აჯობეთ ეშმაკს!
ხალხი გაღიზიანებულია, ზოგი დეპრესიული, დადარდიანებული, ზოგიც ნაადრევად დაძაბუნებული და დაბერებული. ხალხის ასეთი მდგომარეობა, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში უფრო იგრძნობა. მახსოვს საბჭოთა კავშირის ბოლო წლების მოსკოვი. იქ არა მარტო სხვა რესპუბლიკებიდან, არამედ მოსკოვის გარეუბნებიდან ჩასულ ხალხს მოსკოველები ვერ იტანდნენ. მიზეზი კი, პირველ რიგში, პროდუქტების და სხვა საყოფაცხოვრებო საჭიროების ნივთების თუ ტანსაცმლის ნაკლებობა იყო. გარეუბნების პროდუქტების მაღაზიებში კი - ცარიელი დახლები. საბჭოთა მოსკოვი ცდილობდა, რომ დასავლეთიდან ჩამოსულ სტუმრებს არ შეეგრძნოთ აღნიშნული სიღარიბე და ყველაფერი, თუ კი რამე ჰქონდათ, ცდილობდნენ მოსკოვის მაღაზიებში შეეტანათ. პროდუქტების თუ ტანსაცმლის მაღაზიებთან გრძელი რიგები იდგა. რიგები ყველაფერზე. ზოგი რიგს იკავებდა ისე, რომ არ იცოდა, რა იყიდებოდა და ფიქრობდა - ბოლოში რომ გავალ, რაღაც დეფიციტური იქნება და ვიყიდიო - ფული მაინცდამაინც არ ჭირდა, ხოლო ვისაც მატერიალური გაჭირვება ჰქონდა, რიგს იკავებდა და ამ რიგს ყიდდა. კარგად მოგეხსენებათ რიგში დგომა თუ ვის უჭირდა, ან ეზარებოდა. სწორედ ჩვენ, ქართველებს, ჩვენ ვყიდულობდით რიგებში ადგილებს (და სწორადაც ვიქცეოდით, რადგან ვიცით ჭეშმარიტება - დრო ფულია).
დღეს საქართველოშიც მკვეთრად შეიცვალა ადამიანის ფსიქოტიპაჟი, მაგრამ ამის მიზეზი სულ სხვა გახლავთ. მიზეზი არა პროდუქტების ნაკლებობა, არამედ მსყიდველობის უნარის დაკარგვაა. მაგრამ მოსკოვის იმ პერიოდს მაინც ჰგავს: გინდ პროდუქტი არ გქონია და გინდ პროდუქტის შესაძენი ფული. ყველაფერი ეს, მაშინ საბჭოთა ბოლო წლებში, რომელიც მე მოსკოვში გავატარე (ჩემი სამედიცინო მოღვაწეობის გამო) სისტემის ჩამოშლამ გამოიწვია (საბჭოთა კავშრის რღვევამ). დღეს საქართველოში, სხვადასხვა სფეროში, გაუმართავი, დაულაგებელი სისტემის ბრალია ყველაფერი. პრობლემები ხელოვნურადაა წარმოშობილი, რადგან გაჩნდნენ ძალიან მდიდრები და ძალიან ღარიბები. საშუალო ფენა, რომელიც ქვეყნის სიძლიერეს ქმნის, უფრო სიღარიბისკენაა და თან ყოველდღიურად ღარიბდება ეროვნული ვალუტის თითქმის ყოველდღიურ დაცემასთან ერთად. მართალია გარე ფაქტორები პლუს პანდემია დიდ როლს თამაშობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისა და პოლიტიკის, რბილად რომ ვთქვათ, გაყინვაში, მაგრამ მთავარი დამნაშავე მაინც ჩვენში, ქართველებში, ძირითადად იმათში უნდა ვეძებოთ, ვისაც ეკონომიკისა და პოლიტიკის სადავეები უპყრიათ ხელთ.
გამოსავალი: ყველა სფეროში ძირეული რეფორმებია ებელი. რეფორმატორები კი განსაკუთრებით ჭკუით უნდა შეირჩეს ხალხის მიერ, რაშიც დასავლეთის დახმარება აუცილებლად გვჭირდება, თორემ ბიძაშვილ-მამიდაშვილობით (და არა პროფესიონალიზმით) სამსახურებში დანიშნული ადამიანები ისევ ისეთივე „რეფორმებს“ ჩაატარებენ, როგორიც დღემდე ტარდებოდა, მაგალითად, ჩამოშლილ სამართალდამცავ სისტემაში. მე პირადად, ექიმმა, ვინც დღედაღამ ავადმყოფების ჯანმრთელობაზე ზრუნვით ვცხოვრობ და სხვა საქმეებისთვის დრო ნაკლებად მრჩება, ამ დაულაგებელი და გაუმართავი იურიდიული სისტემით დიდი ფსიქოლოგიური ზიანი მივიღე. ათასობით თუ არა ასობით ქართველი წლების განმავლობაში ნამდვილად მყავს მიქელ-გაბრიელისთვის წართმეული. მაგრამ პოლიტიკურ სავარძლებში მოკალათებულებმა მაინც სიბოროტეს დაუჭირეს მხარი, რადგანაც ვიღაცამ ზემოდან დარეკა, რომ კი დააშავა ჩემმა ახლობელმა, მაგრამ იგი არ უნდა დაისაჯოსო, რაც ადგილობრივმა მონური ფსიქოლოგიის მქონეებმა უსიტყვოდ შეასრულეს. წესი, კანონი, კონსტიტუცია, ე.წ. ლენიანი პირების ბიძაშვილ-მამიდაშვილებზე არ ვრცელდება. (თუმცა, მეც საკმაოდ გავლენიანი მეგობრები და ნათესავები მყავს, მაგრამ მსგავს რამეს არ ვკადრულობ). ასეთებს კიდევ უნდათ ხელისუფლებაში მოსვლა (გაუტკბათ). რა, მეორედ თუ მესამედ მოსვლის შემდეგ ააშენებენ გურიას და მთელ საქართველოს?
მიუშვით ღირსეული ადამიანები „საჭესთან“ და ნახავთ, თუ არ შეიძლება ქვეყნის აშენება, თანაც უმოკლეს დროში. აჯობეთ ეშმაკს საკთარ თავში საქართველოს გულისთვის, სამშობლოს გულისთვის. ახლა ისეთი დრო დადგა, რომ ქართველებმა ყველგან და ყველებით უნდა ვიმოქმედოთ, სულერთია მდიდარი ხარ თუ ღარიბი. გააღვიძეთ თქვენს გულში მიძინებული პატრიოტული გრძნობები და დიდი ხნის უკან დასმულ კითხვასაც - გვეშველება რამე? პასუხი გაეცემა - გვეშველება! გვეშველება!...
და ბოლოს სიხარულით ვიყვირებთ - გვეშველააა!!!
მიუშვით ღირსეული ქართველები ,,საჭესთან",, და ნახავთ, თუ არ შეიძლება ქვეყნის აშენება
ამირან ქანთარია
მედიცმედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, კლინიკა “ჯანმრთელობის” დირექტორი
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 824