,,ჰო და არას” სტუმარია არჩეულელი ახალგაზრდა, წარმატებული სპეციალისტი, მარი ხანთაძე
_ მოგვიყევით თქვენს შესახებ. სად დაიბადეთ, გაიზარდეთ; გაიხსენეთ ბავშვობის წლები. ყველაზე ტკბილი მოგონებები, რომელიც გაკავშირებთ ლანჩხუთთან.
_ დავიბადე ლანჩხუთის რაიონის სოფელ არჩეულში. არჩეულის დაწყებითი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა ნიგვზიანის საჯარო სკოლაში გავაგრძელე. მყავდნენ არაჩვეულებრივი პედაგოგები. დაწყებით სკოლაში ზოია ტუღუში, რომელმაც უდიდესი ზეგავლენა იქონია ჩემზე, საუკეთესო პედაგოგი და ყველასათვის მისაბაძი ადამიანია. ალბათ ღვთისგან ბოძებული საჩუქარია, გყავდეს ასეთი პედაგოგი, ადამიანი დაჯილდოებული ყველანაირი ღირსებით, ნიგვზიანის საჯარო სკოლაც საუკეთესო პედაგოგებითაა დაკომპლექტებული. ჩემი კლასის დამრიგებელი კი სოსო ტუღუში იყო, მათემატიკის საუკეთესო მასწავლეველი.ჩვენ სამი დედმამიშვილი ვართ. მამა 14 წლისას გარდამეცვალა. მაშინ ჩემი უფროსი და სტუდენტი იყო. მომდევნო წელს ჩემი ძმა, მერე კი მე გავხდი სტუდენტი. ცოტა არ იყოს, დედისთვის ძნელი გახდა სამი სტუდენტის რჩენა, მას მოუწია ემიგრაცაში წასვლა, ჩვენი სწავლის თანხის გადახდა შესაძლებელი რომ ყოფილიყო. ჩვენ სამივენი სწავლასთან ერთად ვმუშაობდით. მიწევდა ღამის საათებში მუშაობა, დილით კი უნივერსიტეტში წასვლა, ვცდილობდით ერთად გავმკლავებოდით ყველაფერს. მართლაც, ერთად ყველაფერი შევძელით და ეს ერთად ყოფნის პრინციპი გამომადგა სამსახურშიც.
_ როგორც ვიცი, იყავით თბილისში კომპანია ,,გალფის" ერთ-ერთი ფილიალის მენეჯერი. რამდენიმე დღეა დაწინაურდით. რა გზა გაიარეთ, რომ წარმატებისთვის მიგეღწიათ?
_კომპანია ,,გალფს“ 2014 წელს შევუერთდი, სტუდენტი ვიყავი. ამ პერიოდში სამსახური ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. დავიწყე მაღაზიის მოლარე-კონსულტანტის პოზიციიდან. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ამ კომპანიაში გავიზარდე. შემდეგ გადავედი ადმინისტრატორის პოზიციაზე. იმისთვის, რომ შეძლო საყვარელი პროფესიის პოვნა, საჭიროა თავდაპირველად, აღმოაჩინო საკუთარი თავი. ამ კომპანიაში მე ვიპოვე ჩემი თავი, პირველი ნაბიჯები ყოველთვის დიდ ძალისხმევას მოითხოვს, შესაბამისად ვცდილობდი უფრო და უფრო მეტი მესწავლა, მეშრომა და კიდევ უფრო წინ წავსულიყავი, ასეც მოხდა, რამდენიმე თვეში გავხდი მენეჯერი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია პატივისცემა, გუნდურობა, სიახლეებისკენ სწრაფვა, რაც კომპანიაში ნათლად ჩანს. დაუსრულებლად შეიძლება საუბარი კომპანიის მიერ გაკეთებულ უამრავ სიკეთეზე. ,,გალფი" არის კომპანია, რომელიც მუდმივად ვითარდება. მინდოდა, რასაც ვაკეთებდი, ყოველთვის იმაზე უკეთესად მეკეთებინა, ვიდრე ჩემგან ელოდნენ ამას. ეს შრომა დამიფასდა. რამდენიმე დღის წინ გადავედი ახალ პოზიციაზე - ეიჩარში. დიდი იმედი მაქვს, აქაც იგივე შემართებით გავაგრძელებ ჩემს საქმიანობას
_ რას ურჩევთ ახალგაზრდებს? რა არის მთავარი წარმატების მისაღწევად?
_ ახალგაზრდებს ვურჩევ არ დაიღალონ. ბევრი შრომაა საჭირო იმისთვის, რომ მიაღწიო წარმატებას. არ არსებობს გამოუვალი სიტუაციები და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. სწორ და სანდო ხალხთან ერთად მთების გადადგმა შეგიძლია. არ იფიქრონ, რომ რამე არ ეხებათ, არ არსებობს სათაკილო საქმე, შეხედონ ყველაფერს ისე, რომ ეს პირადად მათია, თუ ამას შეძლებენ, წარმატება აუცილებლად მოვა
_რას ფიქრობთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით?
_ძალიან განვიცდი იმ მდგომარეობას, რაც დღეს უკრაინაში ხდება. უკრაინა არის ერთადერთი ქვეყანა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან, რომელმაც შეძლო ცივილიზებული მსოფლიოსთვის დაენახებინა პუტინის სახე, რგორც ოკუპანტის და საშიშის. ძირგამომპალი პუტინის რუსეთის რეალური სახის დანახვაც შესაძლებელი გახადა. მე მჯერა, რომ უკრაინა გაიმარჯვებს და ჩვენ ცივილიზებული სამყაროს თითოეული წევრი ვალში ვიქნებით იმ უკრაინელი ხალხის წინაშე, ვინც შეიწირა დამყრობლური ველური ჟინით შეპყრობილმა პუტინმა. ვუყურებ და აღფრთოვანებული ვარ უკრაინელი ხალხის ერთიანობით, პატრიოტიზმით ქვეყნის სიყვარულით და თავგანწირვით.
_ ვხედავთ თქვენს კომენტარებს ,,ალტ-ინფოს" წინააღმდეგ. გთხოვთ, გვესაუბროთ ამის შესახებ.
_ ვამაყობ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული ჩემი გმირი ბიძით, თამაზ ტყეშელაშვილით. 23 წლის იყო, როცა დაიღუპა. 27 წელი ვეძებდით მის საფლავს. 2019 წელს კი სხვა გმირ ბიჭებან ერთად, როგორც იქნა, მოხერხდა მისი ნეშტის მშობლიური სოფლის, არჩეულის მიწისთვის მიგვებარებინა. მე ვიდექი სამების ტაძარში, ცრემლები მახრჩობდა და თან სიამაყით გული მევსებოდა, რომ მყავს გმირი ბიძა და დღეს, პარტია, რომელიც ოკუპანტი რუსეთის მხრიდან ფინანსდება, უნდა მოგვევლინოს ქვეყნის ,,პატრიოტად“. არ უნდა მივცეთ მას უფლება შეურაცხყოს ჩვენი გმირი ბიჭები. მე მაქვს განსაკუთრებული პროტესტი მათ წინააღმდეგ და საამისო მიზეზიც მაქვს, არ და ვერ შემოევლება ამ თემას ჩემთვის. ვიბრძვი და ვიბრძოლებ ჩემი გმირი ბიძის სახელით მისი გმირული სულის საპატივცემულოდ. რუსეთი ოკუპანტია და მას არანაირი კეთილი ზრახვა ჩემი ქვეყნის მიმართ არ გააჩნია!
_და ბოლოს, როგორ ქვეყანაზე ოცნებობთ და მოგვიყევით სამომავლო გეგმებზე...
_ვნატრობ ისეთ საქართველოს, სადაც ადამიანებს ექნებათ უფრო მეტი სიყვარული, პატივისცემა ერთმანეთის მიმართ. მინდა ისეთი ქვეყანა, სადაც ხალხი, პირველ რიგში სახელმწიფო მოხელე იქნება კანონმორჩილი. თუ ეს არ იქნება ისე, როგორც განვითარებულ ქვეყნებშია, ვერასდროს წავალთ წინ.
ჩემთვის ამოსავალი წერტილი და ქვეყნის წინსვლის პერსპექტივა არის კანონმორჩილ ადამიანებში. თუ სიყვარული იქნება ადამიანებს შორის, ეს იქნება ქვეყანა, სადაც ყველას გაუხარდება ცხოვრება. გეგმაში მაქვს სწავლა სხვა ქვეყანაში გავაგრძელო, მეტი შესაძლებლობებით დავბრუნდე საქართველოში და უფრო მეტად გამოვადგე ქვეყანას. ჩვენი ქვეყნის სავალალო მდგომარეობის მიზეზიც ზუსტად არის ის, რომ ქვეყანაში გამეფებულია შერჩევითი სამართალი, რომელიც ანგრევს ქვეყანას, ასუსტებს მის ყველა ინსტიტუტს და შედეგიც გვაქვს სავალალო. კანონი უნდა მოქმედებდეს ერთნაირად სახელმწიფო მოხელესა და რიგით მოქალაქეზე.
მარი ხანთაძე: პარტია, რომელიც ოკუპანტი რუსეთის მხრიდან ფინანსდება, უნდა მოგვევლინოს ქვეყნის ,,პატრიოტად~“, არ მივცეთ მას უფლება შეურაცხყოს ჩვენი გმირი ბიჭები!..

ესაუბრა ნინია ბარამიძე
განყოფილება: ---
გადასვლები: 1 481