ადიდებული მდინარე ნაპირს რეცხავს, ინფრასტრუქტურის უნიჭო პროექტები კი - ქვეყნის ბიუჯეტს
სოფელ ჩოჩხათის ოდილაურის გზაჯვარედინზე 30 წელია, რაც სანიაღვრე არხი გაუქმებულია, რის შედეგად ნიაღვარი გზის სავალ ნაწილზე ჩამოედინება და ცენტრალური გზის გადაკვეთის შემდეგ მოსახლეობის ეზოებში ჩადის. მიუხედავად იმისა, რომ სოფლის ცენტრალური გზის რეკონსტრუქცია ითვალისწინებდა ზემოხსენებული არხის აღდგენას, მაინც არ გაკეთდა. არც მოსახლეობის წერილობით თხოვნას გამოუღია შედეგი. ამ ხნის განმავლობაში, განსაკუთრებით არჩევნების წინ ოდილაურის გზაზე ქვიშას ყრიან და ასწორებენ, რომლის არსებობა პირველ გაწვიმებამდე გრძელდება.
მაშინ, როცა ნინო წილოსანი მაჟორიტარ დეპუტატად კენჭს იყრიდა, ეს ადგილი ვაჩვენე, მაგრამ რატომღაც, ქალბატონმა ნინომ ადგილობრივი ჩინოვნიკები არ შეაწუხა, მაგრამ მე კი დამეხმარა ექსკავატორის დაქირავებაში, ეზოში შემოტანილი ნაგვისგან გასაწმენდად, რომელიც ყოველწლიურად მჭირდება.
ახლა რაც შეეხება ე.წ. N#2 შეტევას კერძო საკუთრებაზე.
ეზოს პერიმეტრის მეორე მხარეს, აღმოსავლეთის მხრიდან მდინარე შუთის ხეობიდან, დიდი რაოდენობით ქვიშის ამოღებამ დააზიანა ოთხი მოსახლის საკარმიდამო ნაკვეთი და წაიღო ნარგავები, დააზიანა სოფლის გზაც, მარტო გზის გამაგრების სამუშაოებს ნახევარ კილომეტრზე მილიონზე მეტი თანხა დასჭირდა. ქვიშის ამოღება დღესაც გრძელდება. ნუთუ ვერ ხედავენ, რომ ნარგავებს ჰორიზონტალური მდგომარეობა აქვს, გამაგრების მაგივრად ძირს უთხრიან.
იმისათვის, რომ ნგრევის პროცესი შემეჩერებინა, გლეხური მეთოდით აკაციის სარები და ძველი მანქანის საბურავებით დავფარე ეს ადგილი, მაგრამ ეს ყველაფერი ექსკავატორმა დაანგრია სუფთა ქვიშის მოპოვების მიზნით.
გასაგებია, რომ მოსახლეობა არავის ენაღვლება, მაგრამ ამ მიწის გაგრძელებაზე საბავშვო სპორტულ მოედანს შეექმნა საფრთხე.
როგორც ჩანს ეს ყველაფერი მიზანშეწონილად კეთდება შემდგომში უფრო მსუყე სამუშაოები რომ ჩაიგდონ ხელში.
თუ მდინარე კერძო საკუთრების მიწის ნაკვეთს თავის კალაპოტში მოაქცევს, საკუთრების ფორმა იცვლება თუ არა?
ჩემი თხოვნა იყო და არის, ნუ ამოიღებთ ასეთი ადგილებიდან ქვიშას.
ქვიშის ამოღება სპეციალისტის მითითებით უნდა ხდებოდეს, რომ სხვა დაზიანება არ გამოიწვიოს.
კიდევ, ვერავინ უნდა ბედავდეს მდინარეში ლიფსიტების აპარატით გაჟლეტას. არაა ამისთვის ვინმეს დაჭერა ან დაჯარიმება აუცილებელი, ეს ყველაფერი თვითშეგნებით უნდა გამოსწორდეს.
რაც შეეხება არხების გაღებას, ზოგიერთ ადგილებში ტექნიკის გარეშეც შეიძლება გაკეთდეს. ამით დასაქმდება სოფლის ახალგაზრდობა და უფრო იაფიც დაჯდება.
ერთი სიტყვით, სოფელს უნდა ყავდეს სოფლის კაცი, მამასახლისის და ბოქაულის დრო კარგა ხანია წავიდა. სად არის ეს სოფლის კაცი? არჩევნებს არ მოჰყავს, უფალი გაბრაზებულია ჩვენზე და არ გვიგზავნის.
ვასილ გუჯაბიძე
სოფელი ჩოჩხათი
ადიდებული მდინარე ნაპირს რეცხავს, ინფრასტრუქტურის უნიჭო პროექტები კი - ქვეყნის ბიუჯეტს
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 1 034