ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

გახდება თუ არა ლანჩხუთი უკეთესი მომავლისთვის მებრძოლი რაიონი?!

3-09-2021, 11:27

კარს მომდგარი არჩევნების თემ­­ამ თითქმის უკანა პლანზე გადაიწია, ახლა ყველას მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომა­რეობ­აღა ახსოვს, ერთმანეთს გავერი­დეთ, სახლებში ჩაკეტილები იმაზე ვფიქრობთ როდის დაიხევს უკან ვერაგი ვირუსი. ხელოვნური თუ ბუნებრივი, სინჯარაში გამოყვანილი თუ ზეცით მოვლენილი, ყველა მათგანი განსაცდელია და თავისი სიმძიმით პირდაპირპროპორციულია იმისა თუ როგორ ქვეყანაში ცხოვრობ?! როცა ვერ შეძლებ საკუთარი საქმე გააკეთო და არც ძველ დროში იყავი დალ­ხინებული, რაღა თქმა უნდა, მეტად გაგიჭირდება და ამას ვხედავთ ირგვლივ. 
,, თუ მთელმა ერმა გამარჯვება არ მოინდომა, მაკედონელიც ვერ უშველის, რადგან ჯერ არსად გაუ­მარჯვნიათ მშიშარებსა და მსტოვარებს“ - ამბობს კონსტანტინე გამსახურდია. სწორედ გამარჯვებაზეა ამჟამად საუბარი, ეს გამარჯვება ქვეყნის გადარ­ჩენას ნიშნავს და არა ისე ზოგი­ერთს რომ ჰგონია, თავად თუ გაიმარჯვებს ქვეყანა გადარჩება. 

ჩვენ ყველა პატარა რაიონის შვილები ვართ და ერთად უნდა ვეძებოთ გზები ამ გამარჯვებისაკენ. სულ რაღაც ერთ თვეში დავ­დ­გებით იმ არჩევანის წინაშე, რაც ფრიად საპასუხისმგებლო იქნება და მიუხედავად პარტიული გემ­ოვნებისა, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ჩვენ ამ არჩევანს ჩვენი რაი­ონის სასარგებლოდ გავაკეთებთ, ამჯერად ჩვენს წინაშეა პარტიათა ის სპექტრი, რომელთაც საკუ­თარი შეხედულებები აქვთ, თით­ოეულ მათგანს თავისი მხარდამ­ჭერი ჰყავს, მთავარია ის, რომ პროგრესულად მოაზროვნე ადამიანები მოვიდნენ ხელისუფლებაში. როცა რომელიმე პარტიის პარტიულ სიას კითხულობ არ უნდა იფიქრო, რომ ადამიანთა ეს ჯგუფი მხოლოდ იმისათვის შეგ­რ­ოვდა მარჯვენა ხელის აწევა იცოდეს, რომ რაღაც საკითხს მხოლოდ ხმა მისცეს და მეტი არაფერი. 
ჩვენს მცირებიუჯეტიან რაიო­ნში უამრავი პრობლემაა გადას­აჭრელი და თუ იმ პრინციპს გავატარებთ, პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებს მოვიყვანთ ადგილობრივ ხელისუფლებაში, შედე­გსაც შესაბამისს მივიღებთ. ჩვენ გვეყოლება საკრებულო, რომელსაც ექნება იმის რეალური შანსი ოპტიმალური გზით გადაჭრას ის პრობლემები, რაც ჩვენ რაიონს ამდენი ხანია აწუხებს.
ახლახან ეროვნული გამოცდები ჩატარდა და მიუხედავად იმისა, რომ სწავლა ონლაინ რეჟიმში მიმ­დინარეობდა და ამასთან ერთ­ად განათლების სისტემას დიდი პრობლემები აქვს, ჩვენი რაიონის 100-ზე მეტი ახლგაზრდა ჩაირ­იცხა უმაღლესს სასწავ­ლებლ­ებში, ისე არ უნდა მოხდეს, რომ დიდმა ქალაქებმა ჩაყლაპონ ისი­ნი, მათ არ უნდა შეექმნათ განცდა იმისა, რომ არასოდეს ექნებათ შანსი გამოიყენონ საკუთარი პროფესიები მშობლიურ ქალაქში, ან მოხვდნენ ადგილობრივ ხელ­ისუფლებაში. 
აქვე უნდა დავსძინო ისიც, რომ ამდენი უმაღლესდამთავრებული არა თუ პატარა რაიონს, საქართ­ველოსაც კი ეყოფა, თუმცა ახალგაზრდას უნდა შეეძლოს საკუთ­არი შესაძლებლობები სწორედ აქ დახარჯოს.
ერთი ამბავი გამახსენდა, დიდი ხნის წინათ მოხდა. ისტორიის ფაკულტეტი დაამთავრა ერთმა ჩვენებურმა კაცმა და მერე ვაჭ­რო­ბაში წავიდა, დიდი მარიფათიც გამოიჩინა და მამას უთხრა: - რეიზა გამიშვი ისტორიულზე, რა­ვა ვაჭრობას ისე ვერ შევძლე­ბდი თუ არ მეცოდინებოდა, ნაპოლეონ ბონოპარტე როის დეესხა თავს რუსეთს. 
შე აბდალა, ჩეიდევი ჯიბეში მაი დიპლომი, გინდა თოხი ურტყი და გინდა დახლთან დადექი, მაი სულ ერთია და იი უბედური ნაპოლეონის ამბავი აღარ გეიხსენო და მორჩა - ურჩია მამამ. 
ჩვენ ამ ახალგაზრდებს შანსი იმის მიხედვით უნდა მივცეთ, რა არჩევანიც გააკეთეს მათ თავისი მომავლისათვის. თუ რაიონი არ განვითარდა კიდევ ბევრ ახალგაზრდას მოუწევს აქაურობის დატოვება. ახლა კვლავ არჩევ­ნე­ბის თემას დავუბრუნდეთ. ,,ქართ­ული ოცნება დემოკრატიული საქ­ართველო“; გახარიას პარტია ,,საქართველოსათვის“;,,ნინო ბურ­ჯანაძე დემოკრატიული საქართ­ველო“’ ,,მესამე ძალა -სტრატეგია აღმაშენებელი“. გაერთიან­ებ­ული ოპოზიცია: ,,ნაციონალური მოძრაობა“, ,,ევროპული საქართ­ველო“, პარტია ,,ლელო“, ,,გირჩი მეტი თავისუფლება’’ ეს იმ პარ­ტიათა ჩამონათვალია, ვინც ჩვენს რაიონში არის წარმოდგენილი. გურიაში რომ ყველა მეორე კაცი პოლიტიკოსია, ესეც ვიცით, თუმცა ბოლო პერიოდში, ნებსით თუ უნებლიედ, დავთმეთ ასპარეზი და თვითდინებას მივყევით, გაჭირ­ვ­ებამ და ყოველდღიურმა პრობლემებმა დაგვავიწყა, ხვალინდელი ქათამი რომ ჯობია დღევანდელ კვერცხს. ხშირად ვხვდებით სოც­იალურ ქსელში, ერთმანეთს ეუბნებიან ამა თუ იმ პოლიტიკური გუნდის წევრები, ჩვენ გავიმა­რ­ჯვებთო. არ შეიძლება გული არ გეტკინოს იმიტომ, რომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ და ეს უნდა იყოს უკეთესი მომა­ვლისათვის მებრძოლი რაიონი.
 მოდით ვთქვათ სიმართლე და თეთრი არასოდეს იქნება შავი ან პირიქით. საქართველო არ ,,ყვა­ვის“ და მათ შორის გურულებსაც გვიჭირს ცხოვრება. მოჩვენებითი უკეთესობა არ არსებობს. ჩვენი სოფლები 20-იანი წლების სოფ­ლებს ჰგავს. გზა, წყალი და კომ­უ­ნიკაციები ყველგან პრობლემაა. მოსახლეობას შემოსავალი არა აქვს. არ გვაქვს საქმე სატრაბახოდ, მაგრამ თუ ვიფიქრებთ, რომ ყველაფერი ისე მოხდება, როგორც საბჭოთა კავშირში ხდებოდა, თავს დავიმშვიდებთ მხოლოდ. ძველებ­ური მიდგომები ბუნებრივად კარგავს ძალას და ახლა ბევრ რამ­ეზე გვეცინება მხოლოდ. 
საქმე იმაშია, რომ თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ არც ქვეყანა გვექნება და არც ჩვენი თბილი და ტკბილი ლანჩხუთი თავისი საოცარი სოფლებით, იმ სოფლებით, სადაც ყველაგან გაჭირვებაა. საბ­ჭ­ოთა კავშირი იმიტომ ვახსენე, რომ ჩვენ ვერ მივუდგებით საქმეს იმ მეთოდებით, რომელმაც 70 წელი იბატონა და ახლაც თი­თქმის იგივე მეორდება. ვხედავთ რომ ძველებური მიდგომები არ გამოდგა, ამას ნებისმიერი შემხვ­ედრი გვეუბნება, ხალხი შეიძლება წამიერად ბრბოდ იქცეს, თუმცა იგი სულის სირღმეში თითოეუ­ლმა ჩვენგანმა იცის, რომ ცვლი­ლებები გვჭირდება. 
სწორედ ამის განსჯისათვის და­მჭირდა ამხელა ტირადა, ერთსა და იმავე წრეზე რომ არ დავტრი­ალდეთ. ის არჩევანი უნდა გავა­კეთოთ, რაც პროგრესულ აზრო­ვნებას მოიყვანს ხელისუფლებაში და ჩვენ აუცილებლად ერთად გავ­იმარჯვებთ!
 მაია კუკულაძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 832
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა