საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ევროპის პრიზიორის და მსოფლიო თასის მფლობელის, როინ დობორჯგინიძის სახელობის ღია რესპუბლიკური ტურნირი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 2002-2003-2005-2007 წლებში დაბადებულ სპორტსმენთა შორის. შეჯიბრების ორგანიზატორი გახლდათ ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრი (დირექტორი გაგა იმნაიშვილი). ორი დღის მანძილზე მართლაც შთამბეჭდავი სანახაობა გაიმართა სასულიერო გიმნაზიის დარბაზში, სადაც გუნდური პირველი ადგილი ლანჩხუთმა მოიპოვა.ჩემპიონები გახდნენ: გიორგი იაშვილი (23 კგ), თამაზ ღლონტი (29 კგ), ლუკა ჭყონია (+53 კგ), გიორგი ლურსმანიძე (52 კგ), გიორგი ხარატიშვილი (46 კგ), ლუკა შარაბიძე (42 კგ), ბეჟან ართილაყვა (58 კგ), ნუკრი წილოსანი (100 კგ). ვერცხლის მედლები მოიპოვეს: ზაზა თევზაძემ (23 კგ), ლუკა ლომაძემ (32 კგ), ლერი ქამაშიძემ (+53 კგ), დემეტრე მახარაძემ (46 კგ). ბრინჯაოს მედალი წილად ხვდა გიორგი კვირკველია (54 კგ). ტექნიკურ მოჭიდავედ ლუკა შარაბიძე დასახელდა. გამარჯვებულები და პრიზიორები როინ დობორჯგინიძემ დააჯილდოვა. ლანჩხუთელი სპორტსმენები ტურნირისთვის კახა აფხაზავამ და კახა გოგოლიშვილმა მოამზადეს. როგორც სპორტული ცენტრის დირექტორმა, გაგა იმნაიშვილმა გვითხრა, _ `ტურნირი ტრადიციულია და ის უკვე მეოთხედ გაიმართა და მასში 16 მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი იღებდა. ძალიან კარგი და ორგანიზებული პირველობა გამოგვივიდა. ბატონი როინის გარდა ჩვენი ცენტრის ორგანიზებით კიდევ ერთი სახელოვანი სპორტსმენის, მსოფლიო ჩემპიონის, ავთანდილ გოგოლიშვილის სახელობის ტურნირიც ტარდება.~ ბატონი როინის შესახებ ლანჩხუთური სპორტის მემატიანე, მერაბ წულაძე თავის წიგნში `ფალავნები ლანჩხუთიდან~ წერს:`ჩვენებურია თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი როინ დავითის ძე დობორჯგინიძე. იგი დაიბადა 1948 წლის 27 მაისს ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჯურუყვეთში. ჭიდაობას სოფლის საჭიდაო ღია არენაზე ეზიარა. მეცხრე კლასიდან ბათუმში გადავიდა და ვარჯიში ჟორა თარგამაძესთან დაიწყო. მეთერთმეტე კლასელი გახდა საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი.1970 წლიდან წვრთნა საბჭოთა კავშირის დამსახურებულ მწვრთნელ ილია ჩხარტიშვილთან გააგრძელა. ბატონი ილიას ხელმძღვანელობით მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული. შემდეგ ვახტანგ ბალავაძის საერთაშორისო ტურნირებზე ერთი ვერცხლისა და ერთიც ოქროს მედალს დაეუფლა. 1973 წელს ტოლიდოში (აშშ) მსოფლიო თასი ხვდა. ამავე წელს ლოზანას (შვეიცარია) ევროპის ჩემპიონატის პრიზიორია. მოიგო იაპონიის, ბულგარეთის, პოლონეთის, ინდოეთის საერთაშორისო ტურნირები. იყო სსრ კავშირის პროფკავშირების პირველობების არაერთგზის გამარჯვებული, ორჯერ _ სსრ კავშირის ჩემპიონატების მეორე პრიზიორი.წლების განმავლობაში შედიოდა საბჭოთა კავშირის ნაკრებში. 1973 წელს აშშ-ს ქალაქ ნიუ-იორკის სახელგანთქმულ `მედისონ სკვერ გარდენში~ სსრკ _ აშშ სამატჩო შეხვედრაში გაიმარჯვა როგორც პირად, ასევე გუნდურ ასპარეზობაში.გარკვეულ სუბიექტურ გარემოებათა გამო როინ დობორჯგინიძე ოლიმპიურ ხალიჩაზე ვერ მოხვდა. სხვათა შორის, ოლიმპიურ თამაშებში გამოსვლის ყველაზე რეალური შანსი ჰქონდა 1972 წელს. მაშინ ოლიმპიურ ნაკრებში 57 კგ წონით კატეგორიაში კანდიდატი სამნი იყვნენ _ როინ დობორჯგინიძე, ტარიელ ალიბეგაშივილი და მოსკოველი ვლადიმერ კულაშოვი. ოლიმპიადის წინ სსრ კავშირის პირველობა ჩატარდა, სადაც ფაქტობრივად უნდა გადაწყვეტილიყო თუ ვინ წავიდოდა მიუნხენში. როინმა და ტარიელმა ფრედ 3:3 დაამთავრეს შეხვედრა, კულაშოვს კი, რომელიც იმ წელს ევროპის ჩემპიონი იყო, დობორჯგინიძემ 7:1 მოუგო და რუსი მოჭიდავე პრიზიორიც ვერ გახდა, მეშვიდე ადგილზე გავიდა, მაგრამ ოლიმპიური ნაკრების პირველ ნომრად მაინც კულაშოვი დააყენეს.1973 წელს როინ დობორჯგინიძე მსოფლიო ჩემპიონატისათვის ემზადებოდა. წინ იყო სსრ კავშირის პირველობა. თუმცა ლანჩხუთელი ფალავანი კრასნოიარკში არ აჭიდავეს. გამოუცხადეს, რომ ნაკრების ნაღდი კანდიდატია და ორთაბრძოლებიდან გაათავისუფლეს _ დაასვენეს. ცოტა ხანში ოფიციალურად დაასახელეს ნაკრების შემადგენლობა და... მსოფლიოს ჩემპიონატზე გამგზავრებამდე სამი დღით ადრე უთხრეს, რომ გადაღლილია და მისი დატვირთვა არ შეიძლება. რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთი მძიმე და მოულოდნელი დარტყმა იყო ქართველი სპორტსმენისათვის. სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, 1976 წლიდან როინი მწვრთნელობას შეუდგა. 1987-დან 2003 წლამდე გახლდათ საქართველოს პროფკავშირების თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ოლიმპიური რეზერვების სპორტული სკოლის დირექტორი. აქ აღიზარდა მსოფლიოს ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში გურამ გედეხაური, ევროპის ჩემპიონი და პრიზიორები ელდარ კურტანიძე და დავით პოღოსიანი, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ახალგაზრდებში მსოფლიო ჩემპიონები ბაკურ გოგიტიძე, გოჩა ბიჩინაშვილი, მსოფლიო თასის მფლობელი და ევროპის პრიზიორი თენგიზ თედორაძე და სხვები. 1981 წელს საქართველოს ნაკრებმა მოსწავლეთა საკავშირო სპარტაკიადაზე რუსეთის გუნდს სძლია და ჩემპიონი გახდა. სწორედ იმ შემადგენლობიდან არიან ლერი ხაბელოვი, ზაზა თურმანიძე, გია გალდავა, ავთანდილ გოგოლიშვილი... მაშინდელი საქართველოს ნაკრები როინ დობორჯგინიძემ, თამაზ გოგოლაძემ და ჯონი ლორიამ მოამზადეს. ეს გამარჯვება უნიკალური იყო მოსწავლეთა საკავშირო სპარტაკიადების ისტორიაში. საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი როინ დობორჯგინიძე დაჯილდოებულია ღირსების მედლით. მისი გვარი შეტანილია საპატიო წიგნში საბჭოთა კავშირის სპორტის ისტორიაში თავისუფალ ჭიდაობაში მაღალი შედეგების მოპოვებისათვის~.
განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 0