,,ჰო და არას:” სტუმარია საკრებულოს ყოფილი წევრი, ექიმი ნონა მურვანიძე
_ როგორ ანალიზს გააკეთებდით საქართველოში პოლიტიკური ცხოვრების 30 წლის შესახებ?
_ გავიარე საბჭოთა პერიოდის მოსწავლეობის პერიოდი, ასევე საბჭოთა პერიოდის სტუდენტობა. უზრუნველი (ბრჭყალებში) ბავშვობა და სტუდენტობა. შერჩა ვინმეს საბჭოთა დროის ნოსტალგია? არა მგონია, უფრო სწორად არ მინდა ასე იყოს. 9 აპრილი თავისუფლებისათვის ბრძოლის საუკეთესო მაგალითია. 90-იანი წლების საშინელი პერიოდიც გავიარეთ. უშუქობა, სიცივე და უმეტესად უპურობაც, მაგრამ თავისუფლებისათვის ბრძოლა გრძელდება. რუსეთი გაშმაგებით, შეფარულად თუ ღიად იბრძვის და დავკარგეთ აფხაზეთი. ესეც განსაცდელი. ჭუბერის კადრები საშინელი სანახავია, ესეც განსაცდელი. მხედრიონის ბრძოლები და შემდეგ მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებები... ესეც განსაცდელი. ეროვნული მთავრობის არჩევა და მალე ქვეყნის პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გაურკვეველი სიკვდილი თუ მკვლელობა, ესეც განსაცდელი. გრძელდება ბრძოლა ერთმმართველ რუსეთსა და თავისუფლებისთვის მებრძოლ ჩვენი საუკეთესო მიწა-წყლის, ჰაერის, საუკეთესო გეოგრაფიული მდებარეობის ქვეყნის მოსახლეობის დემოკრატიული განვითარების ინტერესების წინააღმდეგ, ესეც განსაცდელი. თავისუფლებისათვის ბრძოლის გზაზე 2003 წლის ვარდების რევოლუცია, უსისხლოდ დასრულდა ხალხის გამარჯვებით. მოვინდომეთ და ვაჩვენეთ დანარჩენ სამყაროს, რომ გვინდა დამოუკიდებლობა, გვინდა ვიცავდეთ საკუთარ და სხვის უფლებას; გვინდა რეფორმები; გვინდა კორუფციის ჭაობიდან ამოსვლა, არ იყო ადვილი ამის მიღწევა. წინა ხელისუფლებამ ეს შეძლო. წარმოგიდგენიათ, უშუქობა რომ ჩანაცვლდება? გზა და წყალი რომ კეთდება და მთავარი _ მილიცია კანონმსახური პოლიციით იცვლება. ყველაზე მთავარი, უკვე განვითარებული დასავლეთის ქვეყნები ცდილობენ დემოკრატიულ სამყაროს არ დააკარგვინონ ტერიტორიულად პატარა, მაგრამ საუკეთესო ხალხის ქვეყანა, საქართველო. 2008 წლის ომი. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ბრძოლის რამდენიმე დღე... ესეც საშინელი განსაცდელი.
ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში წინა ხელისუფლების შეცდომები. ესეც საშინელი განსაცდელი. 2011 წელი, საშინელი ძალადობა და ჩახშობა ხალხის პროტესტის. მშვიდობიანი მოსახლეობის მიტინგის დარბევა. ყველაზე მეტად დამწყდა გული, ყველაზე მეტად არ მინდოდა იმედების გაცრუება, ესეც განსაცდელი. რაც დასრულდა წინა ხელისუფლების ცვლილებით. კვლავ იმედები, ,,ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის წინასაარჩევნო დაპირებების კორიანტელი, რომელიც ვთვლი, რომ არ შესრულებულა.
დასავლელი პარტნიორების ინტერესი გაზრდილიყო მეგობრული ურთიერთობა ჩვენს ქვეყანასთან, დაგვხმარებოდნენ მაღალი პასუხიმგებლობის სამოქალაქო დემოკრატიული ღირებულებების მქონე საზოგადოებად ჩამოყალიბებაში, რაც ნიშნავს დამოუკიდებელ სასამართლოს, ინსტიტუციების გაძლიერებას მათ დახმარების გაწევის მოტივაციას უქმნიდა. ჩვენი მეგობარი ქვეყნების, უპირველესად ამერიკის პარტნიორული ხელი და ურთიერთობა ძალიან განსხვავდება ავტორიტარული რუსეთის სურვილისგან. დასავლეთის ქვეყნები ვალს დაიბრუნებს სასამართლოს უზენაესობის მიღწევით. ვალს დაიბრუნებს კოალიციური მმართველობის არჩევანის მიღწევით. თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარების მიღწევით.
მეტნაკლებად შევეცადე განსხვავება გადმომეცა ყოფილ ავტორიტარ ,,პატრონ” რუსეთსა და დემოკრატ მეგობარ ქვეყნებს შორის.
საქართველოს მთავარ ამოცანად რჩება ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. უკვე მეათე წელია ,,ქართული ოცნება" ხელისუფლებაშია, მოსახლეობა უკიდურესად გაჭირვებულია. სიღარიბის ზღვარს მიღმა მათი რიცხვი იზრდება.
საშუალო ფენა წაიშალა, სამაგიეროდ პარლამენტში გვყავს მილიონერი დეპუტატები, რომლებიც უმრავლესობას წარმოადგენენ და საკანონმდებლო მუშაობა ხალხის პრობლემებზე არაა ორიენტირებული. სრული კრახია საგარეო ურთიერთობის კუთხითაც. სრული სიჩუმე, შეფარული ნაბიჯები, უმეტესად ოკუპანტი ქვეყნის და მათი მამა-მარჩენალის მაამებელი. დღევანდელ ხელისუფალთ რაც კარგი აქვთ და ვერ წაართმევ, ესაა საკუთარი ქონების დაგროვება ხალხის ფულის ხარჯზე. ესეც საშინელი განსაცდელი და აუცილებლად ვადამდელი არჩევნებით გადასაგორებელი.
_ ომი უკრაინაში, მოლოდინები, რა იქნება ხვალ?
_ დღეს ომია უკრაინაში. რუსეთი შეიჭრა უკრაინის ტერიტორიაზე და მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავს; კლავს ბავშვებს, ქალებს. ესვრის ავადმყოფებს, ორსულებს. ანადგურებს კორპუსებს, ღირსშესანიშნავ და ისტორიულ ძეგლებს. რუსეთი ოკუპანტია. პუტინი მკვლელი და ჯალათია. ამ ბრძოლაში ის უკვე დამარცხებულია. იმარჯვებს უკრაინა და ვიმარჯვებთ ჩვენც. დიდება უკრაინას! დიდება გმირ თავისუფლების მოყვარე ერს! ის იქნება ევროპის დომინანტი ქვეყანა!
_სად არის ამ ბრძოლაში ჩვენი ქვეყანა?
_ ამისთვის ხელისუფლების ნაცვლად იზრუნა ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილმა, ჩვენმა მომავალმა, ახალგაზრდობამ. სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა. შეიძლება ითქვას, სხვა გამოსავალი არ დაუტოვეს ხელისუფლებას, ვიდრე ევროკავშირში შესვლისთვის მიემართათ. განაცხადი ამ წევრობისათვის მართლაც შანსია, ამ ძნელბედობის ჟამს. ჩვენი ქვეყნის ევროპული ქოლგის ქვეშ ყოფნა უსაფრთხოების გარანტიაა.
საქრთველოს მოსახლეობამ მსოფლიოს და უპირველესად უკრაინას აჩვენა მხარდაჭერისა და შესაძლო: მოხალისეობრივი და ჰუმანიტარული დახმარების უპრეცედენტო მაგალითები.
საქრთველო საბოლოოდ დაიკავებს თავის ადგილს ევროპულ გაერთიანებაში, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, რისთვისაც დიდი შრომაა გასაწევი.
ნონა მურვანიძე: დღევანდელ ხელისუფალთ რაც კარგი აქვთ და ვერ წაართმევ, ესაა საკუთარი ქონების დაგროვება ხალხის ფულის ხარჯზე
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 1 135



