ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რატომ ჯობია ლანჩხუთისთვის მერაბ ჟორდანიას პრეზიდენტობა?

რატომ ჯობია ლანჩხუთისთვის მერაბ ჟორდანიას პრეზიდენტობა?
13-08-2015, 00:00

  ბოლო დღეებში ქართული საინფორმაციო საშუალებების ერთ-ერთი მთავარი თემაა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ამ ორგანიზაციის ყოფილი თავკაცი მერაბ ჟორდანიაც მიიღებს. ეს კი ჩვენი მკითხველისთვის განსაკუთრებით საინტერესოა, რამეთუ ჟორდანია, როცა ის სფფ-ს 1998–2005 წლებში თავკაცობდა, «გურიას» ლობისტად ითვლებოდა. უეფას სუპერთასის მატჩის დასრულების შემდეგ ფედერაციის მოქმედმა პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ განაცხადა, რომ ერთი კვირის განმავლობაში ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის გამოცხადებას გეგმავს. «ვფიქრობ, რომ საუკეთესო დღეა დღეს, რათა განვაცხადო, რომ მართლა მივდივარ. სადღაც ერთი კვირის განმავლობაში არჩევნების დღეს გამოვაცხადებ. როგორც დიდ ფეხბურთშია, ნებისმიერი ადამიანი უნდა წავიდეს თავის პიკზე, დღეს ჩემი პიკი იყო», - განაცხადა სიჭინავამ. ლანჩხუთური ფესვების მქონე მერაბ ჟორდანია 80–იანი წლების მიწურულს «გურიას» ღირსებას იცავდა და მისი ერთ–ერთი წამყვანი მოთამაშე გახლდათ. 2003 წელს ის კენჭს იყრიდა ლანჩხუთის მაჟორიტარულ ოლქში, თუმცა მან არჩევნების მოგება ვერ მოახერხა. ცნობილი ფაქტია, რომ ჟორდანია მეგობრობს უეფას პრეზიდენტ მიშელ პლატინისთან. ის, რომ ჟორდანია ქართული ფეხბურთის სათავეში დაბრუნებას შეეცდებოდა, ამის შესახებ «ჰო და არა» ზუსტად ორი წლის წინ ვარაუდობდა სტატიაში _ რაზე ისაუბრეს მიშელ პლატინიმ და ბიძინა ივანიშვილმა. ფაქტობრივად, მაშინდელი პუბლიკაცია ადასტურებს, რომ მსოფლიოსა და ევროპის საფეხბურთო წრეებში ყველაზე გავლეანიანი ქართველი საფეხბურთო მოხელესთან დაკავშირებული ინფორმაცია ჭორი არაა და მისი პრეზიდენტობა, სავარაუდოდ, «ზემოთაც» გადაწყდა. ამის ირიბი დადასტურება თუნდაც ის გახლდათ, რომ სუპერთასის მატჩზე ჟორდანია კახი კალაძის გვერდით იჯდა. აშკარაა, მას სიტყვას ამჯერადაც შეაწევდა მიშელ პლატინი, რომელთანაც ჟორდანია ისე მეგობრობს, რომ როცა კენჭს ლანჩხუთის მაჟორიტარად იყრიდა, ლამის ყოველდღე ურეკავდა საფრანგეთიდან. პლატინი წინა ხელისუფლებასთანაც ღიად აფიქსირებდა ჟორდანიას მხარდაჭერას, თუმც ნაცხელისუფლებასთან არაფერი გამოუვიდა. ახლა პლატინი უეფას თავკაცია, ფიფას პრეზიდენტობისთვის იბრძვის და მას ჟორდანია სჭირდება. ჯერ კიდევ ორი წლის წინ, როცა პლატინი და მაშინდელი პრემიერი ივანიშვილი ერთმანეთს შეხვდნენ, მერაბ ჟორდანიამ საფეხბურთო საზოგადოებას თავი ასე შეახსენა: «ბატონებო! ქართული ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობა, ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო, არ პასუხობს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ქართველი გულშემატკივრის ისტორიულ (ტრადიციულ) ამბიციას! ამ მიზეზებს ემატება ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა _ ფეხბურთის სპეციალისტების დაქსაქსულობა, რომელთაც გარკვეულწილად ძალუძთ იტვირთონ ლიდერის როლი და ქართული ფეხბურთის განვითარებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანონ საკუთარი შესაძლებლობების და ძალისხმევის გაერთიანების შემთხვევაში. საკუთარ თავთან მართალი რომ ვიყოთ, უნდა ვაღიაროთ _ ქვეყანაში 2012 წლის ოქტომბრამდე არსებული რეჟიმის პირობებში, წარმოუდგენელი იყო რომელიმე ორგანოს დემოკრატიული არჩევა. გამონაკლისი არც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი, რომლის საქმიანობას მე და იმედია, თქვენც დადებითად აფასებთ, შექმნილი სისტემის მძევალია. ის არ არის პასუხისმგებელი უალტერნატივო არჩევნებზე. მსჯელობა ამ თემაზე დღეს არ დამიწყია, უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში ჩემს ერთადერთ სატელევიზიო ინტერვიუშიც მქონდა საუბარი ამ მტკივნეულ საკითხზე» _ წერდა მაშინ ჟორდანია. სფფ-ის ექს-შეფის იმავე განცხადებიდან: «დღეს, როდესაც ქართული საზოგადოება განთავისუფლდა შიშისგან, ძალადობისგან, პრინციპულობა და სამართლიანობა ცხოვრების წესად უნდა იქცეს თითოეული ჩვენთაგანისთვის. ჩემი პოზიციიდან გამომდინარე, მოგმართავთ თქვენ _ ერთიანი ძალისხმევით გამოვიდეთ ჩიხიდან, რომელშიც ქართული ფეხბურთი იმყოფება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მორიგი ყრილობის დღის წესრიგში აუცილებელია ნდობის საკითხის დაყენება! ამით ამჟამინდელ მენეჯმენტს ლეგიტიმაციის და ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელობის პრეტენდენტებს ამბიციის გაცხადებისა და საკუთარ პრეტენზიებზე ამომწურავი პასუხის მიღების საშუალება მიეცემათ. ასეთი წინაპირობით ჩატარებული ყრილობის გადაწყვეტილებები უაპელაციოდ (შეუქცევადად) უნდა მიიღოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყველა სუბიექტმა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ფიფა-უეფას რეაქცია, საკითხის აღნიშნული ფორმით გადაწყვეტის შემთხვევაში, მხოლოდ დადებითი იქნება. ამასთან, ახალი არჩევნები, მისი ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, უკანასკნელი ორი არჩევნებისგან განსხვავებით, ალტერნატიულ, კონკურენტულ გარემოსა და საფეხბურთო სამყაროსთვის აღიარებული «ფეირ პლეის» (სამართლიანი თამაში) კანონების დაცვით უნდა გაიმართოს. ასეთი არჩევნების გარანტად, წესდების თანახმად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომი და პრეზიდენტი არიან. ამგვარი არჩევნები უკანასკნელად 2002 წელს ჩატარდა. მოვლენათა ასეთი განვითარების შემთხვევაში, მე აუცილებლად ვიფიქრებ იმაზე, თუ რა ფორმით და პროგრამით დავბრუნდე ქართულ ფეხბურთში. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და სხვადასხვა ქვეყნის კლუბებში მუშაობის გამოცდილება, ბატონ ბიძინა ივანიშვილის ახლო წარსულის, ჩემთვის ცნობილი, არარეალიზებული წინადადებები (სფფ-ს მოქმედი მენეჯმენტი აქ არაფერ შუაშია) და მისი დღევანდელი დამოკიდებულება ფეხბურთისადმი, მაიმედებს, რომ ქართული საფეხბურთო საზოგადოება მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, რომელიც მისცემს საშუალებას ქართულ ფეხბურთს, ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს მსოფლიო საფეხბურთო ოჯახში!» აი, რას წერდა და რა შეფასებას აკეთებდა «ჰო და არა» ორი წლის წინ: როგორც ჩანს, «ვარდების მთავრობისგან» დევნილი და ორჯერ დაპატიმრებული ჟორდანია მზადაა, ქართული ფეხბურთის სათავეში. რატომ გააკეთებს ამას ჟორდანია? მით უფრო, ის სფფ-ის მოქმედ თავკაც დომენტი სიჭინავას არ აკრიტიკებს და პირიქით, როგორც ამბობენ, მას უეფაში მხარსაც უჭერს. თუმცა, როგორც ჩანს, სიჭინავა თავად აპირებს წასვლას. შესაძლოა, ეს დაგეგმილ ან ვადამდელ არჩევნებზე მოხდეს. ყოველ შემთხვევაში, თუ სიჭინავა არ იქნება თანახმა, ჟორდანია არ არის ის ადამიანი, პირში აქოს და მას «ნაცხელისუფლებასავით» მოექცეს. ამასთან, ვინც ჟორდანიას იცნობს, იცის, რომ მიზანსწრაფული ადამიანია, რომელიც წაგებას ვერ იტანს. იგი პრინციპულობითაც გამოირჩევა და ყველა დარწმუნებული იყო, რომ «ნაცხელისუფლებას» სერიოზულ პრობლემებს შეუქმნიდა, თანამდებობიდან რომ არ გადამდგარიყო. გავიხსენოთ, როგორც დატუქსა ფიფა-უეფამ საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ფედერაციის საქმიანობაში ჩარევის გამო და ხომ წარმოგიდგენიათ, რას უზამდნენ სააკაშვილის ხელისუფლებას. მაგრამ ჟორდანიას სხვა მნიშვნელოვანი საქმე ჰქონდა _ მიშელ პლატინის 15 «საბჭოთა» ხმას ციხეში მყოფი ვერ დაუბევებდა. მაშინ პლატინიმ უეფას არჩევნები 3 ხმით მოიგო და თუ რას ნიშნავდა 15-ივე პოსტსაბჭოთა სივრცის ხმა, იოლი მისახვედრია. მაშინ უცხოურ მედიაშიც გაჟღერდა, რომ ქართველმა ფრანგს 15 ხმა გაუხერხა. საინტერესოა ის დეტალიც, რომ ყველაზე საეჭვო ქართული ხმა იყო, რადგან ნოდარ ახალკაცი უეფას არჩევნებში პლატინის კონკურენტს უჭერდა მხარს. თუმცა, მაშინ შიგასახელისუფლო-საფეხბურთო დაპირისპირებაში ახალკაც-უმცროსს პლატინის მხარდაჭერა ღიად დააფიქსირებინეს, რითაც მას ფრანგის კონკურენტებთან მისასვლელი გზა მოუჭრეს. ახლაც მერაბ ჟორდანიას, გარდა იმისა, რომ ქართული ფეხბურთის წინსვლაში დახმარების სურვილს ამჟღავნებს და სიმართლე ვთქვათ, ფიფა-უეფას მხარდაჭერას მასზე უფრო ქართველთაგან ვერავინ მიიღებს (რადგან ის მეგობრობს ფიფა-უეფას ბოსებთან), ამას გარდა, ხმები ისევ უნდა დაუბევოს მეგობარ პლატინის, რომელიც ახლა უკვე ფიფას პრეზიდენტობას დაუმიზნებს (უკვე დაუმიზნა კიდეც!!! _ რედ.). პრინციპში, ამ ხმებზე დახმარებას ჟორდანია უცხოეთში ყოფნითაც გაუწევს, მაგრამ აქ მეორე ვარიანტია _ ჟორდანია უნდა გახდეს უეფას ვიცე-პრეზიდენტი! ამისთვის კი საჭიროა იყოს სფფ-ის თავკაცი. როგორც ცნობილია და ეს ჟორდანიამაც დაადასტურა, მიშელ პლატინის ჯერ კიდევ წლების წინ სურდა ჟორდანია მოადგილედ, მაგრამ ნოდარ ახალკაცის ფედერაციამ მისი კანდიდატურა არ წარადგინა უეფას ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე. სხვათა შორის, უეფამ ახლახანს ვიცე-პრეზიდენტად უკრაინელი გრიგორი სურკისი აირჩია, რომელიც ასევე ჟორდანიას უახლოესი მეგობარია. პლატინის უეფაში თავისი კაცის დატოვება აუცილებლად დასჭირდება და ფრანგი ლეგენდა რომ აქცენტს ყოველთვის ჟორდანიაზე აკეთებდა თუნდაც იქიდანაც ჩანს, რომ პლატინი მასთან ხან გრეჰეტბოლს თამაშობდა, ხანაც _ «ვარდოსნებს» თხოვდა, ჟორდანიასთვის არაფერი დაეშავებინათ. მაშინ სააკაშვილმა სიტყვაში მოატყუა უეფას ბოსი _ არ შეეხო ჟორდანია-სფფ-ის პრეზიდენტს და დაიჭირა ჟორდანია-»დინამოს» ექს-პრეზიდენტი, რის გამოც ფრანგი გაბრაზებული იყო და მას შემდეგ სააკაშვილს აღარ შეხვედრია. არადა, სულ პირველად, ჯერ კიდევ პირველი პატიმრობიდან ახალგათავისუფლებულ ჟორდანიასთან ერთად იმგზავრა სააკაშვილმა საფრანგეთამდე, სადაც სფფ-ის თავკაცმა ქვეყნის პირველ პირს ფრანგი ლეგენდა გააცნო. სხვათა შორის, პლატინი აპრილის ბოლოსაც იყო საქართველოში ჩამოსული და მოვლენათა განვითარება და ჟორდანიას წერილი კიდევ უფრო გვარწმუნებს იმაში, რომ უეფას ბოსმა ახლა უკვე საქართველოს ახალ მთავრობას შესთავაზა ჟორდანიას ქართულ ფეხბურთში დაბრუნება. პლატინი ფუტზალის ტურნირს დაესწრო, თუმცა, ეჭვგარეშეა, პლატრინი-ივანიშვილის შეხვედრაზე სხვა «მნიშვნელოვან» საკითხზე იმსჯელებდნენ და ერთ-ერთი მათგანი ჟორდანიას ქართულ ფეხბურთში დაბრუნება იქნებოდა. როგორც ჩანს, ჟორდანიას ქართულ ფეხბურთთან დაკავშირებით დიდი პროექტი აქვს, რითაც შეეცდება, ის კითხვები გადაფაროს, რაც მის პერსონასთან დაკავშირებით საქართველოში არსებობს. 90-იანი წლების გამო, მას ბევრი აკრიტიკებს, თუმცა, წმინდა საფეხბურთო ასპექტებით, «დინამოც» და ეროვნული ნაკრებიც ყველაზე წარმატებული სწორედ ჟორდანიას ხანაში იყვნენ. მაშინ ჟორდანიამ შეცდომებიც დაუშვა, თუმცა, ახლა მას საფეხბურთო წრეებში უდიდესი გამოცდილება და ფიფა-უეფას პრეზიდენტებთან მეგობრობა უმაგრებს ზურგს. ცნობილი ფაქტია, რომ პლატინის მსგავსად, ჟორდანიასთან მსოფლიო ფეხბურთის პირველი პირი, ზეპ ბლატერიც მეგობრობს, რომელთან ერთადაც საჩვენებელი ფეხბურთიც უთამაშია, ხოლო როცა შევარდნაძის ხელისუფლებაში მას პრობლემები შეექმნა, ფიფას პირველმა პირმა ქართველი თავისთან იხმო, აეროპორტში საკუთარი მანქანა დაახვედრა და ფიფას შტაბ-ბინაზე საქართველოს დროშაც გამოფინა. დაგვეთანხმებით, ასეთი პატივი წამყვანი ქვეყნების წარმომადგენლებთაგანაც იშვიათად აქვთ. როდის მოხდება ჟორდანიას ქართულ ფეხბურთში დაბრუნება, ამას დრო გამოაჩენს. ჟორდანიას განცხადებას მოქმედი პრეზიდენტი დადებითად გამოეხმაურა _ სიჭინავამ მას მადლობა გადაუხადა მისი საქმიანობის შეფასებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ჟორდანიამ წერილში ვადამდელ არჩევნებზე მიანიშნა. გამოდის, რომ ეს უკანასკნელი მოქმედი პრეზიდენტის წინააღმდეგ არ წავა _ სიჭინავას ახალკაცისგან განსხვავებით უეფაც რომ კარგი თვალით უყურებს (ეს ორი წლის შემდეგ, უეფას სუპერთასმა და პლატინის მისდამი წერილებმაც ღიად დაადასტურა _ რედ.), ამაშიც ჟორდანიას წვლილს ხედავენ. ახლა, როცა სიჭინავა მიდის, დიდი შანსია, მან მხარი სწორედ ჟორდანიას დაუჭიროს. ბოლო დღეებში სამთავრობო თუ სპორტულ წრეებში შეცვლილ-შერბილებული კომენტარებიც რაღაც ახალზე მიანიშნებს. სხვათა შორის, ზვიად სიჭინავას 6-წლიან მმართველობასთან თუ ვინმეს ყველაზე ნაკლები პრეტენზია უნდა ჰქონდეს, ეს უპირველესად ლანჩხუთი უნდა იყოს! როცა სიჭინავა სფფ-ის პრეზიდენტი გახდა, მან თქვა, რომ «გურია» ბრენდია და ის უმაღლეს ლიგაში უნდა იყოს. ბოლო მოუღო მარჩიელობას, სად უნდა იყოს გურიის ფეხბურთის ფედერაციის ოფისი! პირველად ჟორდანიამ თქვა, მე არ მაინტერესებს ქვეყნის ტერიტორიული მოწყობა, გურიის საფეხბურთო ცენტრი ლანჩხუთია და ოფისიც იქ უნდა იყოსო! მან ვერ მოასწრო ოფისის შეძენა, თუმცა ეს მოახერხა სიჭინავამ. მანვე «გურიას» სტადიონს 3500 ინდივიდუალური სკამი გადასცა, ასევე მისი ხელშეწყობით, სტადიონზე დაიგო ახალი 800 ათასად შეფასებული მინდვრის საფარი. ის თითქმის არ ესწრება «მეორე განყოფილებას», თუმცა «გურიას» 80 წლის იუბილისადმი გამართულ ბანკეტზეც ბოლომდე დარჩა...   დაბოლოს:რატომ აჯობებს ყველასმერაბ ჟორდანიას პრეზიდენტობა «გურიასთვის»? ვფიქრობთ, ეს კითხვა ლანჩხუთში არც არსებობს!        

განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა