ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ახალგაზრდა კერამიკოსი: როგორ შექმნა თიხის სტუდია, როგორ დაიწყო, რას ქმნის დღეს და რას ურჩევს დამწყებ მეწარმეებს

დღეს, 12:30

დღევანდელ რეალობაში სულ უფრო ხშირად ვხვდებით ახალგაზრდებს, რომლებიც საკუთარ გზას ქმნიან და ოცნებებს რეალობად აქცევენ. ერთ-ერთი მათგანია ახალგაზრდა გოგონა,  მარიამ ფიფია, რომელმაც კერამიკოსის საქმიანობა აირჩია და უკვე საკუთარი ხელით ქმნის უნიკალურ ნამუშევრებს. მის ისტორიასა და გამოცდილებაზე სწორედ ამ ინტერვიუში გიამბობთ.
-პირველ რიგში მოგვიყევით როდის დაინტერესდით ამ საქმიანობით და რატომ?_ ამ საქმიანობით დავინტერესდი პანდემიის დროს, როდესაც გურიაში, კერძოდ გვიმბალაურში გადმოვედით საცხოვრებლად თბილისიდან. შემდეგ  ძალიან გამიჭირდა უკან დაბრუნება ქალაქში, რადგან ქალაქის  ქაოსი და რიტმი ჩემთვის იყო ძალიან რთული იმ მომენტისთვის, ისადაც რთული პერიოდი მქონდა ცხოვრებაში, ამიტომ ვეძებდი რაღაცას, რაც ჩემს ფსიქოლოგიურ მდგომარეობასაც უშველიდა. საქმიანობა მინდოდა, რითაც სიამოვნებასაც მივიღებდი, ახლის დაწყება მინდოდა  რაღაცის, რაც არა მარტო ჩემთვის იქნებოდა კარგი, არამედ სხვებისთვისაც საინტერესო იქნებოდა.   ვფიქრობ, რომ ეს ის საქმეა ზუსტად, რომლითაც შემიძლია, რომ ჩემი მდგომარეობაც უკეთესი გავხადო, სხვასაც გავუზიარო ცოდნა და ის შეგრძნობები, რასაც ამ საქმიანობისგან იღებ. როდესაც ამ საქმიანობას ეწევი, უკვე შეპყრობილი ხდები მისით, სულ გინდა რომ აკეთო და სულ რაღაც აღმოჩენებში ხარ._რა განწყობილება გეუფლებათ, როცა ახალ ნამუშევარს ქმნით?
_ ჩემთვის ახალი ნამუშევრის შექმნა არის ძალიან ემოციური, იმიტომ რომ, ამ დროს ვმუშაობ მთელი შეგრძნებით, ის ემოცია გადმოგაქვს, რაც იმ მომენტში გაქვს და  როდესაც ასრულებ მას, უკვე ღუმელიდან ამოგაქს ნივთი, რომელიც შეიძლება ნებისმიერმა ადამიანმა გამოიყენოს და ეს ნივთი თითქოს შენი ნაწილია. პირველი ჩემი დამზადებული ნივთი როცა ვნახე, ცრემლები მომადგა თვალებზე. 
_ახალი ნაკეთობის მზადების პროცესში რა ეტაპია ყველაზე რთული?
_ყველაზე რთულია, როცა ამზადებ ნივთს, გამოაღებ ღუმელს და არის გატეხილი, მაგრამ ეგ არ არის პრობლემა, ეგ თითქოს ახალი გამოწვევაა, არ ნებდები, კიდევ ახალს აკეთებ, კიდევ ახალ შეცდომებზე სწავლობ და ეს პროცესი ძალიან საინტერესოა._ ყოფილა მომენტი როცა გიფიქრია, რომ უნდა შეგეწყვიტა ეს საქმიანობა?
_ სიმართლე რომ გითხრა, ერთადრეთხელ მქონდა  შემთხვევა, როცა დავფიქრდი. ეს იყო სანამ წამოვიდოდი. თბილისში ვცხოვრობდი მანამდე, გადავწყვიტე წამოსვლა, ძალიან რთული იყო გადაწყვეტილების მიღება, იმიტომ რომ, მე არ ვარ მარტო, მყავს შვილი, რომლისთვისაც რთული იქნებოდა წამოსვლა ისევე, როგორც ჩემთვის, რადგან თბილისში ცხოვრობ მთელი ცხოვრება,  მოდიხარ უცხო ადგილას. მე ძალიან მიყვარს აქაურობა, აქ მაქვს გატარეული ბავშვობის წლების დიდი ნაწილი. თუმცა  ბავშვი არ არის მიჩვეული გარემოს და მაშინ გავიფიქრე, ხომ არ გადავიფიქრო, ზედმეტი ხომ არ მომდის, მაგრამ მაინც გავრისკე, ნაბიჯი მაინც გადავდგი. ჩემმა შვილმა თითქოს გამიგო. ხომ პატარაა, მაგრამ დიდი ადამიანივით დამიდგა გვერდით, წამოვედით და გადავდგით ნაბიჯი. თავადაც აინტერესებს ხატვაც, ძერწვაც და ამყვა ყველაფერში. შემდეგ როცა ხელოსნები მუშაობდნენ მეც  ყველაფერს ვცდილობდი, ვიღებდი მონაწილეობას გარემოს მოწესრიგებაში. ყველა ნაწილში მაქვს თითქმის მონაწილეობა მიღებული და ამას ვაკეთებდი დიდი სიამოვნებით, რადგან ჩემთვის სასურველ საქმეს ვაკეთებდი და ეს იყო ყველაზე დიდი მოტივატორი. რაც მქონდა ჩანაფიქრი ზუსტად ერთ წელიწაში გავაკეთეთ. დიდი შრომის შედეგად ჩემი სურვილი ავისრულე, ანუ თიხის სტუდია გავაკეთე. მერე მივხვდი, რომ რადგან ეს გამომივიდა შემდეგი ნაბიჯიც აუცილებლად გამომივიდოდა. შედარებას ვაკეთებ ხოლმე, თიხის ნამუშევარი არ გამომივიდა, ან გაიბზარა, გატყდა, მაქვს შანსი, რომ ხელახლა გავაკეთო, ეგრე ვარ ცხოვრებაშიც თუ რაღაცა არ გამომივიდა, შემიძლია შემდეგი ნაბიჯი გადავდგა უკან, შემდეგ კი წინ ორი ნაბიჯი. 
-რა განსაკუთრებული გეგმები გაქვთ მომავალში?_ მომავალში ვფიქრობ, რომ ჩემი სტუდია გავაფართოო. ბევრ ადამიანს შევაყვარო ეს საქმიანობა. არის გეგმები, რომელზეც ჯერ არ მსურს საუბარი. ამ ეტაპზე ჩემი მიზანია, რომ მაქსიმალურად ბევრ ადამიანს გავაცნო ჩემი საქმიანობა, მიმაჩნია რომ ეს არის ეროვნული საქმე. 
_ ხასიათზე თუ მოქმედებს თქვენი პროფესია?
_კი ხასიათზე ძალიან მოქმედებს. თუ ცუდ ხასიათზე ხარ, გიცვლის ხასიათს, გამშვიდებს, გაიძულებს რომ დამშვიდდე, იმიტომ რომ თიხას არ უყვარს დაძაბულობა, არ უყვარს სიჩქარე, ამიტომ თიხა თავად გაიძულებს რომ დამშვიდდე.  სიბრაზეც და ცუდი ხასიათიც რაღაცნაირად გიბალანსდება. 
_ 10 წლის წინ როგორ წარმოგედგინა შენი დღევანდელი დღე?
_ 10 წლის წინ ჩემი თავი წარმომედგინა დიასახლისად მხოლოდ. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამ საქმეს წამოვიწყებდი, მიუხედავად იმისა, რომ მაშინაც ძალიან მიყვარდა ხატვაც და ძერწვაც, ეს სიყვარული ჩემს სამყაროში ხდებოდა მხოლოდ და  იმის იქეთ არც ვფიქრობდი, რომ რამე გამეკეთებინა. წლები დამჭირდა, რომ მივმხდარიყავი, ამ საქმის გაკეთება შესაძლებელი იყო, პანდემიამაც შემიწყო ხელი ამ საქმეში. 
_ თუ შენს ნამუშევარს უნდა ეთქვა ერთი სიტყვით შენს შასახებ, რომელი ნამუშევარი იქნებოდა და რას იტყოდა?
_ ჩემს შესახებ იტყოდა ჩემი პირველი ნამუშევარი. ეს არის კოსმონავტი, რომელიც არის გასული ღრუბლებში და კოსმოსში. პირველ ნამუშევარს რომ ვქმნიდი, მაშინ მარტო ვგრძნობდი თავს და ყოველდღიურობიდან გაქცევა მინდოდა ალბათ და ყოფნა სადღაც კოსმოსში, რომელიღაცა პლანეტაზე. 
_ მოგვიყევით ,,მწვანე გურიის“ მხარდაჭერის შესახებ.
_ როდესაც გადავწყვიტე ეს საქმე მეკეთებინა, სხვა გზას ვერ ვხედავდი, საძღვარგარეთ უნდა წავსულიყავი, რათა ჩემი ფინანსური მდგომარეობა გამეუმჯობესებინა და საჭირო ინვენტარი შემეძინა. როცა გავიგე ,,მწვანე გურიის“ შესახებ, ვიარე ტრენინგებზე, გვასწავლეს როგორ გვეკეთებინა პროექტები, როგორ გვეკეთებინა საქმე. დავწერე პროექტი, გადავლახე ყველა ეტაპი, თითოეული შეხვედრა  ჩემთვის ძალიან ემოციური იყო, კონკურენცია ძალიან დიდი იყო, თუმცა გამარჯვებულებს შორის მოვხვდი. მადლობელი ვარ, რომ სწორედ ,,მწვანე გურიას“ დახმარებით შევძელი,  ემიგრაციაში არ წავსულიყავი, ქვეყანა არ დამეტოვებინა.
_რას ურჩევდით დამწყებ კერამიკოსებს?
_ დამწყებ კერამიკოსებს ვურჩევდი, რომ არ შეეშინდეთ შეცდომების დაშვების. თუ რაიმე გაუფუჭდებათ, დაუზიანდებათ, არა უშავს, ეს ჩვეულებრივი მომენტია. იყვნენ თავდაჯერებულები, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ცხოვრებაშიც და საქმესაც ძალიან სჭირდება. შეცდომებზე ვსწავლობთ. 
_ მადლობა ინტერვიუსთვის!
_ თქვენც დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. კარგია ახალგაზრდა მეწარმეებს რომ აცნობთ საზოგადოებას. ძალიან კარგი წამოწყება გაქვთ!
            ქეთი ურუშაძე 

განყოფილება: kategoria 0 / ბიზნესი
გადასვლები: 40
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა