-რამდენად შეიცვალა შრომითი უფლებები, გაუარესდა თუ გაუმჯობესდა სამუშაო პირობები?დავიწყოთ იქედან, რომ ლანჩხუთის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა დაუსაქმებელია. ვინც დასაქმებულია, იმის შიშშია მუდამ, რომ სამსახურიდან არ გაათავისუფლონ და მის ნაცვლად ვისამე ნათესავი ან ახლობელი არ დანიშნონ. უმრავლესობის აზრით, დასაქმება იმ შემთხვევაშია ადვილი, თუ კარგი ნაცნობი, ე.წ. ,,კრიშა” გყავს, თუმცა არის გამონაკლისი შემთხვევებიც. ა(ა)იპ-ებთან დაკავშირებით, შეიძლება იმის თქმა, რომ არის ხელოვნურად, არჩევნებისთვის და ძალაუფლებისთვის გადატვირთული სამსახურები. ხოლო, როგორც სამსახურიდან განთავისუფლებული ადამიანები აცხადებენ, არჩევნების შემდეგ მიხურული კარი მათთვის აღარ გაღებულა.-რამდენად ხშირად მიმართავს ლანჩხუთის მოსახლეობა ბანკებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და ლომბარდებს?ამ მხრივ საქართველო და მათ შორის ლანჩხუთიც რეკორდსმენთა სიაში უნდა შევიყვანოთ. უიშვიათესი გამონაკლისის გარდა, არ არსებობს ადამიანი, რომელიც ბანკის კრედიტით არ სარგებლობს, ან არ ალომბარდებს ოქროს თუ ტექნიკას. ბანკების მიერ გაცემული სესხები იმდენად მაღალი საპროცენტო განაკვეთით არის დასაფარი, რომ მოსახლეობა ვალებში იხრჩობა. ადამიანები იღებენ სესხებს სასწაულის იმედზე და შემდეგ ან უფუჭდებათ საკრედიტო ისტორია, ან იძულებულნი არიან ლუკმა-პურის ფულიც კი ბანკში შეიტანონ. არიან ისეთი ოჯახებიც, რომლებსაც დიდი ხვეწნა-მუდარის მიუხედავად სესხები არ უმტკიცდებათ და ამასაც განიცდიან, ვინაიდან კრედიტი მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.-გაიზარდა თუ არა ოჯახების შემოსავალი და რამდენად?პასუხი ცალსახაა, კი არ გაუმჯობესდა, არამედ მკვეთრად გაუარესდა. არიან ადამიანები, რომლებიც მშიერი იძინებენ და არც მეორე დღისთვის აქვთ რაიმე პერსპექტივა. ზემოთ ბანკები ვახსენეთ და ორმაგად გაუჭირდატ მათ, ვისაც კრედიტი დოლარში ჰქონდა გამოტანილი. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისთვის თხილის კულტურა ითვლებოდა ერთ-ერთ მთავარ საარსებო წყაროდ. გასულ წელს აზიური ფაროსანას გამოისობით, ეს შემოსავალიც გამოეცალა ხელიდან გლეხს. დიდი ალბათობით, ამ მხრივ წელსაც არ უნდა ველოდოთ რაიმე სასიკეთო ძვრებს, ვინაიდან მოსახლეობის ქმედითობაზე გათვალეს ფაროსანასთან ბრძოლა. დაანონსებული შიმშილობა უკვე კარგა ხანია ძალაში შევიდა!-ახერხებს თუ არა მოსახლეობა პირველადი მოხმარების საგნებისა და კვების პროდუქტების შეძენას?დიდი გაჭირვებით, სწორედ ბანკებზე ჩამოკიდებით და უცხოეთში გადახვეწილი ოჯახის წევრების გამოგზავნილი ფულით. ფასების კატასტროფული მატების ფონზე მსყიდველობითი უნარიც შემცირდა. თუ ადრე პენსიონერი რის ვაივაგლახით ახერხებდა პენსიით თავის გატანას, ახლა მხოლოდ პურის და სასიცოცხლოდ აუცილებელი მედიკამენტების შეძენას თუ შეძლებს.-გაიზარდა თუ შემცირდა ჩვენს მუნიციპალიტეტში უსაფრთხოების შეგრძნება?,,ჰო და არა“ გასულ ნომრებში ვრცლად წერდა ამ თემაზე. ხელისუფლება მომატებულ კრიმინალთან დაკავშირებით დიდ პასუხისმგებლობას ვერ გრძნობს და წინა მთავრობასთან გვამისამართებს, აქაოდა მაშინ გაცილებით მეტი დანაშაულებები ხდებოდა, მაგრამ იმალებოდაო. ყველა ვარიანტში კრიმინოგენური ვითარება ძალზედ მწვავეა და კრიტიკას ვერ უძლებს. დაუსჯელობის განცდა, ერთი და იგივე ადამიანს რამდენიმე დანაშაულის ჩადენის უფლებას აძლევს. თუ წინა ხელისუფლებასთან გვქონდა პრეტენზია, რომ საქმეებს არ იძიებდნენ და ამ მთავრობას შეიძლება ვკითხოთ რატომ ვერ და არ ხსნიან კრიმინალურ დანაშაულებებს.-აქვს თუ არა მოსახლეობას მედიკამენტების შეძენის შესაძლებლობა, საავადმყოფოებში მომსახურების მიღება, დაზღვევა - შეიცვალა თუ არა ამ კუთხით რამე უკეთესობისკენ ?საყოველთაო დაზღვევა ჩავთვალოთ პოზიტიურ რეფორმად (თუმცა, ამ ბოლო დროს რომ საკმაოდ მოუქნელი გახდა, ესეც ფაქტია). მოსახლეობა ვერ ახერხებს მედიკამენტების შეძენას. ამას დაემატა რეცეპტების შემოღება, რაც დამატებითი ბარიერია. მთელს ქვეყანაში ისევ არის განცდა ,,ღმერთმა დაგვიფაროს და ავად არ გავხდეთ, თორემ რა გვეშველება“. მედიკამენტების ფასები მკვეთრად გაზრდილია, სააფთიაქო მაფია კვლავ მძვინვარებს და ხელისუფლება ამაში არ (ვერ) ერევა.-აქვს თუ არა მომავალ თაობას ნათელი მომავალის პერსპექტივა?თუ ზემოთ მოყვანილ ფაქტებს წაიკითხავდით, აზრის გამოტანა არ გაგიჭირდებათ! თორნიკე ჯიჯიეშვილი
განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 0