მიუხედავად იმისა, რომ ჩივილები არ მქონდა, საჭიროდ მივიჩნიე სკრინინგის ჩატარება, ვინაიდან სიმპტომები მოგვიანებით ვლინდება, მკურნალობაც მეტია საჭირო. ადრეულ ეტაპზე, სანამ რაიმე სიმპტომი გამოვლინდება, უფრო ადვილია პრობლემის მოგვარება, ამიტომაც საჭიროდ ჩავთვალე დროულად მეზრუნა ჯანმრთელობაზე, რამაც გაამართლა.
სკრინინგ ცენტრის გახსნის მოსამზადებელ სამუშაოებს უკვე ვიცნობდი ჩემი სამსახურიდან და პროფესიიდან გამომდინარე. ვიცოდი, თუ როგორი პროფესიონალები იყვნენ ამ კარგი საქმის სათავეში, რა დონის აპარატურა უნდა დამონტაჟებულიყო და ა.შ. ჩემი მოლოდინი სავსებით გამართლდა, როცა ყველა საჭირო გამოკვლევა ჩავიტარე ჩვენს სკრინინგ ცენტრში. როგორც სკრინინგ ცენტრის ონკომამოლოგმა და ქირურგმა თამარ აბულაძემ მირჩია, აქ მიღებული შედეგით შემდგომ კვლევა გავაგრძელე თბილისში, სადაც დადასტურდა ჩემი დიაგნოზი.კვლევის პროცედურა არის უმტკივნეულო, უსაფრთხო და აუცილებელი.
სიმსივნის დიაგნოზზე არასოდეს არ მიფიქრია, ჯანმრთელობის სხვა პრობლემები მქონდა უფრო, თუმცა როცა კვლევებს ვიტარებდი, მაშინ რაღაც ალბათობით დავუშვი, რომ შეიძლება სიმსივნე დადასტურებულიყო. ასეც მოხდა, თუმცა არ შემშინებია, რაც არ უნდა დაუჯერებელი იყოს. იმ წამს მხოლოდ იმას ვფიქრობდი, რომ ოჯახის წევრებს არ ენერვიულათ.
სკრინინგ ცენტრში მიღებული გამოკვლევების შემდეგ ექიმის რჩევით სასწრაფოდ წავედი თბილისში შემდგომ კვლევებზე და ოპერაციაც მაშინვე დაიგეგმა. დროულობას დიდი მნიშვნელობა აქვს მკურნალობაში.
მიუხედავად იმისა, რომ ავთვისებიანი სიმსივნე აღმომაჩნდა, ადრეულ სტადიაზე ჩავერთე მკურნალობაში და ჯერჯერობით სტაბილური შედეგი მაქვს. უფრო ადრე რომ ჩამეტარებინა კვლევა, კიდევ უკეთესი იქნებოდა, ამიტომ ყველას ვურჩევ, ნუ დაელოდებით სიმპტომების გამოვლენას, დროულად ჩაიტარეთ სკრინინგული კვლევები. საბედნიეროდ, კიბო უკვე განაჩენი არ არის, გაუმჯობესდა დაფინანსება, დროული და ადეკვატური მკურნალობის შემდეგ მრავალი ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ნუ დააგვიანებთ!
ნატო მენაღარიშვილი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის
ექიმი ეპიდემიოლოგი
ადრეულ ეტაპზე, სანამ რაიმე სიმპტომი გამოვლინდება, უფრო ადვილია პრობლემის მოგვარება, ნუ დააგვიაბენთ!
განყოფილება: kategoria 0 / ჯანმრთელობა
გადასვლები: 490



