"ნიგოითი ჩემთვის ყველაფერია" _ ეს სიტყვები ეკუთვნის ლანჩხუთის რაიონის სოფელი ნიგოითის მკვიდრს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, კლინიკა ,,ვივამედის" კლინიკურ დირექტორს, ბატონ ზურაბ ჩხაიძეს.იგი დაიბადა 1958 წელს, პედაგოგების - ჩემი უფროსი მეგობრებისა და კოლეგების ოჯახში. დედა - ჟუჟუნა ტუღუში, რუსული ენისა და ლიტერაურის წარმატებული პედაგოგია. მამა - ბაღდუ ჩხაიძე ფისკულტურის მასწავლებელი იყო, რომელიც სამწუხაროდ 44 წლის ასაკში გარდაიცვალა. მაშინ ბატონი ზურაბი საშუალო სკოლას ამთავრებდა. დედამ, ჟუჟუნა მასწავლებელმა, თავისი საქმის პროფესიონალმა, მასწავლებელთა მასწავლებელმა, პრინციპულმა, სამართლიანმა, ზნეკეთილმა, ქართველი ქალის ეტალონმა, გადამწყვეტი როლი ითამაშა შვილების სამომავლო ბედ-იღბლის განსაზღვრაში. დღეს იგი საკმაოდ ასაკიანი ქალბატონია, მაგრამ მიუხედავად იმ დიდი ტკივილისა, რაც მას ცხოვრებამ მიაყენა, კარგი პატრონის ხელში, მაინც მხნედ გამოიყურება.ბატონმა ზურაბმა დაამთავრა ყუბანის (კრასნოდარის) სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. განაწილებით მოხვდა პენზის ოლქში, სადაც მან პირველად ჩაატარა დამოუკიდებელი ოპერაცია.
წლების მანძილზე მუშაობდა ლენინგრადსა თუ სხვადასხვა დიდ ქალაქებში. შორს წაგვიყვანდა მისი ტიტულების თუ თანამდებობების ჩამოთვლა, რაზედაც შეგნებულად ვიკავებ თავს.
ჰყავს მეუღლე - გულიკო მექვაიშვილი, ექიმი-ანესთეზიოლოგი. ისინი 30 წელზე მეტია ერთად მოდიან.
ჰყავთ ვაჟი ბაღდუ (ბაჩო) ჩხაიძე, მედიცინის მუშაკი-სტომატოლოგი, დაოჯახებული.
ბატონ ზურაბს ძალიან უყვარს თავისი სოფელი. თუკი თავისუფალ დროს გამონახავს, არის სოფელში, მუშაობს ფიზიკურად საკუთარ კარმიდამოში.
იგი ძალიან კეთილი და ყურადღებიანია ყველას მიმართ. მისი ყურადღებიანობა ჩემს ოჯახსაც ერგო წილად.
მეამაყება, რომ ბატონი ზურაბი ჩვენი სოფლის შვილია.
ვუსურვებ მშვიდობას, წინსვლას და წარმატებებს მის ყოველდღიურ საქმიანობაში.
ღმერთმა ამრავლოს საქართველოში ასეთი ადამიანები!
ვენერა ხუხუნაიშვილი
კარგი სიტყვა კარგ ადამიანზე
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 1 039