პოლიტიკა და განათლების სისტემის შუქ-ჩრდილები, რატომ არ არის სოციალური დაკვეთა ცოდნაზე, რა არის შესაცვლელი თანამედროვე განათლების სისტემაში?! და რატომ რჩება ინტელექტი მმართველი გუნდის არქილევსის ქუსლად?! ამ თემებზე ჩვენ სასაუბროდ მოვიწვიეთ პირველი საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი, ბატონი სოსო კვაჭაძე. _ბატონო სოსო, სულ ახლახან დასრულდა ეროვნული გამოცდები და საკმაოდ ბევრი თქვენი მოსწავლე გახდა სტუდენტი. რატომ ხდება ისე, რომ ამ ბოლო პერიოდში ვინც სკოლას ამთავრებს, ყველა აგრძელებს სწავლას უმაღლეს-სასწავლებლებში, მიუხედავად იმისა, რა ცოდნა შეიძინა მან საჯარო სკოლაში?!. მალე დაიწყება ახალი სასწავლო წელი. რა პრობლემები და გამოწვევებია თანამედროვე განათლების სისტემაში ?!
_ სწავლების პირველი ამოცანა არის შემოქმედებითი ინტერესის გაღვივება მოსწავლეში. აინშტაინი ამბობს: როდესაც ინტერესით სწავლობს მოსწავლე, მაშინ როგორც დაგროვილი ცოდნა, ისე მისი შეძენის პროცესი არის მძლავრი მამოძრავებელი ძალა, მისი ინტელექტუალური განვითარებისათვის, ყოველმხრივ პიროვნებად ჩამოყალიბების და აღზრდის საქმეშიო.. მაგალითად: ვუხსნი მოსწავლეს წრეს, ეს ხომ მშრალი რაღაცაა, წრე, ქორდა, დიამეტრი, ჩახაზული კუთხე და ა.შ თუ გინდა აღძრა მოსწავლეში ინტერესი, გაიხსენებ გურულ პოლიფონიურ სიმღერას, ამ მრავალხმიანობას დააკავშირებ ფერხულთან, მრავალხმიანობა, ფერხული და ასე იკვრება წრე. ყველა გაკვეთილი შეიძლება გახადო საინტერესო, თვითონ საგნის გამო,მაგრამ მხოლოდ ერთ შემთხვევაში ხდება საყოველთაოდ საინტერესო საგანი, როცა საყოველთაო დაკვეთა არსებობს ცოდნაზე.
_ თქვენ ამბობთ, რომ დღეს არ არსებობს საყოველთაო დაკვეთა ცოდნაზე, თუმცა საკმაოდ დიდია იმ აბიტურიენტების რიცხვი, ვინც უმაღლეს სასწავლებლებში ხვდება.
_ ჩვენთან ინტერესი დავიდა ერთ რამეზე, რა მოხაზოს მოსწავლემ გამოცდებზე და ასე სრულიად იოლია უმაღლესში მოხვედრა. რა თქმა უნდა, განათლების სისტემას უჭირს, განათლების სისტემა განულებულია, ამას კვლევებიც ადასტურებენ. ეს კვლევები ჩატარებულია ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ და135 ქვეყანაში ბოლო ადგილზე ვართ, ტექსტის გააზრების მიხედვით. თქვენ წარმოიდგინეთ, ზოგიერთი ამბობს, რომ ყირგიზეთმა როგორ გაგვასწროო, არადა ყირგიზეთთან რატომ ვართ ახლოს?! სწორედ ამაშია საქმე. ყველა თავისუფლების წინაპირობა არის აზროვნების თავისუფლება, ეს რაღაცნაირად შევქმნათ უნდა, რაღაც უნდა გადასხვაფერდეს: მასწავლებელიც და მოსწავლეც. მოსწავლე ითხოვს ხარისხიან განათლებას. უნდა მოხდეს დიფერენცირება: ვის უნდა მათემატიკა, ვის ფიზიკა და ა.შ.
მაღალ კლასებში მოსწავლეებს ზოგიერთი საგნისმიმართ ინტერესი არა აქვს და ტყუილად ვინახავთ მოსწავლეებს შუადღემდე. მე იმის თქმა კი არ მინდა, რომ ჩვენ ნიჭიერი მოსწავლეები არ გვყავს, თავგადაკლული მასწავლებლები არ გვყავს, მაგრამ ცოდნის დონე სასწაულად დაბალია, ეს ტრენინგებიც, ეს ყველაფერი არის სიზიფეს შრომა, რომელიც ტყუილად წყალში იყრება.
_ შესაძლებელია, რომ თავად მოსწავლისა და მშობლის კუდაბზიკობის ბრალიც არ იყოს, მაგრამ უბრალო სამსახურში თუ იწყებს ახალგაზრდა მუშაობას, იქაც მოთხოვნაა, მას ჰქონდეს ბაკალავრის დიპლომი და იძულებული ხდება, ყოველგვარი ცოდნის გარეშე მოხვდეს უმაღლეს სასწავლებელში, მეორე მხრივ სურათი ასეთია: საპასუხისმგებლო თანამდებობაზე იწყებს მუშაობას და არც ცოდნა აქვს და არც დიპლომი, არსებობს შეუსაბამობა, ცოდნასა და დასაქმებას შორის. როგორ ფიქრობთ, ესეც ხომ არ არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ სოციალური დაკვეთა ცოდნაზე ნელ-ნელა მცირდება?
_ გავიხსენებ ახლა, ჩვენთან ლანჩხუთში, ჭალაზე იყო უნივერსიტეტი, ეს უნივერსიტეტი არ იყო არც აკრედიტებული. ფაქტიურად ყველამ იცოდა, რომ ის დიპლომს ვერ გასცემდა, მისი დიპლომი იყო ყალბი, თავად ამ უნივერსიტეტის რექტორმა ვინც იყო გამოგზავნილი, ძალიან მცირე კონტინგენტისთვის გააკეთა და ათი იმდენი ადამიანი მივიდა. გადასახადი იყო ნაკლები, რა თქმა უნდა. ქაღალდზეა უფრო დაკვეთა და არა ცოდნაზე. საკმარისია არსებობდეს სოციალური დაკვეთა ცოდნაზე და შეიცვლება ეს ყველაფერი. ვიღაცას უნდა ყალბი დიპლომი, ყიდულობს მას, ამას დიპლომის ყიდვა ქვია და არა ცოდნის.
ბევჯერ ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ შვეიცარიაში 100-დან 20 ამთავრებს სკოლას, გერმანიაში 100-დან _ 25. ძალიან კარგადაა ეს ყველაფერი აწყობილი, ჩვენთან ჯერჯერობით პროფტექნიკური სასწავლებლები არ არსებობს. მეტსაც გეტყვით, ჩვენთან ჯერ არ არსებობს აზროვნებაზე ორიენტირებული სწავლება. ერთი იდეაფიქსია, რომ თუნდაც რეპეტიტორის გამოყენებით, თუნდაც მარტო, რაც შეიძლება მეტი უნდა მოხაზოს, რომ მოხვდეს უმაღლეს სასწავლებელში. უნდა ვთქვა ისიც, რომ ამ ბოლო დროს მათემატიკის საკითხები ვნახე და ცოტათი გამიხარდა, მართალია ბარიერის გადალახვა არის იოლი, მაგრამ მაღალი ქულების მიღებასთვის სააზროვნო ამოცანები ჩადეს უკვე. ნებისმიერი მოძრაობის საფუძველი არის აზროვნების მოძრაობა.
ახლა ერი და ბერი ამაზე მსჯელობს, ყველა ხვდება, რომ კატასტროფული მდგომარეობაა განათლებაში, შეიძლება ისიც ვთქვათ რომ ყველა ერში, ინტელექტუალური ნაწილი ძალიან ცოტაა, მაგრამ ასეც არ ვარგა, უმეტესობა განცხადებას ვერ წერდეს. განცვიფრებულები არიან ლექტორები პირდაპირ, მიხეილ ცაგარელმა თქვა, ახლა ქიმიკოსი არის ადამიანი ვინც არ იცის წყალი როგორაა ფორმულითო, საოცარია პირდაპირ ეს ამბავი.
_ჩვენ გვახსოვს, ბატონო სოსო, რა იცოდა სამოსანმა მოსწავლემ, მაგალითისათვის: მათემატიკაში როცხვის კვადრატი და ნებისმიერი უცნობის ნებისმირ ხარისხი და მისი ჩაწერა, პრობლემა არ იყო, ასევე ერთუცნობიანი განტოლებები და უფრო რთულიც მაგალითად კვადრატული განტოლება ამოხსნა არ შეეძლო მაინცა და მაინც, რვეულში გადაწერა მაინც შეეძლო, ასევე ქიმიაში ელემენტის სიმბოლოების ცოდნა და მრავალი სხვა, ახლა ეს ყველაფერი მოსანატრი გახდა, რატომ წავიდა ასე უკან-უკან განათლების დონე?!
_ერთს გეტყვით, ესეც ხშირად მითქვამს და ახლა გამახსენეთ თქვენ, კომიკური უცოდინარობის ეფექტი გახლავთ იარაღი პედაგოგებისათვის, კი არ დასცინი, მაგრამ როცა სულელურ გამონათქვამზე თავად ბავშვები იხარხარებრნ, მაშინ ყველა დაფიქრდება რომ ცოდნაა საჭირო. ახლა არ მუშაობს კომიკური უცოდინარობის ეფექტი, რადგან ეს არის უკვე ნორმა.
_ გამოდის, რომ ახლა არანორმალურობა ყოფილა ნორმა?
ამბობენ მაგასაც, რომ მალე ნორმალურობა არანორმალურობა იქნებაო, თუ რაღაც ამდაგვარი.
ვერც ერთი ხელისუფალი ვერ ბედავს განათლების რეფორმას, რაც ძალიან მტკივნეული იქნება. საინტერესო შეიძლება იყოს საგანი, მაგრამ მე მაგალითად რეპეტიტორი მიშლის ხელს,რეპეტიტორი მანგრევს. რეპეტიტორი კი არაა თავად დამნაშავე, რეპეტიტორობა არ უნდა იყოს საჭირო. ამ წუთში ისეა მოწყობილი საქმე: - რეპეტიტორთან არ დადიხარ?! ვაი!!! დადიხარ?! უი!
_ აქედან გამომდინარე ხომ არ ფიქრობთ იმას, რომ საქართველოში სწავლა ფასიანია?
საერთოდ აჯობებს, რაც შეიძლება მეტი კერძო სკოლა იყოს, ფაქტიურად ამის ნახევარი არ დაუჯდება მშობლებს შვილების სწავლა და კიდევ, რაც უნდა ვთქვა, არის ის, რომ ბარიერების ასე დაწევა და გაიაფება არის ცუდი ძალიან. ,,ოდეს ტურფა გაიაფდეს, აღარა ღირს არცა ჩირადო.”
_მთავრობის გადაწყვეტილებით სექტემბრის თვის დასაწყისში, ყველა ბავშვი მიიღებს 200 ლარს და არის თუ არა ეს შეღავათი, მოსწავლეებისა და მშობლებისათვის?
_ ორას ლარს რომ აძლევენ ახლა ბავშვებს კარგია, აბა ცუდია? მაგრამ აქამდე არ უნდა მიდიოდეს საქმე, ახლა ერთი რამეც ვთქვათ, როცა სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავდივართ და მოსახლეობის 80 პროცენტს ინტერნეტთან წვდომა არა აქვს, როდის უნდა მოგვარდეს ეს? ხომ შეიძლება ჰქონდეს სკოლას კომპიუტერები და იმ პერიოდში, როცა პანდემიაა, ვათხოვოთ მოსწავლეებს, თუმცა ახლა უკეთესადაა საქმე, 2 დღე არის ონლაინ სწავლება, 3 დღე ჩვეულებრივად სწავლობენ და გასწორდება ეს ყველაფერი.
_ თქვენ პრაქტიკაში როგორ იყო, ონლაინ სწავლებას რამე შედეგი მოჰყვა?
_ მოდით ახლა პირდაპირ ვთქვათ, ონლაინ სწავლება არის ფსიქოლოგია, როგორიც არის, მაგალითად -პენსია, რომელსაც არაფერი არ აქვს საერთო ნამდვილ პენსიასთან, ეს არის ფსიქოლოგიური დახმარება. ასევეა ონლაინ სწავლება - ეს არის ფსიქოლოგიური იარაღი, რომ თითოოროლა ბავშვი დაკავდეს.
მე ასეთი იდეა მომივიდა, რომ სრულიად უსასყიდლოდ ვაკეთებ ნიჭიერთა ჯგუფს, ვისაც სურვილი აქვს გამოვყოფ დროს, რომ მათთან ვიმუშაო და მაღალი სააზროვნო საკითხები გადავწყვიტოთ. ვიტყვი ამასაც ყოველთვის, რომ საბჭოთა კავშირის განათლების სისტემა იყო უნიკალური, განსაკუთრებით ტექნიკურ საგნებში.
ჩემი მასწავლებლები სინათლეს ასხივებდნენ, გავიხსენებ გიორგი იმნაძეს, იყო მართლაიყო უნიკალური, როცა დაინახავდა მოსწავლეს რაღაც შეეძლო, არაფრით არ მოეშვებოდა. მოძღვრის ფუნქცია ჰქონდა მასწავლებელს. მოარული გამოთქმაა ასეთი _ ყველას გსმენიათ ალბათ, ტუალეტში თუ დადიოდა მასწავლებელი და ლობიოს თუ ჭამდა არ ვიცოდით.
ერთ რამესაც ვიტყვი გულწრფელად, არ შეიძლება მოსწავლეს მარტო უფლება მისცე და მოვალეობა არ ჰქონდეს, ,,ყრმის წკეპლის ცემით კივილი ...“ რომ არის გურამიშვილის, ეს მართალია, ცხოვრება ხომ ისე არ არის მოწყობილი, როგორც ჩვენ მოგვწონს... ცხოვრება კონკურენციაა..
რახან არჩევნებია, იმასაც ვიტყვი, უინსტონ ჩერჩილი ამბობს: ღირსებასა და ლუკმაპურს შორის თუ გააკეთებ არჩევანს, აღარც ლუკმა პური გექნება და აღარ ღირსებაო. განათლებული საზოგადოება უშველის ყველაფერს. გულანთებული, მცოდნე გონებაგახსნილი, ასე თითოოროლა გამონაკლისი ადამიანი ამას ვერ უშველის, როცა მასობრივად, როგორც კონვეირი, ისე გამოდიან უმეცრები.
_ რას გვეტყვით პოლიტიკაზე და კარს მომდგარ არჩევნებზე?!
ამას წინად ერთი პარტიის ლიდერი იყო მოსული და ვუთხარი: კამათში ყველგან ჭეშმარიტება იბადება, მაგრამ საქართველოში იბადება გატეხილი თავი, დანგრეული რუსთაველი, მოკლული პრეზიდენტი და ა.შ
რაღაც ბევრი რამე გვაქვს სასწავლი: მასწავლებლებს, მოსწავლეებს, ყველას. გამოცდილება ისეთი რაღაცაა, სადაც ბრიყვები ჭკუას სწავლობენო! მე მიკვირს როდის ისწავლა საქართველომ ჭკუა ისტორიული გამოცდილებიდან?!
_ახლა რა პროგნოზს გააკეთებდი?!
_მე გეტყვით ერთ რამეს გულწრფელად, ბიძინა ივანიშვილი თავისი ახლობლების სიცოცხლით რომ იყოს დავალებული, ჩემთან და რა გინდაო?! რომ მკითხოს ვეტყვი: ყველა ღონე იხმაროს იმისათვის, რომ პარლამენტი იყოს მრავალპარტიული. იყოს მრავალი აზრი, ღმერთმა დაიფაროს ერთი პარტია იყოს ისევ ჰეგემონი. უნდა გავიგოთ ეს, აზრთა ჭიდილში იბადება საღი აზრი. 49 საწარმომ ორმილიარდ ნახევარი ზარალით დაამთავრა 2 წელიწადი, საგანელიძეს - 19 ათასი რომ აქვს ხელფასი, მისმა გუნდმა ერთი მილიარდი ზარალით დაამთავრა, ბიუჯეტის ფულია ეს ყველა. ისრაელიდან მოვიდა ბიზნესმენი და გვითხრა, მოდით, მომეცით მე ეს კაზრეთი, 500 კაცს ვასაქმებ და ნახევარ მილიარდ ევროს გიხდითო, ხოხ! !! სტრატეგიულიაო!!! იყვირა აგენმა სტრატეგიული კი არა, ბიძა მუშაობს, შვილი მუშაობს იქ და იმიტომაა სტრატეგიული.
შენ შეიძლება არ მოგწონს, მაგალითად გირჩი, მაგრამ როცა საქმე მიდგება განკერძოებაზე, ორმილიარდნახევარ ზარალს არ ჯობია? იყოს ნულოვანი და იყოს კერძო?! თუ უცხოელი ამაში ინვესტიციას დებს?!, არის საკითხები, რომელზედაც თავისუფლად შეიძლება მოლაპარაკება.
ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, ქვეყანაში სადაც ამდენი ღატაკია არჩევნები არ ჩატარდება. არჩევნები ტარდება იქ, სადაც არის საშუალო ფენა, მათხოვარს აქვს ხელი გაშვერილი, მათხოვრადაა მთელი მოდგმა. რაა გამოსავალი?! საშუალო ფენაა გამოსავალი
200 კორდინატორი ჰყავს ხელისუფლებას სოფელებში - 1000 ქალაქში. ყველამ ხომ კარგად იცის, პოლონეთი 38 მილიონნახევარია და ჩვენი ნახევარი საჯარო მოხელე არ ჰყავს. ერთადერთი, რითად შეიძლება დავირაზმოთ, თუ იქნება ყველასათვის საერთო იდეა.
ერთ პატარა რაღაცას მოვყვები იუმორის სტილში: გავიხედე, ცოტა შეღამებულია და გარეთ გამოვედი. ვიღაცამ ბოძზე გააკრა პლაკატი, მივიდა და ჩამოხია. მეორე ბოძზე კვლავ გააკრა პლაკატი, გაიარა, გამოიარა, ჩამოხია. რას შვები ბიჭო-მეთქი, ვუთხარი. სოსო მასწ! იმ ოფისში მივედი და ვუთხარი, გავაკრავ პლაკატებს, ფული მომეცით. მეორე ოფისში მივედი, ჩამოვხევ მაგენის ასე და ისე!. ახლა მივალ იმ ოფისში _ თუ არ გამეკრას _ ვიგინები, ვიწყევლები! თუ არ ჩამომეხიოს, ვიგინები, ვიწყევლები! შემხვდა გუშინწინ, გასიებული აქვს თავპირი, რა იყო ბიჭო-მეთქი ვკითხე და ამერია ოფისი, სადაც გაკვრა უნდა მეთქვა, ჩამოხევა ვთქვიო, კი მიხვდენ რაცხა იყო და დამცხესო.
_ ბატონო სოსო, ჩვენ დავიწყეთ ინტერვიუ სოციალური დაკვეთით ცოდნაზე და მივედით-პოლილიტიკამდე და არჩევნებამდე. მინდა გკითხოთ, რა ახსნა უნდა ჰქონდეს იმას, რომ მმართველ გუდს არც ერთ თანამდებობაზე არ სჭირდება, განათლებული და თუნდაც იმ ავადხსენებული დიპლომიანი კადრებიც კი. ახლა არჩევნებია და სწორედ მათი გუნდის შტაბში არ არსებობს არანაირი დაკვეთა ცოდნაზე. ეს იქეთ იყოს და ნულოვანი ტოლერანტობაა ცოდნის მიმართ, რა იწვევს ამას, თქვენის აზრით?
_მარტივი ჭეშმარიტებაა, მორჩილი და უცოდინარი ხალხი სჭირდება ამგვარ ხელისუფლებას. ასეთ მაგალითს გეტყვით: კაცმა რომელსაც 5000 ლარი აქვს ხელფასი და კიდევ მეტი, მითხრა: მწყემსმა კოცონი დაანთო და ჩიტი დაფრთხაო, დაფიქრდით ამაზე, მაშინ ყულევის და სუფსის ტერმინალი რა არის მეთქი, ვკითხე და გამახსენდა, ჩიპოლა არის ასეთი მეცნიერი, იგი ამბობს, საქმე იმიტომ არის ცუდად, რომ იმისთანა ადგილზე მუშაობს, სულელი ვერ წარმოიდგენო .
_ და ბოლოს, გკითხავთ, რა მოხდება თქვენის აზრით იგივე წრეზე დავბრუნდებით?
_ ჩვენ ასე დავსვათ საკითხი, როგორც პოლიკარტე კაკაბაძის გმირი ტიტე ნატუტარი იტყოდა: ასი კაცის ძალა დიდი ძალაა, ხოლო ასი კაცის ჭკუას თუ შეაერთებ, ვირის ჭკუაზე ნაკლებიაო, გავამჟღავნებ ჩემს ოცნებას მრავალპარტიული პარლამენტი და აზრის ჭიდილი იყოს მირჩევნია . ძალიან მინდა დავიჯერო, რომ სიამტკბილობით განაწილდება ეს სკამები, ერთსაც ვიტყვი კიდევ! ჩემმა მოსწავლეებმა მკითხეს ამას წინათ: სოსო მასწავლებელო, ვინ ავირჩიოთო და მე ვუთხარი ავირჩიოთ ზღაპარი, ზღაპარს ბოლო კეთილი აქვს და ოცნება სადაა კეთილი ვერ გავარკვიეთ ამდენი ხანია.
მაია კუკულაძე
ქვეყანაში სადაც ამდენი ღატაკია, ნამდვილი არჩევნები არ ჩატარდება...
განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 1 347