როგორია, როცა ხედავ, რომ მუნიციპალიტეტი სწორ გზას არ ადგას, თითქოს ცდილობ `სიტუაციის გამოსწორებას~, თუმცა რეალურად არაფერს, ან ვერაფერს აკეთებ. საკრებულოს თავკაცი თავისი არისტოკრატიზმით მართლაც იწვევს პატივისცემას, დასაფასებელია მისი მოზომილი ტონი, თბილი შეხვედრა, სიტუაციის განეიტრალების უნარი, იშვიათი შემთხვევა, როცა თავმდაბლობა იმარჯვებს კარიერულ გაბღენძილობაზე, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი რაიონის პრობლემები ძალზედ ღრმა და მგრძნობიარეა იმისთვის, რომ სენტიმენტალიზზმა რეალობა დაფაროს. რა ხდება საკრებულოს დარბაზში? ჩემი აზრით, ვერც ვერაფერი. დიახ, არ ვამბობ არც არაფერი-მეთქი, იმიტომ რომ, თქმულა: სიბრმავეზე უარესი არდანახვის სურვილიაო. ცოდვაა, არ დაინახო ცალკეული დეპუტატების სურვილი, წინასწარ წაგებული, მაგრამ მაინც ბრძოლა უსამართლობასთან. ეს ყველაფერი, სკოლის გამოშვების ცუდად გავლილ რეპეტიციას ჰგავს, როცა იცი, რაც უნდა გააკეთო, თუმცა მაღალ დონეზე ვერ ასრულებ. მე ვერ დავინახე საქმისადმი პოზიცია-ოპოზიციონერობა, თუმცა მშვენივრად ჩანს, როგორ იცავენ საკუთარ პიროვნულობას ან ესხმიან სხვას თავს. ბატონებო, ვის რაში გვაინტერესებს ვისია რესტორანი, რამდენი ულუფა იჭმებოდა დღე-ღამეში, ან რამდენჯერ ამთქნარებდა მიმტანი. ჩვენთვის საინტერესოა როდის გაკეთდება მის ადგილზე იუსტიციის სახლი, ან რატომ არ შეიძლება სხვა ადგილას გაკეთდეს და წარსულში ნაჭამ-ნასვამები კიდევ არ ვახეიროთ, მიტოვებული და ახლა გახსენებული რკინის გროვით. ბატონო ვლადიმერ (ჩხაიძე), მივესალმები თქვენს მოწოდებას, მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური ნორმების დაცვასთან დაკავშირებით, თქვენი კომპეტენციაა და კარგია პრინციპული მიდგომა, მაგრამ იქნებ გააგებინოთ აღმასრულებელ ხელისუფლებას, რატომ ვერ ხდება ამ ნორმების დაცვა: მოგეხსენებათ, თქვენი მოთხოვნის დაკმაყოფილებას ჭირდება სალონის თუ სხვა დაწესებულების შიდა რემონტი, სამუშაო ინვენტარის ოპტიმიზაცია, ძვირადღირებული გამწოვების დაყენება, ანუ როგორც კიკუ იტყოდა _ ,,ფული ბაბა, ფული, ბევრი ფული~. ხომ ვერ მეტყვით, საიდან უნდა მოიტანონ ფული, როცა ისედაც თითო-ოროლა კლიენტი ,,პოსლეზეა~ მისული, რადგან არ აქვს ის 3 თუ 5 ლარი. ხალხის მიერ წამოყენებული საკითხი, სწორედ ესაა ,,რატომ არ გვაქვს ფული?~ საინტერესოა, რა პასუხს გასცემთ და კიდევ თუ დაიბნევით ხმის დათვლის დროს. ზოგი ჯაბახანა მანქანების ყოფნა-არყოფნის საკითხით ინტერესდება და წუხს ადრე ცხენები მაინც ჰყავდათო. ისე, ნოდარ დუმბაძის ,,მე, ბებია, ილიკო და ილარიონი~ გექნებათ წაკითხული, იქ ერთ-ერთ ეპიზოდში სოფლის კრებაა მოყვანილი, სადაც თავმჯდომარის მიერ დაყენებული იყო საკითხი კანტორის დარღვევასა და მის სახლთან აშენების თაობაზე. ბევრი რომ იმსჯელეს და ვერაფერი მოიფიქრეს, ზურიკელა წამოდგა და სიტყვა ითხოვა: წინადადება შემომაქვს, მოვხსნათ თავმჯდომარე და ახალი ავირჩიოთო. წინადადება ერთხმად გავიდა, მე მგონი მიგახვედრეთ სათქმელი. მართლა მინდა მეტი პრაქტიკულობა დავინახო, მაგრამ... ზოგს უკვირს მიწის ხვნა-თესვა რა მთავრობის საქმეა ჩვენში რომ დარჩესო. `მართალია~, როდემდე უნდა გიხნათ მთავრობამ მიწები, როდემდე უნდა გაძლიოთ ერთჯერადი მოხმარების ჯანმრთელობის პოლისები, თქვენ რას მიკეთებთ, ცოდვა არაა ხელისუფლება? ნუთუ ის არ გეყოფათ, რომ ვიზალიბერალიზაცია მივიღეთ და დავიპყრობთ ევროპას, წავა `ამსტერდამები~ და `ბრიუსელები~, ვაი ჩვენს პატრონს!!! პირადად მე არც ფაშიზმის მომხრე ვარ და არც არაპროფესიონალიზმის, შესაბამისად, არც `ნაცი~ ვარ და არც `ქოცი~, ნუ გადააყოლეთ ხალხი ამ ვითომდა ,,დაპირისპირებას~, მანდ მყოფი ადამიანი უნდა იყოს პატრიოტი და არა ნაციონალი, რეალისტი და არა მეოცნებე, გურიელი და არა თარხან-მოურავი, გორგასლიან-დავითიან-თამარიანის დროშის მოფრიალე და არა ელცინ-პუტინიანის. ხალხის პრობლემები თუ გაინტერესებთ, არ დაგზარდებით და წარმოგიდგენთ: სოფლებში შიდა გზების მოწესრიგება, გაზიფიცირება, უმრავლეს შემთხვევაში წყლის პრობლემა, სანიაღვრე არხების არქონა, მეწყერის მიერ მიყენებული ზარალი, ისე, ჩემს უბანში, მთავარ გზაზე 5 თვეზე მეტია მიწა და ტალახია ჩამოსული და თუ არ აპირებთ გაწმენდას, მაღალყელიანი ჩექმები მაინც მოგვაწოდეთ... ხვნა-თესვასთან დაკავშირებული ხარჯები, თხილის შეწამვლა, ხე-ტყის პრობლემა, საყანე ფართობებთან მისასვლელი საშინელი გზები. უამრავი სოციალური პრობლემა... ბატონებო და ქალბატონებო, ჯერ კიდევ გაქვთ შანსი და შესაძლებლობა დაამსხვრიოთ სტერეოტიპი, რომელზეც ფიდელ კასტროც საუბრობდა: `არ არსებოს მთვრობა, რომელიც წინაზე უკეთესი იქნებაო~. ძალიან გთხოვთ შეეცადეთ, თორემ სანამ მე ვწერ და თქვენ კითხულობთ, შიმშილი და სიღარიბე იმარჯვებს დალხინებაზე. პ.ს მადლობა იმ დეპუტატებს, რომლებიც წაიკითხავენ და თავიანთ თავს ვერ აღმოაჩენენ ამ სპექტაკლში. ეს ნიშნავს, რომ მათ შესწევთ ძალა ამ სიტუაციის გამოსწორებისა. თორნიკე ჯიჯიეშვილი
`არც ფაშიზმის მომხრე ვარ და არც არაპროფესიონალიზმის, შესაბამისად, არც `ნაცი~ ვარ და არც `ქოცი~, ნუ გადააყოლეთ ხალხი ამ ვითომდა ,,დაპირისპირებას~, მანდ მყოფი უნდა იყოს პატრიოტი და არა ნაციონალი, რეალისტი და არა მეოცნებე...~
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0