თავისუფლების ქუჩას რომ აუყვებით, ეკლესია, სამრეკლო და მოხუცი ცაცხვი დგას. უამრავი ფოტო შემხვედრია ამ ცაცხვის, ვისი გადაღებული აღარ. სულ ვაკვირდებოდი მამაჩემის საფლავი თუ ჩანდა კადრში, შემთხვევით მოხვედრილი. რაც ცაცხვის ქვეშ ადამიანებს დანასვენები და ნალაპარაკები აქვთ, უფ, ნუ იტყვით. დღეს, ამ თოვლს ეს მუხლებიანი ცაცხვიც გადაუხლეჩია შუაზე. ცაცხვის დასასრულის დასაწყისს ჰგავს ეს გახლეჩა-განახევრება... მისი ფესვები მთელი ამბავია, მთელი ბავშვობა ზედ ვადგებოდი და მის კუზიან მუხლებზე ვიდექი ჩამოვარდნამდე, ხელებს მე და ჩემი ძმა ერთად ვაწვდენდით. ისე მიუდგომლად იდგა ვერ ვკრავდით ხელებით წრეს. თითქოს განგებ მიყუდებულიყო სასაფლაოს კედელთან და ჩვენ, ბავშვები მაინც ვძვრებოდით იმ სივიწროვეში და ვატევდით ბავშვობის ბოლომდე ამოუხსნელ სევდას, რომელიც მზის ჩასვლამდე უნდა დაგვეტოვებინა.
სოფიო ჩხაიძე
დღეს, ამ თოვლს ეს მუხლებიანი ცაცხვიც გადაუხლეჩია შუაზე
განყოფილება: ---
გადასვლები: 94