პროდუქტებზე საგრძნობლად მოიმატა ფასებმა. არ ხართ დასაქმებული, რითი ირჩენთ თავს, რაში ხედავთ გამოსავალს? რას ითხოვთ მთავრობისგან?
თეონა მეფარიშვილი-დოლიძე:
ფასების მატების გამო გვიწევს გარკვეული პროდუქტებისა თუ სხვა რაღაცეების მოკლება და შეზღუდვა. მყავს ორი ბავშვი, უფროს შშმ სტატუსი აქვს და ძალიან ბევრი რამ სჭირდება. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, პირველ რიგში, ჩემნაირ დიასახლისებზე, რომლებსაც მსგავსი დიაგნოზის ბავშვები ჰყავთ და ვერ ახერხებენ მუშაობას ან ეძებენ სამუშაოს და ვერ პოულობენ. ასევე მთავრობა უნდა ავალდებულებდეს შესაბამის სამსახურს, მაღაზიები აკონტროლონ, თბილისში უამრავი მარკეტია, სადაც პროდუქტები ძალიან დიდ ფასთა სხვაობით იყიდება, ასეთ შემთხვევაში თანხაც დაგვეზოგება, როცა ზედმეტს არ გადავიხდით.
თამთა გურგენაძე:
ვცხოვრობ სოფელში, სადაც ძირითადი შემოსავალი მაქვს თხილი. წელს საერთოდ არ ქონდა ფასი. მთავრობისგან ვითხოვ იმას, რომ ცოტა დაიწიოს ფასებმა. ისეთ სოფელში ვცხოვრობ, სადაც უმანქანოდ ვერ გადაადგილდები. ბენზინის ფასიც მოგეხსენებათ. რა უნდა მოვითხოვო ამ უნიათო მთავრობისგან, ნაცების შიშით ენას ვერ აბრუნებენ, რომ ყველა სიტყვაში ისინი არ ახსენონ. ვითხოვ ცოტა ხალხსაც მიხედონ და ლანძღვას დაანებონ თავი.
თამარ უჯარაშვილი:
ბავშვებზე ვიღებ შემწეობას, თითოზე ას ლარს. ჯამში 300 ლარს. მოგეხსენებათ, ეს თანხა საკვებშიც არ მყოფნის. პლუს გადასახადები. დასაქმების პროგრამაში მოვხვდი სოც.დაუცველებისთვის. იმედია დამასაქმებენ. გამოსავალი სამუშაო ადგილების შექმნაა ადგილობრივად. სიმართლე გითხრათ, მთავრობისგან დიდს არაფერს მოველი.
გელა რაზმაძე:
მთავრობამ ხალხს უნდა შეუქმნას ისეთი პირობები, რომ გაძლიერდეს ერი. კარგი გარემო გვაქვს, ბევრ ქვეყანაში მაგის ფუფუნება არა აქვთ და ჩვენზე მეტს აკეთებენ. გასაქანი უნდა ამ ხალხს, ხელის შეწყობა. პირველ რიგში თანხა, რადგან ფული წყვეტს ბევრს. საჭიროა სესხი ერთ პროცენტიანი, როგორც თურქეთმა გააკეთა და ძალიან გაძლიერდა მაგით. ჩვენ უფრო გავძლიერდებით იმიტომ, რომ პირობები გვაქვს საუკეთესო.
გიო ებრალიძე:
მე დროებით არ ვარ დასაქმებული. ამჟამად ჩემი დანაზოგით ვირჩენ თავს და ჩემი აზრით ადამიანს, რომელსაც აქვს უნარი ირჩინოს საკუთარი თავი, სახელმწიფოს დახმარება არ სჭირდება, თუმცა, ვისაც სჭირდება, იმათ აქვთ სოციალური დახმარება და პლიუს პროდუქტების ბარათი, სადაც ყოველთვიურად ერიცხებათ საკვებისთვის გარკვეული თანხა. მთავრობისგან არაფერს ვითხოვ, უბრალოდ უფრო მეტი სამუშაო ადგილი გამოუძებნოს დაუსაქმებელ პირებს.
ანდრია ტუღუში:
სოციალურად დაუცველი ვარ, თუმცა შემწეობა არაფერში მყოფნის. ორი შვილი მყავს. დასაქმების პროგრამაში ჩართვა მინდოდა და სიაში არ აღმოვჩდი და შესაბამისად ჯავშანი არ მაქვს. გამეცინა, არაა უსამართლობა?მთავრობისთვის ბევრია მოსათხოვი, მაგრამ უმთავრესი იქნება, ხალხს არსებობა შეუმსუბუქონ, დაასაქმონ წესიერი პირობებით და არა 300 ლარად, რომელიც ფქვილს ზეთს და შაქარს არ ეყოფა მთელი თვე. ძალიან ცუდად ვცხოვრობთ ზღვარზე უკიდურესი სიდუხჭირის, თუმცა უკეთესი ცხოვრების მოლოდინი აღარ მაქვს.
მაია შურგაია:
სახელმწიფოდან არასდროს არაფელი მქონია. მეუღლე თვითნასწავლი ხელოსანია, არასოდეს არ უმუშავია სახელმწიფო სამსახურში. ახლა შეჩერებულია ხელოსნის საქმე. თავის გატანას რაც შეხება, ტკბილეულის შეკვეთებზე ვმუშაობ სახლში. ძალიან იკლო შეკვეთებმა, რადგან ხალხსაც უჭირს მისი შეძენა. ასე გავდივართ წვალებით.
თამილა დოლიძე:
ოჯახის დიასახლისი გახლავართ. 42 წლის. დღეს ისეთ გაჭირვებაში ვცხოვრობთ, სანატრელი გახდა ოჯახში პურის და შაქრის მიტანა. დილიდან დაღამებამდე სხვის ოჯახში ქირაზე დავდივარ რომ ჩემი თავისთვის და ოჯახისთვის რაიმე მოვიტანო.მართლაც კრიზისულ დღეში ვართ, ჩვენსავით ბევრს უჭირს დღეს. დიდი სიამოვნებით ვიმუშავებ კერძო ან სახელმწიფო დაწესებულებაში. ვიმუშავებ ოჯახშიც და არ მეთაკილება რომ დამლაგებლად დავიწყო მუშაობა. ერთადერთი გამოსავალი დღეს მხოლოდ ხალხის დასაქმებაა და ვითხოვ მთავრობიდან ვისაც ნამდვილად უჭირს და არაფერი გააჩნია ამ ქვეყანაზე დაასაქმოს ის ხალხი და მისცეს იმდენი შემოსავალი რომ თვიდან თვემდე ოჯახი მშიერი არ იყოს. დაგვიდგეს გვერდით და იყოს მშვიდობა ჩვენს დანაწევრებულ საქართველოში.
ირინა ზარანდია:
როცა, 35 წლის შრომისუნარიანი ხარ და სახელმწიფო არაფერს არ აკეთებს, რომ დაგასაქმოს, მინიმალური შემოსავალი მაინც გქონდეს, თვიდან თვემდე ადამიანმა თავი გაიტონს, ძალიან ცუდია. როგორც ფასების ძრდა ყველაფერზე, ისე სიღარიბეც მატულუბს ჩვენთან, ისე, რომ ბოლო არ უჩანს.... რაც შემეხება პირადად მე და ჩემს მეუღლეს _ იქით რომ ვარჩენდეთ ჩვენს პენსიონერ მშობლებს, ისინი არიან ემიგრაციაში წასული, ფიზიკურად მუშაობენ და აქით გვეხმარებიან, ამაზე დიდი სირცხვილი მართლა არ ვიცი რა უნდა იყოს.
მარიკა კილაძე:
ოჯახს ვარჩენთ გზავნილებით, რომელსაც მეუღლე მიგზავნის. გამოსავალს ვხედავ სახელმწიფოს მხრიდან მეტი სამუშაო ადგილის შექმნაში. სახელმწიფო პროგრამებზე არ ვარ ინფორმირებული. მთავრობისგან ვითხოვ: კანონის დონეზე დაარეგულირონ სურსათზე და კომუნალურებზე უსაშველოდ გაზრდილი ფასები. უკვე ვეღარაფერს ვუმკლავდებით.
კობა ჩხაიძე:
სოციალური დახმარება გვაქვს და სახლში სოფლის მეურნეობას ვეწევით. ახლა გამაფორმეს 300 ლარიან პროგრამაში. ვითხოვ მთავრობისაგან ხე;ლი შეუწყონ ფაბრიკების გახსნას და ხალხის დასაქმდეს ნორმალურ ხელფასზე.
თამარ ხაჯიშვილი: პროდუქტები საშინლად გაძვირდა, სამუშაო არსად არ არის. კი არ ვცხოვრობთ, ვარსებობთ. მე მესმის, უამრავი ადამიანია ჩემს დღეში, ეს ძალიან სამწუხაროა. მაქვს სოც დახმარება. ამ თანხის ნახევარი მიდის ბინის და კომუნალურების გადასახადში. ნახევარი კი არც მყოფნის ბანკში როგორ ვცხოვრობ არ ვიცი ვერ ვიტყვი. უფალია ჩემს გვერდით. ზოგს წარმოდგენაც არ შეიძლება ჰქონდეს, რას ნიშნავს გყავდეს ხუთი შვილი და ყოველდღე ფიქრში ათენებდე რა უნდა გააკეთო ხვალ. ამ დროს მოდის ადამიანი უფლის სახით და გეხმარება. ეს არის გადარჩენა. აი, ასე ვცხოვრობ ამ დიდ ოჯახში. ვისაც არ გამოუცდია ვერასდროს ჩაწვდება რას ნიშნავს. რაც შეეხება სახელმწიფოს, არ გვყავს, რადგან საერთიდ არ აინტერესებს მას ჩემნაირი ოჯახები როგორ ცხოვრობენ, რას აკეთებენ რა არის მათი შემოსავლის ან გასავლის წყარო, არ აინტერესებთ, რადგან მათი ნათესავი არ ხარ, არ ტკივათ ის, რასაც ჩემნაირი ადამიანები განიცდიან. არადა, ეს ცხოვრება, სწორედ რომ, ბუმერანგია და ყველას ის უბრუნდება, რასაც თესავს.
ძალიან ცუდად ვცხოვრობთ, ზღვარზე უკიდურესი სიდუხჭირის...

მოამზადა ნინია ბარამიძემ
განყოფილება: ---
გადასვლები: 791