ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ხვავი, ბარაქა და კერიას ნახშირი!

29-03-2021, 11:20

კერიას ნახშირი უძველესი ქართული დალოცვაა.
როდის ედება კერიას ნახშირი? მაშინ, როცა ცეცხლი ინთება კერიაზე. ცეცხლი მაშინ ინთება, როცა ცეცხლის ამნთებია ოჯახში, როცა ცეცხლის დანთების საჭიროებაა, ანუ მაშინ, როცა ოჯახში სიცოცხლეა, იქ ცხოვრობენ.
უკვდავების განცდაა ოჯახის საძირკვლის განცდა, ძველი ბუხრის განცდა, ბებიას და ნენაის კერიის განცდა. ვერაფერი შეედრება და შეცვლის ამ განცდას, ის უსაზღვროა, საზღვარმიუჩენელი სიტკბო, მოგონება და სიყვარული ახლავს მას.
კერიის სიყვარული თუ არ გაქვს, მაშინ ვინა ხარ, რას წარმოადგენ? ჩათვალე, რომ ჰაერში ხარ გამოკიდებული და ქარი დაგაქანავებს აქეთ-იქეთ, იქეთ-აქეთ და ხარ საცოდავი...
კერია არის უკვდავება და მას ვერავითარი ცივილიზაცია ვერ შეედრება, ვერ შეცვლის. ვერაფერი დაჯაბნის მის ძალას და სიყვარულს. 

შენი სახლისკენ, შენი კერიისკენ მიმავალი გზა არის გადარჩენის გზა. უფალი აუცილებლად დაგაყენებს სწორ გზაზე.
შენი კერიის ერთ  ნაღვერდალსაც კი იმდენი სითბო აქვს, რომ შენს გულში ჩაბუდებულ თვალმიუწვდომელ მყინვარს დაადნობს. კერიას უკიდეგანო ძალა აქვს, რადგან იგი მამაპაპისეულ სუნთქვას ინახავს, თითქოს იმათი სუნი ასდის, თითქოს იმათი ხათება ახატია და შენ ძალას გმატებს ყოველივე და შენ გაძლიერებს ყოველივე. ინთება კერიაზე ცეცხლი და ამოდის სახლიდან კვამლი... და დგება კომლი. რაც თავის მხრივ ცოცხალ ორგანიზმს, ოჯახს ნიშნავს, ანუ ადგილს, სადაც ადამიანები ცხოვრობენ, მრავლდებიან, ხარობენ... ქმნიან ხვავსა და ბარაქას. 
...ჩემს ბავშვობაში, კოლმეურნეობის ზეობის დროს, ხშირად გაიგონებდით სიტყვებს _ ხვავი და ბარაქა. ხვავის და ბარაქის შექმნა _ ეს იყო კატეგორიული მოთხოვნა სისტემის. აქ არ ვაპირებთ იმ სისტემის კატეგორიულობაზე, მის სისწორ-სიმრუდეზე ვილაპარაკოთ, თუმცა აღვნიშნავთ, რომ ეს კატეგორიულობა ხელოვნურობისკენ იყო მიდრეკილი და ისიც უნდა ვაღიაროთ, რაც ხელოვნურია, დიდხანს ვერ ძლებს, ვერ ვითარდება. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც _ ეს აღმავალი წარმატებები, ყბადაღებული ხუთწლიანი გეგმები, წინსვლები, შეჯიბრობითობა და ასე შემდეგ მოწყდა და დაენარცხა დაბლა და დარჩნენ ადამიანები გაკვირვებულნი, გაოგნებულნი... და დარჩნენ შესაცოდებელნი, რადგან მოირყა ყველა საფუძველი, რასაც ემყარებოდა ოჯახების და შესაბამისად ქვეყნის ხვავი და ბარაქა.
წლები გადის... ადამიანები ჯერ კიდევ გაოგნებიდან ვერ გამოსულან და დასკვნა ვერ გაუკეთებიათ _ რა იყო მაშინ და რა არის დღეს; რა უნდა იყოს და როგორ უნდა იყოს ხვალ, რომ ისევ ჟღერდეს სიტყვები _ ხვავი და ბარაქა.
ვიფიქრებთ ჩვენ ამაზე ერთად, მანამდე კი დავაყენოთ კერიასთან ახლოს ძველებურ საწნახელში ადესას ღვინო, დავლიოთ კერიის სადღეგრძელო და ვისურვოთ ხვავი და ბარაქა.
                ნონა გიგიგნეიშვილი 

გადასვლები: 1 485
FACEBOOK კომენტარები