ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ხასან კუნჭულია-ფეხადგმულ სიკეთედ ქცეული კაცის სახელი

22-01-2021, 12:02

ჩემო ძვირფასო გურულებო, გილოცავთ ყველას კალანდას, შობას, ნათლუისღებას! გისურვებთ სიხარულს, ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს!
მძიმე ეპოქაში მოგვიხდა ცხოვრება. მიმდინარეობს ზნეობრივი ღირებულებების გადაფასება, ამას ემატება ეკონომიკური კრიზისი. ადამიანები ყოფითი პრობლემების გამო უაღრესად გაღიზიანებულები და აგრესიულები გახდნენ, მაგრამ რადგანაც „წუთია ჩვენი სოფელი“ უნდა ვიპოვოთ საკუთარ თავში ძალები. მოვეფეროთ, გავუფრთხილდეთ და გულები გავუთბოთ ერთმანეთს, რამეთუ ყველაფერი წარმავალია. დიდი მარკუს ავრელიუსი ბრძანებდა: დრო ისეთი დაუნდობელია თვით სახელიც წარმავალიაო ბოლოს.
ამ ფიქრებმა მომაგონა ერთი კარგი კაცი, შესანიშნავი მოქალაქე, მხატვარი, ტექნიკოსი და კარგი ინტელექტით შემკობილი ბატონი ხასან (შალვა) კუნჭულია. იგი დაიბადა 1938 წელს, ლანჩხუთის რაიონის სოფელ ლესაში. აქვე დაამთავრა საშუალო სკოლა და სწავლა გააგრძელა თბილისის ლადო ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო ტექნიკუმში. მისი დამთავრების შემდეგ 25 წლის განმავლობაში მუშაობდა ლანჩხუთის სახალხო თეატრის მხატვრად.
იმ წლებში ლანჩხუთის სახალხო თეატრის დასი უნიჭიერესი მსახიობებით იყო შემკობილი. ხოლო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად და დირექტორად მოღვაწეობდა დიდი მსახიობი, სახასითო როლების უბადლო შემსრულებელი ბატონი ვალოდია წულაძე. რაკი ბატონი ვალოდია ვახსენე აქვე მინდა აღვნიშნო, რომ იმჟამინდელმა მთავრობამ და კულტურის სამინისტრომ არა და არ აღირსა ბატონ ვალოდიას სახალხო არტისტის წოდება.
ხასან კუნჭულიამ გარდა იმისა, რომ საუცხოოდ გააფორმა თეატრის მაშინდელი სპექტაკლები, არაერთი ეპიზოდური როლიც ითამაშა. იგი გახლდათ კაცი, რომელიც ხელოვნების, ტექნიკის დარგებში ენციკლობედიურ ცოდნას ფლობდა. გააჩნდა უმდიდრესი ბიბლიოთეკა და სახელოსნო, რომელშიც არაერთი უნიკალური ინსტრუმენტი ინახებოდა.
სამწუხაროდ, თავისი სიცოცხლის ბოლოს 10-15 წლის განმავლობაში (მხედველობაში მაქვს გასული საუკუნის 80-90 იანი წლების პირველი ნახევრი) ყოფითი პრობლემების გამო, ძირითადად გამოყენებითი ხელოვნებითი ხელოვნებით იყო დაკავებული და თავისი საყვარელი საქმისთვის (ხატვისთვის) ვეღარ იცლიდა, რაზედაც ძალიან წყდებოდა გული. მას შექმნილი ჰქონდა რამდენიმე შედევრი, რომელიც უზომოდ უყვარდა. მახსოვს მის მიერ შესრულებული პატარა ნახატი „კალანდა გურიაში“. 70-იანი წლების ბოლოს იაპონიაში - ტოკიოში ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. ერთ ქართველ მხატვარს (სამწუხაროდ გვარი აღარ მახსოვს) უთხოვია - გამატანე ხასან „კალანდა გურიაში“, დარწმუნებული ვარ იაპონელი მხატვრების დიდ აღიარებას მოიპოვებსო, მაგრამ ვერ გაატანა ავტორმა დაკარგვის შიშით.
ხასანი პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწეოდა. ლესის საშუალო სკოლაში ხატვასა და ხაზვას ასწავლიდა. სოფელ ლესის ძვირფასი შვილი, საზოგადოების უკეთესი წევრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის პროფესორი, ბატონი თამაზ გოგიჩაიშვილი თავის წიგნში - „ჩვენი ლესა“ იგონებს: იმხანად პედაგოგთა დახელოვნების ინსტიტუტში ვმუშაობდი  ფსიქოლოგიის კათედრის გამგედ. ინსტიტუტის დირექციამ ლანჩხუთის რაიონის საშუალო სკოლებში ხაზვის სწავლების შესწავლის მიზნით მოავლინა ხაზვის კათედრის გამგე, ქალბატონი ზეინაბ რაფავა. მან იცოდა ჩემი ლესელობის  შესახებ. მივლინებიდან დაბრუნებულმა რაფავამ მეორე დღეს ჩემი კაბინეტის კარი შემოაღო. თამაზ, იცი ლესაში ხაზვის გაკვეთილზე შალვა (ხასან) კუნჭულიას დავესწარი, - დაიწყო რაფავამ. შევცბუნდი, ხასანს ხაზვის სწავლების არავითარი კურსები არ ჰქონდა გავლილი.
- მერე ქალბატონო ზეინაბ? - შეშინებული შევეკითხე.
- მერე ბატონო, სამართალი რომ იყოს ბატონო შალვა, უნდა იყოს ჩვენი ინსტიტუტის ხაზვის კათედრის გამგე, მე სკოლის ხაზვის რიგითი მასწავლებელი.
შვებით ამოვისუნთქეო, ამბობდა ბატონი თამაზი.
იუმორი ჰქონდა დახვეწილი ხასანს. ერთხელ სუფრასთან ვსხედვართ, შევქეიფდით. ერთი მასთან შეზრდილი კაცი, რომელიც დღეს ცოცხალი აღარაა (სახელს შეგნებულად არ ვასახელებ) დათვდა და ძლიერ ბევრს საუბრობს. 
- ბიჯო, - ეუბნება ხასანი, - რომ შეგხედოს კაცმა თავი პროფესორს მიგიგავს, მარა შით ნიგვზის ღენჭოპაის ხელა ტვინი არ გაქვს. თქვე ამ კაცის ჰაბიტუსი რომ გცოდნოდათ, სიცილს ვერ შეიკავებდით.
რაკი იუმორზე ჩამოვარდა სიტყვა, ბატონი ვალოდია წულაძის შესახებაც მინდა გითხრათ. მისი იუმორი ხომ საყოველთაოდ იყო ცნობილი. ხასანი ყვება: „ ერთხელ თეატრში მორიგი რეპეციის შემდეგ, მთელი დასი ბატონი ვალოდიას კაბინეტში ვსხედვართ და სპექტაკლის შესახებ ვმსჯელობთ. უცებ კარი გაიღო, შემოვიდა საშუალო ასაკისა და სიმაღლის წვერგაუპარსავი კაცი, რომელსაც ფეხზე ტყავის ჩექმა ეცვა, თავზე კი ცილინდრი ეხურა.
 სამსახურში არ მიმიღებთ? - იკითხა დაუპატიჟებელმა სტუმარმა.
ბატონმა ვალოდიამ კითხვას კითხვა მიაგება:
- რა შეგიძლია შენ გააკეთო?
- შემიძლია ვიცეკვო, ვიმღერო, გიტარაზე, აკორდიონზე დავუკრა, - უპასუხა „სტუმარმა“.
- კარგი, მაგრამ ვინ ბრძანდებით თქვენ? - ისევ შეეკითხა ბატონი ვალოდია.
- მე ციგანი ვარ (ალბათ ეროვნება იგულისხმა უცნობმა).
გაღიმებულმა ვალოდიამ მსახიობებეს გადახედა და ასე მიმართა უცნობს:
- ბიჯო, აგენს რომ უყურებ, ყველაი ციგნებია, შენი ადგილი სადღა ვიპოვო?
ჩვენი ხარხარი ქუჩაში ისმოდა, ამბობდა ხასანი.
გარდა თავის პროფესიისა მრავალი სახის ტექნიკაშიც ერკვეოდა ხასანი და ყოველგვარი გასამრჯელოს გარეშე შეუკეთებდა სათხოვარით მისულ გაფუჭებული ტექნიკის პატრონს მიტანილ ნივთს. თან ასეთი რამის თქმა იცოდა: აი, ხომ კაცის გაკეთებულია, ჰოდა გაფუჭებული სხვა კაცმა რაფერ ვერ უნდა შეაკეთოსო.
საოცარ ცოდნას ფლობდა ხასანი ფილოსოფიისას. მუდამ მახსოვს მის მიერ წარმოთქმული იუმორით შეჯერებული სენტენცია: ძალიან მეშინიაო სიკვდილის, მაგრამ ყველამ გადაიტანა და მეც გადავიტანო ალბათ.
ძალიან უყვარდა პროზა და პოეზია. მშვენიერად წარმოთქვამდა ცნობილი სახალხო პოეტის მიხა ხელაშვილის ცნობილ ლექსს. ამ ავტორის შესახებ იმ დროს (45 წლის წინ) ჩვენ წარმოდგენაც არ გვქონდა.
ბოლო წლებში ხასანი უკურნებელი სენით იყო დაავადებული. ძალიან იტანჯებოდა, მაგრამ თავისი სატკივარის შესახებ საუბარს და წუწუნს სხვას არ აკადრებდა.
26 წელი გავიდა ხასან კუნჭულიას გარდაცვალების შემდეგ. დაუვიწყარია მისი ფეხადგმულ სიკეთედ ქცეული კაცის სახელი. მინდა მიხა ხელაშვილის ლექსის ერთი სტროფით დავამთავრო:
,,მოვა სიკვდილი უჩინო,
ერთ წამში აგყრის იარაღს,
ჩვენ რას წავიღებთ იმ ქვეყნად,
სხვას არა წაუღია რა“...
კოტე კუნჭულია, 
სოფელი ლესა

განყოფილება: ---
გადასვლები: 1 353
FACEBOOK კომენტარები