,,ყველა ტყუის, მაგრამ ეს არ არის საგანგაშო, რადგან ისინი ერთმანეთს არ უსმენენ.” აინშტაინის ამ სიტყვებით დავამთავრეთ ჩვენი წინა ჩანაწერი. იგულისხმებოდა პოლიტიკაში ტყუილი.
დაფიქრდით ალბათ, რას ნიშნავს ამ შემთხვევაში ფრაზა _ არ უსმენენ. არადა, არ დავფიქრებულიყავით, წარმოუდგენელია. (რადგან ტყუილი ნორმალურ ადამიანს წესით არც მოწონს და არც სიამოვნებს. განსაკუთრებით სხვისი ტყუილი. აი, თავის ტყუილზე კი რა მოგახსენოთ...)
აინშტაინი მეზღაპრე არ იყო, ის ფიზიკოსი გახლდათ, ანუ ადამიანი, რომლის პროფესია კანონზომიერებას ექვემდებარება, რეალობას ეყრდნობა. შესაბამისია მისი აზროვნებაც. თუმცა ზღაპარსაც თუ მოვუსმენთ, გაგიკვირდებათ და იქაც მხოლოდ ობიექტურ რეალობას წავაწყდებით; თითქოს ხშირად არარეალურს, მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ რეალურს. ეს რეალობა კი არის სამყაროს კანონზომიერება, რომ სიკეთე იმარჯვებს ბოროტებაზე, დღეს თუ არა, ხვალ მაინც... უთუოდ იმარჯვებს...
ჰოდა, ,,ყველა ტყუისო”...
ნეტავი რატომ?!
და ეს ტყუილები არ იწვევს განგაშს, რადგან ისინი ერთმანეთს არ უსმენენ.
ანუ ეს ტყუილები ჰაერში გასროლილი ფრაზებია, რომლითაც დროს იგებენ და თავიანთ დღევანდელობას მავანნი?..
არ არის საგანგაშო, რადგან ერთმანეთს არ უსმენენ, ანუ ეს ტყუილებიც არ არის მათთვის საგანგაშო, მაგრამ მათ მიღმა სამყაროსთვის, ანუ იმ ხალხისთვის, რომლის მომავალზე, ასე თუ ისე, მათ მიერ ჩადენილი ქმედებები ზემოქმედებს, ყველაფერი საგანგაშოა. აი, ეს არის რეალობა, რომელსაც ვერსად გავექცევით, რაც უნდა თვალი ავარიდოთ. რა თქმა უნდა, თუ ბრმა არა ვართ.
ჩვენ, ანუ საზოგადოებას, ძალიანაც რომ მოინდომონ მავანმა და მავანმა ხელისუფლებებმა, ვერავინ დააბრმავებს. სიბრმავე შეიძლება იყოს მოჩვენებითი, დროებითი, მაგრამ ნათელს ვერავინ ჩაახშობს საბოლოოდ.
ნათელის იმედით ცხოვრობს კაცობრიობა მარადჟამს.
მეზღაპრეობა და ტყუილის ძალა

ნონა გიგინეიშვილი
განყოფილება: რედაქტორის ჩანნაწერი
გადასვლები: 493