როგორი იყო ქართული განათლების სისტემა საბჭოთა კავშირის დროს?! პასუხი ცალსახაა კარგი არა, მაგრამ იმაზე უკეთესი ვიდრე დღეს გვაქვს. გარეგნულად თითქოს მოწესრიგებული იყო. სკოლაში დადიოდა ყველა, არ აცდენდნენ გაკვეთილებს, მობილიზებული იყო დირექცია და პედკოლექტივი. რა თქმა უნდა, მაშინაც იყვნენ ჭკვიანი, კვალიფიციური, საგნის მცოდნე პედაგოგები, რომლებიც პირნათლად ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას. სახელმძღვანელოებიც ნორმალური იყო. მაგალითად, მათემატიკის სახელმძღვანელო გათვლილი იყო საშუალო დონის მოსწავლეზე. ყველას ჰქონდა შესაძლებლობა, ესა თუ ის საკითხი საფუძვლიანად აეთვისებინა. ამის საშუალებას წიგნი იძლეოდა. ასე რომ, თუ მაშინდელ სკოლას ჩამოვაცილებთ პოლიტიკას, საქმე კარგად მიდიოდა. სასკოლო პროგრამას ბავშვების გარკვეული ნაწილი შესანიშნავად ითვისებდა და უმაღლეს სასწავლებელშიც საკუთარი ცოდნით ადვილად ეწყობოდა (ეს არ ეხებოდა რამდენიმე პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელს და ფაკულტეტს, სადაც, ცოდნასთან ერთად, ჩაწყობაც იყო საჭირო). ასეთია შორიდან დანახული საბჭოთა სკოლა.
ერთი რამეც უნდა აღინიშნოს, თითოეულ კლასში საშუალოდ 30 მოსწავლე სწავლობდა და აქედან 5-6 ამთავრებდა უმაღლეს სასწავლებელს, არსებობდა პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლები, ახალგაზრდობის დიდი ნაწილი პროფესიას ეუფლებოდა, თუმცა უმაღლეს დამთავრებულთა რაოდენობა მაინც აღემატებოდა სამუშაო ადგილებს და კადრები იყო საშინლად გაბერილი, უმაღლესი განათლების დიპლომი არ ნიშნავდა კვალიფიციურ ცოდნას, ჩატყობით უმაღლეს დამთავრებულები უფრო მაღალ თანამდებობებზე მაშინაც ინიშნებოდნენ, თუმცა დიპლომი და რაღაცის ცოდნა აუცილებელი გახლდათ.
თუ სკოლას პოლიტიკას ჩამოვაშორებთ, მაშინ საბჭოთა სკოლაში საქმე კარგად მიდიოდა თითქოს, მაგრამ კომუნისტური პარტია განა ისეთი გულუბრყვილო იყო, რომ სკოლა პოლიტიკისაგან გაეთავისუფლებინა? რა თქმა უნდა, არა. ამიტომ, პოლიტიკის ელემენტები დაწყებითი კლასებიდანვე რომ შეეტანათ, შექმნეს ორგანიზაცია „ოქტომბრელები“, შემდეგ კლასებში კი იყო პიონერული და კომკავშირული ორგანიზაციები. კომპარტიაში დირექციის წევრები და პოლიტიკურად აქტიური მასწავლებლები იყვნენ გაერთიანებული. კომკავშირი და კომუნისტური პარტია ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ მოსწავლეებში ჩაენერგათ კომუნისტური სულისკვეთება.
მაშინ მოსწავლე ვიყავი და ბევრი რამ შეიძლება არ მახსოვს, მაგრამ ის კარგად მახსოვს გაკვეთილები გვიცდებოდა მაშინ, როცა დირექტორი პედაგოგებს შეკრებდა და ყრილობის მასალებს გააცნობდა, ეს პერიოდულად ხდებოდა და არა ყოველთვის, გარკვეული თარიღების წინა დღეებში მხოლოდ. იყო ერთი ჟრიამული და მხიარულება ვაშაა გაკვეთილები ცდება, ან კიდევ რომელიმე ღირსშესანიშნავი თარიღი ახლოვდებოდა და პარადისთვის ,,მარშიროვკაზე’’ ფისკულტურის მასწავლებელი გვამეცადინებდა.
პედაგოგებიდან ყველა კომუნისტური პარტიის წევრი არ იყო, მათ შორის იყო დედაჩემიც. იგი რუსულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა მაღალ კლასებს, რუსულ ენას საკმაოდ ბევრი საათები ჰქონდა დათმობილი, კლასიც ამ საგანში შუაზე იყოფოდა. ენის სახელმძღვანელო ცალკე იყო, ლიტერატურის - ცალკე. ლიტერატურაში ისწავლებოდა რუსი კლასიკოსები, მათი ცხოვრება მოღვაწეობა და გამორჩეული ნაწარმოებები სრულად ან შემოკლებით. პუშკინი, ლერმონტოვი, ჩეხოვი, გოგოლი, ტოლტოი და ა.შ. ტექსტის დაზეპირება არ იყო კარგი მიდგომა, მაგრამ სულ არაფრის ცოდნას მაინც სჯობდა. ტექსტის გააზრებას გარკვეული დრო ჰქონდა დათმობილი. რაც შეეხება უცხოელ კლასიკოსებს ძალიან ბევრ მოსწავლეს ჰქონდა ბალიშის ქვეშ ამოდებული წიგნები სხვადასვა უცხოელი კლასიკოსების ნაწარმოებებისა საყვარელი ჟანრის მიხედვით.
ქართულ ენასა და ლიტერატურაში იყვნენ გამორჩეული პედაგოგები, რომლებსაც გაკვეთილებიდან არ ვუშვებდით ხანდახან დასვენებებსაც კი ვიყენებდით, როცა თემა საინტერესო იყო, რომელიმე მწერლის ნაწარმოების ირგვლივ განსხვავებული აზრის გამოთქმა საკონტროლო წერის დროს არ იყო დასაშვები, მაგრამ თავად ტექსტის ცოდნა და გააზრება ჩვეულებრივად ხდებოდა. კლასში მსჯელობა მიდიოდა, რა იყო ცუდი და რა - კარგი. ლიტერატურაში გაკვეთილზე ზეპირი აზრის გამოთქმა არასოდეს ყოფილა შეზღუდული. ხუმრობა და მხიარული რეპლიკებიც მისაღები იყო და არასოდეს დაგვავიწყდება ის გამონათქვამები, ექსპრომტები თუ სხარტულები, რაც კი გაგვიჩნდებოდა.
იყვნენ პედაგოგები, ვინც თავდაუზოგავად მუშაობდნენ, რათა მოსწავლეებისათვის გაკვეთილი საინტერესო გაეხადათ.
მათემატიკაში არსებობდა დამხმარე სახელმძღვანელოები, თოფურიას და სკანავის წიგნები. ამაზე მუშაობა ძირითადად რეპეტიტორებთან ხდებოდა.
რა ხდება ახლა სკოლებში? ახლა კომუნისტური რეჟიმი აღარაა, მაგრამ სკოლებსა და სხვა სასწავლო დაწესებულებებს ხელისუფლება მაინც იყენებს სათავისოდ. ოღონდ სიტყვა „კომუნისტური“ შეიცვალა იმ პარტიის სახელით, რომელიც ხელისუფლებაში მოდის.
მაგალითდ, შევარდნაძის დროს იყო მოქკავშირი, სააკაშვილის დროს - ნაცმოძრაობა, შემდეგ „ოცნება“… პარტიის დასახელებას რა მნიშვნელობა აქვს, თუკი სასწავლო დაწესებულებებში ისევე მოიქცევიან, როგორც კომუნისტები?
განათლების სისტემა ამჟამად სავალალო მდგომარეობაშია. 90-იანი წლების ბნელეთიდან გამოსულმა სისტემამ, უამრავ არასწორ რეფორმას გაუძლო, რეფორმა რომ აუცილებელი იყო ეს ცხადია, მაგრამ სწორი და მიგნებული. ჩვენი მართლაც პროფესიონალი პედაგოგების წყალობით დღემდე მრავალი დაბრკოლება იქნა გადალახული. თავად ვარ მომსწრე ჯერ კიდევ ღუმელის პირას როგორ ატარებდნენ გაკვეთილებს ახლა უკვე დამსახურებულ პენსიაში გასული მაყვალა გვარჯალაძე და ლილი კვასხვაძე, ეს დუეტი სანიმუშო იყო. ასევე შესანიშნავი ცვლა დატოვეს მათ პირველ საჯარო სკოლაში, ახლანდელი მოქმედი პედაგოგების სახით. ეს ფაქტი მაგალითის სახით მოვიყვანე, თორემ კარგი პედაგოგი საბედნიეროდ თითზე ჩამოსათვლელი ნამდვილად არ გვყავს. ასე რომ, იმას, რაც ხდება პედაგოგებს ვერ დავაბრალებთ, სისტემური პრობლემაა და უფრო და უფრო ღრმავდება და რეგრესისაკენ მიჰყავს განათლების სისტემა. ონლაინ სწავლებამ კი ღრმა პაუზა დატოვა ამ სფეროში, როდის ჩადგება ისედაც ამოვარდნილ კალაპოტში ყველაფერი, კაცმა არ იცის.
მათემატიკოს სოსო კვაჭაძეს ხშირად უთქვამს ჩვენთვის, სოციალური დაკვეთა ცოდნაზე არ არსებობსო, თავისთავად ცხადია, როცა ყველა აბიტურიენტი მექანიკურად გახდება სტუდენტი და ჩვეულებრივ მაღაზიაში კონსულტანტს ბაკალავრის დიპლომი მოეთხოვება, მაშინ ეს არაა არაფერი. ასე რომ ცხადზე უცხადესია, საბჭოთა განათლების სისტემა თავისი უდიდესი ხარვეზებით გაცილებით უკეთესი ყოფილ,ა ვიდრე დღესაა. თუკი მან რაიმე გადმონაშთი დატოვა ეს პარტიული კუდები გახლავთ, რომელიც ვერც ერთმა სისტემამ ვერ უარყო. კიდევ ერთს ვიტყვი და ამით დავასრულებ: საბჭოთა კავშირის დროს საშუალო სკოლის სამოსანმა კურსდამთავრებულმა იცოდა ბევრი რამ ტექტიკური და ჰუმანიტარული მეცნიერებებიდან. ახლა რა იციან ბარიერგადალახულმა სტუდენტებმა? ესეც გასაგებია.
იმედს ვიტოვებთ, რომ სწორად მოხდება იმის გააზრება, რა დაგვიტოვა საბჭოთა კავშირმა განათლების სისტემაში? რისი ჩამოცილება ვერ შეძლო ვერცერთმა ხელისუფლებამ და რა მივიღეთ შედეგად?
როგორი იყო განათლების სისტემა საბჭოთა კავშირის დროს და როგორია ახლა?
მაია კუკულაძე
განყოფილება: კულტურა
გადასვლები: 2 812