სოფელ ნინოშვილში, მარგალიტაძეების ექვსულიანი ოჯახი, სადაც ორი მცირეწლოვანი ბავშვიც ცხოვრობს, წლებია სტიქიას შიშველი ხელებით ებრძვის. დაბზარულია ამ ოჯახის საცხოვრებელი სახლის კედლები, განადგურებულია ეზო და სასაფლო-სამეურნეო ნაკვეთი. ოზურგეთი- ნინოშვილის საავტომობილო გზის გასწვრივ უკვე წლებია იზრდება სტიქიური ზონა და ამ ტერიტორიიდან რამდენიმე ოჯახი უკვე განსახლდა. გზის სავალ ნაწილზე, სადაც გადატვირთული საავტომობილო მოძრაობაა და ავტომანქანების ნაკადი არ წყდება, რამდენიმე ადგილას გზა მეწყრისგან იმდენად ჩაზნექილია, საცაა მთლიანად ჩავარდება. აქვეა მინიშნებაც ,,დამეწყრილი ზონა.“ ამ ტერიტორიაზე არ არის მოწყობილი გარე განათება, რაც საავტომობილო შემთხვევის რისკს უფრო მეტად ზრდის, გზის ერთ მხარეს რამდენიმე საცხოვრებელი სახლია, მათ შორისაა მარგალიტაძეების ექვსსულიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი. როგორც სახლი, ისე ეზო და საკარმიდამო ნაკვეთი მეწყრისაგან უკვე წლებია ზიანდება, ამ ოჯახში, როგორც ვთქვით, ორი მცირეწლოვანი ბავშვია, ორი კი მძიმე ავადმყოფი. ოჯახის უფროსი, სულიკო მარგალიტაძე გვიყვება, რომ აქ ცხოვრება უკვე გაუსაძლისია, მან 2018 წლის ოქტომბერში რამდენიმე ტელევიზიის ეთერით მიმართა შესაბამის უწყებებს, რომ დახმარებოდნენ, თუმცა იმის შემდეგ მდგომარეობა უარესობისკენ შეიცვალა. საავტომობილო გზა, რომელიც მარგალიტაძეების საცხოვრებელ სახლსა და სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთის შუაში გადის, მეწყრულ ზონას წარმოადგენს და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ტრანსპორტის მოძრაობა აქ მეტად სახიფათოა, ერთად ერთი მხოლოდ ნაკვეთის ღობეა, რომელიც გზის გასწვლივ ჯებირის მოვალეობას სწევს, ამ გზას არ გააჩნია სანიაღვრე არხები, გაბიონები და მეწყრისაგან დამცავი არცერთი პირობა. ,, ძველი ურემი მოვიტანე და სიმბოლურად დავტვირთე ქვებით, ასე მოტანილი დღემდე ქვებით მქონდა აქაურობა გამაგრებული და ახლა თავად ხედავთ რა მდგომარეობაა. სანიაღვრე კვალი არ იყო გაკეთებული და წყლების არასწორმა მიმართულებამ გამოიწვია ის, რომ წაიღო ეს მონაკვეთი, 2018 წელს, როცა რამდენიმე ტელევიზიამ გააშუქა ეს ამბავი, იქედან მოყოლებული დღემდე რასაც ვითხოვდი, არ არის გაკეთებული, ჩემი საკუთარი ღობე ამაგრებს ამ წუთას გზას ზევითაც და ქვევითაც, სახლი ხომ დამიზიანდა და დამიზიანდა, მერე მთლიანად ნაკვეთი წაიღო. საშვილიშვილოდ მქონდა მოშენებული კარმიდამო, არც ერთი ბეტონი არაა ნახმარი აქ გამაგრებისათვის, არც რკინა. შედეგი გვაქვს ასეთი, თავადაც ხედავთ, ახლა წამობრძანდით ეზოში და ნახავთ იქ რა მდგომარეობა“ - გვითხრა მან.
ასევე მეწყრისგან დაზიანებულია სახლის ეზო, სადაც ფეხით გავლაც ჭირს. დაბზარულია სახლის კედლები და დაწეულია მეორე სართულის აივნის რკინაბეტონის საფარი. ,,დღეს მოვა ტრაქტორი, ხვალ მოვა, ასე მარწმუნებდნენ, მოვიდა ტრაქტორი და ასე დამიტოვა მდგომარეობა, გაკეთების მაგივრად მთლად დამაქციეს, ეზოშიც ვეღარ ჩამოვდივარ, რომელი ადამიანი გაჩერდება ასე" _ გვითხრა ოჯახის უფროსმა და ისიც დასძინა, რომ თუ იძულებული გახდება გზის ამ მონაკვეთს გადაკეტავს. საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის ეროვნული სააგენტოს მიერ 2021 წლის 20 იანვრით დათარიღებულ დასკვნაში წერია: ,,შუქრი მარგალიტაძის საკარმიდამო ნაკვეთზე და საკარმიდამო სახლზე სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტების მიერ 2018 წლის ოქტომბრის თვეში გაცემულია ვიზუალური საინჟინრი -გეოლოგიური დასკვნა დეპარტამენტი ს სპეციალისტების მიერ, სადაც მითითებულია დამცავი ღონისძიებების შესახებ. კერძოდ, სახლის მდგრადობის შენარჩუნებისათვის, დამეწყრული სხეულის სტაბილიზაციისათვის საჭიროა: ფერდობიდან და სახურავიდან ჩამონადენი წყლების რეგულირება-დრენაჟი; საძირკველის გარშემო ჰიდროსაიზოლაციო საფარის მოწყობა და ტექნოლოგიური ფერდის გასწვრივ სამაგრი კედლის მოწყობა, ხოლო საავტომობილო გზაზე უნდა გატარდეს მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები. ამჟამად ვიზუალური დათვალიერებით მითითებული ღონისძიებები შესრულებული არ არის, ხოლო სახლის დაზიანების ხარისხი შედარებით მომატებულია. მითითებული ღონისძიებების გატარების აუცილებლობა ძალაში რჩება. მიგვაჩნია, ადგილობრივი ძალებით დაწესდეს მონიტორინგი. გართულების წარმოქმნის შემთხვევაში მოხდეს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.“
სოფელ ნინოშვილში გზად შევხვდით უკვე ყოფილ საკრებულოს წევრს, დავით ჩხარტიშვილს. მან გვითხრა: ,,ძალიან მიხაროდა, რომ ეს გზა ჩავასმევინეთ მსოფლიო ბანკის პროექტში, შემდეგ შეჩერდა ეს პროექტი პანდემიის გამო". დავუკავშირდით ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარეს და ამ სოფლის დეპუტატს, ბესო ტაბიძეს. მან გვითხრა: ,, ნინოშვილის გზასთან დაკავშირებით მე და მუნიციპალიტეტის მერს, ალექსანდრე სარიშვილს ჩამოყვანილი გვყავადა, ირაკლი მაჩალაძე, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის საავტომობილო გზების სამსახურის უფროსი და თემურ ჯახვა, შპს, ,,გზამშენი-18"-ის ხელმძღვნელი. მან მოითხოვა ზედა მხრიდან გამაგრება მომხდარიყო. შეთანხმდნენ იმაზე, რომ ქვედა მხრიდან, სადაც არის მეწყრული ზონა, წელს მომხდარიყო გამაგრება, სანამ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები დაიწყებოდა. შემდეგ ითხოვა, რომ ეზოდან გამოეტანათ მიწის ნაკადი, ოთხი დღის განმავლობაში ტექნიკა მიმაგრებული ჰყავდა. გამოიტანა მიწა და ეს მიწა დაყარა იმ ადგილას, სადაც გამაგრებითი სამუშაოები უნდა დაწყებულიყო. აქედან გამომდინარე მაქვს ინფორმაცია, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტს მოთხოვნა გადაგზავნილი აქვს საპროექტოში, პროექტი იქნება აპრილის თვემდე და აპრილში უკვე დაიწყება სამუშაოები და ყველა მეწყრული ადგილის შეკეთება მოხდება. მინდა გითხრათ, რომ 24 საათის განმავლობაში იმ ხელმძღვანელებთან მაქვს კომუნიკაცია, რომ უყურადღებოდ არ დარჩეს ეს ოჯახი და ასევე ის გზა, რომლითაც ჩვენი მოსახლეობა სარგებლობს’’_ გვითხრა ბესო ტაბიძემ.
სოფელ ნინოშვილში მარგალიტაძეების ექვსსულიანი ოჯახი წლებია დამეწყრილ სახლში ცხოვრობს
მაია კუკულაძე
განყოფილება: ---
გადასვლები: 1 088



