ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ლანჩხუთში პირველი ზარი დაირეკა

ლანჩხუთში პირველი ზარი დაირეკა
15-09-2016, 00:00

მიუხედავად ამინდის არამდგრადობისა, მაინც საზეიმო განწყობა სუფევდა სკოლებში. უფრო გამოცოცხლებული იყო ქალაქისა თუ სოფლის ორღობეები. ზოგი პირველად მიიჩქაროდა სკოლისკენ, ზოგი კი მონატრებულ მასწავლებეთან თუ კლასის მეგობრებთან შესახვედრად. ზუსტად 9 საათზე სკოლებში ზარი გაისმა, რომელიც აუწყებდა პატარებს, რომ გაკვეთილები დაიწყო. იყო ბევრი მილოცვა, ცრემლიანი თვალებიც, რომელიც სკოლასთან შეგუებას ახლავს ხოლმე და კეთილი სურვილები... სასწავლო პროცესის დაწყება შუხუთისა და აცანის საჯარო სკოლებს, პირველკლასელებსა და პედაგოგებს დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძემ პირადად მიულოცა. ,, დიდი სითბოთი და სიყვარულით მოგილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას ყველა მოსწავლეს, მასწავლებელს და მშობელს! უპირველესად, მინდა პირველკლასელებს მოგილოცოთ, რადგან თქვენთვის ეს დღე ყველაზე განსაკუთრებული დღეა, პირველად შეაბიჯებთ იმ დიდ და საოცარ სამყაროში, რასაც სკოლის კედლები ჰქვია. მრავალი სასიამოვნო სიახლე, წარმატება და წინსვლა მინდა გისურვოთ“. მიმართა მოსწავლეებს გიორგი ხელაძემ. საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად მშობლიურ სკოლას სასწავლო წელის დაწყება მაჟორიტარმა დეპუტატმა აკაკი იმნაიშვილმა მიულოცა. ქალაქის #1 საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ნინო ჩიტაძე და საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის ხელმძღვანელი ია ჩხაიძე. ქალბატონმა ნინომ პირველკლასელობა მიულოცა ბავშვებს და შემდგომი წარმატებები უსურვა. სკოლის დირექტორმა თამაზ კილაძემ რესურსცენტრის უფროსი ასე გააცნო – დირექტორთა დირექტორი. ქალბატონმა იამ კარგი სწავლა უსურვა პატარებს, ხოლო მშობლებს მიუგო, რომ სახელმწიფო ბევრს აკეთებს განათლების კუთხით და ამ სფეროში ჩადებული ინვესტიცია შემდგომი წარმატების საწინდარია. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცეტრის უფროსის, ნინო ჩიტაძის თქმით, წელს ლანჩხუთის სკოლებში სწავლა 365 პირველკლასელმა დაიწყო, რომლებსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან საჩუქრად გადაეცათ პორტაბელური კომპიუტერები. გრძელდება უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა, 24-ვე საჯარო სკოლის მოსწავლეები უფასოდ მიიღებენ ვარგის სახელმძღვანელოებს სახელმწიფოსგან. ხოლო სოციალურად დაუცველი მოსწავლეები სახელძღვანელოებთან ერთად სამუშაო რვეულებს. გრძელდება ასევე მოსწავლეთა ტრანსპორტირების პროგრამა და ყველა მოსწავლე, ვინც ცხოვრობს სკოლიდან 2 კილომეტრში (ხოლო რთულ გზებზე 1.5 კმ) და მეტ მანძილზე მოემსახურება სახელმწიფოს მიერ დანიშნული უფასო ტრანსპორტი. ახალ სასწავლო წელს სკოლები განახლებული ინვენტარით შეხვდა. (წლის დასაწყისში სკოლებმა ახალი სკამები და მერხები მიიღო, ამ დროისთვის მიმდინარეობს ახალი დაფების დარიგება). სსიპ ქ. ლანჩხუთის №3 და სსიპ ნიგვზიანის საჯარო სკოლებში გაიხსნა ექიმის კაბინეტები ყველა საჭირო ინვენტარით აღჭურვილი. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მიმდინარე წელს პროგრამის ,,ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში მუნიციპალიტეტის მე-10 კლასის 14 წარჩინებული მოსწავლე კომპიუტერით დაჯილდოვდა. ასევე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო და კერძო სკოლებში გაიცა 14 ოქროს და 4 ვერცხლის მედალი.

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა