,,ჰო და არას” სტუმარია ქორეოგრაფი ნუგზარ ხუხუნაიშვილი.
_ მოგესალმებით! დიდი მადლობა, რომ დამთანხმდით ინტერვიუზე. ათეულობით წელია, დიდი ამაგი გაქვთ ლანჩხუთელებზე, ბევრი წარმატებული მოცეკვავე აღზარდეთ. საიდან გაგიჩნდათ პროფესიის დაუფლების სურვილი?
_ ექვსი წლიდან ვცეკვავარ. დავიწყე გია ხუხუნაიშვილთან და ბოლომდე მასთან ვცეკვავდი. საიდან გამიჩნდა სურვილი? წლების წინ, (90-იან წლებში) ლანჩხუთში დაარსდა მოზრდილების ანსამბლი ხელმძღვანელობდა კახა ტუღუში. კახა დღეს ლექტორია ბათუმში ქორეოგრაფიულ სასწავლებელში. მან წამიყვანა სოფელში მე არ მცალია და დაიწყე მუშაობაო. იმ დღიდან დღემდე ვმუშაობ ამ სფეროში აგერ უკვე 34 წელია.
_ როგორია ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან?
_ არის მცირედი გვერდში დგომა. მხოლოდ მგზავრობას თუ დაგიფინანსებენ ამა თუ იმ ქალაქებში წასასვლელად საქართველოს მასშტაბით. წელს ვაპირებ, რომ გავიდეთ საზღვარგარეთ. თურქეთის რესპუბლიკაში და თუ ამ მგზავრობას დაგვიფინანსებენ, ძალიან მადლობელი დავრჩებით მეც და გურამი მასწავლებელი მშობლებთან ერთად. აქვე მინდა აღვნიშნო, გელა ზოიძეს ძალიან დიდი გვერდში დგომის შესახებ. როგორც იცით, ვმუშაობ სოფელ ჩიბათში ანსამბლ ,,ლანჩხუთის" მომავალ თაობასთან. იქ, სოფლის კლუბის პირველი სართული კოოპერატივ ,,ჩიბათს” აქვს იჯარით აღებული, იქ ვმუშაობ 8 წელია და არანაირ თანხას არ მახდევინებს სარეპეტიციო ფართში. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის!
_ როგორც მოვიპოვე ინფორმაცია, კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულ ანსამბლში მოღვაწეობდით. სამწუხაროდ იქ აღარ ხართ, რამ განაპირობა ეს?
_ როცა ანსამბლ მხედრებში მივედი, გია იმნაიშვილის მიწვევით, იქ მთავარი ქორეოგრაფი იყო და არის ბატონი მელის ნადირიძე. ძალიან კარგი პიროვნება და ძალიან მოყვარული ლანჩხუთზე და ლანჩხუთელებზე. კარგი ქორეოგრაფი. დავიწყეთ ერთად თანამშრომლობა და ერთობლივი ძალებით ვაკეთებდით ძალიან კარგ საქმეს. შემდეგ მაშიდენლმა ხელმძღვანელმა, დაითხოვა სამსახურიდან ბატონი მელისი და დავრჩი მე ხელმძღვანელად. მაშინვე შემოვიკრიბე გვერდით გურამ ურუშაძე, (დღეს ანსამბლ ,,ლანჩხუთს" ერთად ვხელმძღვანელობთ) და მალხაზ ბებია (აჭარის სახელმწიფო ანსამბლ ,,არსიანის” მოცეკვავე მსახიობი, წამყვანი სოლისტი.) და ,,მხედრები” დავაყენეთ იმ დონეზე, რომ ანსამბლს შეეძლო ნებისმიერ ღონისძიებაში მიეღო მონაწილეობა. ვშრომობდით თავდაუზოგავად. გვერდში გვედგა გია იმნაიშვილი, როგორც შეეძლო. დადიოდა ყველა ინსტანციაში, რომ მოცეკვავეებსაც და ხელმძღვანელობასაც ხელფასი მომატებოდათ, თუმცა უშედეგოდ. ლანჩხუთელებმა რომ დაინახეს, ანსამბლი მუშაობდა, რეპეტიცია არ ცდებოდა, იყო დისციპლინა, დაგვემატნენ მოცეკვავეები. გაუჩნდათ სურვილი სხვა რეგიონებიდანაც ჩამოსულიყვნენ და ჩვენს ანსამბლში ეცეკვათ. ყველაფერი ავაწყვეთ ისე, როგორც ჩვენს რაიონს ეკადრებოდა. აი, ამის შემდეგ მაშინდელმა კულტურის ცენტრის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ჩემთვის ჩამოერთმიათ ხელმძღვანელობა და მათთვის სასურველ პირი დაენიშნათ ანსამბლის ხელმძღვანელად, და მე რეპეტიტორად. მოკლედ, გამიშვეს მე და დანიშნეს სხვა. დღეს საერთოდ აღარ არის ანსამბლი...
_ მიუხედავად წინააღმდეგობებისა მაინც იბრძვით, ხელმძღვანელობთ ანსამბლ ,,ლანჩხუთს", ანსამბლზე რომ გვესაუბროთ, ანსამბლის წევრებზე და სამომავლო გეგმებზე.
_ ანსამბლი ,,ლანჩხუთი" დავაარსეთ მე და გურამ ურუშაძემ (სუხიშვილების ყოფილი მოცეკვავე)კარგი ქორეოგრაფი, გავაერთიანეთ ჩვენი ბავშვები მოსწავლეები და დავიწყეთ ხელახლა ანსამბლის შენება, მართლაც 2018 წელს ანსამბლში ირიცხებოდა 45 მოცეკვავე და ვემზადებოდით დიდ ღონისძიებისთვის. მზად გვქონდა 3 ნომერი, უნდა დაგვემატებინა 3 და ფართო აუდიტორიის წინაშე ვაპირებდით წარდგენას, თუმცა პანდემიამ ყველაფერი ჩაგვიშალა და ეს აწყობილი საქმე წყალში ჩაგვეყარა. როგორც ზემოთ ვთქვი, ანსამბლში გვყავდა 45 ბავშვი, ისე კი მთლიან ჯგუფებში 130 მოსწავლე გვყავდა. ამ 130 ბავშვიდან დაგვრჩა 17 ბავშვი. მაინც ვიწვალეთ, ვიბრძოლეთ და იმ პანდემიის დროს არავინ რომ არ ცეკვავდა, გავედით სვანეთში, მესტიაში, შემდეგ ბათუმში და პანდემია რომ დამთავრდა, დაბრუნდნენ ისევ ბავშვები. მართალია სულ ახალი მოსწავლეები, მაგრამ მომავლის იმედით. მართლაც რომ, კარგი და ცოცხალი თაობა მივიღეთ, გვიხარია რომ რეპეტიციებზე შევდივართ, სულ ვერცხლის წყალივით ბავშვები არიან. ამასთან პარალელურად გავაკეთეთ ისევ დიდი ანსამბლი და ვშრომობთ თავდაუზოგავად რომ წავრსდგეთ ლანჩხუთელების წინაშე და ანსამბლმა ,,ლანჩხუთმა" თქვას თავისი სიტყვა.
_როგორც ვიცი მასტერკლასებისთვის სხვა ქალაქიდანაც ჩამოგყავთ მოცეკვავეები და ძალას, შრომას და ენერგიას არ იშურებთ იმისთვის, რომ უფრო განავითაროთ კულტურის ეს სფერო.
_ მასტერკლასების ჩატარება ზოგადად კარგია ბავშვების მოცეკვავეების დახვეწაში, ჩამოდიან აჭარის სახელმწიფო ანსამბლის, ,,არსიანის” მოცეკვავეები და ჩვენს მოცეკვავეებს უზიარებენ გამოცდილებას.
_ როგორია ანსამბლის რჩენა, რა ფინანსებთანაა დაკავშირებული?
_ ანსამბლის რჩენა საკმაო ხარჯებთანაა დაკავშირებული და მადლობა მშობლებს, რომ აკეთებენ ყველაფერს, რათა აზიარონ თავისი ბავშვები ამ, ეგრეთ წოდებულ, მერვე საოცრებას, რომელსაც ,,ქართული გენია ცეკვით განფენილი“ ეწოდება! ვიბრძვით იმისთვის და გვინდა ვანახოთ ლანჩხუთის ხელმძღვანელობას, რომ მოვიპოვოთ ანსამბლისთვის დაფინანსება. ვნახოთ, ღვთის წყალობით, იმედია ყველაფერი კარგად იქნება. ძალიან მწყდება გული, რომ ჩვენს ქალაქში არ არის ანსამბლი, როგორებიცაა ოზურგეთში და ყველა ქალაქებში. ჩვენ რატომ ვართ სხვაზე ნაკლები. მახსოვს ცხონებული რობერტი ცინცაძე სულ დიდი ანსამბლის კეთებაში იყო გია ხუხუნაიშვილთან ერთად და მგონი რობერტი ცინცაძის პატივსაცემად უნდა იყოს თუნდაც მისი სახელობის ანსამბლი ლანჩხუთში!
რითი ვართ სხვაზე ნაკლები?!
მოამზადა ნინია ბარამიძემ
განყოფილება: ---
გადასვლები: 1 130



