ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

სალი კალანდაძე: გვინდა რომ დავანახოთ ყველას თუ რა პროცესებია, რა პრობლემებია სოფლად და რა წარმატების მიღწევა არის შესაძლებელი

სალი კალანდაძე: გვინდა რომ დავანახოთ ყველას თუ რა პროცესებია, რა პრობლემებია სოფლად და რა წარმატების მიღწევა არის შესაძლებელი
9-03-2022, 14:05

დღეს ვესტუმრე ახალგაზრდა წყვილს, რომელიც თბილისიდან ლანჩხუთში, სოფელ ნიგოითში  გადმოვიდა  საცხოვრებლად და  სოფლის მეურნეობას მოჰკიდა ხელი. ვფიქრობ, ,,ჰო და არას” მკითხველისათვის საინტერესო იქნება ეს ისტორია. ჩვენი სტუმარია სალი კალანდაძე.
_ როგორ გაჩნდა იდეა, რომ დაგეწყოთ  საქმიანობა. რას აპირებთ, სამომავლო გეგმები როგორი გაქვთ?
_ 2020 წლის მარტში, როდესაც პანდემია დაიწყო და ჩაიკეტა ქალაქი, მე დავკარგე სამსახური. ირაკლის (მეუღლის) სამსახური, რომელიც ემსახურება საქართველოში აგროტექნიკის იმპორტს,  გადავიდა დისტანციურ რეჟიმზე. შესაბამისად, თბილისში, ბინაში ჩაკეტვას ოჯახმა ვამჯობინეთ სუფთა ჰაერზე სოფელში ჩამოსვლა. თვენახევარი დავყავით სოფელში და იმავე პერიოდში დავიწყეთ ეზოში მარტივი მიწის სამუშაოები. გამოვიყვანეთ პომიდორის და სხვადასხვა ბოსტნეულის ჩითილები, მოვიყვანეთ 30-მდე ქათამი და რეალურად პირველად შევიგრძენით, თუ რას ნიშნავს სოფლის მეურნეობა. რეალურად ასე გვეგონა რომ შევიგრძენით, მაგრამ რეალობა ძალიან განსხვავდება. ოჯახმა, 2015-ში შეიძინა 15 ჰა. მიწა სოფ. ჩოლობარგის ტერიტორიაზე. 2015-შივე დათესეს ლობიო და სიმინდი და კარგი მოსავალი ავიღეთო, ამბობენ, მაგრამ შემდგომ წლებში ფაროსანის გამოჩენის გამო, ოპერაციები შეწყვიტეს. ამ დროს ირაკლიმ  არ იცოდა სოფლის მეურნეობის შესახებ არაფერი და შესაბამისად დიდად ინტერესიც კი არ გამოუხატავს ამ საქმიანობის მიმართ. 2019-ში კი სამუშაოდ გადავიდა კომპანია „აგრო მოტორს“-ში, რომელიც ეწეოდა ამერიკული ბრენდის  ჟოჰნ Dეერე ტექნიკის იმპორტს საქართველოში და ეხმარებოდა ფერმერებს განვითარებაში. ზუსტად ამ დროს, მრავალ ფერმერთან შეხვედრის დროს, ირაკლი ყოველ დღე მოდიოდა და ყვებოდა სხვადასხვა ფერმერების წარმატების ისტორიებს და იმას, თუ რამხელა შესაძლებლობები არის ამ სფეროში. შესაბამისად, ინტერესი სოფლის მეურნეობის მიმართ გამძაფრდა და 2020-ში დაწყებულმა პანდემიამ ეს კიდევ უფრო თვალნათლივ დაგვანახა. პირველი ტრაქტორი და მისი მისაბმელი აგრეგატები (სიმინდის მოყვანისთვის საჭირო სრული კომპლექტი) შევიძინეთ და ჩამოვიდა თუ არა, 2021 წლის მაისის დასაწყისში წამოვედით სოფელში საცხოვრებლად და ამ მიმართულების გასავითარებლად. სამწუხაროდ 2021-ში დავაგვიანეთ ყველაფერი, ჩითილები, სიმინდის თესვა, მიწის დამუშავება და შესაბამისად ჩავთვალეთ, რომ ეს სატესტო წელი იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, რაღაც მცირე წარმატებებს მივაღწიეთ. ერთ-ერთ სატესტო ნაკვეთზე, თანამედროვე მეთოდების გამოყენებთ (თოხის გამოყენების გარეშე) 5000 კვ.მ-ზე მოვიყვანეთ 5 ტონამდე სიმინდი (მარცვალი), რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. რეგიონში ტექნიკის სიმცირემ კი დაგვანახა შემდგომი საჭიროებები და წელს შევძელით და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს საგრანტო პროგრამის დახმარებით შევიძინეთ უფრო მძლავრი ტრაქტორი, რომელიც უკვე ბევრად ეფექტურად მოგცემს ოპერირების საშუალებას. ჩვენი სამომავლო გეგმები იყოფა ორ ნაწილად: მოკლევადიან გეგმებად და გრძელვადიან გეგმებად, მაგრამ მათი გაშლა ამ ეტაპზე საკმაოდ რთულია, რადგან ბაზარი მუდმივად ცვალებადია და ის პროდუქტი, რომელიც გუშინ იყო მოთხოვნაში, წელს შეიძლება აღარ იყოს, შესაბამისად მუდმივად ვმოქმედებთ ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე. ზოგადად რომ ვთქვათ, ბოსტნეულის კუთხით ვემზადებით ბიოლოგიურად სუფთა (ბიო) პროდუქტის მოსაყვანად, სადაც ვთანამშრომლობთ კომპანია „ბიო-აგრო“-სთან, ვინც გვაწვდის მცენარეთა მოვლის ბიოლოგიურ სასუქებს და პრეპარატებს, ხოლო მარცვლოვანი კულტურების მოყვანას ვგეგმავთ ინდუსტრიული მეთოდებით. ერთ-ერთი გეგმა არის ამ ყველა პროცესების გაშუქება ბლოგის და სოც.მედიის საშუალებით.
გვინდა რომ დავანახოთ თუ რა პროცესებია, რა პრობლემებია და რა წარმატების მიღწევა არის შესაძლებელი. სამწუხაროდ ბევრი ადამიანი ძალიან მარტივად უყურებს ამ ყველაფერს და ვერ ხვდება თუ რატომ შეიძლება ღირდეს პროდუქტი ის ფასი, რა ფასიც ღირს ახლა. ასევე ყველა პროდუქტის წარმოება გვსურს თანამედროვე დასავლური ტექნოლოგიებით და არა მამა-პაპისეული მეთოდებით და იმედი გვაქვს, შევძლებთ დავანახოთ, რომ თანამედროვე მეთოდების გამოყენება უფრო ეფექტურია და გავხდეთ პროდუქტის უფრო ეფექტური მწარმოებლები, ვიდრე ვართ დღეს. სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით რეგიონში 1ჰა-ზე ყველაზე მცირე რაოდენობის პროდუქტი საქართველოში მოგვყავს და ეს აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ამჯერად მეურნეობის კუთხით ვემზადებით მცირე ზომის ბიო ბოსტნისთვის. ვგეგმავთ 5 ჰა მიწის ათვისებას სიმინდის კულტურის დასათესად, რომელზეც შემდგომში თესლბრუნვის გზით დავთესავთ შემდგომ კულტურას (ჯერ-ჯერობით ვფიქრობთ სოიოს) და 1 ჰა-ზე გვსურს დავტესტოთ ლობიო და მუხუდო. ფრინველს და პირუტყვს რაც შეეხება, ვფიქრობთ, რომ ზაფხულისკენ ან შემოდგომისკენ უფრო აქტიურად დავიწყებთ ფიქრს ამ მიმართულებით, რადგან შარშანდელმა გამოცდილებამ დაგვანახა, რომ სამკაოდ საინტერესო და მომგებიანი სფეროა, მაგრამ აუცილებელია დიდი ცოდნა და ინტენსიური შრომა მოვლა-პატრონობის კუთხით და სამწუხაროდ ყველაფერს ერთად ვერც ფიზიკურად და ვერც ფინანსურად ვერ გავწვდებით.
_ რეალიზაციას როგორ აპირებთ? რა სეგმენტზე იქნება გათვლილი თქვენი მეურნეობა? 
_ რეალიზაციის კუთხით არსებობს უამრავი სტარტ-აპი, რომელიც მუშაობს ამ მიმართულებით, ამიტომაც ველოსიპედის გამოგონებას არ დავიწყებთ. ვფიქრობთ, რომ ერთი მიმართულება უნდა გვქონდეს არჩეული: ან უნდა იყო მწარმოებელი და მუშაობდე ბითუმად რეალიზაციაზე, ან უნდა იყო საცალო მოვაჭრე. ჩვენ ვამჯობინეთ აქცენტი წარმოებაზე გაგვეკეთებინა და რეალიზაცია მოახდინონ კი იმ ადამიანებმა ან კომპანიებმა, ვინც ამაში სპეციალიზირდება, თუმცა გამორიცხული არაფერი არ არის. ბოსტნეულის კუთხით ვფიქრობთ, რომ ჩვენი სარეალიზაციო ბაზარი ამ ეტაპზე მაინც თბილისი და ბათუმი იქნება, რადგან მოთხოვნა ბიო პროდუქტზე იზრდება, ხალხს სურს მიიღოს ჯანმრთელი პროდუქტი და მზად არის გადაიხადოს მასში შესაბამისი მაღალი ღირებულებაც. მარცვლეული კულტურების კუთხით კი ვფიქრობთ, რომ საკუთარი ფრინველის და საქონლის გამოსაკვებად გამოვიყენებთ, რაც საკმაოდ დიდ ფინანსურ შეღავათს მოგცემს.
_ როგორ შეეგუეთ ქალაქიდან სოფელში ცხოვრებას?
_  განსხვავება ძალიან დიდია, მაგრამ კითხვა პირიქით უნდა დაისვას, როგორ ვეგუებით ქალაქში ჩასვლას საქმეებზე? პასუხი არის მარტივი, დიდად ვერ ვეგუებით. ის ქალაქის ხმაური და მუდმივი მოძრაობა ძალიან დამღლელია და შესაბამისად ვფიქრობთ, რომ სოფელში ვიპოვეთ ჩვენი სიმშვიდე. რაც მთავარია კი ამაში ძალიან დაგვეხმარა ჩვენი სოფლის და რაიონის მოსახლეობა, ვინც ძალიან თბილად მიგვიღო და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბევრი კარგი მეგობარი და ოჯახის წევრი შევიძინეთ. 
_ საბოლოოდ აპირებთ აქ დამკვიდრებას?
 _ ყველაზე რთული კითხვა არის, რომელზეც ცალსახად პასუხის გაცემა რთულია. ყველაფერი დამოკიდებულია განვითარების ეტაპებზე. მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ სოფლის მეურნეობას ვუყურებთ როგორც ბიზნესს და არა ცხოვრების წესს, შესაბამისად სადაც იქნება ჩვენი ფიზიკურად ყოფნის   საჭიროება, იქ ვიქნებით.

ესაუბრა ნინია ბარამიძე         

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 1 676
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა