ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ბიჭი ხარ და გამოდი, თუნდაც ქალაქ ლანჩხუთის ცენტრში _ მომღიმარე და ბედნიერი ადამიანები დამანახე

5-07-2017, 00:00

“ჰო და არა” ყოველთვის ცდილობს, თავის მკითხველს გააგებინოს როგორ მიდის ჩვენი რაიონის მოსახლეობის ცხოვრება, ვის უჭირს, ვის ულხინს...ზოგიერთს იქნებ ეგონოს სუბიექტური იყოს ვინმე, სინამდვილეში ამას დიახაც რომ ობიექტურობა, ხალხისა და ქვეყნის სიყვარული ჰქვია, იმ ხალხისა, რომელსაც აღარაფრის იმედი აღარ აქვს. არავითარი სარკაზმი _ ნამდვილად ასეა. ბიჭი ხარ და გამოდი, თუნდაც ქალაქ ლანჩხუთის ცენტრში - მომღიმარე და ბედნიერი ადამიანები დამანახე. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას, ნუთუ შეიძლება მსგავს სიტუაციაში იყოს რაიონის მოსახლეობა, რომელმაც აგირჩიათ, გენდოთ, დაგაფასათ და იმის აღიარებაც კი არ გინდათ, რომ `ცოტა~ მიკლებული აქვს ხელი რაიონს. ან რა ვალდებულები ვართ ჩვენ პრესა, ჟურნალისტები ვისმე კოჭი ვუგოროთ, ოპოზიცია იქნება ეს თუ პოზიცია. ჩვენ ვალდებულება გვაქვს მთელი საზოგადოების და რაც მთავარია, სინდის-ნამუსის წინაშე, რათა გადმოვცეთ მხოლოდ სიმართლე. სხვათა შორის, თვითკრიტიკის ვერ და არ მიღების გამო, წინა
ხელისუფლებამაც ცუდად დაამთავრა. ეს არაა მუქარა, პასუხია იმ უკმაყოფილებაზე, რომლის გამოხატვის ფორმამ მავანთაგან, სასაცილო ფორმა მიიღო. რაც შეეხება ჩვენი თანამოქალაქეების ყოფა-ცხოვრებას, მართალია ყველასი არა, მაგრამ უმეტესობა მათგანის, უბრალოდ, გაუსაძლისია. ვწერდით და კვლავ მოგაწვდით ცნობებს ჩინური კომპანიის თავგასულობის შესახებ, მაგრამ იმაზეც უნდა დავფიქრდეთ, ამ ხალხს (ქართველ მუშებს) სხვა ალტერნატივა აქვთ? კია ბატონო, ლანჩხუთი პატარა, მაგრამ ვერ გაწვდა ეს ნეპოტიზმი ყველას, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში დაასაქმოს ყველანი. მეტი რა სამუშაო ადგილი შეიძლება გამოჩნდეს აქ? _ არაფერი ვაჭრობის გარდა, ხოლო ეს სფერო როგორი `მოწესრიგებული~ და `მდიდარია~ ჩვენს რაიონში კარგად მოგეხსენებათ ალბათ. ან რჩება ყველაზე პოპულარული გზა - შიმშილობა. აქაც ნახულობენ გამოსავალს `ძლიერნი ამა ქვეყნისანი~ და დიდებული ვაჟას სიტყვებით მიმართავენ ხალხს: `ბიჭს მაშინ დაგიძახებდი, მგლოვიარეც რომ ჰგალობდე~... ვის, ვის და ქართველ ხალხს მხიარულებას და დროსტარებას ვერ ასწავლი ნამდვილად, მაგრამ მშიერი კუჭით ის და მისი ოჯახი ვერ ცეკვავს, მითუმეტეს კონცერტებსაც ვერ დადგამს. ქუჩაში იმხელა აგრესია, დაძაბულობა იგრძნობა, რომ ადამიანები ხუმრობებსაც ერიდებიან, ვინმე არ გავაღიზიანოთო. აუტანელმა სიცხემ და ხვატმა მთლად დაუსუსტა ხალხს ნერვები, არავითარი მორიდება, არც გზის დათმობა, მოხუცებთან დამოკიდებულებაზე ხომ საუბარი ზედმეტია.



თუმცა ასეთ სიტუაციაშიც გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ნაადრევად დაღლილ, დაბერებულ გულს სიამაყით და სიამოვნებით აგივსებენ.



`აჯანყებული გურულის~ ძეგლთან, სკვერში, საშუალო ასაკის, მუშაკაცის იერის მქონე პიროვნება იჯდა და ნაყინს მიირთმევდა, ადგილი მხოლოდ იმ სკამზე იყო და პატარა გოგონაც მასთან დაჯდა. სავარაუდოდ ბავშვი უფროსებს ელოდებოდა. მამაკაცმა ჯერ გამოკითხა, ხომ არ გამოჰპარვია მშობლებს, ან რამე ხომ არ უჭირდა, პასუხი დამამშვიდებელი იყო, დედას ელოდებოდა, რომელიც ავადმყოფობდა და წამლების ვერ შეძენის გამო (ფული მიაკლდა) სესხს იღებდა ბანკიდან და რიგში იდგა. დამელოდეო, უთხრა აღელვებულმა კაცმა, წავიდა და რამდენიმე წუთში ნაყინით და ცივი წვენით დაბრუნდა. გოგონა უარობდა, ერიდებოდა უცნობისგან მორთმეულის აღება, თუმცა საბოლოოდ გაჭრა კეთილი კაცის თხოვნამ, თან 5 ლარიანიც დაუტოვა, იქნებ დედას შეაგვიანდეს და მოგშივდესო. სწორედ ამ დროს დაუძახა ამ ღვთისნიერ ადამიანს კრედიტოფიცერმა, ,,ბატონო, თქვენი სესხის მოთხოვნაზე უარყოფითი პასუხი მოვიდა~. მან გოგონას თავზე ხელი გადაუსვა, გაუღიმა და თავჩაქინდრულმა დატოვა იქაურობა.



ერთმანეთს გადავხედეთ იქ მყოფებმა, ხმა არავის ამოგვიღია, ყველას რაღაც ბურთი გვაწვებოდა ყელში. თუმცა იმ რამდენიმე წუთმა, ამ ადამიანის საოცარმა კეთილშობილებამ ყველაფერი გადაფარა. კაცმა, რომელსაც თავად სჭირდებოდა ფული, სრულიად უცნობ ბავშვს მამასავით ეპატრონა. აი, ესაა სიკეთე, როცა არ გაქვს არაფერი და მაინც ცდილობ ვიღაცას დაეხმარო. ხოლო ის, რომ სადღაც ქუჩა გაკეთდა ადგილობრივების ომის შემდეგ, ფილაქანი დაიგო ბაღში, რომელზეც ამდენი დავა მიდის, სადღაც გზა დაიგო, სულაც არ არის საამაყო და მადლობების წიგნში ჩასაწერი. ეს მოვალეობაა, რომელსაც ასე ცუდად აღიქვამენ. ისე, ლანჩხუთელებს თუ დაეჯერებათ, არჩევნები არ უნდა შედგეს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არავინ არ მივა. თუმცა, ... თუმცა ფოჩიან კანფეტებს მაინც შემორჩებათ სიტკბო... ჩვენდა სამწუხაროდ, მეგობრებო!..




თორნიკე ჯიჯიეშვილი

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 908
FACEBOOK კომენტარები