უკრაინას ღმერთმა დააკისრა მსოფლიო ისტორიული მისია, დაენახვებინა მთელი მსოფლიოსთვის რუსეთის ნამდვილი სახე, რომელიც აშკარად და ღიად დიქტატორულია. არადა, იგი მაინც რაღაც სახეს ინარჩუნებდა მსოფლიოსთვის რესურსების განაწილების კუთხით, რის გამოც მას ეკურკურებოდნენ მსოფლიოს დიდი პოლიტიკის ლიდერები, ბოდიშებსაც უხდიდნენ და ჩუმჩუმად რევერანსებსაც უკეთებდნენ. ამ დამოკიდებულების გამო მსოფლიოს ლიდერებმა დაჩაგრეს უკრაინა, უარი უთხრეს ნატოში მიღებაზე. უფრო მეტიც, მოატყუეს უკრაინელი ხალხი, წაართვეს ბირთვული იარაღი, დაპირდნენ გარანტიებს და მაშინ, როდესაც უკრაინას ბომბავენ რუსი სამხედროები მძიმე, აკრძალული ტეხნიკით და იმ დროს, როცა ბავშვები იღუპებიან, მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება, ნატო და ვითომ მსოფლიო დემოკრატიის მამები მხრების აჩეჩვით არიან შემოფარგლულნი, მხოლოდ ეკონომიკურ სანქციებზე ლაპარაკობენ და იმის შიშით, რომ არ დარჩნენ ჩათრეული ამ ომში, თითქოს იმალებიან. მათ უნდა იცოდნენ, რომ უკრაინაში თუ რუსი გაიმარჯვებს, შემდეგი ქალაქები, რომელიც დაიბომბება იქნება მათი დედაქალაქები: ბერლინი, პარიზი, ლონდონი და ა.შ.
მაგრამ უკრაინა, რა თქმა უნდა, უკან არ დაიხევს, ის შეასრულებს მსოფლიო ისტორიულ მისიას, როგორც მართლმადიდებელი ერი. მაშინ, როდესაც რუსეთმა თავისი ლიდერების თუ ვაიპოლოტიკოსების გამო დაკარგა მართლმადიდებლური სამყაროს ლიდერის როლი და გადაიქცა ანტიმართლმადიდებლურ სატანისტურ ძალად, რომელიც შიშის ზარს სცემს თავისუფლების მოყვარულ ერებს, ასეთ დროს ეს მისია ბუნებრივად დედა ღვთისმშობელმა დააკისრა უკრაინას და მის გარშემო მყოფ ერებს, რომლებსაც შეუძლიათ მართლმადიდებლობისთვის ყველაფერი გაიღონ. თავიც გასწირონ, ქვეყანაც გადაარჩინონ და სატანაც დაამარცხონ.
ამ როლს უკრაინა შეასრულებს.
2022 წელი იქნება სატანის დამარცხების წელი. უკრაინა აღდგება! ნუ ოცნებობენ გერმანელები, ფრანგები, ნურც ინგლისელები, ევროპის ლიდერობას. ევროპის ლიდერი და ცენტრი ქვეყანა გახდება უკრაინა, საქართველო კი მის გვერდით აღმოჩნდება, რომელიც იქნება განახლებული, ძლიერი გამარჯვებული, მართლმადიდებელი.
ყველა იმ ადამიანმა, ვისაც შეუძლია ჭეშმარიტ გზაზე მოქცევა და სიარული, უნდა მოახერხოს ეს და სწრაფად დაბრუნდეს ჭეშმარიტებასთან, რომ საქართველო იყოს ახალი ევროპის ნაწილი, მართალი ევროპის ნაწილი, რომელიც შეძლებს მსოფლიოში წესრიგის შენარჩუნებას. დანარჩენი იმპერიები რიხინ რიხინით მიყვებიან უკან რუსეთის იმპერიის ნგრევას.
წლევანდელი წელი იქნება ახალი სამყაროს ჩამოყალიბების დაწყების წელი, რომელსაც ვერაფერი ვეღარ შეაჩერებს. ეს იქნება სატანის დამარცხების და ეს მოხდება ჩვენს თვალწინ მთავარია ვიყოთ პირნათელი და ისტორიის მართალ მხარეს დავდგეთ. როცა უფალი გვკითხავს, თქვენ რა გააკეთეთ, როცა სატანას ებრძოდა მართლმადიდებლური ერი, რა გაიღეთ, ჩვენ უნდა ვიყოთ პირნათელი. თუ შევასრულებთ დედაღვთისმშობლის დავალებას, ვიბრძოლებთ თავისუფლებისთვის, თუ ჩვენ ვიქნებით სიმართლის მხარეს, მაშინ უფალი დაგვიცავს და გაგვაძლიერებს.
გაუმარჯოს თავისუფალ უკრაინას, უკრაინელ გმირ ხალხს! გაუმარჯოს საქართველოს!
გაუმარჯოს თავისუფლებას!
როცა უფალი გვკითხავს, თქვენ რა გააკეთეთ?!

ნონა გიგინეიშვილი
განყოფილება: რედაქტორის ჩანნაწერი
გადასვლები: 801