ხმაური იყო სოფელ აკეთში, კერძოდ გაგურის დასახლებაში. რამდენიმე ოჯახი ჩინური კომპანიის ქმედებას აპროტესტებდა, მოსახლეობამ გადაკეტა ცენტრალური გზა, მოძრაობა ვეღარ შეძლო კომპანიის მძიმეწონიანმა მანქანებმა, რომლებსაც სოფლიდან ინერტული მასალა გააქვთ. აქციის მონაწილეები კომპენსაციას ითხოვდნენ, მათი თქმით (და ეს ნამდვილად ასეა. ავტ) იქ ცხოვრება გაუსაძლისი გახდა მას შემდეგ, რაც ჩინურმა კომპანიამ სამუშაოები დაიწყო. ,,გაფუჭებულია გზები, ჩამტვრეულია ღობეები, მიწაც მოდის ნელ-ნელა ზევიდან, სახლს ბზარები აქვს. ავადმყოფი დედა მყავს, რომელსაც ერთი წუთიც კი ვერ დაუძინია ამ ხმაურის გადამკიდე. ხმაურს ვინ დაეძებს, წყალიც კი არ გვაქვს და გვენატრება. ყანა ვერ ავიღეთ და თხილი ვერ მოვნახეთ ისეთი მტვერი და ტალახია ირგვლივ. ვითხოვთ კომპენსაციას. უკვე ექვი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ასურათებენ და მსჯელობენ რა გააკეთონ, კატეგორიულად ვითხოვთ ჩინური კომპანიის წარმომადგენელი მობრძანდეს და დაგველაპარაკოს. ვითხოვ გარანტიას, რომ მოგვეცემა კონპენსაცია, ისე როგორც სხვა ოჯახებს მიეცათ ჩვენს მეზობლად, მათზე ნაკლებ დაზარალებულები არც ჩვენ ვართ. მირეკავს ჩინელი თარჯიმანი, რომელიც რუსულად საუბრობს, ვინმე ალექსი და მეუბნება, რომ პოლიცია მოვა და დაგვარბევს. აგერ ვართ და დაგვარბიონ, ამაზე უარესი რა უნდა დაგვემართოს“- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ლია ჭეიშვილმა.
ადგილზე მისულებს დაგვხვდნენ ლანჩხუთის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე ბესო აფაქიძე და სხვა თანამშრომლები, გამგებლის წარმომადგენელი აკეთის თემში მანუჩარ ღლონტიც იქვე იყო. აქციას ესწრებოდა ,,ევროპული საქართველოს“ ლანჩხუთის ორგანიზაციის ლიდერი ირაკლი მარშანიშვილი, მოგვიანებით მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ნუგზარ ცინცაძეც გაეცნო ადგილზე სიტუაციას. არსად ჩანდა აკეთის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი მორჩილაძე, რამაც ძალიან გაანაწყენა აქციის მონაწილეები, მათი თქმით სწორედ ასეთ დროს სჭირდება მოსახლეობას დეპუტატის თანადგომა. უნდა აღინიშნოს, რომ პოლიციას მცდელობაც კი არ ჰქონია აქციის დარბევის ან იძულებითი წესით გზის გახსნის. პოლიციის უფროსის მოადგილე ბესო აფაქიძე პირადაც გაეცნო არსებულ სიტუაციას, ნახა დაშვავებული მიწა, ბზარები სახლზე, დაყრუებული წყლის სისტემა. მან სთხოვა ლია ჭეიშვილს და მის ოჯახს გზა გაეხსნათ და პირადად აიღო პასუხისმგებლობა, რომ უახლოეს დღეებში მოაგვარებდა ამ პრობლემას, კონკრეტულად კი ყველა მხარეს შეკრებდა და ოპტიმალურ გადაწყვეტილებამდე მივიდოდნენ. ლია ჭეიშვილი მადლობას უხდიდა აფაქიძეს გამოჩენილი ყურადღებისათვის, თუმცა კატეგორიულად ითხოვდა ჩინური კომპანიის წარმომადგენლის მოსვლას აქციაზე. ნუგზარ ცინცაძის დაჟინებული მოთხოვნით როგორც იქნა ამოვიდა სოფელში თარჯიმანი. მართლაც საოცარი ნებისყოფა და სტუმართმოყვარეობა გამოიჩინეს ადგილობრივებმა, რომ ჩინელი თარჯიმნის თავხედობას საკადრისი პასუხი არ გასცეს. როდესაც ქალბატონი ლია რუსულად უხსნიდა პატივცემულ ალექსის, რომ საკითხის დადებითად გადაუწყვეტლობის შემთხვევაში გზის პიკეტირება გაგრძელდებოდა, ჩინელის პასუხი იყო - ,,პასმოტრიმ“. ვისი ბრალია, რომ საქართველოში ქართველებს ასე ესაუბრებიან ეს ცალკე თემაა.
დავუბრუნდეთ აკეთის აქციას, საბოლოოდ სამართალდამცავების თხოვნა გაითვალისწინეს ადგილობრივებმა და მანქანებს გადაადგილების უფლება მისცეს. თუმცა, პირობის დარღვევის შემთხვევაში და თუ ერთ კვირაში პასუხს ვერ მიიღებენ, მათ კიდევ დააანონსეს გზის პიკეტირება, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ გზას აღარ გახსნიან, ვიდრე პრობლემას არ მოუგვარებენ.
თორნიკე ჯიჯიეშვილი
ვინ ემუქრებოდა ლია ჭეიშვილის ოჯახს?

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 884