ყოველთვის მემახსოვრება ყველა წვრილმანი, რაც მასთან მაკავშირებს.  ბავშ­ვობიდან მახსოვს  საკონტროლო წერის რვეულების დასტით ხე­ლში, ჩქარი ნაბიჯით მიმავალი თუ სახლში მომავალი.
ყოველთვის დახვეწილად იცვა­მდა. ახალი სასწავლო წელი რო­გორც კი დადგებოდა, ახალ ტანსა­ცმელს  იკერავდა, მახსოვს როგორ აქებდა მკერავი, ქალბატონი ლეილა, ისეთი ტან-ფეხი აქვს, ჩამოსხმული გეგონებაო. ხანდახან ჩუმად მოვირგებდი მის კაბებს და ფეხსაცმელებს.
ოცდაათი წელი ასწავლიდა რუსულ ენასადა ლიტერატურას სოფელ ძიმითის საშუალო სკოლაში, ოცი წელი _ სოფელ აკეთის სკოლაში. შეიძლება არც არაფერი იყოს განსაკუთრებული ამ ისტორიაში, გარდა იმისა, რომ ჩემთვის  ძალიან ძვირფასია, თუმცა ერთ რამეზე მინდა ყურადღება გავამახვილო, მიუხედავად იმისა, რომ დედაჩემი  უაქცენტოდ ლაპარაკობდა რუსულად, არასოდეს გამოუყენებია იგი ოჯახში სასაუბრო ენად, მხოლოდ მაშინ იტყოდა ორიოდე სიტყვას ჩვენდა გასაგონად, თუ ძალიან გაბრაზებული იყო.  ,,ნი ბალუისა,“ან ,,მერზავცი“ და მივხდებოდით, რომ რაღაც ძალიან ვაწყენინეთ.
როგორც მისი მონაყოლიდან ვიცი, რუსული ენისა და ლიტერატურის შესწავლა, ბიცოლამ ურჩია, რომელიც ეროვნებით პოლონელი იყო და რუსულად ლაპარაკობდა. სკოლის დამთავრების შემდეგ საცხოვრებლად  ბათუმში ბიძასთან და ბიცოლასთან  გადავიდა, სულ მალე შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის რუსული ენისა დალიტერატურის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა და რუსული სკოლების პედაგოგების სექტორზე ჩაირიცხა, როგორც შემდეგ გვიყვებოდა სწავლა იოლი არ იყო, მაგრამ  საკმაოდ კარგად გაართვა თავი და როგორც კი დაამთავრა მშობლიურ  სოფელში დაბრუნდა, მაშინ რუსული ენა საკმაოდ პოპულარული იყო, დღის და ღამის სკოლაში ასწავლიდა. მერე მამაჩემს შეხვდა, მამა მეზობელი სოფლიდან აკეთიდან იყო, სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის საინჟინრო მექანი­ზაციის ფაკულტეტის ბოლო კურსზე სწავლობდა. ისიც მახსოვს, როგორ უხდებოდა გრძელი პალტო, მაღალ და ახოვან ტანზე, როცა იცინოდა თვალები სულ ეჭუტებოდა.
შემდეგ ჩვენი ოჯახი ოზურგეთში გადავიდა საცხოვრებლად, მამაჩემი საკმაოდ კარგ სამსახურებში მუშაობდა და დედას  შეეძლო იქაც ემუშავა, თუმცა გადაწყვიტა კვლავ თავის მშობლიურ სოფელში გაეგრძელებინა მასწავლებლობა, სადაც არაჩვეულებრივი პედკოლექტივი იყო, მის წინ მრავალმა თაობამ ჩაიარა, არასოდეს ყოფილა პოპულარობის მოყვარული და არც კომუნისტური პარტიის წევრი. სულ ამბობდა: შენი ის ენაა, რომელზედაც ფიქრი შეგიძლიაო. ისიც მახსოვს: მაშინ პედაგოგების სპეციალურ კურსებზე საკმაოდ ხშირად უშვებდნენ და გულდაწყვეტილი იტყოდა: აქ სულ იმაზე საუბრობენ, რუსულია მეორე მშობლიური ენა, თუმცა ადამიანს შეიძლება მხოლოდ ერთი მშობელი ჰყავდეს.  ეს იმას არ ნიშნავს, ენა არ ისწავლო, ან ამ ქვეყნის ლიტერატურაზე წარმოდგენა არ გქონდესო. მკაცრიც იყო და მომთხოვნიც, განსაკუთრებით საკუთარი შვილების მიმართ.
ოთხმოცდაათიან წლებში მოუწია პენსიაში გასვლა, პედაგოგობა მაინც უნდოდა და ყველაზე რთული ტვირთი სწორედ მაშინ იტვირთა, მუშაობა გააგრძელა სოფელ აკეთის ორ სკოლაში, ზემო აკეთის ცხრაწლიან და გაგურის საშუალო სკოლაში, რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. მთელი კვირის მანძილძე ზემო აკეთში, მამიდაჩემის პატარა სახლში რჩებოდა, აქაც მოსწავლეებს ამეცადინებადა. ოთხმოცდაათიანი წლების უშუქობის პერიოდში ხშირად ლამფის სამყოფი ნავთიც არ იშოვებოდა ან მოსწავლეს თავად მოჰქონდა თუ არადა ლამფის გარეშე  ბუხრის შუქზე ირჩეოდა პუშკინის ლერმონტოვის, გოგოლის თუ ტოლსტოის შემოქმდება. არასოდეს არ შეშინებია, არც უფიქრია, რომ უკეთესი დღეები არ დადგებოდა. ასე ილეოდა კვირები. შაბათობით ისევ ოზურგეთში ბრუნდებოდა, ჩვენს სახლში, მამასთან და ორშაბათს კი ფეხით ან რაიმე შემთხვევით შემხვედრი ტრანსპორტით, რომელიც იშვიათად დადიოდა, როგორმე აღწევდა ნაგომრის გაბმულ ხიდამდე. იმის მერე  კი ფეხით მიდიოდა და გაკვეთილის დაწყებას აუცილებლად უსწრებდა.
ოთხმოცდაათიანი წლების გაჭირვება მძვინვარებდა, კარალიოკის ჩირთან ერთად, სახლში გაკეთებულ ჩაის ფერზე დაყენებულ ჩაის ვსვამდით და მჭადში გარეული პურის ფქვილისგან გამომაცხვარ მჭად-პურს ვაყოლებდით, ტუნგოსგან საპონს ვხარშავდით დედა კი ყოველთვის მხნედ იდგა, მთავარია ისწავლოთ და ყველაფერი კარგად იქნებაო,  ხანდახან გვიკვირდა კიდეც და გვეცინებოდა,  მას ეს აზრი არასოდეს შეუცვლია და შემდეგ შვილიშვილებსაც იგივეს ეუბნებოდა. მხოლოდ მამა თუ დაარღვევდა ამ ჰარმონიას და სიტყვას შეუბრუნებდა ან წაეხუმრებოდა, ჩუმად წაიღიღინებდა: ისწავლე, სწავლის მძებნელოო....
მიუხედავად იმისა ოზურგეთში ცხოვრობდნენ, დედას და მამას, აკეთი არასოდეს დაუტოვებიათ დიდი ხნით, სანამ ფეხზე იდგნენ ეზოს ყურადღებას არ აკლებდნენ. მამიდასთან ერთად მუდამ მინდორში ტრიალებდნენ, აქანაია ჩემი სამშობლოო! იტყოდა მამაჩემი, მაცხოვრის ტაძართან რომ შემოვუხვევდით თავისი განუყრელი ,,მოსკვიჩით“,  კიდევ ერთხელ შეგვახსენეო, ჩაილაპარაკებდა დედაჩემი.
მამა  ბოლო დროს ანასეულის მეურნეობაში მცირე მექანიზაციის განყოფილების უფროსი იყო, ჩაის საკრეჭი და საკრეფი აპარატურა, ტრაქტორები და სახნავ-სათესი მოწყობილობა მას ებარა, აკეთში გაზაფხულ-ზაფხულზე ყველას მისი სახელი ეკერა პირზე, ხვნა-თესვა ისე არ ჩაივლიდა, უამრავი მომკითხავი არ ყოლოდა. მუდამ ყვებოდა ამბებს თავის სოფელზე, თან დააყოლებდა: პაწა აბდლურიც თუ არ გამუურიე და არ გეიცინე, ისე რა აზრი აქვს ცხოვრებასო, რაზეც დედაჩემი მაშინვე დატუქსავდა.
 გაზეთში რომ დავიწყე მუშაობა დედას ძალიან გაუკვირდა, თუმცა საწინააღმდეგო არაფერი უთქვამს, რამდენიმე წლის მერე მკითხა სხვაგან ხომ არ გადახვედი შენი სპეციალობა ალბათ უკვე დაგავიწყდა კიდეცო, რომ ვუთხარი არსად წავსულვარ, ყოჩაღო! მიპასუხა, მაშინ მამაჩემი მოუბრუნდა და უთხრა: რა გაგიკვირდა, რაც მე ანეგდოტები მაქვს მოყოლილი აკეთლებზე, ყველა გაზეთში აქვს დაწერილი და უძახე შენ ყოჩაღიო.
მამა გასულ შემოდგომაზე გარდაიცვალა, დიდი ხანი ვეღარ იცხოვრა დედას შემდეგ, მათი დანაბარები ის იყო, რომ სოფელ ზემო აკეთის  საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალულიყვნენ და ასეც მოხდა.  
ამ სოფლისთვის ბევრი მაქვს სათქმელი და გასაკეთებელი, აქ ჩემი დედ-მამა ლამარა თავდიშვილი და იაშა კუკულაძე განისვენებენ და ამ სოფელში ბევრი ჩემთვის უახლოესი ადამიანი, მეგობარი თუ მეზობელი ცხოვრობს, აქვე ჩემი პატარა სახლია, რომელიც მამიდამ მაჩუქა და სიბერის გატარებას ვფიქრობ. ჩვენ ყველას ახლა ერთი საფიქრალი გვაქვს ჩვენი უახლოესი ადამიანების ნატერფალი არ მოგვიშალოს უფალმა და იგი ჩვენს მომავლ თაობას გადავცეთ.

მაია კუკულაძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 1 253
FACEBOOK კომენტარები