არის ფრაზა, რომელიც ბოლო წლებში სულ უფრო ხშირად ისმის მოქალაქეებისგან: „ბანკები ხალხს კანონიერად ძარცვავენ.“
ეს მძიმე შეფასებაა, მაგრამ რატომ გაჩნდა იგი? იმიტომ, რომ მოქალაქე ხშირად ხედავს მხოლოდ ერთ რამეს — იღებს 10 000 ლარს და საბოლოოდ გაცილებით მეტის დაბრუნება უწევს. კანონი ბანკს უფლებას აძლევს, დააწესოს საპროცენტო განაკვეთი და სესხთან დაკავშირებული კანონით დაშებული ხარჯები. საქართველოში სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი 50 პროცენტია, ამიტომ იურიდიული თვალსაზრისით ეს „ძარცვა“ არ არის, მაგრამ მოქალაქის თვალში ჩნდება სხვა კითხვა: თუ ყველაფერი კანონიერია, რატომ გრძნობს ამდენი ადამიანი თავს მუდმივ მოვალედ? სწორედ აქ იწყება მთავარი საზოგადოებრივი პრობლემა. კანონიერი არ ნიშნავს ავტომატურად სამართლიანს მოქალაქის აღქმაში. და არც ის არის საკმარისი, რომ ხელშეკრულება ფორმალურად სწორად იყოს შედგენილი. მოქალაქემ უნდა იცოდეს, რას აწერს ხელს და რამდენს გადაიხდის საბოლოოდ.
10 000 ლარი აიღე —
რამდენს აბრუნებ?
ვთქვათ, მოქალაქემ ბანკიდან 10 000 ლარი აიღო.
თუ მისი ყოველთვიური გადასახდელი პირობითად 300 ლარია და სესხის ვადა 48 თვეა:300 × 48 = 14 400 ლარი.
იღებ: 10 000 ლარს. აბრუნებ: 14 400 ლარს.
სხვაობა: 4 400 ლარი. ეს კონკრეტული ბანკის მოქმედი შეთავაზების მაგალითი არ არის _ მხოლოდ საილუსტრაციო გამოთვლაა. რეალური თანხა დამოკიდებულია კონკრეტულ საპროცენტო განაკვეთზე, ვადაზე, საკომისიოებზე, დაზღვევასა და სხვა პირობებზე, მაგრამ სწორედ ეს მაგალითი აჩვენებს, რატომ არ უნდა დაინტერესდეს მოქალაქე მხოლოდ კითხვით: „თვეში რამდენი მაქვს გადასახდელი?“ უნდა იკითხოს: „საბოლოოდ რამდენს გადავიხდი?“
„კანონიერი ძარცვა“ _ — სწორედ აქ ჩნდება ეს სიტყვები
როდესაც ადამიანი წლების განმავლობაში იხდის სესხს და ბოლოს ხვდება, რომ ნასესხებ თანხაზე ათასობით ლარით მეტი გადაიხადა, ბუნებრივია, ჩნდება უკმაყოფილება. მოქალაქე შეიძლება ამას „კანონიერ ძარცვას“ უწოდებდეს. ბანკი კი იტყვის:„თქვენ ხელშეკრულებას ხელი ნებაყოფლობით მოაწერეთ.“
ორივე წინადადების უკან ერთი მთავარი საკითხი დგას: რამდენად ინფორმირებული იყო მომხმარებელი იმ მომენტში, როცა ხელი მოაწერა? თუ ადამიანმა ზუსტად იცოდა, რამდენს იღებდა, რამდენს გადაიხდიდა, რა იყო ეფექტური საპროცენტო განაკვეთი და რა დამატებითი ხარჯები ჰქონდა სესხს — ეს მისი გააზრებული ფინანსური გადაწყვეტილებაა, მაგრამ თუ მომხმარებელი მხოლოდ სიტყვებს: „მცირე ყოველთვიური გადასახადი“
ხედავს და ვერ აღიქვამს სესხის სრულ ღირებულებას, პრობლემა უკვე მხოლოდ მომხმარებლის ფინანსურ განათლებაში აღარ არის.
აქ ჩნდება კითხვები გამჭვირვალობაზე, პასუხისმგებლობასა და რეგულაციის ეფექტიანობაზე.
ბანკს თავისი მოგება უნდა, მოქალაქეს კი თავისი ცხოვრება. ბანკი სესხზე პროცენტს იღებს. მოქალაქე კი პროცენტს საკუთარი ხელფასიდან იხდის, ამიტომ საკითხი ასე უნდა დაისვას: რამდენად ძვირი შეიძლება იყოს ფული ადამიანისათვის, რომელსაც სხვა არჩევანი არ აქვს? და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი: რამდენად შორს შეიძლება წავიდეს „კანონიერი“ ფინანსური ტვირთი, სანამ საზოგადოება იტყვის _ ეს უკვე მხოლოდ ბიზნესი აღარ არის?
სწორედ ამ კითხვაზე უნდა ილაპარაკოს საზოგადოებამ. არა ლოზუნგით. არა ბანკების დემონიზებით. არამედ კონკრეტული ციფრებით, ხელშეკრულებებით, ეფექტური საპროცენტო განაკვეთებით და მოქალაქის რეალური ხარჯებით. რადგან საბოლოოდ ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა მაინც ერთია: 10 000 ლარი აიღე _ რამდენი დაგრჩა ცხოვრებისთვის და რამდენი წაიღო ბანკმა?
ბანკები — კანონიერად ძარცვავენ თუ კანონიერად აკეთებენ ბიზნესს?
განყოფილება: kategoria 0 / ბიზნესი
გადასვლები: 28



