ფეხბურთელი, რომელიც ხვდება რომ ვეღარ თამაშობს, ვეღარ გააქვს გოლი და ა.შ. თამაშს თავს ანებებს, ბუცებს ლურსმანზე კიდებს და სხვა სფეროში აგრძელებს მუშაობას.
... როცა 30 წელია პოლიტიკაში ხარ, სპეციალობაში უთითებ, რომ ხარ პოლიტიკოსი; 30 წელიწადში 30 პარტია გამოიცვალე; კომუნისტური პარტიიდან დაწყებული ყველა მთავრობის ჩამოგდებაში გაქვს მონაწილეობა მიღებული, ყოველთვის იყავი დამანგრეველი, დამამხობელი და ვერაფრით ვერ ისწავლე შენება; იყავი პარლამენტის წევრი და არც ერთი კანონის შექმნაში არ მიგიღია მონაწილეობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, არ გიჩნდება კითხვა, რატომ უნდა აგიტანოს ხალხმა?
ბოლო პერიოდის მაგალითზე ვიტყვი.
ჯერ ოპოზიციით დავიწყებ.
ხალხმა აგირჩია დეპუტატად. არჩევნები ჩატარდა 2020 წლის ოქტომბერში. წელიწადი და ოთხი თვე გავიდა და დეპუტატების, ლამისაა ნახევარი, პარლამენტში ჯერ არ შესულა. თუ შევიდა, მხოლოდ ობსტრუქციის მოსაწყობად. ხელფასები მიღებული აქვთ, საქმე კი, რის კეთებაშიაც უნდა მიიღონ ხელფასი, არ უკეთებიათ. ახლახან მიღებული კანონი ითვალისწინებს იმას, რომ 6 თვის მანძილზე თუ არც ერთ სხდომას არ დაესწრები, უფლებამოსილება გიწყდება. ამას მოჰყვა ის, რომ ყველა, ვინც იძახდა, ვინც შევა პარლამენტში, მოღალატე იქნებაო, ერთმანეთს ასწრება პარლამენტში შესვლას.
ბოიკოტის რეჟიმში როცა გადავიდა ოპოზიცია, მოითხოვა საკუთარი სიის ჩახსნა, რაც ნიშნავს იმას, რომ როდესაც პარლამენტიდან გამოდიან, პარტიული სიით ადგილმონაცვლე ვერ შეჰყავთ. შესაბამისად, პარტია, რომელიც არ არის პარლამენტში, მას კანონის თანახმად უწყდება დაფინანსება. მაგალითად, პარტია ,,ლელოს“ 900 000 ლარი აქვს გამოყოფილი წელიწადში. ნათელაშვილის პარტიას 300 000 ლარზე მეტი... და ახლა ნათელაშვილი დევნილად აცხადებს თავს პარტიისთვის დაფინანსების შეწყვეტის გამო.
ოპოზიციურ პარტიებს დაავიწყდათ, როცა ალიკო ელისაშვილი შევიდა პარლამენტში, ან კიდევ ,,გირჩის“ ნაწილი, ერის მოღალატეები უძახეს მათ.
...და საერთოდაც, არ მესმის რატომ უნდა ფინანსდებოდეს პარტიები ბიუჯეტიდან? აკრიფეთ საწევრო გადასახადები და ირჩინეთ თავი.
ნორმალურ ქვეყნებში მიღებულია, რომ პარტიები დეპუტატობის კანდიდატებად არჩევენ ისეთ კადრებს, რომლებიც საპარლამენტო მუშაობისთვის არიან ოპტიმალური, საუკეთესო. საქართველოში პირიქითაა, პარლამენტში შეჰყავთ ის ხალხი, რომელთაც აქვთ დიდი ფული, აქვთ დიდი ბიზნესი. ისინი წინასაარჩევნოდ აფინანსებენ პარტიებს და შესაბამისად, მათ ხელში საპარლამენტო მუშაობა ვერაა ისეთი აქტიური, როგორიც უნდა იყოს. ამავე დროს ხდება ის, რომ ბიზნესმენი დეპუტატი ხდება თავისი ბიზნესის ,,კრიშა“, თან ,,საბიუჯეტო“ ბიზნესზეც გადადის აქტიურად.
დასავლეთში კი მხოლოდ პოლიტიკოსები არიან პარლამენტში. ბიზნესმენი კი აფინანსებს ამა თუ იმ პარტიას. ჩვენთან ერთდროულად ყველაფერია დეპუტატი... ჰოდა, ასეთი მმართველობის პირობებში ქვეყანა საერთოდ რომ არსებობს, ისიც გასაკვირია, წინ წასვლა კი არა.
მსოფლიო პანდემიის პირობებში, როდესაც ყველა ქვეყანა ვაქცინაციითაა დაკავებული და თვითგადარჩენაზე ფიქრობს, საქართველოში მოსახლეობის 40% აცხადებს, რომ აცრას არ გაიკეთებს. დღეში საშუალოდ 40 კაცი იღუპება. მეორე მსოფლიო ომის დროს 250 კაცი იღუპებოდა დღეში საშუალოდ. დღესაც ომში ვართ ჩაბმული. მთავრობას და შესაბამისად, მოსახლეობას ეს გაანალიზებული არა აქვს, როგორც ჩანს.
მთავრობა?
მთავრობა, რომელიც ამბობს აბსოლუტური უმრავლესობით მოვედითო, კრიზისის მართვა უნდა შეძლოს და ქვეყანა გადაარჩინოს საბოლოო ჩაძირვას.
სამთავრობო ცვლილებები განხორციელდა ბოლო დღეებში. ვფიქრობთ, ეს მხოლოდ მოჩვენებითი ცვლილებებია, კიდევ ერთხელ. რასაც შედეგი არ მოჰყვება. რადგან ყველასთვის ცნობილია, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ხალხის აგდება, მოტყუება კვლავაც მეორდება და გრძელდება. ერთეულთა გამილიონერება სხვათა გაღატაკების ხარჯზე გრძელდება.
ხალხს ყველაზე მეტად აღიზიანებს, როცა მას დასცინიან...
პარლამენტის თავმოწონებული უმრავლესობა რისთვის აირჩია ხალხმა? იმისთვის ხომ არა, მის გამდიდრებას რომ უძუძგუროს (უკაცრავად ასეთი სიტყვისთვის) შორიდან, გაღარიბებულმა და შესაბამისად დამცირებულმა ხალხმა.
,,სამშობლოსათვის თავდადებულები“ რისთვის აირჩია ხალხმა?! ვინ საქმიანობს, ვინ იღწვის ხალხისთვის?! არავინ...
სტატისტიკის მონაცემებით ძალიან მაღალი პროცენტით აღდგა აეროპორტის მუშაობა. რის ხარჯზე გასაგებია _ ნაკადებია დაყენებული ქვეყნიდან წამსვლელი ადამიანების. მიზეზებზე აქ აღარ ვისაუბრებთ.
... და ახლა ყველა ამბობს 30 წელი გავიდა და ქვეყანა წინ ვერ მიდის, ვერ ვითარდებაო.
ამიტომ წადით, ჩამოკიდეთ თქვენი პოლიტიკოსობა ლურსმანზე და გზა დაუთმეთ იმ ახალგაზრდებს ყოველდღიურად ქვეყანას რომ ტოვებენ.
ჩამოკიდეთ თქვენი პოლიტიკოსობა ლურსმანზე და გზა დაუთმეთ ახალგაზრდებს!

ნონა გიგინეიშვილი
განყოფილება: რედაქტორის ჩანნაწერი
გადასვლები: 765