საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად მატულობს ვნებათა ღელვა პოლიტიკურ პარტიებსა თუ საერთოდ ქვეყანაში. ჩვენი მოვალეობაა საზოგადოების ყურადღება მივაპყროთ იმ პრობლემებზე, რაც ჩვენს გარშემოა და ჩვენეული ხედვა შევთავაზოთ მას, რადგან ქვეყანა მრავალი ახალი გამოწვევის წინაშე დგას და თუ გონივრულად არ მოვიქცევით, ეგებ უფსკრულშიც გადავიჩეხოთ, ამიტომ სიფრთხილე და სიბრძნე გვმართებს.თითქმის ოთხი წლის წინ, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ავანსცენაზე გამოჩენის შემდეგ ღია ბარათით მივმართეთ მას. ამ წერილს (რომლის გამოც, სხვათა შორის, ჩვენი სამაგალითო დასჯა მოინდომა წინა ხელისუფლებამ უპრეცედენტო ფაქტით _ რედაქციაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შემოგზავნით) ქვემოთ სრულად განმეორებით გთავაზობთ, რადგან გაიხსენოთ, როგორი იყო ჩვენი სურვილი ოთხი წლის წინ და გაანალიზოთ _ შესრულდა თუ არა ის.ჩვენის აზრით, შესამჩნევია წინა და არსებული ხელისუფლების ერთგვარი მსგავსება... მოვუწოდებთ ხელისუფლებას, თვალი გაუსწოროს რეალობას, გადადგას ქმედითი, ქვეყნისთვის საჭირო ნაბიჯები. თუ ისევ ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს, ისევ დროის გაყვანაზე და იმაზე იფიქრებს, როგორმე შეინარჩუნოს ძალაუფლება და ამისთვის ყველაფერს იკადრებს, ქვეყანა ვერ აშენდება.ამჯერად ჩვენი მიზანი არაა მკითხველს წარმოვუდგინოთ არსებული ხელისუფლების მმართველობის სამწლიანი პერიოდის ანალიზი, ამას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.საზოგადოებამ უნდა დაინახოს უკეთესი გზა მომავალი ცხოვრებისათვის. ხელისუფლებამ და ოპოზიციამ უნდა გაიცნობიეროს თავისი შეცდომები. ჯერ კიდევ არის დრო, ისე იმოქმედონ, რომ ნაბან წყალს ბავშვიც არ გადააყოლონ. მსოფლიო გაცილებით უფრო სწრაფად იცვლება დღეს, ვიდრე ადრე. ამიტომაც ჩვენს პრობლემებზე ფიქრისთვის ნაკლებად სცალიათ ამერიკას და ევროპას, რაც ზრდის საფრთხეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით.ხელისუფლების ქმედითობა იქნება გადამწყვეტი სტაბილურობის შესანარჩუნებლად, თორემ კიდევ ერთ არეულობას თუ რევოლუციას ქვეყანა ვეღარ გადაიტანს. ავანტიურისტებს ასეთ დროს ეძლევათ ასპარეზი...ხელისუფლებას იგივეს ვურჩევდით, რასაც ქვემორე წერილში წაიკითხავთ _ ეძებონ ღირსეული, პროფესიონალი ადამიანები და მათ მისცენ სასიკეთო საქმეების კეთების საშუალება, ამის საჭიროება ნამდვილად დაგვანახა ბოლო სამმა წელმა.მომავალი ჩვენს ხელთაა, ნუ ვკრავთ ხელს მას! დღეს საქართველოში მრავალი პასუხგაუცემელი კითხვაა დასმული.მრავალი, ანუ ბევრი... და ეს, მარტივად რომ ვთქვათ, არ არის კარგი.არ არის კარგი _ ეს წინადადებაც მარტივია, მაგრამ, დამეთანხმებით, მისი შიგთავსი რთულია, არსის გამო.დიახ, მრავალი შეკითხვაა დასმული, რომელთაგან ზოგიერთს ისმენს ხელისუფლება. ვგულისხმობ იმას, რომ ყურამდე უშვებს, მაგრამ იქ მთავრდება შეკითხვის ისტორია (ანუ მას გაგრძელება, პასუხის სახით არა აქვს). ზოგიერთს ისმენს, შეკითხვის ავტორთა დასანახავად საქმიან იერს იღებს _ ზოგჯერ შეწუხებულს, ზოგჯერ ვითომ აღფრთოვანებულს, გმადლობთ რომ შეგვახსენეთო (მაღალი კლასია), მაგრამ შერცხვენილს, დათავმდაბლებულს _ არასდროს (ალბათ ესეც კლასია, რომელიც ადვილად ჭრის უკვე უკიდურესად დაჩაჩანაკებული მოსახლეობის უმრავლესობაში, ფიქრით, როგორც ჩანს, რაღაცას ჩვენ ვერ ვიგებთო).ზოგიერთ შეკითხვას კი ხელისუფლება ყურამდეც არ უშვებს და ან ღიად გამოხატავს განრისხებას ამ შეკითხვების გამო, ან უჩუმრად ცდილობს მისთვის არასასურველი შეკითხვების დასმის გამო, სამაგიერო უზღოს შეკითხვათა ავტორებს. უკეთეს შემთხვევაში კი, სრულ იგნორირებას უკეთებს შეკითხვას. ანუ, ისევ მარტივად თუ ვიტყვით, ურნაში მოისვრის. და ასე, ურნაში გადაყრილ შეკითხვათა რაოდენობა უკვე იმდენია და იმდენი ხანია გროვდება, რომ ლამისაა სუნიც აუვიდეს.აი, ამ სუნთა ავარდნის დროს, გამოეცხადეთ თქვენ საქართველოს, ბატონო ბიძინა! თქვენ, ვისი სახელიც უკვე კარგა ხანია ისმოდა, როგორც უდიდესი ქველმოქმედის, მაგრამ უჩინარი კაცისა.და გეტყვით გულწრფელად _ ჯერ გაკვირდა საქართველო, მერე გაკვირვებიდან გამოვიდა და აღფრთოვანება გამოხატა. მერე, ვისაც მოვლენის შეფასებისთვის საჭირო ანალიზის უნარი გააჩნდა (და ასეთი მრავალია საქართველოში), ყველამ აღიარა, რომ თქვენ იმ განცხადებით, რომლითაც წარსდექით საზოგადოებრივობის წინაშე, იყავით უაღრესად გულწრფელი; თქვენი წადილი, ამჯერად უკვე პოლიტიკაში მოსვლით ჩამდგარიყავით ჩვენი სამშობლოს სამსახურში, იყო მშობელი ხალხის მიმართ უდიდესი გულშემატკივრობის გამო სიღრმისეული, გულისგულში გატარებული ფიქრის შედეგი. დიახ, გულით ნაფიქრალს გავდა ეს ყველაფერი. ასე ფიქრობენ დღესაც, მაგრამ... მაგრამ უკვე გაჩნდა მრავალი შეკითხვა. საწყისი მდგომარეობა გაცილებით მომხიბვლელი იყო, ვიდრე გაგრძელება დარჩა (ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ასე ჩანს).ჰოდა, ამ შეკითხვებით დაძეძგილ ქვეყანაში ხალხს ახალი შეკითხვების პასუხის ძიებისთვის, როგორ ფიქრობთ, ეცალა?! არა, ბატონო ბიძინა, თქვენ, როგორც თქვენი ბიოგრაფიიდან ირკვევა, იმდენად მრავალნაცადი კაცი ბრძანდებით, ვინ, თუ არა თქვენ, იცით, რომ საქართველოს ნახევრად მშიერ მოსახლეობას ამისთვის არ ეცალა, მაგრამ მაინც ვერსად გაექცა, რადგან ყველაფერი, რაც ირგვლივ ხდება და რაც მოსახდენია, მათ ყოფა-ცხოვრებაზე აისახება, და აი, ამას, სწორედ ამას ვერ გაურბიან ვერსად.... პირველი ემოციები დაცხრა. თქვენი ხმა მიჩუმათდა (სასურველია ეს თქვენი ტაქტიკა იყოს). და ამ სიჩუმის ფონზე განსაკუთრებით კარგად გაჟღერდა იმ ოპოზიციონერთა და ოპოზიციურ პარტიათა ხმა, რომელთა საქმიანობა უკვე წლებია თვალდატანებული და გაშიფრულია საქართველოს უკვე მრავალნანახი, მრავლისმომსწრე მოსახლეობის მიერ... და პირველი იმედგაცრუებაც დაიწყო, ანუ დასაწყისშივე შკალა დაღმა დაეშვა. ეს კი პროგრესის მოსურნე ყველა ადამიანისთვის იმედგაცრუების საწყისად იქცა (სხვათა შორის, მოგეხსენებათ, ისეთი ადამიანებიც არსებობენ, ყოველგვარი სიახლე რომ აშინებთ, ანუ პროგრესს გაურბიან, რადგან ვერ განუსაზღვრავთ, რა ადგილი შეიძლება ეჭიროთ მათ ამ შემთხვევაში. სწორედ ასეთი ადამიანები აფერხებენ ქვეყნის წინსვლას. მდგრადი მდგომარეობა არ არსებობს. ანუ, თუ არ იქნება პროგრესი, იქნება რეგრესი.).რა ხდება სინამდვილეში თქვენთან?ნუთუ პირველი ემოციები, რომელიც ხალხს მოჰგვარეთ, ქარს გაყოლილი ბუმბულივით დაიკარგება?! ვფიქრობთ, თქვენ ვალდებული ბრძანდებით რაღაც გზით მათ (მოგეხსენებათ ჩვენს ქვეყანაში არსებული შეზღუდული მედიასივრცის შესახებ) მიაწოდოთ სრული ინფორმაცია, თქვენი მეტად მომხიბვლელი პირველი განცხადების შემდეგ, რა ნაბიჯები გადადგით, რა შედეგები გაქვთ, რას ელით უახლოეს მომავალში? წინააღმდეგ შემთხვევაში ხალხი კიდევ ერთხელ ჩათვლის თავს მოტყუებულად.თქვენ, ცნობილია, უთვალავ ფულს ხარჯავთ და უკვე დახარჯეთ დაწყებული საქმისთვის. თანხა, ხომ არ ჯობდა, პირველ რიგში იმისთვის დაგეხარჯათ, რომ თქვენს მსტოვრებს ქალაქ-ქალაქ, სოფელ-სოფელ, ქუჩა-ქუჩა, უბან-უბან ეძებნათ ის ადამიანები, რომლებიც თავიანთი დიდი ღირსების გამო მძიმე თავთავივით თავდახრილნი არიან და ჩუმად სხედან თავისთვის. იქნებ სწორედ ეს ნაბიჯი გადაგედგათ პირველად _ გაუსვრელი, პატიოსანი, განათლებული, განსწავლული ადამიანები დაგეძებნათ, უჩინოდ კუთხეში მიწეულნი, კატების მიერ ძაღლებად ჩაუთვლელნი (`უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო!~).თქვენ აღიარებული ბიზნესმენი ბრძანდებით!მერე რა?ჩემთვის ის უფრო მეტია, რომ კარგი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებთ. თუნდაც იმიტომ, რომ ცხოვრობთ წესით _ ქონებას საფლავში ვერავინ წაიღებს, სხვაც იყოს კმაყოფილი და ბედნიერი!მოგიმართოთ ხელი ღმერთმა! უშეცდომოდ გევლოთ პოლიტიკის რთულ გზაზე! დაგემტკიცებინოთ, რომ პოლიტიკა არ არის ბინძური საქმე.გიშველოთ ღმერთმა, გაგარღვევინოთ ის მძიმე ლაფი, რომლის სისქის შესახებ, უთუოდ ჩემზე კარგად მოგეხსენებათ.P.შ. თქვენი პირველი განცხადების გამოქვეყნების წინა ღამით სიზმარი ვნახე. შავ-თეთრი გარემოდან ფერად სამყაროში აღმოვჩნდი უცებ. სიზმარში ეს ძალიან ადვილად მოსახერხებელი აღმოჩნდა... კარგად მენიშნა.დიახ, სიზმარში შავ-თეთრი ფერადად ადვილად იქცა... რეალურ ცხოვრებაში კი... რეალურში _ ღმერთმა გვიშველოს!ნონა გიგინეიშვილი, 25 იანვარი, 2012 წელი
განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 0